კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რატომ გაურბოდნენ დაზაფრული ყირიმელი თათრები ზაზა ციციშვილს

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე


1609 წლის გაზაფხულის ბოლოს, ხონთქარი – სულთან ახმედ პირველი, თავის არმიასთან ერთად, ბაღდადში ყოფილა, თან ახლდა ყირიმელ თათართა ჯარიც. ოსმალთა არმიას ხელმძღვანელობდა დიდი ვეზირი, წარმოშობით ხორვატი – ქუიუჯუ მურად ფაშა, რომელმაც ცოტა ხნით ადრე, ანატოლიაში აჯანყება სასტიკად ჩაახშო და მოჭრილი თავებისგან პირამიდა ააგებინა. ქუიუჯუ მურად ფაშა ამ დროს 80 წელს იყო მიტანებული. სულთან ახმედი ცნობილია ჩვენი ტელემაყურებლებისთვის თურქული სერიალიდან, „დიდებული საუკუნე.“ ახმედი ძალაუფლებაზე შეყვარებული, ვერაგი – ქოსემ სულთნის ქმარი გახლდათ. ახმედი დასავლეთში, ევროპაში ებრძოდა ავსტრიას და აღმოსავლეთში – შაჰ-აბას პირველს.
ყირიმის სახანო ყირიმის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილსა და მის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, მონღოლური ოქროს ურდოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (ჩრდილო-დასავლეთ კავკასია, დღევანდელი კრასნოდარის მხარის დიდი ნაწილი, აზოვის ზღვის სანაპიროები, დუნაისა და დნეპრის შორისი სამხრეთული მიწები) დააარსა თავისი ნათესავებისადმი, მონღოლური ოქროს ურდოს ყაენებისადმი დაუმორჩილებელმა, ჩინგიზ ყაენის უფროსი ვაჟის, ჯუჩის შთამომავალმა, ჰაჯი-გირეიმ. ეს იყო 1441 წელს, როცა თავისი სამბრძანებლო საბოლოოდ ჩამოაცილა ოქროს ურდოს და მიიღო ხანის ტიტული. 1478 წელს ყირიმის სახანო დაიმორჩილა და ყირიმის ხანები თავის ვასალად აქცია კონსტანტინოპოლის დამპყრობელმა მეჰმედ მეორემ. იმ დროიდან ყირიმის ხანებს ტახტზე ასვლისას ოსმალთა ფადიშაჰი ამტკიცებდა ხოლმე.
„ახალი ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, სულთანთან ბაღდადში მყოფი ყირიმელი თათრების მეთაურისთვის, თათარხანისთვის  ვიღაცას ურჩევია, ქართლის გავლით წავიდეთ ჩვენი სახანოსკენ, თან კარგი გზაა და თან, გავძარცვავთო. ალბათ, მერე დასავლეთ საქართველოში გადავიდოდნენ ძარცვა-გლეჯით და ზღვის ნაპირს გაუყვებოდნენ თავისი სახანოსკენ, ან აფხაზეთიდან გემებით გადაცურავდნენ ყირიმისკენ. შესაძლოა, სულთან ახმედ-ხანის დავალებით შემოიჭრნენ ქართლში. აღმოსავლეთ საქართველო ოსმალეთსა და ირანს შორს დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი იყო. იმ დროს, 1603 წლიდან კვლავ მიმდინარეობდა ომი ოსმალეთსა და სეფიანთა სპარსეთს შორის. თათარხანში იგულისხმება, ალბათ, იმჟამინდელი ყირიმის ხანი, სელამეთ პირველი გირეი ანდა მისი რომელიმე შვილი ან ნათესავი.
ყირიმელები საკმაოდ ძლიერები იყვნენ, უნდა აღინიშნოს, რომ 38 წლით ადრე, მოულოდნელი მანევრით აიღეს ივანე მრისხანეს დედაქალაქი მოსკოვი. გადაწვეს და გადმოცემის მიხედვით, 60 000 ადამიანი ტყვედ წაიყვანეს (თუმცა, მეცნიერები ამ რიცხვს გადაჭარბებულად მიიჩნევენ).
სამოცი ათასი ყოფილა ქართლში შემოჭრილი თათრების მეომართა რიცხვი (შეიძლება ესეც გადაჭარებულია). ამ დროს ქართლის ხელმწიფე იყო ლუარსაბ მეორე, მომავალი წამებული წმიდა მეფე. ქართლის მოურავი გახლდათ ნიჭიერი სარდალი გიორგი სააკაძე. მასზე მემატიანეს უწერია ისე გამდიდრებულიყო – „შემდგომად მეფისა იგი იყო“.
ყირიმელი თათრების ჯარის შემოსვლის ამბავი გაუგია მეფეს და დასაზვერად ხალხი გაუგზავნია, იარალის ხელმძღვანელობით. თვითონ მეფე ცხირეთში იდგა მცირე ამალასთან ერთად. იარალმა ჩახერგა გზები, მაგრამ თათრები ღამით, მოულოდნელად მიეპარნენ ქართველთა მცირერიცხოვან რაზმს და დახოცეს ჩვენი მძინარე მეომრები.
მანგლისს მიადგნენ ყირიმელები და გაძარცვეს. შემდეგ სოფელ კველთას დაეცნენ თავს. კველთაში შეიპყრეს ადგილობრივი მღვდელი, სახელად თევდორე, პატიოსანი კაცი, ღვთის მოშიში და მეფის ერთგული. ცემდნენ მღვდელს და აიძულებდნენ მეფის სამყოფლისკენ წაგვიძეხიო. უნდოდათ მეფის მოკვლა, მერე სულ ადვილი იქნებოდა ქართვლის გაძარცვა და დამორჩილება.
კველთელმა მღვდელმა იფიქრა, „ჩემის ორის დღის სიცოცხლისათვის ამას რატომ გავაკეთებ, გავუძღვე და მეფე მოვაკვლევინო და ქართლიც მოაოხრონ? მე რაღა მეშველება და ან ჩემს სულსა”. მოატყუა თათრები და წაიყვანა ქვენადრისის გზაზე, ერთაწმინდასა და ცხირეთის ციხეს კარგა მანძილზე დაშორდნენ. ბოლოს მიხვდნენ თათრები და თავი მოჰკვეთეს სამშობლოსათვის წამებულ მღვდელს – „და შეირაცხა წმიდათა მოწამეთა თანა“. მისი ხსენების დღეა 8 (ახალი სტილი – 21) ივნისი.
ალყა შემოარტყეს თათრებმა სოფლებს – ერთაწმინდასა და ახალქალაქს. ამასობაში ცხინვალს გადასულიყო მეფე, ჯარი შეეგროვებინა და საომრად მომზადებულიყო. წამოვიდა ლუარსაბ მეფე, თან ახლდნენ მოურავი სააკაძე და ზაზა ციციშვილი. მანამდე ურჩია სააკაძემ მეფეს: „ნუ ავჩქარდებით, ვნახოთ, ღმერთმა რა მოახდინოს“. გიორგი სააკაძე ნიჭიერი სარდალი  და გონიერი კაცი იყოო, – წერს მემატიანე.
დაიძრა ჩვენი წინაპრების ჯარი თათრების წინააღმდეგ საბრძოლველად, ჩავიდნენ სოფელ ნიაბის ბოლოს, სხერტის ჭალაზე, მდინარე თეძმის ხეობაში. იქ დახვდათ ყირიმელთა ჯარი. შეუტიეს ჩვენებმა მედგრად. ბევრი დახოცეს და დიდი ზიანიც მიაყენეს. ბრძოლის დროს ზაზა ციციშვილმა ერთი ყირიმელი დიდი ფაშა მოკლა, ჩამოხტა ცხენიდან, მოაჭრა თავი. მოჭრილი თავი, რა თქმა უნდა, გადაპარსული იქნებოდა, მაგრამ მაჰმადიანები წვერს ხომ გრძელს ატარებდნენ. ფაშას თავი წვერით კბილებში დაიჭირა ციციშვილმა, მოახტა ცხენს „ორთავიანი“ ციციშვილი და განაგრძო ბრძოლა დაზაფრული თათრების წინააღმდეგ, ბოლოს მეფეს მიართვა ფაშას თავი. სხვებმაც მიართვეს მოჭრილი თავები მეფე ლუარსაბს.
თათრებმა უკან დაიხიეს და წავიდნენ საციციანოსკენ. მეფემ წერილები დაუგზავნა ერისთავებს, მუხრანბატონს, ქვემოქართლელებს და უბრძანა, დამატებითი ძალებით დახვედროდნენ მტერს სურამის ბოლოში. ამასობაში ყირიმელები დოეში მოვიდნენ. ამ დროს ერთი გორელი ტერტერა, სომეხი მღვდელი გორიდან მიდიოდა თავისთვის. უცებ დაინახა დოესის ველები ავსებულიყო ჯარით. მიხვდა ტერტერა, ქართველები არ არიან, ქვეყნის მარბეველი უსჯულოები იქნებიანო. გაიქცა, გადავიდა მტკვარზე ხიდით და აყარა ფიცრები ხიდს, ჩაყარა მტკვარში და დაშალა ხიდი. ამასობაში თათრებიც მიადგნენ ხიდს, მაგრამ დაშლილი დახვდათ და ვერ გაიარეს.
გაბრაზებულები მიბრუნდნენ და განაგრძეს რბევა. დაარბიეს საციციანო და დაწვეს. მერე ბრბონას მოვიდნენ და იქ დაიბანაკეს. იქაური სახლები დაანგრიეს, გადეს მორები და გადავიდნენ მტკვარზე. „მივიდნენ და დადგნენ ტაშისკარის ბოლოს, ნახვეტაში“.
მეფე ლუარსაბი და სააკაძე ჯარით მიადგნენ ახალდაბას. მტკვარი ადიდებულიყო, რადგან ივნისი იდგა, ასეთ დროს წვიმები იცის. არ იყო გადასასვლელი ფონი.
ღამე დაიბანაკეს და ლოცვაში გაატარეს, ღმერთს მიანდვეს საქმე. გამთენიისას გადაწყვიტეს მტკვრის გავლა. მტკვარი ვეღარ ეტეოდა კალაპოტში. მაინც გარისკეს ჩვენმა წინაპრებმა, ღმერთიც შეეწიათ და უვნებლად გავიდნენ, არც კაცი დაუკარგავთ და არც ბარგი. ასე ფარულად გადმოვიდნენ, გამოყვნენ მტკვარს და შეუერთდნენ სურამის ბოლოს მდგარ თანამემამულეებს, ისე, რომ ვერ გაიგეს ყირიმელებმა.
მოურავმა დაგეგმა, თხრილის პირს გარშემო მეთოფეები შემოვახვიოთ და ცხენოსნებმა მინდვრიდან შევუტიოთო. ასეც მოიქცნენ. 16 ივნისს სასტიკი ბრძოლა გაიმართა. გაიმარჯვეს ქართველებმა, თითქმის მთლიანად გაანადგურეს მტერი, მათი ბანაკი ხელში ჩაიგდეს და რაც ნაძარცვი ჰქონდათ – ტყვე და საქონელი, უკან დაიბრუნეს. ტყვე ყირიმელები კი არ დაინდეს და დახოცეს.
მცირე ნაწილი თათრებისა გაიქცა. მივიდნენ მოსაკიდელის ტყესთან და ციხესთან. გზა ვერ გაიგნეს და ვეღარ წავიდნენ. მოსაკიდელი ქალებიც კი იპყრობდნენ დაუძლურებულ და დაშინებულ თათრებს, ტყეში დამალულებს. ნაძარცვს ან იარაღს ართმევდნენ და მერე კი სიცოცხლეს ჩუქნიდნენო, წერს მემატიანე.
ქართველებმა დააყრევინეს თავები ყირიმელი თათრების მეთაურებს და გაუგზავნეს ოსმალთა დაუძინებელ მტერს, შაჰ-აბას პირველს. ძალიან გაუხარდა ყაენს, საჩუქრები გამოუგზავნა მეფეს და მიულოცა გამარჯვება.
скачать dle 11.3