კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ეშმაკის ბილიკი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-24(859)



გიგაურმა ოთახში გაიარ-გამოიარა. შემდეგ პატიმრის წინ შეჩერდა და ყურადღებით შეათვალიერა. ბოლოს გააბოლა და უთხრა:
– ნუთუ ამდენი წლის განმავლობაში იმაზე არ დაფიქრებულხართ, რატომ უნდოდათ მათ თქვენი მოკვლა?
– როგორ არ დავფიქრებულვარ.
– მერე, რა დასკვნამდე მიხვედით?
– გეტყვით.
– თქვით, გისმენთ.
– თქვენ, ალბათ, იცით, რომ მე მათ გარეგნობა შევუცვალე.
– დიახ.
– ალბათ, ისიც გეცოდინებათ, რომ მათ მომატყუეს, თითქოს საფრანგეთში ტყუპი შვილები მყავს.
– დიახ. ესეც ვიცი.
 – მოკლედ, ვაღიარებ, რომ ძალიან ბევრი, დიდი შეცდომა დავუშვი. ისინი მე უცხოეთში გაქცევას მთავაზობდნენ და დავთანხმდი. შემდეგ კი ჩემი მოკვლა უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ვფიქრობ, ჩემი მკვლელობა თავიანთი კვალის წასაშლელად უნდოდათ.
– პრინციპში, მართალია, მაგრამ არის კიდევ ერთი რამ, რაც, როგორც ვხედავ, თქვენ არ იცით.
– რა? – დაინტერესდა ვარლამი.
– გეტყვით, მაგრამ ჯერ ერთ კითხვაზე გამეცით პასუხი.
– მკითხეთ.
– როგორც ვხვდები, თქვენ უსაფუძვლოდ, ბრმად არ ეძებთ მოროზოვებს და რაღაც ისეთი იცით, რაც მათ კვალზე გაყენებთ. მართალი ვარ? – იკითხა გიგაურმა.
– დიახ. მართალს ბრძანებთ.
– ჰოდა, მაინტერესებს, თუ რა გაყენებთ მათ კვალზე?
– რადა, ევგენი მოროზოვს რომ გარეგნობა შევუცვალე, იმისი დრო და საშუალება არ იყო, მისთვის ანალიზები ამეღო ალერგიულობაზე. ოპერაცია რომ გავუკეთე, ამ პრობლემამ სამ დღეში იჩინა თავი. მოკლედ, ნაოპერაციებმა ევგენი მოროზოვმა ყოველ სამ თვეში ერთხელ ექიმ-დერმატოლოგთან, ან ექიმ-ალერგოლოგთან სპეციალური შრატი „ალ-13“ უნდა შეიშხაპუნოს ვენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კანის ქსოვილები დაშლასა და ლპობას დაიწყებს. სანამ ჩემზე თავდასხმას მოაწყობდნენ, ევგენი მოროზოვს ეს მე ვუთხარი. ჰოდა, მეც ამ კვალით მივდევდი მათ.
– გასაგებია, – თქვა გიგაურმა და კოვზირიძეს ჰკითხა, – ალბათ, ძალიან რთულია მათ კვალზე გასვლა. ეს თითქმის იგივეა, თივის ზვინში ნემსი რომ მოძებნო.
– უკაცრავად, თქვენი სახელი არ ვიცი, – უთხრა გიგაურს კოვზირიძემ.
– მაიორი ზურაბ გიგაური, – წარუდგა ზურაბი დაკავებულს.
– ზურაბ, არცთუ ისე რთულია მათ კვალზე გასვლა.
– ეგ, როგორ?
– როგორ და შრატი „ალ-13“ მხოლოდ მსხვილ ქალაქებში კეთდება, სპეციალურ დაწესებულებებში და ესეც მხოლოდ განსაკუთრებული აღრიცხვისა თუ გამოკვლევის შემდეგ.
– კონკრეტულად?
– კონკრეტულად, არაა საკმარისი მხოლოდ ის, რომ პაციენტმა ექიმს განუცხადოს „ალ-13“ მესაჭიროებაო. ასეთ შემთხვევაში, მას ანალიზებს უღებენ, რა თქმა უნდა, მკაცრ აღრიცხვაზე აყენებენ და მხოლოდ მას მერე უშხაპუნებენ შრატს, როდესაც ამის საჭიროებას ანალიზები უჩვენებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში არცთუ ბევრი სპეციალური დაწესებულებაა, სადაც ამ შრატს აკეთებენ, მოვკიდე ხელი მათი ძებნის საქმეს და რომ დამცლოდა, აუცილებლად მოვიხელთებდი. მართალია, ეს ნაძირლები საკმაოდ მოხერხებულად მოქმედებენ და მუდმივად იცვლიან საცხოვრებელ ადგილსა და სამკურნალო დაწესებულებებს, მაგრამ ტულაში მაინც მივაგენი მათ. მაშინ რომ არ მეჩქარა, აუცილებლად მოვიხელთებდი, მაგრამ საცოდავი სემიონ ნოვაკი შეეწირა ამ ამბავს.
– რომ მოგეხელთებინათ, რას იზამდით?
კოვზირიძემ მხრები აიჩეჩა და მიუგო:
– როგორც მინიმუმ, ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის პასუხს მოვთხოვდი, თუმცა, შეიძლება, მოქმედებაზეც გადავსულიყავი.
– დაგეხოცათ, ანუ? – თქვა მაიორმა გიგაურმა.
– არ გამოვრიცხავ, – მხრები აიჩეჩა კოვზირიძემ.
მაიორმა თავი გააქნია და თქვა:
– ძალიან საშიში ხალხია. თქვენ რომ ვერ წარმოიდგენთ, ისეთი.
– წარმოვიდგენ, როგორ არა, – თქვა კოვზირიძემ, – ჩემი ცოცხლად დაწვა უნდოდათ და მეტი საშინელება, რა უნდა ჩაიდინოს კაცმა?
– პრინციპში ჰო, თუმცა, ვინ იცის, უარასებიც ხდება.
– დიახ. ყველაფერი ხდება, – დაეთანხმა კოვზირიძე მაიორს და კვლავ გააბოლა, თან უთხრა:
– ზურაბ, ხომ მითხარით, საიდუმლოს გაგიმხელო. ახლა თქვენი ჯერია და გისმენთ.
– კი, გითხარით, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს საიდუმლო სახელმწიფო მნიშვნელობისაა და თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მის ამოხსნაში.
– მე? – გაუკვირდა კოვზირიძეს.
– დიახ, თქვენ, – მიუგო გიგაურმა.
– მითხარით და შევეცდები.
მაიორმა გააბოლა და თქვა:
– ახლა თქვენ სახელმწიფო საიდუმლოებას გაეცნობით და უმკაცრესად უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ამის შესახებ არავისთან არასდროს სიტყვაც კი არ დაგცდეთ.
– ვისთან და როდის? – გაეცინა კოვზირიძეს,  – აქ მე ოთხ კედელში ვარ გამომწყვდეული და კედლებს ხომ არ მოვუყვები? თქვენ კი ყველაფრის საქმის კურსში ხართ და თავად აპირებთ ჩემთვის მოყოლას.
– აქედან რომ გახვალთ.
– როდის ეგ იქნება, – ხელი ჩაიქნია კოვზირიძემ.
– გული მიგრძნობს, რომ მალე.
– მართლა?
– დიახ.
– თუ ასეა, მაშინ გპირდებით, რომ თქვენს მონათხრობს ჩემგან ვერცერთი სულიერი ვერ შეიტყობს.
ზურაბ გიგაურმა ვარლამ კოვზირიძეს დაწვრილებით უამბო „ტვირთი 39“-ის ისტორია და ბოლოს უთხრა:
– ხომ ხვდებით ახლა, თუ რაში სჭირდებოდა ეს ყველაფერი თქვენს ნახევარბიძას?
– წარმოუდგენელი ისტორიაა, – თქვა კოვზირიძემ და თავი გააქნია, – ნეტავ, სადაა ახლა ის ოქრო? – ეგ რომ ვიცოდეთ, ნახევარი საქმე უკვე გაკეთებული გვექნებოდა, – გაეცინა მაიორს, – სწორედ ამიტომ ვეძებთ თქვენს ნახევარბიძას.
– მე ვგულისხმობდი, ოქრო კვლავ გერმანიაშია თუ მოახერხა მისი აქ ჩამოტანა, – თქვა კოვზირიძემ.
– ფაქტია, რომ ძველი სამალავიდან ოქრო გაქრა, მაგრამ სხვა ადგილზე გადაიტანა იქვე, თუ საბჭოთა კავშირში ჩამოტანა მოახერხა, ვერ გეტყვით. ვფიქრობ, რომ ოქრო მაინც იქ უნდა იყოს. მის აქ ჩამოტანას სპეციალური ტრანსპორტი დასჭირდებოდა.
– თქვენ ფიქრობთ, რომ „ტვირთი 39“ კვლავ გერმანიაშია?
– სავარაუდოდ, კი.
 – მოროზოვები?
– ეგ რომ ვიცოდე, – გაეცინა გიგაურს.
– მე ვგულისხმობ – აქ თუ იქ.
– არ ვიცი. ეგ უფრო თქვენ უნდა თქვათ. სანამ ჩვენ დაგიჭერდით, მათზე თქვენ ნადირობდით. ციხიდან გაქცევის შემდეგ და სწორედ ამის გასარკვევად გეძებდით.
კოვზირიძემ გააბოლა. ჩაფიქრდა და მაიორს უთხრა:
– იცით, ძნელი სათქმელია. ამ ცხრამეტი წლის წინ, სანამ ნოვაკის მკვლელობისთვის დამიჭერდნენ, ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ მოროზოვები ნამდვილად აქ იყვნენ. მერე კი ამის დანამდვილებით თქმა ძალიან ძნელია. ჩემი მეთოდით, რამდენიმე საეჭვო კვალს კი დავადექი, მაგრამ დანამდვილებით, არ შემიძლია იმის მტკიცება, სწორ კვალს მივყვებოდი თუ არა. თქვენ თვითონ განსაჯეთ. მარტო ვმოქმედებდი, თანაც ძებნაში ვიმყოფებოდი. ერთი სიტყვით, უკიდურესად შეზღუდული ვიყავი.
– მართალია. ახლა კი ჩვენ დაგეხმარებით და იმედია, მიზანსაც მივაღწევთ, – უთხრა გიგაურმა კოვზირიძეს და გაუღიმა, – დღესვე გახვალთ აქედან.
– დღესვე, მართლა? – წამოიძახა კოვზირიძემ.
– დიახ, მაგრამ ჩვენ მიერ შერჩეულ ბინაში იცხოვრებთ და ნადეჟდა მალიშევას დროებით მაინც უნდა დაშორდეთ. ის ძებნაში ხელს შეგიშლით.
– იცით, ეგ ქალი გადამყვა. ამდენი რამ გააკეთა ჩემ გამო და არაერთხელ ჩაიგდო თავი საფრთხეში. ბოლო-ბოლო, ბინა გაყიდა და მოსკოვში წამომყვა ლენინგრადიდან. მე კი მას ძალიან ცუდად მოვექეცი და ფაქტობრივად, შუა გზაზე ვტოვებ მარტო, – თქვა კოვზირიძემ და თავი ჩაღუნა.
– მას ჩვენ დავეხმარებით და არავის დავაჩაგვრინებთ.
– როგორ?
– თუნდაც, გაყიდულ ბინას დავაბრუნებინებთ ლენინგრადში. მას ის ოცდაათი ათასი არ დაუხარჯავს და მყიდველს თავის ფულს დაუბრუნებს, ის კი ბინას დათმობს.
– სიმართლე გითხრათ, შევატყვე, რომ თავისი ბინის გაყიდვა არ უნდოდა, მაგრამ ჩემ გამო დათმო. ვფიქრობ, წინააღმდეგი არ იქნება, თუ რა თქმა უნდა, შესაბამისად მიუდგებით.
– მივუდგები. მას ძალიან უნდოდა თქვენი ნახვა და შევპირდი, – აუცილებლად მოგიწყობთ-მეთქი. ეტყობა, რომ ძალიან უყვარხართ. ასე მითხრა, – დაქორწინებას და ბევრი შვილის ყოლას ვაპირებთო.
– კი. ვპირდებოდი.
– ბოდიშს კი გიხდით, ვარლამ, მაგრამ თქვენს პირად ცხოვრებაზე მინდა, დაგელაპარაკოთ და უხეშ ჩარევად ნუ ჩათვლით.
– ბრძანეთ.
– ირინე გავაშელი დაგავიწყდათ?
ირინე გავაშელის ხსენებაზე ვარლამ კოვზირიძეს სახე წამოეჭარხლა. სიგარეტი გააბოლა, თავი გააქნია და თქვა:
– ირინე ჩემი ერთადერთი ნამდვილი სიყვარულია.
– ეკატერინე?
– რა თქმა უნდა, ისიც. თუმცა, მე მას არ ვიცნობ.
– ზედგამოჭრილი თქვენ ხართ.
– მართლა?
– დიახ. და, ირინე გავაშელს ამ კუთხით მივუდექი.
– ირინე ძალიან თავისებური ქალია და მასთან საერთო ენის გამონახვა არცთუ ისე ადვილია.
– სხვათა შორის, მას თქვენ ძალიან უყვარხართ.
– რა იცით?
– შევატყვე.
– როგორ?
– როგორ და, როცა ვუთხარი, რომ თქვენ სასიკვდილო საფრთხე გემუქრებოდათ, გაფითრდა. მანამდე კი ეგონა, თქვენ ის მიატოვეთ.
– მართლა?
– დიახ. მას თქვენი წერილი ჰქონდა შენახული, სადაც წერია, – მალე დავბრუნდებიო. ახლა ის წერილი მე მაქვს, მაგრამ ირინე გავაშელს უნდა დავუბრუნო, რადგან უკვე მოგაგენით. სულ თან დაჰქონდა. ასე მითხრა, – სადმე აუცილებლად შემხვდებოდა და სახეზე უნდა ამეფარებინაო.
ვარლამმა თავი გააქნია და თქვა:
– საიდან მოიტანა ეს სისულელე?
– ასე ფიქრობდა. თქვა,  რომ გაიგო ფეხმძიმედ ვარ, ამიტომაც მიმატოვა. არ უნდოდა, ზედმეტი პრობლემები გასჩენოდაო.
ამ სიტყვბის გაგონებაზე ვარლამი გაფითრდა და თქვა:
– რა სისულელეა. ნუთუ ირინეს ასეთი ნაძირალა ვგონივარ?
– მეც ეგ ვუთხარი და ასე მიპასუხა, – სხვა, აბა, რა უნდა მეფიქრაო. პრინციპში, მართალიცაა.
– თუ გავითვალისწინებთ, რომ ირინემ ჩემი სამძებრო საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა, შეიძლება, გავამართლო კიდეც. მაგრამ, ეს მაინც როგორ იფიქრა ჩემზე.
– სხვათა შორის, თქვენ მიერ გაგზავნილი ათასი მანეთიც ხელუხლებლად აქვს შენახული.
– მაინც, ვისგან გამოგზავნილი ეგონა?
– ვალენტინა ზუევასგან. იცით, ვინაა? უფრო სწორად, ვინ იყო?
– ალბათ, ის რუსი მფრინავი, ვის დასთან ერთადაც ცხოვრობდა ირინე საერთო საცხოვრებელში.
– კი. ისაა.
– ის მფრინავი ირინეზე გიჟდებოდა. ირინე მიყვებოდა ამას. ერთხელ ქუჩაშიც კი შევეფეთე მათ. ის მფრინავი ირინეს აცილებდა, მე კი მოროზოვს ვეძებდი და ერთ-ერთ პოლიკლინიკაში მივდიოდი. მაშინ ირინეს არ ვეუბნებოდი, რომ სახლიდან ფარულად გავდიოდი ხოლმე.
– ვიცი. ირინე გავაშელმა მიამბო ეგ ამბავი, – გაეცინა გიგაურს, – სხვათა შორის, ირინე გავაშელი თბილისში რომ დაბრუნდა, ხმა გაავრცელა, რომ შვილი ვიტალი ზუევისგან ჰყავდა. ასე ფიქრობს ვალენტინა ზუევაც.
ამ სიტყვების გაგონებაზე კოვზირიძეს სახე წამოეჭარხლა და მაიორს უთხრა:
– მოიცა, მოიცა, როგორ, ხმა გაავრცელა ზუევისგან მყავსო?
– დამშვიდდით, ვარლამ, – გაეღიმა გიგაურს, – ტყუილად ეჭვიანობთ. ირინე გავაშელი უპატიოსნესი ქალია.
– კი მაგრამ, მე ის ჩვიდმეტი წელია, არ მინახავს.
– გარწმუნებთ, ვარლამ, ირინე გავაშელს თქვენს მეტი არავინ ჰყოლია და არც ახლა ჰყავს.
– თქვენ რა იცით?
– ვიცი. რადგან გეუბნებით, მერწმუნეთ.
– რატომ მაინცდამაინც ზუევი?
– იმიტომ რომ, ყველამ იცოდა, იმ მფრინავს ირინე უყვარდა.
ვარლამმა გამომცდელად შეხედა მაიორს და უთხრა:
– სადაა ახლა ის ზუევი?
– თქვენ რომ გაუჩინარდით, სწორედ იმ დღეს დაიღუპა საცდელი ფრენის დროს და მას მერე ჩვიდმეტი წელი გავიდა.
პასუხმა ვარლამ კოვზირიძე ოდნავ დაამშვიდა. თუმცა, მაინც ძალიან აღელვებული იყო და უკითხავად გააბოლა სიგარეტი. ჩაფიქრდა და ბოლოს მაიორს ღიმილით უთხრა:
– რა ეგოისტები ვართ ადამიანები, არა?
– გეთანხმებით, – ღიმილითვე მიუგო მაიორმა, – ამ შემთხვევაში, ალბათ, კაცები.
– კი. საკუთარ თავს ვგულისხმობ, – თქვა კოვზირიძემ და დააყოლა, – ქალი ჩვიდმეტი წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში ფეხმძიმე დავტოვე – არ იცოდა, ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი. ქალი, თანაც, როგორი მშვენიერი და კიდევ იმას მოვითხოვ, ერთგულება შემინარჩუნოს. ეგოიზმია, აბა, რა არის ეს?
– რას იზამთ, ასეთები ვართ კაცები, – უთხრა მაიორმა კოვზირიძეს, – ზურაბ, გინდათ, ირინე გავაშელისა და ეკატერინეს ნახვა?
– რა ბრძანეთ?
– თქვენი ცოლ-შვილის ნახვა გინდათ? – გაუმეორა მაიორმა კოვზირიძეს, რომელსაც მღელვარებისგან ხელები აუკანკალდა. კოლოფიდან სიგარეტი ამოაცურა და ასანთის მოკიდებას ვერ ახერხებდა.
 – ასე თუ იღელვეთ, ვერც ჩვენ დაგვეხმარებით და ვერც ოპერაციებს გააკეთებთ, როცა თქვენს ძირითად საქმიანობას დაუბრუნდებით, – უთხრა გიგაურმა კოვზირიძეს. სიგარეტზე მოუკიდა და გაუღიმა.
– მე კი მინდა მათი ნახვა, მაგრამ მათ თუ ენდომებათ? – როგორც იქნა, თქვა კოვზირიძემ.
– ორ დღეში შეგახვედრებთ მათ. დღესვე მოველაპარაკები ხელმძღვანელობას და ხვალ თბილისში გადავფრინდები. ზეგ კი ორივეს აქ ჩამოგიყვანთ. ასე რომ, ვარლამ ბატონო, შეხვედრისთვის მოემზადეთ.
– გმადლობთ, ზურაბ. არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება.
– უბრალოდ, დაგვეხმარეთ და მეტი არაფერი.
– რა თქმა უნდა, დაგეხმარებით. რაზეა ლაპარაკი, – თქვა კოვზირიძემ. შემდეგ უხერხულად შეეჭმუხნა სახე და მაიორს უთხრა, – ზურაბ, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან.
– ბრძანეთ.
– ჩემი ძებნილობის ამბავი როგორ იქნება?
– უმაღლეს დონეზე. ისე, როგორც ვფიქრობ. თქვენი ძებნა მოიხსნება. თქვენი საქმე, ანუ ანტონ პარხომენკოს საქმე დაიხურება. ვარლამ კოვზირიძე კი თავის მაღალპროფესიულ სამედიცინო საქმიანობას გააგრძელებს.
– მართლა?
– ასი პროცენტით. ოფიცრის სიტყვას გაძლევთ, – მიუგო გიგაურმა კოვზირიძეს. შემდეგ ერთ-ერთი ხელქვეითი გამოიძახა და უთხრა:
– ნომერ მეექვსე ბინაზე გადასაყვანად მოამზადეთ. განკარგულება გაეცით და ხუთ წუთში შემომიარეთ.
– არის, ამხანაგო მაიორო! – გამოეჯგიმა გიგაურს ხელქვეითი და ბრძანების შესასრულებლად გავიდა. გიგაურმა კი კოვზირიძეს უთხრა:
– თქვენ ახლა ჩვენს ოპერატიულ ბინაში წაგიყვანენ და დაგასახლებენ. ჭამეთ, დაისვენეთ და ჩვენ საქმეზე იფიქრეთ. მე, ხელმძღვანელობას უნდა ვუპატაკო ამ საქმეზე და როგორც კი გავთავისუფლდები, მაშინვე შემოგიერთდებით.
– კარგი. გასაგებია, – უთხრა გიგაურს კოვზირიძემ.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3