კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ყირამალა საყვარლები

თათია ფარესაშვილი ნიმა ბარათელი


ანუ პატარა სექსის დიდი ამბები



გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-23(858)



ისტორია მეოცე
ჯადო-მადო, ანუ როგორ გამოვაშტეროთ ქმარი
(მოქმედი პირები: ეკა, ლანა და ლელი)

– ლანა, წავიდეთ, უთხარი ზურას, რომ მე მომყვები სასაფლაოზე ან სადმე, რა ვიცი, შენ მოიფიქრე. ჩამომიარე. აა, მე ამოგიარო?! კარგი, –  ფიქრი კი ისევ გულში განვაგრძე.
– ნეტავ, ბოლოს ისე არ მოხდებოდეს, სანთელს დამაჭერინებდეს. სანთელი კი კარგია, მაგრამ იმ კვერცხმა ვითომ მართალი მითხრა, ჯადო მაქვს?! ლელის უნდა ვკითხო. არაა, ლელის არა! ვიცი, ვისთანაც უნდა მივიდე!
ჩავიცვი, დავიხურე და ავედი ლანასთან. ლანა ხალათში იყო და დამინახა თუ არა, შესძახა: ეს რა მომივიდა, ეკა, კინაღამ დამავიწყდა, რომ დაგპირდი, წამოგყვები-მეთქი.
– ოჰო, გაჭირვება მიჩვენეო და, აგერ ლანასაც უსწავლია ეშმაკობები, –  მაგრამ ეს ისევ ჩემთვის გავიფიქრე, ხმამაღლა კი ეს ვთქვი: ლანა, არ დამღუპო, მარტო არ გამიშვა, –  თან, ხმაში საწყალი ინტონაცია გამოვურიე, თუ თამაშია, თამაში იყოს-მეთქი.
სამზარეულოში დავჯექი, ზურასთან ხელოვნური გასაუბრების თავი არ მქონდა. ლანა საკმაოდ სწრაფად გამოეწყო და გავედით. მანქანაში რომ ჩავსხედით, უცებ თქვა: ეკლესიაში უნდა გამატარო და კუთხეში რომ მარკეტია, იქაც უნდა შევიარო.
როგორც მივხვდი, მარკეტში პური იყიდა, შავი, მრგვალი. გზად ეკლესიასთანაც გავუჩერე. მალევე დაბრუნდა უკან. აი, იქ რა იყიდა, აღარ დამინახავს, ალბათ, ჩანთაში ჩადო-მეთქი, გავიფიქრე. ლელის კარი, ჩვეულებისამებრ, ღია ჰქონდა დატოვებული და ფეხი შევდგით თუ არა, მისი ხმაც წამოგვეწია:
– ქვემოთ ვარ, გოგონებო, ჩამოდით, –  ჰოდა, ჩვენც ჩავედით.
– მოიტანე, რაც გითხარი? –  საქმიანად ჰკითხა ლანას. ლანამ თავი დაუკრა. მე ფეხზე ვიდექი, რაღაც მეექვსე გრძნობა გარეთ მექაჩებოდა. იქ დარჩენის სურვილი არ მქონდა, რომ ლელის ხმა-ბრძანება ჩამესმა. რა უცხოსავით იქცევი, დაჯექი, ადამიანო. მექანიკურად დავმორჩილდი. დავრჩები, ჩემი რა მიდის?! ყოველდღე ხომ არ ვესწრები ქმრის გასაშტერებელ ცერემონიალებს?!
ლანამ ამოალაგა, რაც, ეტყობა, ლელიმ დააბარა. ვცდილობდი, არ დამენახა, მაგრამ თვალი მოვკარი შავ, მრგვალ პურს, წყლიან ბოთლსა და სანთლებს. დანარჩენი არ დამინახავს, პარკში იყო რაღაც გახვეული და ერთიც –  ქაღალდში. ლელიმ გამჭვირვალე თასი აიღო, ჩაასხა ლანას მიერ მიტანილი ბოთლიდან წყალი, გარშემო ჩაამაგრა სანთლები, ყველა აანთო და რაღაცის ბუტბუტი დაიწყო. აი, ამ ადგილას უკვე თვალები დავხუჭე. ამის დანახვა აღარ შემეძლო. თითქოს ტრანსში ვიყავი. ლელის ხმა საიდანღაც შორიდან ჩამესმოდა. იქ ვიყავი და თან, არ ვიყავი. გარშემო სიჩუმე და სიბნელე ჩამოწოლილიყო. თავში ერთი აზრიც კი არ მიტრიალებდა. ყველგან ბნელოდა: თავშიც და გულშიც. ასე მეგონა, გულიც გამიჩერდა, არც სისხლი მოძრაობდა სისხლძარღვებში. ერთი ის იყო, რომ ფეხებში, წვივებში, თითქოს ჭიანჭველები დამიფუთფუთებდნენ. რამდენ ხანს ვიყავი ასეთ მდგომარეობაში, არ მახსოვს, სიცივის შეგრძნებამ გამომაფხიზლა. თვალები გავახილე. ლელი ისევ ლაპარაკობდა, ოღონდ ამჯერად ლანას მიმართავდა: ხომ იცი, ამას რა შეიძლება, მოჰყვეს?! ცოტა გამოშტერდება, მაგრამ შენს იქით გზა არ ექნება. შენ გარდა, ვერავის დაინახავს და შეამჩნევს.  სადაც უნდა იყოს, აი, იმ სანთელს დაწვავ, წითელს და მაშინვე შენთან მოვა. თუ შორს არის, არ გარისკო სანთლის გამოყენება, ისე იჩქარებს სახლში დაბრუნებას, რომ შეიძლება, რამე შეემთხვეს. ამ პურს დაფხვნი და ლეიბის ქვეშ დაუყრი. შარვლისა და პერანგის ჯიბეებშიც ჩაუყარე. საჭმელში კი, ოღონდ დაიმახსოვრე, მხოლოდ მის თეფშში, აი, ეს დაუმატე. არ აგერიოს, ვინმე სხვას არ ჩაუმატო, თორემ შენ იქნები ყველაფერზე პასუხისმგებელი, იცოდე! აი, ეს ჩაიცვი, როდესაც მარტონი დარჩებით. აბა, შენ იცი და ერთ კვირაში გელოდები, – და ახლა უკვე ჩემკენ შემობრუნდა ლელი, შენ როდისღა გაგათხოვოთ?
– მგონი, ჯადო მაქვს, - წამოვროშე, თვითონაც არ ვიცი, რატომ და როგორ.
– ვიცი, მშვიდად მითხრა ლელიმ.
– იცი და ამდენ ხანს ჩუმად იყავი?! –  თითქმის გავბრაზდი მე.
– და რომ მეთქვა, დამიჯერებდი?! რა თქმა უნდა, სიცილად არ გეყოფოდა. შენით უნდა მისულიყავი ამ დასკვნამდე.
– მომიხსნი? –  თითქმის შევევედრე ლელის.
– აბა, რას ვიზამ?! –  შენ ოღონდ მთხოვე.
– გთხოვ, –  საკუთარ თავს ვერ ვცნობდი და ცოტა მეუხერხულებოდა, რომ გამოშტერებული ქალების რიცხვში ვეწერებოდი. ასე იცის სხვებზე ქილიკმა, გამომიჭირეს თუ არა პინგვინივით?! ჰოდა, ახია ჩემზე.
– კარგი ლელი, წავალთ ახლა ჩვენც, თუ თქვენ უკვე დაამთავრეთ.
– წავიდეთ, - ამყვა ლანა, დიდი მადლობა, ქალბატონო ლელი და ერთ კვირაში თქვენთან ვარ!
ლელი გადავკოცნე გამომშვიდობების ნიშნად. ლანას გზაში კრინტი არ დაუძრავს, არც მე. სახლთან რომ მივედით და მანქანა გავაჩერე, ლანა მომიტრიალდა: საერთოდ არ მცემ, არა პატივს?
– რატომ არ უნდა გცემდე პატივს?
– იმისთვის, რასაც ვაკეთებ.
– სხვის ქმარს ხომ არაფერს უშავებ, საკუთარზე ზრუნავ. თან, რა ჩემი საქმეა ეს.
– რომ დამირეკა იმ ვიღაც ტუტუცმა კაცმა, არ დავიჯერე, მაგრამ ზურას ტელეფონი ვნახე, სააბაზანოში იყო და ტელეფონი დარჩა გარეთ. ძალიან ბევრი გზავნილი მოუვიდა და იმიტომ მივაქციე ყურადღება. ელექტრიკოსისგან იყო. მაგრამ დამაეჭვა, ელექტრიკოსი ამდენს რას წერს-მეთქი და წავიკითხე ყველა. ის ქალი წერდა, რომ იცოდე, როგორ ლანძღავდა. მე მაგის მეასედიც კი არასდროს მითქვამს მისთვის და იმ დედაკაცის გამო არც კი მეკარება უკვე კარგა ხანია. ისე მიმართავდა, თითქოს მისი საკუთრებაა ზურა, თან, აგდებით და კატეგორიულად. ადრეც მღალატობდა, ვგრძნობდი მის ტანსაცმელზე უცხო სურნელებით, მაგრამ მე მაინც პირველი ვიყავი, ახლა კი, საერთოდ, ვერ მამჩნევს, –  ლანამ ტირილი დაიწყო.
არც კი ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე ასეთ დროს. რა უნდა ვთქვა, რომ თან, ვანუგეშო და თან, ცეცხლზე ნავთიც არ დავასხა. ბოლოს ამოვღერღე: ხდება ხოლმე, შენ შენი სცადე. ლელი ნამდვილი ჯადოქარია. აი, ნახე, ყველაფერი გამოგივა და ძალიან ბედნიერად იცხოვრებთ. პირობას გაძლევ, ლელის ჩემს თავზე მეტად ვენდობი.
ლანამ გამიღიმა, ცრემლები მოიწმინდა: არავის უთხრა, გთხოვ.
– სამარე ვარ, ოღონდ შენც არავის უთხრა, რომ ჯადო მაქვს, –  მეც ჩამოვართვი პირობა.
სახლში შევედი. ერთი სული მქონდა, აბაზანაში როდის შევიდოდი, რომ წყლისთვის გამეტანებინა დღევანდელი დღის ნეგატივი. ამ დროს კარზე ვიღაცამ დარეკა. ამჯერად გავიხედე. კართან ზურა იდგა. გავაღე.
– ვიცი, სადაც იყავით შენ და ლანა!

ისტორია ოცდამეერთე
დუდუს დაბრუნება

 საქართველოში იმდენი ხანია, არ ვყოფილვარ, ყველა და ყველაფერი მეუცხოება. ქალაქი ქალაქს აღარ ჰგავს და ქუჩები –  ქუჩებს. საოცრად დამახინჯებული მეჩვენება აქაურობა. ისე უცნაურად არის ჩადგმული კორპუსები, გეგონება, ვიღაცამ მუჭით მიმოაბნია და რომელიც სად დაებერტყა, იქ დარჩა. არადა, განა რამდენი წელი გავიდა?! ჰო, საკმარისზე მეტი! საკმარისი იმისთვის, რომ ჩემი ქალაქი და ჩემი ცხოვრება საფუძვლიანად ამოყირავებულიყო.  თბილისს აშკარად ვერაფერს ვუშველი (ისე, დიდი სურვილი კი დამებადა, ერთი ხელის მოსმით ეს უსახური გარემო წამეშალა და ხელახლა დამეწყო მშენებლობა, მაგრამ ახლა ამისთვის არ მცხელა. საკუთარი ცხოვრების პროექტი მაქვს გადასაკეთებელი და დასამტკიცებლად წარსადგენი).
ახლა, ამდენი წლის შემდეგ, იმიტომ არ დავბრუნებულვარ ჩემი ბავშვობის ქუჩებსა და სივრცეში, რომ ამ ქუჩების არქიტექტურა ვალაგო. თუმცა სად მაქვს ამის ოვსილაც და გამოცდილებაც. მთავარი, რაც უნდა დავალაგო, ჩემი სიყვარულია. ჰო, პირველი და ერთადერთი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც უნიჭო მსახიობივით გავითამაშე და მერე სცენიდან გავიქეცი. ფაქტობრივად, გამაძევეს, მაგრამ საკუთარი დიდი ძალისხმევის შედეგად. თუმცა მაშინ ასე არ ვფიქრობდი, მაშინ თეო მინდოდა მომეგუდა, რომ ასე გამწირა –  ჩემი არ დაიჯერა, სიტუაციას კი დაუჯერა. ეს მერე დავალაგე, წლები დავხარჯე ამის დალაგებაზე –  სიზმრადაც და ცხადშიც, მთვრალმაც, დაბოლილმაც და მარხულმაც... რა არ გავიარე და რა არ ვისწავლე, ოღონდაც და საკუთარი გაუგებარი სამკუთხედი გამეხსნა. თეოსთვის სათქმელი მეპოვნა და არგუმენტები მომეძებნა. ახლა  მეღიმება ამ ყველაფერზე, მაგრამ ახალგაზრდობა ისეთი მაქსიმალისტია ყველაფერში?! მე და თეოს კიდევ ისე გვიყვარდა ერთმანეთი?! ჰოდა, ავდექი და იმ დედამოხნულ შალავასთან დავწექი. მერე „ვჭამე“ –  ბავშვს ველოდებიო, როგორც უკანასკნელმა გოიმმა და, საბოლოოდ, სიტყვაც ვერ დავძარი თეოს გახევებული თვალების წინაშე დარჩენილმა...
მერე კი, მერე იყო კოშმარული რამდენიმე თვე –  ცოლი, თეოს გარეშე ოჯახი, რომელიც ოჯახად არ იქცა. უძილო ღამეები, დაკვნეტილი ტუჩები და ადუღებული სისხლი, რომელიც სრულ გიჟად მაქცევდა უძილო ღამეებსა და გამოუფხიზლებელი დღეებისა და კვირეების ხლართში გახვეულს. მართლა როგორ დავაღწიე ამ ყველაფერს თავი?..
ჩემი შალავა როცა გავუშვი და ისიც უხმოდ დამეთანხმა, რადგან ჩემთან დარჩენას აზრი არ ჰქონდა, კიდევ რამდენიმე თვეს ვილოთავე. საბოლოოდ, ისე შევშუპდი და გავბრუვდი, თითქოს სულერთი გახდა, თეო მაპატიებდა თუ საბოლოოდ დავკარგე, ვისზე ვიყავი დაქორწინებული და ვისთან გაყრილი, დღე იყო თუ ღამე, ცოცხალი დავდიოდი თუ მივიცვალე და საკურთხს მაწვდიდნენ სხვა სამყაროდან. რომ არა ბიძაჩემი ზალიკო და მისი შორეული ციმბირული სიყვარული ნასტია, დავლევდი ჩაილულის წყალს და ეგრე დავასრულებდი ჩემს უტვინო ცხოვრებას. მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად გადაწერა ჩემი ცხოვრება და შორეულ ბარნაულში ამოვყავი თავი. რაც მე იქ ვიწვალე, თუ ჰავის და თუ ქალის გამო, ამაზე ცალკე წიგნი დაიწერება. მაგრამ ახლა აქ ვარ. იქ კი ჩემი, არც თუ ხელწამოსაკრავი ბიზნესი ყვავის. ჩემი გულისგან განსხვავებით, ყველაფერი დალაგდა. და რაც უფრო საფუძვლიანად ლაგდება ჩემს გარშემო სიტუაცია, მით უფრო იშლება და ირევა ჩემი პირველი და, როგორც აღმოჩნდა, ერთადერთი სიყვარული. ჰო, არც არავინ გავიკარე სათოფეზე. ქალის, მგონი, მართლა მეშინია. როგორც კი ლოგინისკენ მიდის საქმე –  ეგრევე თავს ვიცავ და კონტროლს არ ვადუნებ. კიდევ ერთმა რომ დაიჩემოს შვილს ველოდებიო, ამას ვეღარ გადავიტან. არ მინდა არავისგან გაჩენილი და მორჩა. ან იქნებ უბრალოდ, მეშინია, ისევ გაბაიბრუებული არ დავრჩე, თან რუსეთში ქალი გაცილებით იოლად გახვევს ტარაბუას და არც დაწოლას ერიდება და არც ადგომას. თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ, თუ შეუყვარდი, გვერდზე აღარ იხედება და ერთგულია ფინია ძაღლივით. აი, ნონკასავით. მაგრამ, სამწუხაროდ, გვიან შემხვდა. არ დარჩა ჩემს გულში მისთვის ადგილი. არადა, ასეთ ქალზე თუ იოცნებებს კაცი. ამიტომ ვარ აქ. ამიტომ გამოვიქეცი სახლიდან და საქმიდანაც დროებით, მაგრამ დიდი იმედი მაქვს - სამუდამოდ. თუ რა თქმა უნდა, თეოს რომ შევხვდები, ისევ ის თეო დამხვდება და ისევ ის გრძნობა განახლდება. ნონკას ვერ დავაღალატებ - თუ ცოლად მოვიყვან, მას აქვს უფლება იყოს ერთადერთი ჩემთვის და ჩემს ოჯახში. მაგრამ თეო ისევ აქ არის და ეს ან უნდა დავასრულო, ან ხელახლა დავიწყო. ნეტა, რა უფრო მინდა? ეს რომ ვიცოდე... რადაც უნდა დამიჯდეს, ამჯერად თეოს უნდა დაველაპარაკო. ოჯახი არ ჰყავს, ეს ვიცი. ლევანო მწერს მის ამბებს და რაც ხდება მის თავს მნიშვნელოვანი, ყველაფერი ვიცი. ბოლოს ლევანომ უცნაური მესიჯი ჩამიგდო:
რაღაცანაირი გახდა თეო და ვერ ვცნობ. არც ის ვიცი, რა ხდება მის თავს და ვერც თავს დავდებ, რომ რამე არ ხდება.
ეს ბოლო წვეთი იყო და თან, ნონკაც უკვე დავღალე. შვიდი წელია, გოგო ჩამოდნა და ჩემ იქით არ იყურება. შვილი მინდა და ოჯახიო. სანამ ასაკი არ გამეპარა, დამაყენე საშველი ან გამიშვი და აღარ დაგენახვებიო.
ჰოდა, მეც ვითხოვე „ტაიმაუტი“. როგორც იქნა, აქეთ ვქენი პირი და ახლა თეოს სანახავად ვემზადები. მანამდე ლევანო უნდა ვნახო და სადმე ჩავუსხდეთ. გავიხსენოთ ძველი და გავლილი, ცოტა მოვშინაურდები და ენასაც ავამოძრავებ, იშვიათად მიწევს ქართულად ლაპარაკი და სანამ თეოს ვნახავ, მირჩევნია, ცოტა წავივარჯიშო ბავშვობის მეგობართან...
თეოსთვის სათქმელი კი იმდენჯერ მაქვს ნავარჯიშები - ალილუიასავით გავიზეპირე...
– ლევანო, ძამიავ, როგორ ხარ, ბრატუხა! ჰო, აგერ ვარ, სამეზობლოში. ჩამოდი, აბა, რა უნდა ქნა?! არა, ირას არაფერი უთხრა, ბრატ. მერე იყოს, ჯერ ჩვენ გავიხსენოთ ბავშვობა... აბა, გელოდები და შენ იცი...
ლევანო ისე სწრაფად ჩამოქანდა მესამე სართულიდან, თითქოს ცეცხლმოკიდებული სახლის ჩასაქრობად ეჩქარებოდა
– ბიჭო, გადმოხტი აივნიდან?! შე დაბრედილო, რას დამსგავსებულხარ, მოდი აქ, ბრატუხა! - ლევანოს დანახვა ისე გამიხარდა, როგორც არასდროს. არც თუ დიდი მეგობრები ვიყავით, როცა საქართველოდან წავედი, მაგრამ მეზობლები და დაქალების შეყვარებულები კი ვიყავით. ამიტომ ვძმაკაცობდი და მერე ხომ, ჩემი ფოსტალიონი პეჩკინი გახდა.
– ვაჰ, დუდუ, რა ძმა ხარ!? რა იყო, ვარჯიშობ თუ რუსის ნატაშები მოქმედებენ ასე? აი, საღოლ, ძმა: ეს კუნთები ბატიბუტებივით დაგიყრია და მე მგონი, გამაღლდი, თუ იწელები კიდევაც?...
– ლევანო, აი, ისეთივე ლაყაფისტი ხარ, ხომ? გავიწელე არა, პლასტიკა გავიკეთე და რკინები ჩავიდგი მუხლებსა და თეძოს ძვალს შორის. დაჯექი, შე დაბრედილო, გამელოტება დაიწყე, ბიჭო? რა იყო, ხომ არ მიბერდები. ვახ, როგორ გამიხარდი, ბრატუხა!...
– არა, მართლა მაგრად შენახულხარ და ეგაა! უნდა წამოვსულოყავი, რომ მეპატიჟებოდი, აი! -  ლევანომ გულდაწყვეტილმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა ბავშვობის ძმაკაცი, უხერხულად შეისუნთქა შემრგვალებული ღიპი და ხელი შეთხელებულ ქოჩორზე გადაისვა, თითქოს შეამოწმა, ხომ ნამდვილად ადგილზე ჰქონდა.
დუდუ ბროლივით ქათქათა ღიმილის აფრქვევდა და კონიაკს ასხამდა გამჭვირვალე ბროლისვე ჭიქებში. ისეთი ბედნიერი ჩანდა, ლევანოსაც გადაედო ეს განწყობა და გადაავიწყდა საკუთარი გარეგნული ნაკლი და დუდუს სპორტული და ნავარჯიშევი კუნთებიც. ახლა მის წინ ბავშვობა და ახალგაზრდობა იდგა და იღიმოდა, ისეთი უდარდელი და ლაღი დრო, როცა ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად ჰქონდათ ორივეს, როცა უბანში ყველაზე ლამაზი გოგოები უყვარდათ და იმათაც უყვარდათ... ლევანოს რაღაცნაირად შერცხვა ამ მოგონებების. დაინახა ირა-მირას გაბრწყინებული ღიმილი, როცა პირველად გამოუტყდა სიყვარულში. მერე როგორ დადიოდნენ ხელიხელჩაკიდებულები და როგორ შორს ეკავათ თავი ეზოში... და ახლა მისი ირა-მირა მისივე სიგლახის გამო კინაღამ...
– ლევანო, ბრატუხა, რა იყო, სად წახვედი? გაგახსენდა რამე? მოდი, ერთად გავიხსენოთ, თორემ მე სულ გამიფერმკრთალდა აქაურობა. რასაც შენგან არ ვიგებდი, სხვა არაფერი ვიცი. ჰოდა, ჩავუსხდეთ აგერ: ეს ჩემი ჩამოსხმული კონიაკია, აბა დააგემოვნე. ჰო გახსოვს, კონიაკის ქარხანა მაქვს ბარნაულთან ახლოს. რამდენიმე წელია, გამაქვს ჩინეთშიც და მოსკოვსაც ვამარაგებ, ქართულ რესტორნებს, საძმოს მიაქვს.  დალიე, გაგვიმარჯოს, ძმაო. მიხარია აქ რომ ვარ და გხედავ! აბა, ჩვენი შეხვედრისა იყოს!
იმ დღეს ისე დაღამდა, ვერც შევამჩნიეთ. ლევანოს ირამ დაურეკა, ლევანომ მეგობართან ვარ, უბანში, როცა გეტყვი ვისთან, აღარ მეჩხუბებიო და საუბარი გავაგრძელეთ. გავიხსენეთ იმ მთისა და ამ ბარისა, ყველა ჩვენი კლასელი თუ მტრული ბანაკის ბიჭი და გოგო. ვინ დაქორწინდა და ვინ წავიდა უდროოდ ამა სოფლიდან. შესანდობარიც დავლიეთ და გამარჯვებისაც. ყველა რომ მოვილიეთ და მოვიკითხე, ლევანოც კარგად რომ შეჟუჟუნდა, მხოლოდ ამის მერე დავსვი ის კითხვა, რისთვისაც აქ ჩამოვედი:
– ახლა თეოზე მითხარი, რაც იცი და რაც ბოლოს მომწერე, იქიდან დაიწყე...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3