კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რა დაპირება აუსრულა ქალმა მოღალატე ქმარს და როგორ გახდა ის ყოფილი ქმრის მსხვერპლი

თათია ფარესაშვილი ეკა ბარაბაძე


 31  წლის ელისო მ-ძე ქუჩაში შემთხვევითმა გამვლელებმა აღმოაჩინეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი საკუთარ სისხლში ცურავდა. ერთი შეხედვითვე ჩანდა, რომ სხეულზე მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. უცნობმა მოქალაქეებმა შემთხვევის ადგილზე სასწარაფო სამედიცინო სამსახური გამოიძახეს. ქალს  ორი შემავალი ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის  არეში ჰქონდა მიყენებული. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებიდან გაირკვა, რომ ქალბატონი, რომელიც გამვლელებმა აღმოაჩინეს, დანით იყო დაჭრილი. ქალბატონის ვინაობა დაუდგენელი იყო, რადგან თან არ ჰქონდა ვინაობის დამადასტურებელი  არანაირი საბუთი. ყველაზე დიდ ეჭვს ის იწვევდა, რომ ცივი საღამოს მიუხედავად, ქალი ძალიან შილიფად იყო ჩაცმული – მუქი ფერის ქურთუკი  თითქმის შიშველ ტანზე ეცვა.  სისხლის კვალმა, რომელიც სავარაუდოდ, დაჭრილის უნდა ყოფილიყო, გამოძიება იქვე ახლოს,  საცხოვრებელ სახლთან  მიიყვანა.  როგორც აღმოჩნდა, პირველ სართულზე ბინა ეკუთვნოდა ქალბატონს, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცისთვის ჰქონდა მიქირავებული. თუმცა სახლის პატრონმა მამაკაცის შესახებ ბევრი  არაფერი იცოდა. მამაკაცს ბინა ორი კვირის წინ დაექირავებინა და ორი თვის ღირებულებაც წინასწარ გადაეხადა.  სახლის პატრონმა დაჭრილი ქალის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა ცხადი იყო, რომ დანაშაული, რომლის შედეგადაც ახალგაზრდა ქალს დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, სწორედ აღნიშნულ ბინაში მოხდა. ამის შესახებ ძალიან ბევრი გარემოება მიუთითებდა, უპირველესად, კი, სისხლის კვალი, რომლითაც მთელი ბინა იყო მოსვრილი. სისხლი იყო საწოლშიც. ამონაწერი ბინის მეპატრონის  ჩვენებიდან:  „ბინა მაკლერის მეშვეობით გავაქირავე, მდგმური ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც მშრალი ხიდიდან მომიყვანა ნაცნობმა მაკლერმა. მამაკაცმა გამომიცხადა, რომ სოფლიდან იყო ჩამოსული, დღისით ძალიან ბევრი სამუშაო ჰქონდა ელიავას ბაზრობაზე  და სახლში მხოლოდ ღამით უნდა მისულიყო. მითხრა: ისეთი დაღლილი მოვალ, არაფრის თავი არ მექნება,  ავეჯი არ მჭირდება,  მხოლოდ საწოლი და მაგიდა მეყოფა,   მარტოხელა ვარო. მამაკაცისთვის ბინის მიქირავება არ შეიძლება, მაგრამ  სამი თვის ქირას  წინასწარ გადაგიხდიო, რომ მითხრა, უარი აღარ ვთქვი. ჩემი ნდობა ამით მოიპოვა, მას მერე, არც ის კაცი მინახავს  და არც ჩემს სახლში მივსულვარ.  როცა  პოლიციამ გამომიძახა, სახლში  ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი. ლოგინი „გაშლილი” იყო. როგორც ჩანს, როცა ის ქალი დაჭრეს, ლოგინში იწვა. მაგიდაზე იდო კონიაკის ნაკლული ბოთლი და ორი ჭიქა, ასევე, საჭმლის ნარჩენები.“
შემთხვევის ადგილზე, ბინაში აღმოჩენილი მტკიცებულებები მიუთითებდა, რომ ქალი სახლში მარტო არ იყო, მასთან ერთად, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო მამაკაციც,  რადგან ბინაში აღმოჩნდა მისი ტანსაცმელიც.    სამართალდამცველებმა  გამოძიებით დაადგინეს, რომ მამაკაცი, რომელმაც   ბინა დაიქირავა, იყო 37 წლის ვაჟა მ-შვილი. თუმცა, მისი ადგილსამყოფლის მოძიება  იოლი არ აღმოჩნდა. ოჯახში მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მისი მობილური ტელეფონი კი, რომელიც სახლის მეპატრონეს ჰქონდა, ქსელიდან იყო გამორთული.
  სამართალდამცველებმა  ვაჟა მ-შვილს შემთხვევიდან მეორე დღეს  მიაგნეს. ის მკლავში დანით იყო დაჭრილი და სხეულზეც ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობოდა.  მისი ჩვენების საფუძველზე სამართალდამცველებმა  დამნაშავეს მიაგნეს. ის ელისო მ-ძის ყოფილი მეუღლე, ნუკრი ტ-ძე  აღმოჩნდა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც  ელისო მ-ძე და ნუკრი ტ-ძე  ერთმანეთს დაშორდნენ,  მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა.  ნუკრი ყოფილ ცოლს შერიგებას სთხოვდა და ეჭვიანობდა, რის გამოც ყოფილ ცოლ-ქმარს შორის ხშირი იყო სკანდალი. ელისომ ქმარს ღალატი არ აპატია და ორ შვილთან ერთად, მარტო ცხოვრობდა. მან ქმარს განუცხადა, რომ შერიგებას აღარ აპირებდა და სხვა მამაკაცი უყვარდა.   გამწარებული   ნუკრი ყოფილ ცოლს მოკვლით დაემუქრა და თვალთვალი დაუწყო. მან არ იცოდა, რომ ადამიანი, ვისთანაც მის ცოლს ინტიმური კავშირი ჰქონდა, მისი მეგობარი და ძველი თანამშრომელი,  ვაჟა მ-შვილი იყო. ამონაწერი ვაჟა მ-შვილის  ჩვენებიდან: „ნუკრის და ელისოს დიდი ხანია, ვიცნობ. მე და ნუკრი რამდენიმე წელი ერთად ვმუშაობდით და ოჯახებით დავახლოვდით. ელისოსთან  ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა. არასდროს მისთვის, როგორც ქალისთვის, არ შემიხედავს. როცა ნუკრი და ელისო ერთმანეთს დაშორდნენ,  ელისომ რამდენჯერმე დამირეკა და  შეხვედრა მთხოვა, ნუკრიზე უნდა დაგელაპარაკოო. შევხვდი,  ვისაუბრეთ, მეორედაც შევხვდი.  ვარიგებდი, აპატიე ნუკრის, რომ გიღალატა და შეურიგდი-მეთქი. სასტიკ უარზე იყო. ჩვენი ინტიმური ურთიერთობა სწორედ მაშინ დაიწყო. სიმართლე გითხრათ, ინიციატივა ელისოსგან მოდიოდა. ამას თვითონაც აღიარებდა.  დავიწყეთ  ჩუმად შეხვედრები. მთელი 5-6 თვე ვხვდებოდით ერთმანეთს. ვიცოდი, რომ სწორად არ ვიქცეოდი, მაგრამ თავსაც ვერ ვანებებდი. უკვე ჩემმა ცოლმაც დაიწყო ეჭვიანობა, ელისო ასე ხშირად რატომ გირეკავსო. მე ვამბობდი, რომ მათ შერიგებას ვცდილობდი და იმიტომ დავუახლოვდი მას. ბოლოს  ბინა დავიქირავე, რადგან  სახლი,  სადაც ერთმანეთს ვხვდებოდით, მეგობარს ეკუთვნოდა და იმ პერიოდში მისი  გაყიდვა მოუწია. სწორედ იმ ნაქირავებ  ბინაში მოხდა დანაშაული, რომელიც ნუკრიმ  ჩაიდინა. ის თვეების განმავლობაში  ელისოს უთვალთვალებდა. იმ დღესაც  მის კვალს გამოჰყვა.  საღამოს ადრე მივედით ნაქირავებ სახლში მე და ელისო. ორი ჭიქა კონიაკი დავლიეთ. მე ადრე უნდა  გავსულიყავი სახლიდან, საქმეები მქონდა და ელისოს ვუთხარი: შენ დაიძინე, მოვალ და მერე გაგიყვან-მეთქი. ელისო საწოლში იწვა, მე აბაზანაში შევედი. მოულოდნელად საშინელი ხმაური შემომესმა. ნუკრი ფანჯრიდან გადმოპარულიყო და ელისოს ადგა თავზე ლოგინში. ხელში დანა დავუნაზე და სანამ  აბაზანიდან გამოვედი, ელისოს კივილი გავიგონე: რამდენჯერმე გამეტებით ჩაარტყა. თვითონ ნუკრიც არაადამიანურ ხმას გამოსცემდა, აბაზანიდან გამოვვარდი, რომ  ნუკრი დამეჭირა და ელისო არ მოეკლა. მე რომ დამინახა, ახლა მე მომვარდა. ნასვამი იყო. დანა დავაგდებინე ხელიდან, მაგრამ ისეთი ძალა მისცემოდა, ფიზიკურად ყოველთვის  სუსტი ნუკრისგან თავის დახსნა გამიჭირდა. მერე ისევ ელისოს მივარდა და ცემა დაუწყო. მე უცებ ავიღე  ჩემი ტანსაცმელი და სახლიდან გაქცევა ვცადე. ნუკრი ცოტა  გამოფხიზლდა და გამომეკიდა. შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ მოშორებით, ძველი შენობის ნანგრევებს შევაფარე თავი, მაგრამ მომაგნო – ისევ დანა ეჭირა ხელში, მოგკლავო, მემუქრებოდა. ძალა გამოლეული ჰქონდა, თუმცა მაინც მოახერხა და მხარში დამარტყა. მე თავი გავითავისუფლე და დანა შორს გადავუგდე. თავს ვიცავდი და  რამდენჯერმე ისე დავარტყი, რომ ძირს დავარდა. მივატოვე იქაურობა და გავიქეცი. ხელი ძალიან მქონდა დაზიანებული, სისხლს ვერ ვაჩერებდი. ახლობელ ექიმს ვთხოვე დახმარება. ვუთხარი, უცნობი მძარცველი დამესხა თავს-მეთქი. მოგვიანებით, გავიგე, რომ დაჭრილი ელისო, თავის გადასარჩენად ქუჩაში გამობობღდა, რის შემდეგაც, ის გამვლელებმა  სადარბაზოსთან გონდაკარგული იპოვეს.”      
სამართალდამცველებმა ნუკრი ტ-ძე  საკუთარ სახლში დააკავეს. მას არც გაქცევა უცდია და არც წინააღმდეგობის გაწევა. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, რომ ცოლს უთვალთვალებდა და როცა მას ღალატის ფაქტზე წაასწრო, აფექტში ჩავარდა. „მართალია, დაშორებულები ვიყავით, მაგრამ ელისოს მაინც ცოლად მივიჩნევდი. დაშორების დროს დამემუქრა, რომ ღალატს არ მაპატიებდა და ამისრულა. როდესაც საწოლში  შიშველი დავინახე ჩემს ყოფილ თანამშრომელთან და მეგობართან,  ლამის გონება დავკარგე. არ მახსოვს, რას ვაკეთებდი, როგორ ვურტყამდი დანას. გაქცეულ ვაჟას გამოვეკიდე, ელისოზე არ მიფიქრია. როდესაც შემთხვევის ადგილას დავბრუნდი, ხალხი იყო შეკრებილი  სადარბაზოსთან. ახლოს მისვლა შემეშინდა და გავიქეცი,” – განაცხადა მან სასამართლო პროცესზე.  სასამართლომ გაითვალისწინა  დამნაშავის აღიარებითი ჩვენება და ის, რომ დანაშაულის ჩადენისას აფექტურ მდგომარეობაში იყო და ნუკრი ტ-ძეს  ცხრა  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
     скачать dle 11.3