კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რა მიაჩნია ია სუხიტაშვილს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში სიყვარულზე მნიშვნელოვნად და შექმნის თუ არა ის კიდევ ოჯახს

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


 პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი შინდისის გმირებზე მხატვრული ფილმის გადაღებას იწყებს. პროცესი ძალიან მალე დაიწყება და ფილმში მთავარ როლებს მსახიობები: ია სუხიტაშვილი და მერაბ ნინიძე შეასრულებენ. იას ამ პროექტსა და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ.
ია სუხიტაშვილი:
მხატვრული ფილმი შინდისის გმირებზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც მოუთმენლად ველოდები. მარტო იმიტომ არა, რომ მასში, როგორც მსახიობი, მეც ვმონაწილეობ. საქმე ისაა, რომ ეს ჩემი უსაყვარლესი მეგობრის – ედმონდ მინაშვილის პროექტია. მან 2008 წელს შინდისის გმირებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რაშიც უდიდესი შრომა ჩადო და დიდი პატივისცემაც დაიმსახურა. ამიტომ, მინდა, უპირველესად, მას ვუსურვო წარმატება და შემდეგ დანარჩენ ჯგუფს. ამ ფილმის მიმართ სამმაგი პასუხისმგებლობა მაქვს. პირველი: მეგობრისადმი გულშემატკივრობის შესახებ უკვე ვთქვი. მეორე: სხვა მსახიობებისგან განსხვავებით, მე ვიცნობდი გმირს, რომელიც ამ ფილმში უნდა ვითამაშო. ეს არის ხატია – ახმეტას მეუღლე. ბადრი, იგივე ახმეტა, შინდისის მცხოვრებია, მისმა მეუღლემ გადაარჩინა შინდისის დაჭრილი გმირები. როცა ეს წყვილი გავიცანი, მივხვდი, რომ არა ხატია, ახმეტა ვერ იქნებოდა ასეთი გმირი. მათი სიყვარულისთვის ნახევარი საათითაც რომ გეყურებინა, იფიქრებდი: ნეტა, ყველას მართლა ასე უყვარდეს ერთმანეთი და მაშინ, დედამიწაზე ცხოვრება უდიდეს ბედნიერებას მოგვიტანდაო. ჩემს პასუხისმგებლობას ზრდის ისიც, რომ ხატია 2016 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. ძალიან მძიმედ იყო დაავადებული და წლები იტანჯებოდა. შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამი გამომდის, მაგრამ ძალიან მინდა, ამ ფილმში მისი სახელი უკვდავვყო.  და, მესამე: ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, საკუთარი თავის, როგორც მსახიობის, მიმართ მაქვს დიდი პასუხისმგებლობა.
– საუბრისას სოციალურ ქსელებში არსებული ზიზღი ახსენე. ეს შენც შეგეხო რაიმე ფორმით?
– პირადად არა, მაგრამ თუნდაც თაკო გაჩეჩილაძის მისამართით გაკეთებული კომენტარები რომ ავიღოთ, საშინელება იყო. თავისუფლებისთვის და გამჭვირვალობისთვის ვიგიჟებთ თავს და მე თუ ლოცვა მომინდა, მერე რა? ვფიქრობ, თავისუფლება სხვანაირად გავიგეთ და ძალიან მწყდება გული.
– როცა ზრდასრულ ადამიანს ეხება საქმე, ეს კიდევ სხვა საკითხია. მაგრამ, შვილთან როგორ იქცევი, რომ იქ არსებული ზიზღი და საფრთხე როგორმე აარიდო?
– შევთანხმდით, რომ მას „ფეისბუქი“ არ ექნება. ბოლო დროს განგაშია ამტყდარი სახიფათო თამაშების გამო. ძალიან პატარა ერი ვართ, სამი მილიონიღა დავრჩით და კარგი იქნება, თუ შვილებს გავაკონტროლებთ, როცა კომპიუტერებს მიუჯდებიან. უამრავი აგრესიული თამაშია: ხოცვა-ჟლეტა, ომი, სისხლი. არავის არაფერს მოვუწოდებ, თუმცა პირადად მე, ვცდილობ, ჩემს შვილს მცირე დოზით მაინც შევაპარო უფრო მეტად ღირებული რაღაცეები, თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არაა.
– როგორი ბიჭია ლუკა? ჰგავს დედას?
– ფიზიკურად მგავს. მასაც ჩემსავით არ უყვარს მოუწესრიგებლად სადმე წასვლა და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. მე ზედმეტად ბეჯითი ვიყავი, ძალიან მაგრად ვსწავლობდი. თეატრალურიც წითელ დიპლომზე დავამთავრე და პრეზიდენტის სტიპენდიაც მქონდა. მრცხვენოდა, როგორ შეიძლება, სკოლაში მოუმზადებელი წავიდე-მეთქი. მაშინ ძალიან შავ-ბნელი დრო იყო, უშუქობა, უგაზობა. მახსოვს, სანთლის შუქზე, ღამის 2 საათამდე რომ ვმეცადინეობდი გამწარებული. დედაჩემი მეხვეწებოდა, დაანებე თავი, თვალები გაგიფუჭდება, დაისვენე, დაწექიო. ტექნიკურ საგნებში ძლიერი ვერ ვიყავი, მაგრამ მაინც ძალიან ბევრს ვსწავლობდი, რადგან მრცხვენოდა მოუმზადებლობის.
– „გოგოშკური“ მომენტები როდის დაგეწყო?
– ძალიან გვიან, ინსტიტუტის მერე. ამ ასაკში გათხოვება და შეყვარებულები დაივიწყეთ, თორემ ვერაფრს მიაღწევთო, გვეუბნებოდა ხოლმე ჩვენი პედაგოგი თეატრალურში. მე კი მინდოდა მიღწევა და ისიც კარგად მესმოდა, რომ შეყვარებას და გადაყვარებას ყოველთვის მოვასწრებდი. დამთავრების შემდეგ, ორ კვირაში მოვხვდი რუსთაველის თეატრში. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, თავზე ხელს არავინ გადამისვამდა. პირველი – ოფელიას როლი – დიდი გამოცდა იყო. ამ თეატრში სათანადო ადგილის მოსაპოვებლად ძალიან ბევრი ვიშრომე, ძალიან ბევრი უძილო ღამე გამოვიარე. ასე რომ, როგორც ვიღაცეებს ჰგონიათ, იღბალს არაფერი მოუტანია. ყოველდღე გიჟივით ვუმეორებდი საკუთარ თავს, რომ ეს იყო შანსი, რომლის „გამაზვა“ არაფრით შეიძლებოდა.
– ასეთ რეჟიმში ოჯახური ამბები და დედობა როგორ გამოგდის?
– არ ვიცი, დედისა და დეიდის ამაგს თუ ოდესმე გადავიხდი. რომ არა ოჯახის ხელშეწყობა, ვერაფერს შევძლებდი. ორჯერ წავიყვანე ჩემი შვილი გადაღებაზე და მითხრა, ძალიან რთული ყოფილა მსახიობობაო. ეძინებოდა და დაძინების საშუალებას არ აძლევდნენ. ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი არყოფნით შვილს ბევრი რამ მოვაკელი. გულში ხინჯი მქონდა, რადგან ვერ ვაგებინებდი, რატომ იყო ჩემი პროფესია ასეთი. დედაჩემიც მუშაობს, პედაგოგია და ცხრაზე რომ მიდის, 4-ზე ბრუნდება. ამიტომ, ბუნებრივია, ბავშვს ჰქონდა განცდა, დედაჩემი რატომ არასდროს მოდის თავის დროზეო. როცა ეს ყველაფერი თავის თვალით ნახა, ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა და რაღაცნაირად დავმშვიდდი.
– სხვა თემებსაც შევეხოთ. შენთვის რა არის ქალისა და კაცის თანასწორობა?
– ამ საკითხს სწორად თუ მივუდგებით, გენდერული თანასწორობა ფანტასტიკური რამეა. ქალიც და კაციც ერთად უნდა არჩენდნენ ოჯახს. რაც შეეხება ოჯახში როლების გადანაწილებას, როცა დასასვენებლად მიდიხარ ბავშვებთან ერთად და ქმარი მარტო რჩება სახლში, მოდი, ანტისანიტარიაში ნუ მოკვდება და ელემენტარულად, საკუთარი საცვლები შეყაროს სარეცხ მანქანაში. მაგრამ, როცა ქალი სახლშია, მაშინ „ქმარო, შენ მოხეხე, და წმინდე,“ არ მიმაჩნია მაინცდამაინც ნორმალურად. თუმცა, თუ ცოლს დახმარება სჭირდება, რატომ არ უნდა გააკეთოს საოჯახო საქმეები კაცმა, რა „ტეხავს“? სულაც არ „ტეხავს“, ქმარი რომ თავისუფალ დროს ცოლს მიეხმაროს. ერთია სიყვარული და მეორე – პატივისცემა. ერთხელ ვთქვი, რომ სიყვარულზე მნიშვნელოვანი პატივისცემაა-მეთქი და გაოცდნენ. არადა, ბევრი მინახავს, სიყვარულს რომ იფიცება, მაგრამ მის საქციელში პატივისცემა საერთოდ არ იგრძნობა. პატივისცემაში იგულისხმება ადამიანისთვის ანგარიშის გაწევა და როცა ეს არსებობს, იქ ყველაფერი თავისით ლაგდება.
– ხშირად ამბობენ, რომ ხელოვან ადამიანებს მყარი ოჯახები არ აქვთ. შენც ორჯერ დაგეგნგრა ოჯახი. რას ფიქრობ?
– არ მიმაჩნია, რომ ეს ესეა. ამ თეატრშიც უამრავი მსახიობთა წყვილია, რომელთაც ძალიან მყარი ოჯახები აქვთ და ღმერთმა სულ კარგად ამყოფოთ.
– შენი განქორწინების თემა საოცრად განხილვადი იყო. რაღაც დრო გავიდა, ახლა როგორ გრძნობ თავს?
– ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ყველაფერი დამთავრდა და ალბათ, ზუსტად ისე მოხდა, როგორც ეწერა ამ ურთიერთობას. ახლა ყველაფერი კარგადაა.
– რაც შეეხება მომავალს. ასეთი გამოცდილების შემდეგ, ხშირად შიში ჩნდება და ბევრი ფიქრობს, რომ ოჯახს მეტჯერ აღარ შექმნის.
– არაფრის შიში არ გამჩენია. საკმაოდ კარგად ვიცნობ საკუთარ თავს და არასდროს დამავიწყდება ჩემი უდიდესი სურვილი – მყავდეს ძალიან მაგარი ოჯახი. მე ძალიან მაგარ ოჯახში გავიზარდე. მამა გარდამეცვალა და წარსულში ამიტომ ვლაპარაკობ. დიდ სითბოსა და სიყვარულს ვუყურებდით მე და ჩემი ძმა. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ „კარიერისტკას” მეძახიან და ვაღიარებ კიდეც, რომ პროფესიისადმი დიდი სიყვარული და პასუხისმგებლობა მაქვს, ჩემი უდიდესი სურვილი არ დამვიწყებია. ახლაც ზუსტად ვიცი, რომ მე აუცილებლად მექნება ძალიან მაგარი ოჯახი. არც არაფერი მაშინებს და არც არაფერი მაბრკოლებს.
– ასაკსა და გამოცდილებას ბევრი რამ მოაქვს. საპირისპირო სქესთანაც სხვა მოთხოვნები გიჩნდება.
– პატივს ვცემ ყველას, ვინც უპირველესად, საკუთარ თავს სცემს პატივს. თუ მამაკაცს საკუთარი თავისადმი აქვს პასუხისმგებლობა, შენ მიმართაც ანალოგიური გრძნობა ექნება. ეს ცხოვრებაში ყველაფერს ალაგებს.
– შენთვის რა არის იდეალური ოჯახი ან სიყვარული?
– ასეთი ოჯახი ჩემს თვალწინაა და მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ეს ჩემი ძმის ოჯახია. მათ შეძლეს, 11 წელი შეენარჩუნებინათ ისეთი ურთიერთობა, როგორიც დასაწყისში ჰქონდათ. ზოგადად, სიყვარულსა და ოჯახს დიდი შრომა სჭირდება. ურთიერთობებს უნდა მოუფრთხილდე და ბევრ რამეს ანგარიში გაუწიო. ყველას გვაქვს ძალიან ბევრი უარყოფითი თვისება, მაგრამ არ არის საჭირო ყოველწუთას ამის დემონსტრირება. რაღაცეები უნდა აკონტროლო, ზოგჯერ თავი შეიკავო. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში კი, როგორც უკვე ვთქვი, მთავარი პატივისცემაა.
– საუბრის დასაწყისში მარხვა ახსენე. ცდილობ, ეკლესიურად იცხოვრო? ეს შემთხვევით არ ხდება. შენ როგორ მიხვედი ამ გადაწყვეტილებამდე?
– სამი წელია, სულიერი მამა მყავს ვარძიაში. სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებ ჩასვლას, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ და ოთხი-ხუთი დღით ვრჩები ხოლმე. ამ მამაოზე ძალიან ბევრს მიყვებოდა ჩემი მეგობარი და ისეთი სიყვარულით, რომ ვთხოვე, ერთხელ მეც წავეყვანე მასთან. ყოველთვის მაინტერესებდა სამონასტრო ცხოვრება და რაც ვნახე, იმით ძალიან ბედნიერი ვარ.
скачать dle 11.3