კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 დაუშვებელია, როდესაც ბანკი მომხმარებელს სთავაზობს სესხის გაცემას შემოსავლის დადასტურების გარეშე

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

 
ბანკის ვალის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილასაა, ხოლო ქართული ბანკები, მოგების მაჩვენებლით, ლიდერთა ათეულში არიან, ასე განსაჯეთ, მთელ მსოფლიოში. ამა წლის სამი თვის განმავლობაში მათ მილიარდიანი შემოსავალი მიიღეს, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მათი მოგება 135 პროცენტით გაიზარდა. იმავე პერიოდში, მათ საურავებითა და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით, 21 მილიონამდე ლარით იხეირეს, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებით კი, 58 382 400 ლარის მოგება ნახეს. ხოლო ბოლო 4 წელიწადსა და 4 თვეში მათ 3-ჯერ მეტი წმინდა მოგება ჰქონდათ, ვიდრე არსებობის 15-წლიანი ისტორიის განმავლობაში. ღარიბი ქვეყნის მდიდარ ბანკირებზე ეკონომიკის ექსპერტ მიხეილ დუნდუასთან ვისაუბრებთ.
–  რაზე მეტყველებს, ერთი მხრივ, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 70 პროცენტს ბანკის ვალი აქვს, მეორე მხრივ კი, საქართველოს ბანკები მოგების მაჩვენებლებით მსოფლიოს პირველ ათეულში არიან? რა ტენდენციას გამოხატავს ამ ორი ფაქტორის არსებობა განვითარებადი სტატუსის მქონე ღარიბ ქვეყანაში?
– საქართველო ბანკის ვალის სიჭარბით მოსახლეობის ერთ სულზე მეორე ადგილზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის: ყოველი ათასი კაციდან 676 აქვს ვალი. იმავე ჩამონათვალში პირველ ადგილზეა თურქეთი, მესამეზე –  ბელგია. თუმცა ეს არ იქნებოდა პრობლემატური სხვა თანაბარ პირობებში, რადგან მიუთითებს ფინასებთან წვდომის შესაძლებლობაზე: ანუ ბევრს აქვს შესაძლებლობა, აიღოს ბანკიდან კრედიტი. ანუ მხოლოდ ამ პარამეტრით არაფერი ჩანს ნეგატიური.
– ნეგატიური რომ არ არის მხოლოდ ეს პარამეტრი, ამას ბელგიის მესამე ადგილიც მიუთითებს.
– ნეგატიური ჭარბვალიანობისთვის აუცილებელია რამდენიმე პარამეტრი: ჯერ ერთი, ძალიან ბევრს უნდა ჰქონდეს ბანკის ვალი; მეორე –  ვალის მომსახურების პირობები უნდა იყოს რთული და ვალის მომსახურების მაჩვენებელი უნდა იყოს შემოსავლის არაადეკვატური. ანუ მოსახლეობა თავისი შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს არ უნდა იხდიდეს ვალის მომსახურებაში.
– ჩვენთან როგორი ვითარებაა? ეს ბოლო მაჩვენებელი არ არის სახარბიელო, თუ არ ვცდები.
– ჯერ კიდევ 2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებდა სავალუტო ფონდი, რომ საქართველოში ყოველი მესამე სესხის ამღები პირი თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს იხდიდა ვალის მომსახურებაში და ამიტომაც 2014 წელს სავალუტო ფონდი მიმართავდა საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომ ეს მდგომარეობა გამოესწორებინა. ახლა გაითვალისწინეთ, 2014 წლის შემდეგ, დოლარის გამყარებისა და ლარის გაუფასურების პირობებში, როგორ დამძიმდებოდა ეს ვითარება, რადგან მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უცხოურ ვალუტაში აქვს ბანკების დავალიანება. შესაბამისად, ალბათ, ამჟამად ყოველი მეორე თავისი შემოსავლის 60 პროცენტზე მეტს იხდის ბანკის ვალის მომსახურებაში. ალბათ-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ბოლო მონაცემები არ არის გამოქვეყნებული და მარტივი ანალიზით მივედით ამ დასკვნამდე. თუმცა სავალუტო ფონდს აქვს რეკომენდაცია, სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაარეგულიროს ქვეყანამ ეს საკითხი; როგორც არეგულირებენ ამას განვითარებულ ქვეყნებში და როგორ უნდა დარეგულირდეს საქართველოში. ეს გულისხმობს სესხის შემოსავალთან შესაბამისობის სტანდანტის დაწესებას, ანუ რამდენი სესხიც უნდა მოგცეთ კომერციულმა ბანკმა, თვით მინიმალურიც კი, მისი მომსახურების თანხა უნდა იყოს თქვენი შემოსავლის უმცირესი ნაწილი.
– და ეს უმცირესი ნაწილი რამდენია?
– მაქსიმუმ, შემოსავლის 50 პროცენტზე დაბალი. რაც შეეხება აღიარებულ სტანდარტს, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2009-2010 წლებში თავის ანგარიშში ასახა: ყოველთვიურად სესხის მომსახურებაზე უნდა მიდიოდეს მსესხებლის შემოსავლის 30 პროცენტი, უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის მომსახურების ლიმიტი კი უნდა იყოს შემოსავლების 20 პროცენტი.
– და რატომ არ სრულდება? რას ელის ეროვნული ბანკი?
– ვიმედოვნებ, რომ უახლოეს ხანში შესრულდება. სავალუტო ფონდთან გაფორმდა შეთანხმება, რომ ეროვნული ბანკი აპირებს ლიმიტების შემოღებას იპოთეკურ სესხებზე. ეს იქნება პირველი ნაბიჯი და ჩემი აზრით, არა მხოლოდ  იპოთეკურ სესხებს უნდა შეეხოს, არამედ ნებისმიერ სესხს. და სესხის მიმღები პირი თავისი შემოსავლის უმცირეს ნაწილს უნდა იხდიდეს სესხის მომსახურებაზე, მიზანშეწონილია, რომ, როგორც გითხარით, ეს იყოს მისი შემოსავლის 30 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტის შემთხვევაში, 20 პროცენტი. ამ სტანდარტის დაცვით კომერციული ბანკების აქტივობა ბუნებრივად გადაერთვება ბიზნესსესხების გაცემაზე. ის ორიენტირებული გახდება ადგილობრივი წარმოების დაკრედიტებაზე, რაც განაპირობებს ეკონომიკის განვითარებას და არა ფინანსურ გამოფიტვას. ვინაიდან ჩვენ არ ვართ გრძელვადიანი ნივთების მწარმოებელი ქვეყანა, სესხით ნაყიდი სამომხმარებლო პროდუქტი კი უმეტესად იმპორტირებულია, შესაბამისად, ეს ფული გადის უცხოეთში და ქვეყნის ეკონომიკას ფიტავს. ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც ჭარბვალიანობას უკავშირდება და მისგან გამომდინარეობს.
– ჭარბვალიანებს შორის თურქეთია პირველ ადგილას, ბელგია – მესამეზე. იქ როგორი ლიმიტებია დაწესებული?
– ლიმიტების დაწესება საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2008 წლის შემდეგ და არ მეგულება განვითარებული ქვეყანა, რომელშიც ასეთი ლიმიტები დაცული არ იყოს.
–  ანუ მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ?
– დიახ, სწორედ ის იყო 2008 წლის კრიზისის მთავარი გამოხატულება, რომ ფიზიკურმა პირებმა ვერ შეძლეს თავიანთი სესხების მომსახურება, ანუ მათ მიერ სესხის მომსახურებაზე გადასახდელი თანხა არ იყო მათი შემოსავლის ადეკვატური. და განვითარებული სამყარო  მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლება სესხის გაცემა შემოსავლის გათვალისწინების გარეშე. განსაკუთრებით 2013 წლიდან ტრიალებს სატელევიზიო ეთერში სარეკლამო რგოლები –  გთავაზობთ სესხს შემოსავლების დადასტურების გარეშეო.
– ეს მართლაც ნონსენსია და, ზოგადად, საბანკო პროდუქტების სარეკლამო კამპანიაც ბევრ ტყუილსა და უზუსტობას შეიცავს, რითაც ტყუვდება მომხმარებელი.
– ეს კიდევ სხვა პრობლემაა –  არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების ცალკეული შემთხვევები, მაგრამ ამ სარეკლამო რგოლზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ დაუშვებელია, როდესაც ბანკი მომხმარებელს სთავაზობს სესხის გაცემას შემოსავლის დადასტურების გარეშე, ანუ არც კი სჭირდება შემოსავლის შესახებ ცნობა. ეს საკითხი შიდა რეგულაციებითაც კი უნდა ეკრძალებოდეს ბანკს. კომერციულ ბანკებს კორპორაციულ დონეზე უნდა ჰქონდეთ მოგვარებული, რომ სესხი არ გასცენ შემოსავლის დადასტურების გარეშე.
– და რის იმედად გასცემენ ბანკები ასეთი ტიპის სესხებს? თუ ვერ გადაიხდის კლიენტი, ქონებას დაუყადაღებენ?
– რა თქმა უნდა, არადა 2008 წელმა დაადასტურა, რომ ეს მიდგომა არასწორია. როგორც გითხარით, დიდი იმედი მაქვს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ამ ვითარებას გამოასწორებს და იპოთეკური სესხებისთვის ლიმიტის დაწესება გავრცელდება სხვა სესხებზეც. ასეთ შემთხვევაში კომერციული ბანკები მოზომილი რაოდენობის სესხებს გასცემენ ფიზიკურ პირებზე, გაითვალისწინებენ სხვა პარამეტრებს, მაქსიმალურად იქნებიან დაზღვეულები ფინანსური რისკებისგან და მთელი აქცენტი გადავა ბიზნესსესხებზე. ხაზი მინდა, გავუსვა, რომ კომერციულ სექტორს ბიზნესსექტორის დაკრედიტების დიდი სტიმული მიეცემა საპენსიო რეფორმის განხორციელების შემთხვევაში. ვგულისხმობ, დაგროვებითი სისტემის შექმნას, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამით ღირსეული სიბერე იქნება უზრუნველყოფილი თითოეული ჩვენგანისთვის, არამედ იმიტომაც, რომ ასეთი ფონდის შექმნა ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ლარის მობილიზებას გულისხმობს. ეს კი დღეს ჰაერივით სჭირდება საბანკო სექტორს, რომ ადგილობრივი წარმოების დაკრედიტება შეძლოს. დღეს ბანკების არგუმენტი, რომ ისინი არ აკრედიტებენ ადგილობრივ ბიზნესს იაფი და გრძელვადიანი სესხებით, არის ის, რომ მოკლევადიან და ძვირ დეპოზიტებსა და ანაბრებს ვერ გადააქცევენ გრძელვადიან და იაფ სესხებად. ეს სამართლიანი არგუმენტია.
– 10 პროცენტად რომ მოიზიდავ ანაბარს და 24 პროცენტად გასცემ სესხს, ეს სამართლიანია?
– 10-პროცენტიანი ანაბარი რომ ბიზნესსესხად გადაიქცეს, უნდა გახდეს 15 პროცენტი. 15 პროცენტი კი ძალიან დიდი პროცენტია ბიზნესისთვის, ამიტომაცაა, რომ ბანკები ვერ გასცემენ ბიზნესსესხებს და რჩებათ სამომხმარებლო სესხები. როგორც კი საბანკო სექტორს გაუჩნდება იაფი საკრედიტო რესურსი ლარში, საპენსიო ფონდის სახით, რაც ეკონომიკის სისტემური ნაწილია მთელ მსოფლიოში, ისინი დაიწყებენ ადგილობრივი წარმოების დაკრედიტებას. სხვაგვარად ეკონომიკა სისტემურად ვერ შედგება და, როგორც კი საპენსიო რეფორმა ამოქმედდება, ბანკებს აღარ ექნებათ არგუმენტი, თუ რატომ არ აკრედიტებენ ადგილობრივ წარმოებას. წესით, ბიზნესისთვის უფრო იოლად უნდა იღებდე კრედიტს, ვიდრე ძვირად ღირებული ავტომობილების შესაძენად. როდესაც ეს კულტურა შეიქმნება, იქნება გარდამტეხი მომენტი, რადგან ჯერ უნდა შექმნა და მერე მოიხმარო. ჩვენ კი არაფერი შეგვიქმნია და მხოლოდ მოვიხმართ.
– თუკი მოსახლეობის 70 პროცენტი თავისი შემოსავლის 60 პროცენტზე მეტს უხდის ბანკებს, ეს არათუ ცუდი არ არის, კატასტროფაა, რადგან გამოდის, რომ ბანკები მდიდრდებიან მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე, რაც, სხვათა შორის, სახელმწიფოსაც აწვება დიდ ტვირთად. ეს ტრაგიკული რეალობა მგონია.
– როგორიცაა რეგულაცია, ისეთია რეალობა. თუ რეგულაციაშია ხარვეზი, რეგულაცია უნდა შეიცვალოს. 2012 წელს უნდა დაწესებულიყო ლიმიტი, მაგრამ ეროვნული ბანკის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ეს არ გააკეთა. ალბათ, შეგნებულად, პოლიტიკური კონტექსტის გამო.
– ერთი წელია, შეიცვალა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა. ვერ ერევიან ბანკებს, ვერ უბედავენ თუ რაა მიზეზი?
– შეიცვალა და წლის ბოლომდე დაწესდება ლიმიტები, იმედი მაქვს, რომ 2018 წელს სულ სხვა რეალობას მივიღებთ.
– რა ტიპის ქვეყნები არიან მომგებიანობის ათეულში?
– არიან აფრიკის, ლათინური ამერიკის, აზიის დაბალგანვითარებული ქვეყნები.
– ანუ უზომოდ მომგებიანი საბანკო სექტორი ქვეყნის ჩამორჩენილობის მაჩვენებელია?
– დიახ.
– რაკი ეკონომიკურად ჩამორჩენილია, მოსახლეობა იოლად ტყუვდება თუ მათი მოტყუების საშუალებას აძლევენ?
– ეს მეტყველებს დაბალ საბანკო კულტურაზე. სადაც ნაკლებადაა განვითარებული ადგილობრივი წარმოება, ბუნებრივია, იქ საბანკო სექტორი უპირატესად ორიენტირებულია ფიზიკურ პირებზე, ვიდრე კორპორაციებზე. ამ საკითხს დამატებითი შესწავლა სჭირდება, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ეს ქვეყნები ეკონომიკურად ჩამორჩენილები არიან, მიანიშნებს ამ პრობლემის არსებობაზე.
скачать dle 11.3