კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ვისთვის იყო ნამდვილი თავის ტკივილი შალვა ნუცუბიძე ორი წლის განმავლობაში და რატომ უწოდებდა ინტელიგენცია მას ჩამშვებს

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

 
  დიდი მეცნიერი შალვა ნუცუბიძე 1918-1921 წლებში არა მარტო უნივერსიტეტის ლექტორი, ქვეყნის მმართველი ორგანოს წევრიც გახლდათ. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ არანაირი რეპრესია არ ასცდენია. ზოგი შიშით გაქრებოდა. ის კი თავს მაინც ვერ იკავებდა და გადაკვრით თუ პირდაპირ, ბოლშევიკებს სიტყვას არ არჩენდა... შალვა ნუცუბიძის მჭევრმეტყველება გასაოცარი სულაც არაა, თუ გავიხსენებთ მისი ბიოგრაფიის ცნობილ პასაჟს, როდესაც თვით გრიგოლ რობაქიძემ დაიხია უკან და უარი განაცხადა 19 წლის მეტოქესთან დისპუტზე. იმ დროისთვის აღიარებულმა მწერალმა ეს გარემოება ოპონენტის ახალგაზრდობითა და გამოუცდელობით გაამართლა (ვითომ, ღლაპთან კამათი როგორ ვიკადროო). თუმცა, ყველასთვის ცხადი იყო, რომ ის გაწბილებას მოერიდა. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბის ინტელექტუალს დამფუძნებელ კრებაზე თავმოყრილი სოციალ-დემოკრატიული ნაყარ-ნუყარი, ძირითადად, გაუნათლებელი ან ზედაპირულად წიგნიერი, კატორღაში ნათროკიალები ძველი რევოლუციონერები, სათანადო ოპონირებას ვერ უწევდნენ. სხვა თვისებებთან ერთად, შალვა ნუცუბიძე ამაყი, უტეხი ხასიათითა და ერთგვარი უკმეხობითაც გამოირჩეოდა. გრძნობდა რა თავის ინტელექტუალურ აღმატებულობას, ის ქედმაღლურად უცქერდა მოწინააღმდეგეებს და მათი გათახსირების ჟინით შეპყრობილი, ხშირად გადადიოდა საჯარო დისპუტის დროს დასაშვებ ზღვარს. მისი საპარლამენტო გამოსვლების საუკეთესო ნიმუშები სავსეა სარკასტული, ზოგჯერ ოპონენტის პიროვნული ღირსების შემლახავი პასაჟებით, რასაც მუდამ თან სდევდა ტაში და ჰომერული ხარხარი ოპოზიციონერ დეპუტატთა ფლანგზე. სამაგიეროდ, კბილების ღრჭიალი და შიგადაშიგ გინება ისმოდა უმრავლესობის წარმომადგენელთა შორის... თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა პროფესორი, გერმანიაში ფილოსოფიურ განათლებამიღებული შალვა ნუცუბიძე დამფუძნებელი კრების არსებობის თითქმის ორწლიან პერიოდში ნამდვილ თავის ტკივილად იქცა მმართველი გუნდისთვის. ის იყო ფრიად განათლებული, ეფექტური გარეგნობის მამაკაცი. გამოირჩეოდა დახვეწილი იუმორით და ორატორული ხელოვნებით. ტრიბუნაზე მისი ყოველი ასვლა ნამდვილი მოვლენა იყო საკანონმდებლო ორგანოში. დარბაზში მსხდომი დეპუტატები მაშინვე წყვეტდნენ ყოველგვარ მოძრაობას და სუნთქვას იკრავდნენ, რომ არცერთი სიტყვა არ გამოჰპარვოდათ. ამ დროს ფედერალისტები სიამაყით უმზედნენ საკუთარ ფალავანს, სოციალ-დემოკრატები კი ბრაზით ცდილობდნენ, ადგილიდან შხამიანი რეპლიკებით შეეშალათ მისთვის ხელი.
...დიდი წვლილი შეიტანა ნუცუბიძემ ფსევდოდიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის, პეტრე იბერის იდენტობის საკითხის კვლევაში. ეს ჰიპოთეზა მან წამოაყენა 1942 წელს. მისგან დამოუკიდებლად, ამავე დასკვნამდე მივიდა ბელგიელი მეცნიერი ერნესტ ჰონიგმანი 1952 წელს, რის შემდეგაც აღნიშნულ თეორიას ეწოდა ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია. ნუცუბიძემ გაარკვია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის” ავტორის ჰუმანისტური მსოფლმხედველობა... განსაზღვრა რუსთაველის ადგილი რენესანსში... აღსანიშნავია, რომ 1919-1921 წლებში შალვა ნუცუბიძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) წევრი საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921 წლის 25 თებერვალი) შემდეგ, ის მუდმივად განიცდიდა დევნას საბჭოთა რეჟიმის მხრიდან: დაპატიმრებული იყო 1921 და 1938-1940 წლებში, 1953-1960 წლებში გააძევეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობა.

„ვეფხისტყაოსანი“ და განსაკუთრებული სადილი თანამშრომლების სასადილოდან შალვა ნუცუბიძის საკანში   
1953 წელს, სრულიად მოულოდნელად, კომუნისტური ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაესხა თავს მეცნიერს, ამჯერად ის ბერიას აგენტად გამოაცხადეს. ხელისუფლების მითითებით, მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებამ შალვა ნუცუბიძეს აკადემიის ნამდვილი წევრის წოდება ჩამოართვა. ასევე, გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობიდან. ამის შემდეგაც ყველანაირად ავიწროებდნენ, ცდილობდნენ, არ შეეშვათ ფართო აუდიტორიებში. არ მიაღებინეს მონაწილეობა რუსთაველის იუბილეზე, არ შეახვედრეს სტუმრებს,  1968 წელს გამართულ თბილისის უნივერსიტეტის 50 წლის იუბილეზე უფლება არ მისცეს, წარმოეთქვა სიტყვა. მიუხედავად ამისა, შალვა ნუცუბიძე არასდროს კარგავდა თავის ღირსებას. იყო მუდამ შემართული და ქედუხრელი ყველაზე მძიმე წუთებშიც კი. ის ძლიერ განიცდიდა ყოველივეს, რაც საქართველოს უკავშირდებოდა. შალვა ნუცუბიძეს ხშირად უთქვამს, სიკვდილს რუსთაველმა გადამარჩინაო. დაპატიმრების ჟამს „ვეფხისტყაოსანს” თარგმნიდა. ციხეში ნება მისცეს, თარგმანზე ემუშავა. ნუცუბიძისა და სტალინის ინტერესი რუსთაველისადმი ერთმანეთს დაემთხვა, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მეცნიერის მომავალ ბედზე. ყოველ შაბათს პოემის ნათარგმნი ნაწილი საპატიმროდან ქრებოდა, როგორც შემდეგ გაირკვა, კითხულობდა სტალინი. სტალინისვე განკარგულებით, შალვა ნუცუბიძე გაათავისუფლეს ციხიდან, მოსკოვიდან გასვლის უფლების გარეშე. 1940 წლის 20 ოქტომბერს კი, სტალინთან წაიყვანეს კრემლში, რათა პირდად გასაუბრებოდა თარგმანის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, სტალინს ძლიერ მოსწონებია თარგმანი, რომელიც თავიდან ბოლომდე წაუკითხავს.
საპატიმროში მყოფ მეცნიერს აცნობეს, რომ თარგმანის დასრულების უფლებას და საშუალებას აძლევენ. თანხმობისთანავე საკანში მიუტანეს „ვეფხისტყაოსნის“ ქართული გამოცემა და განსაკუთრებული სადილი, რომელიც „თანამშრომელთა სასადილოდან იყო ამოტანილი“. მოგვიანებით, შალვა ნუცუბიძე გაათავისუფლეს, თუმცა ციხის დატოვებამდე მეცნიერს საკანში ესტუმრა ლავრენტი ბერიას „მარჯვენა ხელი,“ ბოგდან ქობულოვი. მან შემდეგი რჩევა-დარიგება მისცა:  „გახსოვდეს, რომ რუსთაველის თარგმნა იყო და არის შენი გადარჩენის პირობა.“

შალვა ნუცუბიძის ახალი შარი ნოე ჟორდანიასთან
...მოუსვენარი ფილოსოფოსი არ დაცხრა და მალე ახალი შარი აიკიდა. თუ მანამდე ის მინისტრებზე, დეპარტამენტების უფროსებზე, დამფუძნებელი კრებისა და თბილისის საქალაქო თვითმმართველობის წევრებზე ხარჯავდა ღვთისგან ბოძებულ სატირას, 1921 წლის 18 იანვარს ყველა „დასაშვები” ზღვარი გადალახა და თვით სოციალ-დემოკრატიის უზენაეს გურუს, თვალშეუვალ და ხელშეუხებელ ნოე ჟორდანიას გაუბედა შეკამათება... კაი მაგარ-მაგრები აკადრა და არაკომპეტენტური საკადრო პოლიტიკა დაუწუნა. მეტიც, მან მთავრობის თავმჯდომარეს ორი ისეთი დარგის (ეკონომიკა და განათლება) გაპარტახება დასდო ბრალად, რომელში გატარებული რეფორმებითაც ჟორდანია განსაკუთრებით ამაყობდა... შალვა ნუცუბიძის „კადნიერება” იქამდე მივიდა, რომ ქართული დემოკრატიის მამას რჩევა მისცა, ჩემი ნათქვამის თუ არ გჯერა, ამ დღეებში დასრულებული მასწავლებელთა ყრილობის რეზოლუცია წაიკითხე და თვითონვე დარწმუნდებიო. დეპუტატის „თავხედობით” გაოგნებული ჟორდანია იმდენად აღელდა, რომ ენა დაება (ის ისედაც უკიდებდა ცოტას) და ბორძიკით უპასუხა: უ-უკვე წ-წავიკითხე და დავრწმუნდი, რომ მ-მასწავლებლებს უფრო ნაკლებად შ-შეუგნიათ საერთო მდგომარეობის სირთულე, ვ-ვიდრე მუშებსო. შალვა ნუცუბიძის მიერ მთავრობის თავმჯდომარისთვის სიტყვის პირში შეტეხა, უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა სოციალ-დემოკრატების მოთმინების ფიალაში...

რაო, რას გეუბნებიან?..
გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, ლიტერატურატმცოდნე, საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი შალვა ნუცუბიძე მეგობრობდა ისეთ დიდ მამულიშვილთან, როგორიც გახლდათ – ნიკო კეცხოველი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობის დროს რექტორმა ნიკო კეცხოველმა შალვას რაღაცაზე უსაყვედურა. მალევე, მეგობრების  საუბარი კამათში გადაიზარდა. თავისი ფიცხი ხასიათით ცნობილი კეცხოველი შალვასთან კამათმა წყობიდან გამოიყვანა და მთელი ხმით განაგრძო მასთან დავა. უცებ, ნუცუბიძემ მეგობარს ზურგი შეაქცია და ფანჯდრიდან უნივერსიტეტის ეზოში დაიწყო ყურება, იქით, სადაც დაკრძალული არიან ივანე ჯავახიშვილი და სხვა დიდი ქართველები. მისმა ასეთმა ქცევამ ნიკო კიდევ უფრო გააბრაზა და შალვას ჰკითხა: რაო, რას გეუბნებიან? ეჰ, მაგისთანა ცოცხლებთან ყოფნას, ისევ ჩვენნაირ მკვდრებთან ყოფნა გერჩიოსო – უპასუხა შალვა ნუცუბიძემ ნიკო კეცხოველს, რაზეც ორივეს სიცილი წასკდა (წყარო: genia.ge.)
ერთხელ უნივერსიტეტის პროფესორმა შალვა ნუცუბიძემ აუდიტორიაში სტუდენტებთან შესვლა ნახევარი საათით დააგვიანა. ის კიბეზე ამოდიოდა, როცა რექტორი ნიკო კეცხოველი შეხვდა. ნიკომ დაინახა თუ არა, ცოტა მკაცრად უთხრა: რა არის, შალვა, არ იცი, ლექცია როდის იწყება?! მაგის მეტი რა ვიცი, ბატონო ნიკო, ლექცია მაშინ იწყება, როცა ლექტორი აუდიტორიაში შედისო – მიუგო შალვა ნუცუბიძემ... ამაზე ნიკო კეცხოველს გაეცინა, არაფერი უთქვამს და გაუყვა თავის გზას.

უსიამოვნო ისტორიაში გახვეული ფილოსოფოსის სახელი  
შალვა ნუცუბიძე არა მარტო უნიჭიერესი ფილოსოფოსი, ბედის ნებიერაც იყო. ბოლშევიკებმა დამფუძნებელ კრებაში მენშევიკების წინააღმდეგ თავგამოდებული ბრძოლა დაუფასეს და ცაკ-ის (ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი) შემადგენლობაშიც შეიყვანეს. ალღოიანმა შალვამ დროულად შეაფასა სიტუაცია და გადაწყვეტილებაც მიიღო. გასაბჭოების შემდეგ მან მალევე მიატოვა პოლიტიკური მოღვაწეობა და მთლიანად სამეცნიერო საქმიანობაში ჩაეფლო. მაგრამ ამან არ უშველა და 30-იანი წლების ბოლოს რეპრესიებში მოჰყვა... ბელადმა გაოცება ვერ დამალა, როდესაც პირადი შეხვედრის დროს, შალვა ნუცუბიძემ მეხსიერებით, სიტყვა-სიტყვით გაიხსენა 1905 წელს ხონში, ალექსანდრე წულუკიძის დაკრძალვაზე ახალგაზრდა სტალინის მიერ წარმოთქმული სიტყვა... მოგვიანებით, ფილოსოფოსის სახელი უსიამოვნო ისტორიაში გაეხვია. ომის შემდეგ ბერიამ ის, ანტისაბჭოთა ემიგრანტებს შორის აგიტაციის მიზნით, გერმანიაში გაუშვა. შალვამ მისია კი შეასრულა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ მასთან შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე ემიგრანტი აღმოსავლეთ ბერლინის საბჭოთა კომენდატურამ შეიპყრო, საქართველოში ჩამოიყვანა და დახვრიტა. ძნელი სათქმელია, უშიშროებამ მეცნიერის დახმარებით აიყვანა ისინი, თუ ნუცუბიძე მხოლოდ სატყუარას წარმოადგენდა. ყოველ შემთხვევაში, 50-60-იან წლებში არაერთი პატრიოტულად განწყობილი ინტელიგენტი შალვა ნუცუბიძეს ჩამშვებს ეძახდა. ერთხელ, რუსთაველზე, აკაკი გაწერელიამ მასზე საცემადაც კი გაიწია. თვითმხილველთა მტკიცებით, უკვე საკმაოდ ასაკოვან ფილოსოფოსს თავის მართლება არც უცდია, მარდად გადაირბინა ახლანდელი ფილარმონიის წინ მდებარე გამზირის გაფართოებული მონაკვეთი და ვერის ბაღს შეაფარა თავი.
скачать dle 11.3