კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რატომ გადაუხადა ზაზა ნადირაძეს ფედერაციამ 24 000 ლარი და რამ გადაარჩინა ის სიკვდილს

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე


 ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ უნგრეთში, მსოფლიო თასის ჩემპიონატზე, ფინალური, 200-მეტრიანი დისტანცია წარმატებით დაფარა და მეორე ადგილი დაიკავა. 23 წლის სპორტსმენი მცხეთიდანაა. 13 წლისამ სწორედ მცხეთის ნიჩბოსანთა ბაზაზე დაიწყო ვარჯიში და დღეს ყველაზე წარმატებული ქართველი ნიჩბოსანია. შეგახსენებთ, რომ ზაზა 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე იმყოფებოდა, სადაც მეხუთე ადგილზე გავიდა.
ზაზა ნადირაძე:
13 წლის ვიყავი, როცა პირველად მივედი კანოეზე, მაგრამ მანამდე, ბევრ სპორტის სახეობაში ვცადე ბედი. რაგბიზეც დავდიოდი და ყოველდღე ტრავმებით რომ ვბრუნდებოდი სახლში, მერე აღარ გამიშვეს მშობლებმა. მცხეთაში არც ვიცოდი ნიჩბოსნობის ბაზა თუ არსებობდა, არადა, თურმე ჩემი სახიდან საკმაოდ ახლოს ყოფილა. მეგობარი ვარჯიშობდა კანოეში და მან მიგვიყვანა მე და ჩემი ძმა.  იმ დროს ბევრი გასართობი არ იყო ბავშვებისთვის და ნავი რომ დავინახეთ, მაშინვე მოვიხიბლეთ. არც ნიჩბები გვქონდა და არაფერი. არც ის გვაინტერესებდა რას დავიჭერდით, მთავარია იყო, გვეხალისა. ამ გართობაში და თამაშ-თამაშში, სერიოზულად დავიწყე ვარჯიში.  ოჯახში წინააღმდეგები იყვნენ, რადგან იცოდნენ, რა რთულ პირობებშიც მიწევდა ვარჯიში. გარდა იმისა, რომ არ გვქონდა საჭირო აღჭურვილობა, ბაზაში, როგორც გარეთ, ისე წვიმდა შიგნითაც. შესაბამისად, მეუბნებოდნენ, გამოვსულიყავი და ძიუდოში დამეწყო ვარჯიში. ერთი წლის შემდეგ ტარდებოდა საქართველოს ჩემპიონატი და მშობლებს ვთხოვე, გავალ, თუ ვერ ვაჩვენებ შედეგს, მაშინ ძიუდოში გადავალ-მეთქი. თანხმობაც მივიღე. შემთხვევით მოვიგე ჩემპიონატი (იცინის). ამის შემდეგ, ისეთი სტიმული მომეცა, სადღა გადავიდოდი.
– მაინც წყალთან გაქვს შეხება და სახიფათო მომენტი არ გქონია?
– კი, მქონდა ბავშვობაში. ჩვენთან ადრე კატერები არ იყო და მწვრთნელი ხელის ნავით დაგვყვებოდა ხოლმე. ზამთარში მდინარე ნაწილობრივ იყინება და საშინლად ცივია წყალი. მაგრამ, რომ ვვარჯიშობ, სულ გახურებული ხარ და სიცივესაც ვერ გრძნობ. ასეთ მდგომარეობაში ვიყავი, როცა ძალა გამომეცალა და გაყინულ წყალში ჩავვარდი. ორგანიზმი რომ გახურებული იყო, სუნთქვა შემეკრა და ხელის განძრევაც კი ვერ მოვახერხე. გადამარჩინა დამცავმა ჟილეტმა, რომელმაც არ ჩამძირა, თორემ დავიღუპებოდი. თავიდან არც ვფიქრობდი საფრთხეებზე, ამ ბოლო დროს უფრო ვაქცევ ამას ყურადღებას. ამიტომ, ვინც ვვარჯიშობთ, ერთად დავდივართ ხოლმე. სარისკო სპორტია, სიცოცხლეს დებ სასწორზე, ფაქტობრივად.
–  ხიფათზე რადგანაც ვსაუბრობთ, მგონი, ავტოსაგზაო შემთხვევაშიც მოყევი, ხომ?
– 2009 წელს მოტოციკლით დავეჯახე მანქანას და 2010 წელი, ფაქტობრივად, ვერ ვივარჯიშე - თავის ტვინის ძლიერი შერყევა მქონდა. გარდა დაჟეჟილობის, ჩალურჯებებისა და ასე შემდეგ, ყველაზე დიდი ტრავმა თავზე მივიღე. ერთი წლის მერე დავჯექი ნავზე, მაგრამ ვერ ვიმორჩილებდი, თავბრუხვევები მქონდა. ამის შემდეგ, მოტოციკლეტზე აღარ ვჯდები, დედაჩემს ეშინია და ვუფრთხილდები, არ ინერვიულოს.
– როგორც ვიცით, ერთხელ მაისურის გამო ოლიმპიადის ლიცენზია ვერ აიღე.  რა მოხდა მაშინ?
– 2012 წელს, ოლიმპიადის სალიცენზიო  ტური ჩატარდა. გამოვედი, მაგრამ მოკლემკლავიანი მაისურის გამო ლიცენზია დავკარგე. უკრაინაში გამიშვეს სავარჯიშოდ, სადაც ძალიან ცუდი პირობები დამხვდა. მიუხედვად ამისა, მზად ვიყავი. პირველ გაცურვაზე მოვხვდი ლიდერებში. ფინალში საშინელი ქარი ამოვარდა და დიდი ტალღები იყო. ტალღები გაჩერებულ ნავს თავისით ავსებდა და ნელ-ნელა ვიძირებოდი. ამ დროს ნავიდან წყალი უნდა გადაასხა, გაცურვა რომ შეძლო. დამისველდა მკლავები, ხელები, სულ გავიყინე, ნიჩაბს ვეღარ ვგრძნობდი. ასეთ მდგომარეობაში ვეღარ დავდე შედეგი.
– რიოს ოლიმპიადამ დიდი წარმატება და პოპულარობა მოგიტანა.
– ვერავინ იფიქრებდა, თუ ამ ოლიმპიადაზე შევძლებდი გასვლას. ნოემბერში წელზე დიდი ოპერაცია გავიკეთე, ლიცენზიის მოსაპოვებლად კი ტური მაისში იმართებოდა. თებერვალში დავჯექი ნავზე, მაგრამ ვერ მოვუსვი, არ გამიშვა ნაოპერაციებმა. მარტის დასაწყისიდან აზერბაიჯანში ჩავედი და იქ დავიწყე ნელ-ნელა ვარჯიში. დატვირთვაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი, სიარულიც მიჭირდა. 50 დღე ვივარჯიშე ზუსტად და მოვიპოვე  მონაწილეობის უფლება. როცა ოლიმპიადაზე გავემგზავრე, საზოგადოებამ არც იცოდა ამის შესახებ. ზოგმა კი იცოდა, მაგრამ არ სჯეროდათ, თუ რამეს გაკეთებას შევძლებდი. ფინალში, ერთ-ერთი სერიოზული მოწინააღმდეგე ვიყავი ყველასთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მე-5 ადგილზე გავედი, რაც დიდი შედეგია საქართველოსთვის.. გული მწყდება იმაზე, რომ ჩემი მაქსიმუმი ვერ გავაკეთე და სტარტზე დავკარგე დიდი დრო. ცუდია, როცა ოლიმპიადაზე იღებ გამოცდილებას.
– იმ პერიოდში ბევრს ლაპარაკობდნენ შენს სოციალურ მდგომარეობაზე და იმაზე, თუ რა პირობებშიც გიწევდა ვარჯიში. რეალურად, რა მდგომარეობა გქონდა?
– გაჭირვება ჩვენს სპორტში იყო და ახლაც არის. რაც შეეხება ოჯახს, ვის არ უჭირს დღეს, იმ პერიოდში, მით უმეტეს. პირადი ნავი არ მქონდა. არ არის  იმის ფუფუნება, რომ ყველას პირადი ნავი ჰქონდეს. იყო დრო, როცა ვარჯიშზე ჩავდიოდი, სხვას ჰქონდა ჩემი ნავი და ვარჯიშობდა. ამ დროს ვერაფერს იტყვი, ყველას უნდა ვარჯიში, პირიქით, გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს ბიჭები. ახლა კი მაქვს ჩემი ნავი. რა ამბავიც ატყდა, რეალურად, ის არ იყო. თუმცა, მშენებლობაზე მართლა ვმუშაობდი მუშად. იყო დღეები, როცა 12 საათამდე უნივერსიტეტში ვიყავი, მერე მშენებლობაზე მივდიოდი და ბოლოს – სავარჯიშოდ.
– შემოსავლიანია ეს სპორტი? ოლიმპიადის ლიცენზია რომ მოიპოვე, თანხა გადაგიხადეს?
– სულ ფედერაციის ბიუჯეტი 150 000 ლარია. ეს თანხა უცხოეთში იხარჯება ერთ სპორტსმენზე. უცხოელებს რომ ვეუბნები ჩემს ხელფასს, მეუბნებიან არ გრცხვენია, გადმოდი ჩვენთან ივარჯიშეო (იცინის). თუმცა, ახლა ბევრად გაუმჯობესდა მდგომარეობა და საქართველოს პირობაზე, ნორმალური ანაზღაურება გვაქვს. 2015 წლიდან მშენებლობაზე აღარ წავსულვარ, უკვე ხელფასი მქონდა.  24 000 ლარი ჩამირიცხა ფედერაციამ ლიცენზიის გამო.
– ალბათ, ოჯახი შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარია...
– ნამდვილად, მამა 2007 წელს გარდამეცვალა, დედა ყველაზე მეტად მქომაგობს. როცა ტურნირზე ვარ, მთელი სამეზობლო ერთად იკრიბება ხოლმე და ისე მგულშემატკივრობენ. წესად მაქვს, ტურნირზე ყვავილს რომ მაჩუქებენ, დედასთვის ჩამომაქვს.
– შეყვარებული არ გყავს?
– არა, არ მყავს. მყავდა, თუმცა დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა. 4-5 წელი ვიყავით ერთად, მერე ბევრმა გაუგებრობამ, ჩხუბმა და კამათმა, ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა.
скачать dle 11.3