კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 როგორ იშორებს გოგონებს თავიდან გიორგი ჩიქოვანი და რატომ უყურებდა მას და მიშო სულუხიას მთელი ოსლო

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მომღერლები – გიორგი ჩიქოვანი და მიშო სულუხია ოსლოში იმყოფებოდნენ. მათ, საღამოზე იმღერეს როგორც ქართველი ემიგრანტებისთვის, ასევე, ნორვეგიელებისთვის. გარდა ამისა, კარგადაც დაისვენეს და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ. გიორგი ამჟამად კლიპის გადაღებას გეგმავს და პარალელურად, თავად წერს სიმღერებისთვის მუსიკას.

გიორგი ჩიქოვანი: ოსლოში ვიმყოფებოდით ნორვეგიაში საქართველოს ელჩის, მამუკა ციხელაშვილისა და ზოგადად, საელჩოს მიწვევით. 26 მაისს მიღება გაიმართა, სადაც მოსულები იყვნენ როგორც ოსლოში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლები, ასევე სტუმრები. მიშო ადრეც იყო ნამყოფი და ამჯერად, ჩემი თავიც შესთავაზა. სიამოვნებით დასთანხმდნენ და წავედით ორივე. მიღება სასტუმრო „ბრისტოლში“ გაიმართა, სადაც ჯერ ქართული ტრადიციული სამოსის გამოფენა ჩატარდა. ბევრი ქართველი იყო ქართული სამოსით მოსული. შემდეგ ვიდეოები გაუშვეს საქართველოს შესახებ და ბოლოს ჩვენ ვიმღერეთ. ძალიან კარგი ხალხია იქ მცხოვრები ქართველები. ზოგადად, რთულია ნორვეგიაში იცხოვრო და მშვიდი, კარგი ადამიანი არ იყო. ერთ კვირაში ისე დავმშვიდდით, რომ მე და მიშო ზოგჯერ ერთმანეთს ვეჩხუბებოდით. ისეთი სიმშვიდეა, სიმწვანე, სილამაზე, რომ შეიძლება, დაჯდე და „გაიპარო“. მოკლედ, ძალიან ლამაზი და თბილი საღამო გამოვიდა. რამდენიმე სიმღერა შევასრულეთ. ისეთი რეპერტუარი შევარჩიეთ, რომელიც ქართველი ემიგრანტებს  მონატრებული ექნებოდათ. კონცერტის შემდეგ ყველა თბილად გვესაუბრებოდა, ბევრს თვალზე ცრემლიც მოადგა. ვისაც გავესაუბრეთ, 17-18 წელია, წასულები არიან და ენატრებათ ქვეყანა. ნორვეგიელებიც საკმაოდ თბილი და ყურადღებიანი ხალხია. კომპლიმენტების თქმაც არ ეზარებათ.
– შენ და მიშო დიდი ხანია, იცნობთ ერთმანეთს? როგორი დრო გაატარეთ?
– კი, დიდი ხანია და პლუს, ერთად ვმღერით. ოჯახებითაც ვმეგობრობდით. დედაჩემი ახლოს იყო მიშოს დედასთან, რომელიც, სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. კარგად გავერთეთ, სულ ვხუმრობდით და ბოლოს ერთმანეთს დავცხეთ, ვიჩხუბეთ ავტობუსში – მთელი ოსლო ჩვენ გვიყურებდა: ვინ არიან, საიდან არიანო.
– მიშოს რთული პერიოდი აქვს. ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვალა და ალბათ, ეს გასვლა, გარკვეულწილად დაეხმარა.
– მიშოსთვის მნიშვნელოვანი იყო ეს გასვლა. შეძლებისდაგვარად, გამოვიდა სიტუაციიდან. საქართველოშიც მეგობრები, ჩვენ, ყველანი ვცდილობდით, გამოსულიყო მდგომარეობიდან. მაგრამ, მაინც სულ სხვაა გასვლა, სხვა გარემო. კარგია, რომ ასე გადაწყვიტა და წავედით. ორივეს კარგი მოგონებები ჩამოგვყვა. ოსლო ძალიან ლამაზია, მოვლილი, გამწვანებული. კონცერტის შემდეგ გემით გადავედით დანიაში, კოპენჰაგენში, რომელიც ასევე, ძალიან ლამაზია. ოსლოში ისეთი სიმშვიდეა, ხმამაღალ სიტყვას ვერ გაიგებ. ერთი ჩვენ ვსაუბრობდით ხმამაღლა, ემოციურად. მგონი, მანდ სიტყვა ნევროზის მნიშვნელობა არც იციან. ისე დავმშვიდდი, ცოტა ხანი გამომყვება კიდეც. გავდიოდით, ვისვენებდით. გიტარაც მიგვქონდა და ვუკრავდით. ერთხელ ტრამვაიში ვუკრავდით გიტარაზე და შემოგვისხდნენ ნორვეგიელი, პოლონელი გოგონები: მიდი, კიდევ იმღერეთო. თან, ნასვამებიც იყვნენ. პარასკევ-შაბათს იქ ყველა სვამს. თან, იქ, კლუბში თუ შეგამჩინეს, რომ ძალიან ხარ ნასვამი, ვიღაცეებს ეხახუნები, ანუ ბორძიკობ, ფეხებში ედები, ნერვებს უშლი სხვას, დაცვას თავისუფლად შეუძლია, გამოგაგდოს.
– მოგეწონა სკანდინავიელი გოგონები?
– კი, კარგები არიან. ყველაზე შესამჩნევია ის, რომ ყველა ვარჯიშობს, დაკუნთულები არიან. კაცი, ქალი ყველა დარბის, ველოსიპედებით დადიან. უბრალოდ, ზოგ გოგონას ფეხებზე ჩემთვის ზედმეტად დიდი კუნთები აქვს. იმდენს დარბიან, ფეხბურთელებივით არიან, ჩაჯირგვინებულები. შეიძლება, ერთხელ გცემოს, ან რამე რომ არ მოეწონოს, მუხლზე გადაგიმტვრიოს. ზედმეტად დაკუნთული გოგონები არ მომწონს. კუნთები სხეულის რაღაც ნაწილებს უხდება, რაღაცას – არა.
– ფლირტი არავისთან გქონია?
– იყო პატარ-პატარა რაღაცეები, თუმცა მნიშვნელოვანი არაფერი. მაგ კუთხით თუ მიდიხარ, ცოტა სხვა გარემოში უნდა წახვიდე – მარტო ბიჭები ან ბიჭი უნდა დაგხვდეს. როცა ძმაკაცებთან ერთად მიდიხარ, სულ სხვა გართობაა. როცა საქმეზე მიდიხარ, თან გოგონებთან ერთად ხარ – ეს კიდევ სხვა გართობაა. ეს გოგონები ჩვენი მეგობრები იყვნენ და ბევრი რამ დაგვათვალიერებინეს. რისთვისაც დიდი მადლობა მათ და ზოგადად, ჩვენს საკონსულოს ოსლოში, ემიგრანტებს. ყველანი ძალიან კარგები არიან.
– ხშირად „ეხვევი” თავგადასავლებში?
– ცუდ ამბებში არ ვეხვევი. ძირითადად, ჩვენმა საძმაკაცომ ვიცით შერგება. კიევშიც ვყოფილვართ ერთად, იქ სულ სხვა რაღაც ხდება. თუმცა, მთლად ისეც არ არის, როგორც ბევრი ქართველი აბუქებს: ჩახვალ და გაგიჟდებიან უკრაინელი ქალები ქართველ კაცებზე. მე ის პლუსი მქონდა უკრაინაში, რომ პროექტის მონაწილე ვიყავი. მაგრამ, ისეც არ არის საქმე, როგორც აქ ხატავენ ქართველი მამაკაცები. ერთადერთი ის არის, რომ თუ ქალს სიმპათია გაუჩნდება, ეგრევე მოვა და არც კომპლიმენტები გაუჭირდება. თუმცა, აღარც ქართველ გოგონებს უჭირთ ასეთი რაღაცეები. ასე რომ, მგონი, განსხვავება არ არის.
– მოგწონს, როდესაც ურთიერთობისას ქალი იჩენს ინიციატივას?
– მომწონს, როცა გოგო იჩენს ინიციატივას: გამარჯობას ვინ იტყვის პირველი, არ აქვს მნიშვნელობა. თუ არ მომეწონება – არ გავუგრძელებ, თუ მომეწონება – გავუგრძელებ. ზედმეტი არაფერია კარგი. როცა არ გაგაჩნია ინტერესი და ზედმეტად გაწუხებს, არ არის კარგი.
– გაწუხებენ გოგონები?
– არის ხოლმე, მაგრამ თავაზიანი ვარ, გალანძღვა არ მიყვარს.
– როცა არ გინდა გოგოსთან ურთიერთობა, როგორ იქცევი?
– ძალიან ცუდად ვაკეთებ ამას. მეც ვერ გამიგია, ჯერ რა მინდა. ცუდი ის მაქვს, რომ ახსნა არ ვიცი: ვიკარგები ხოლმე. ეს არ არის კარგი საქციელი, მაგრამ რა ვქნა?! განშორების მომენტები არ შემიძლია. ამიტომ თავს ვარიდებ, დისტანციას ვიჭერ და მერე უკვე აღარ არის  რთული. დაჯდომა და ახსნა, ჩემი დებილი მიზეზებით არ შემიძლია. ზოგი გოგო შეიძლება, შეეცადოს აქტიურობას, თავმოყვარე კი მიხვდება, რომ არ გაინტერესებს და თავის გზაზე წავა.
– შენ რომ გეკარგებიან?
– მე რომ მეკარგებიან? არ ვიცი, არ მქონია ასეთი შემთხვევა. არ მიყვარს, რომ ამბობენ: ჩემთვის არავის უთქვამს უარიო, ეს სისულელეა.  თუმცა, არ მახსოვს ისეთი შემთხვევა, გოგოს გაეწყვიტოს ურთიერთობა. ძირითადად, მე ვწყვეტ ხოლმე. შეიძლება, ძალიან კარგი გოგო იყოს და უბრალოდ, ჩემი ტიპი არ იყოს – ჩვენი ცხოვრების რიტმისთვის ცოტა ძნელი გასაგებია. ალბათ, შენი სფეროდან უნდა იყოს გოგო, რომ გაგიგოს. შეიძლება, რაღაც მომენტში, ყურადღება ვერ გამოიჩინო 2 საათში; 19 მესიჯს ვერ მივწერ, არც მაგის ნერვები მაქვს და არც იმის – ყოველ 5 წუთში ვწერო: „რას შვრები“ და ისიც მწერდეს. ამას კი მერე, უყურადღებობაში გითვლიან. სხვა ტიპებისგან რომ არიან ყურადღებას მიჩვეული, მერე სწყინთ ხოლმე. ახლა სიმღერა მაქვს მზად და კლიპზე ვფიქრობ. ამ დროს რომ მოგდის მესიჯი: „რას შვები?..” საქმეს გავაკეთებ ჯერ და ამასობაში წლებიც გადის...
– რთული ხასიათი გაქვს?
– რაღაც მომენტებში, ალბათ, კი. ჩემთვის რაღაცეები ცოტა მიუღებელია. რამეს კი არ ვუშლი ვინმეს, უბრალოდ, ზედმეტი მოთხოვნები რომ აქვთ, არ შემიძლია. მე არც ეჭვიანი ვარ და არც რაღაც მოთხოვნები მაქვს. შენს თავში დარწმუნებული ტიპი თუ ხარ, ფიქრობ, რომ გოგოს ყველაფერს აძლევ. ეჭვიანობა, ჩემი აზრით, უკვე კომპლექსია, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან. შენს თავში გეპარება ეჭვი.
скачать dle 11.3