კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რატომ გაიცნო ხუთჯერ მომავალი მეუღლე გიორგი დემეტრაძემ და იყო თუ არა მისი დაპატიმრების საფუძველი კახა კალაძესთან მეგობრობა

თათია ფარესაშვილი ნათია გოგიშვილი


  საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე საზოგადოების წინაშე წლებია, აღარ გამოჩენილა და არც „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ზეწოლაზე უსაუბრია ღიად. ის ქურდული ტრადიციების ბრალდებით დაიჭირეს, თუმცა ბრალი არ აღიარა და ციხეში გატარებულმა წლებმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ამ ეტაპზე ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს, ცხოვრებაში საკუთარი სიყვარულიც იპოვა და 3 მარტს, 40 წლის ასაკში, ბედმა ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, პატარა ნატალია აჩუქა. როგორია ახალბედა ოჯახის შიდა სამზარეულო გიორგი თავის მეუღლესთან, თეა მოსეშვილთან ერთად გვიამბობს.

გიორგი დემეტრაძე:
ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ისევ დავუბრუნდი აქტიურ ცხოვრებას. ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობ, ნაკრების მენეჯერი ვარ. ვერ გეტყვით, ფეხბურთს აქტიურად ვთამაშობ-მეთქი, მაგრამ ბიჭები თითქმის ყოველ საღამოს ვიკრიბებით: მე, კალაძე, კობიაშვილი, მუჯირი და იაშვილი. ხშირად ვახერხებთ ფეხბურთის თამაშს.  ახლახან თამაში გვქონდა ვეტერანებს, თბილისის „დინამო“ და კიევის „დინამო“ შევხვდით ერთმანეთს კიევში. ამხანაგური თამაში იყო.
– შენს ცხოვრებაში, ალბათ, ყველაზე გარდამტეხი ეტაპი პატიმრობა იყო.
– „ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში დამიჭირეს, ქურდული ტრადიციების ბრალდების საფუძველზე. რა თქმა უნდა, იყო ზეწოლა, მაგრამ ბრალდება არ ვაღიარე. როგორ უნდა აღიარო ის, რაც ბუნებაში არ არსებობს და შენს პიროვნებასთან ახლოს არ არის. ვიმყოფებოდი ჯერ გლდანის, შემდეგ რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში. ამ ხნის განმავლობაში კარცერში ერთხელ ვარ ნამყოფი. ეს მოხდა მეექვსე განყოფილებაში. 29 დღე ჩამკეტეს, ბარათი დამიბლოკეს, არც კბილის ჯაგრისი მქონდა, არც ქაღალდი. ჩემი ჩაკეტვის მიზეზი აუხსნელია. ყველას გვესმოდა წამების დროს პატიმართა ყვირილი და განწირული ხმები. საშინელება ტრიალებდა, ძალიან ბევრი ინვალიდი გამოვიდა ციხიდან. გასამართლებდნენ, როგორც უნდოდათ. თუ სურდათ, სიკვდილსაც მოგისჯიდნენ. ადამიანთა ეს ჯგუფი სისატიკესა და სადიზმზე იყო აგებული.
– ბევრი მოსაზრება იყო მაშინ, იყო ასეთი ვერსიაც, თითქოს კახა კალაძესთან მეგობრობის ფაქტორიც იყო შენი დაკავების საფუძველი.
– შეიძლება, ასეც იყო, თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, ვის რა მიზეზით და რა ანგარიშსწორებით იჭერდნენ.
– ციხიდან გამოსვლის შემდეგ ოჯახური სტატუსი შეიცვალე. უფრო ახლოს გაგვაცანი, ვინ არის შენი მეორე ნახევარი და როგორ გადაწყვიტეთ საერთო ბუდის აშენება?
– ჩემი რჩეული თეა მოსეშვილია. ბევრი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ. თეას გაცნობა დიდი კურიოზია, ხუთჯერ გავიცანი (იცინის). პირველად, მახსოვს, თვითმფრინავში შევხვდით ერთმანეთს. წელიწად-ნახევარია, ერთად ვცხოვრობთ. ოფიციალურ ქორწინებაში ჯერ არ ვართ, თუმცა ვაპირებთ. თეა ძალიან კარგი გოგოა. ყველაფრით გამორჩეული ადამიანია, რითაც მომხიბლა, დანარჩენი მას ჰკითხეთ.
თეა მოსეშვილი: გიორგის, როგორც ფეხბურთელს, ისე ვიცნობდი. მეგობრების წრეში კი  უშუალოდ გავიცანით ერთმანეთი და გრძნობაც მოვიდა. გიორგი იმდენად უნიკალური და კეთილი პიროვნებაა, შეუძლებელია, მის გვერდით თავს ბედნიერად არ ვგრძნობდე. რომ ამბობენ, თანაცხოვრება ურთიერთობას ცვლისო, მართალია. ყოველი დღე სასიამოვნო სიახლეებით გვაქვს სავსე – გიორგის სითბოთი და იუმორით. რომანტიკოსზე მეტად პირდაპირია. თუმცა, იცის, როგორ გაახაროს საყვარელი ადამიანი. სპონტანურად გეგმავს სიურპრიზს. ჩემს დაბადების დღეზე დაიკარგა, უეცრად მოვიდა ყვავილებით და პატარა ყუთით. ჩემო სიცოცხლე, გახსენი ყუთი, ნახე, თუ მოგეწონებაო. ულამაზესი ბეჭედი იყო, თვალებს არ ვუჯერებდი.
გიორგი: თეა ძალიან ყურადღებიანი გოგოა, ძალიან მაგარ რამეებს მიწყობს ხოლმე. კოსტიუმის ყიდვა მინდოდა, მაგრად მომწონდა, მაგრამ ვერ გადავწყვიტე. თეამ – არ გიხდება, წამოდიო. ვხვდებით იმავე დღეს ერთმანეთს რესტორანში და მეუბნება: გიო, რაღაც მიშლის ხელსო. ჩავიხედე მაგიდის ქვეშ და გაკვირვებულმა ვუთხარი, ჩანთაა-მეთქი. გავხსენი და ის კოსტიუმი იდო. შეჯამების სახით – კარგად ვართ, რა, ერთად (იცინის). და კიდევ, თეამ ყველაზე ლამაზი სიურპრიზი მაშინ მომიწყო, როცა შვილი მაჩუქა. ჩემი შვილი დედის დღეს დაიბადა და მას ნატალია დავარქვით. დედაჩემს ერქვა ეს სახელი. 40 წლის ასაკში პირველად გავხდი მამა და ეს ისეთი, ენით აუწერელი შეგრძნება ყოფილა, მართლა არ ვიცი, ეს ემოცია როგორ გადმოვცე. უბედნიერესი ადამიანი ვარ. გოგოს მამობა რთულია და გამოგიტყდებით, რომ ეჭვიანი მამა ვიქნები.
თეა: გიორგი ტელევიზორს უყურებდა, როცა დავუძახე, დაიწყო-მეთქი. რა დაიწყოო, გაუკვირდა (იცინის). გიო, მშობიარობა დამეწყო-მეთქი და ორ წუთში ჩაიცვა. როცა სამშობიარო ბლოკში შემიყვანეს, გიორგის ვეუბნებოდი: გადი, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ-მეთქი. არ მინდოდა, მშობიარობას დასწრებოდა. არც ორსულობის პერიოდში გამიწვალებია, დიდი ცვლილებები არ მქონდა ხასიათში. მახსოვს, გიორგი მეუბნებოდა, რომ დაიბადება, ხელში ვერ ავიყვანო. თუმცა ეს შიში გადალახა. არაჩვეულებრივი მამაა და ყველაფერში მეხმარება.
გიორგი: ჩემთვის მშობიარობაზე დასწრება მიუღებელია. ვერაფრით გავჩერდები იმ ოთახში, სადაც უყურებ, როგორ სტკივა ცოლს და როგორ იბადება ბავშვი. ემოციური ვარ, ხელში დაჭერის ახლაც მეშინია. სულ მგონია, ხელიდან გამივარდება.
თეა: გიორგისგან განსხვავებით, მე სამგზის დედა ვარ. ორი ბიჭი მყავს და გოგოს დაბადებამ უფრო გამანაზა. პირველად, 15 წლის ასაკში გავხდი დედა. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი, რამხელა პასუხისმგებლობაა შვილი. ჩემი უფროსი ბიჭი 23 წლისაა, დამოუკიდებლად ცხოვრობს. ბაკალავრი დაამთავრა და მაგისტრატურისთვის ემზადება. მეორე – მოსე გარნეტი ინგლისელია, ინგლისში დაიბადა. მე იქ ვცხოვრობდი. ბრიტანეთში ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში ვმუშაობდი, რომლის დამფუძნებელია რიკარდო პატრიკი, ჩემი ახლო მეგობარი. ეს პოროვნება ყველაზე ძვირად ღირებულ კლუბებსა და რესტორნებს, სახლებს ყიდის და ივენთებს აწყობს. მოსე ჩემთან ცხოვრობს, საკმაოდ პოპულარული ბავშვია. პირველად გადაიღეს „საქართველოს ბანკის“ რეკლამაში, ნოდიკო ტატიშვილის კლიპშიც იყო. ყველაზე დიდი შემოთავაზება, რაც ჰქონდა, ელდარ შენგელაიას ფილმში, ,,სავარძელში” გადაიღეს. დის დაბადებას დიდი ზეიმით შეხვდნენ. ძალიან უყვართ ნატალია.
– გიორგი, შენ რას იტყვი თეას შვილებზე. როგორი ურთიერთობა გაქვს მათთან?
გიორგი: კარგი შვილები ჰყავს, კარგად გაუზრდია (იცინის). მე და თეას შვილები ვმეგობრობთ.
– გავბედავ და ვიკითხავ, აუცილებელია თუ არა ოჯახურ ურთიერთობაში დომინანტობა?
– (იცინის) მოჭრილად გიპასუხებ, დომინანტი უნდა იყოს კაცი. თეა ისეთ ეკლესიურ  ოჯახშია გაზრდილი, ჩემზე უკეთ იცის, ვის რა მოვალეობა აქვს ოჯახში.
თეა: გადაწყვეტილებებს ყოველთვის ერთად ვიღებთ. მამა და ბაბუა სასულიერო მოღვაწეები იყვნენ.
– ეჭვიანები თუ ხართ ურთიერთობაში?
– ეჭვიანი არ ვარ, ტყუილს ვერ ვიტან. უბრალოდ,  ვიღაც ქალთან რომ „გაიგულავებს,” ამიხსენით, რატომ უნდა ვიეჭვიანო. „გაგულავებაზე“ არ გავბრაზდები, მაგრამ ვერ ავიტან, ვიღაცას ემესიჯებოდეს და შეყვარებულობანას თამაშობდეს.
გიორგი: არა, კაცო, რა ღალატი. არ ვიკადრებ არაფერს მასეთს (იცინის).
– მეორე შვილის თემაც განხილული გექნებათ...
– რა თქმა უნდა, ერთ შვილზე არ გავჩერდებით. მეორე შვილი მინდა, ბიჭი იყოს.
– სპორტს შეაყვარებ?
– რა თქმა უნდა.
თეა: სპორტის შეყვარების ბარიერი გოგოსთანაც არ აქვს. გიორგის უნდა, ნატალია ჩოგბურთელი გამოვიდეს.
скачать dle 11.3