კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 როგორ შეიწყალა სტალინმა ციხეში მჯდომი თავისი ბავშვობის დაუძინებელი მტერი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


 მიუხედავად იმისა, რომ სტალინზე უამრავი წიგნი და პუბლიკაციაა გამოქვეყნებული, თითქოს აღარაფერი დარჩა დასაწერი და საბჭოთა ბელადზე ყველაფერია ცნობილი, მკითხველმა ცოტა რამ თუ იცის პატარა სოსო ჯუღაშვილის ცხოვრებაზე, რომელიც არანაკლებად საინტერესოა, ვიდრე რევოლუციონერ კობასა და ბელადი სტალინის მოღვაწეობა.
პროფესორი სტანისლავ გორდეევი წერს: „ცეკას” არქივებში მუშაობისას მივაგენი ერთობ საინტერესო მასალას, რომელიც სრულიად ნორჩი სტალინის შესახებ მოგვითხრობს. მაშინ მას უბრალოდ, სოსელოს (ქართველებში ეს იოსების კნინობითი ფორმაა და მოფერებით ეძახიან) ეძახდნენ. ეს იყო მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს და სწორედ ამ პატარა ბიჭმა გაუთქვა სახელი თავის მშობლიურ გორს მთელ მსოფლიოში. ეს მასალა ალექსანდრე იაკობის ძე ეგნატაშვილის ჩანაწერებია – „ენკავედეს“ გენერლისა, რომელიც 1948 წელს გარდაიცვალა გორში, სადაც დიდი პატივით დაკრძალეს.  მასალა ემყარება მამამისის, იაკობ ეგნატაშვილის, ცნობილი გორელი ვაჭრის, მონათხრობებს, რომელიც რევოლუციონრებს ფინანსურად ეხმარებოდა. გენერალი ეგნატაშვილი წერს: „გორში მუშტით ჩხუბები იმართებოდა, რომელსაც ჩვენში მუშტიკრივს ვუწოდებთ. ეს მეც კარგად მახსოვს. თუმცა, არ მახსოვს პატარა სოსელოს მუშტიკრივობა, რადგან მე მასზე რვა წლით უმცროსი ვარ და როცა ის სამუშტიკრივოდ გამოდიოდა, აკვანში ვიწექი და ტიტლიკანა დავრბოდი ეზოში. მამისგან მსმენია, რომ პატარა სოსელო (სტალინი) ათი წლიდან მონაწილეობდა მუშტიკრივში და სანამ თბილისის სასულიერო სემინარიაში გადავიდოდა სასწავლებლად, ყოველ შაბათ-კვირას მუშტიკრივობდა. ხუთი წლის განმავლობაში (სტალინი 1894 წელს მოეწყო სემინარიაში) ის დაუმარცხებელ მოკრივედ ითვლებოდა. როგორც მამა მიყვებოდა, სოსელო ძალიან მოხერხებული, სხარტი და ჭკვიანი მებრძოლი გახლდათ. მისთვის მუშტის მორტყმა საკმაოდ რთული იყო. თავად კი კარგად დაყენებული დარტყმა ჰქონდა და მეტოქეებს ერთი მოქნევით აგდებდა. დაუმარცხებელი სოსელო, თავისზე ორი-სამი წლით უფროსებსაც უსწორდებოდა და თურმე, მამაჩემი სერიოზულად ფიქრობდა, სოსელოს მოკრივის კარიერა დაეფინანსებინა, რადგან ის იდეალურ მებრძოლად მიაჩნდა...“
გამოვიდოდა თუ არა სტალინისგან სახელოვანი მოკრივე, ძნელი სათქმელია, მაგრამ კობა-სტალინი რომ მართლაც იდეალური მებრძოლი იყო, მეტოქეებს ერთი დარტყმით აგდებდა და არ დამარცხებულა, მისმა ხანგრძლივმა პოლიტიკურმა ცხოვრებამაც მშვენივრად დაამტკიცა. გამორიცხული არაა, რომ სტალინის მომავალ გამარჯვებებს გორის „სამუშტიკრივოზე“ ჩაეყარა საფუძველი, სადაც სოსელო ერთპიროვნული ლიდერი გახლდათ და როგორც უკვე აღინიშნა, თავისზე უფროსებსაც კი ადვილად ჯაბნიდა. ძალზედ საინტერესოა სოსო ჯუღაშვილისა და შამილ კირშანოვის დაპირისპირების ისტორია, რომელიც კარგა ხანს გრძელდებოდა და საინტერესოდაც დასრულდა. კირშანოვი გორის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, იუსუფის შვილი გახლდათ. წარმოშობით ჩეჩენი იუსუფ კირშანოვი მეფის სამსახურში იდგა და მისი მოვალეობა იყო არაკეთილსაიმედო, მთავრობის მოძულე პირების გამოვლენა და დასჯა. მისი ვაჟი – შამილი, როგორც ყველა მთიელი, დაუდეგარი, პატივმოყვარე და ცხელსისხლიანი იყო. მოკრივეობა მასაც ძალიან იტაცებდა და საკმაოდ კარგადაც ეხერხებოდა. სოსელოზე ის სამი წლით უფროსი იყო. მიუხედავად ამისა, პატარა სოსო ჯუღაშვილმა პოლიციელი ჩეჩნის ვაჟი სამჯერ დაამარცხა რინგზე. მეოთხედ კი უკვე „სამუშტიკრივოს” გარეთ, ქუჩაში გაუსწორდა. ამის შესახებ ეგნატაშვილი წერს: „მამა მიყვებოდა, რომ განსაკუთრებულად დიდ ინტერესს იწვევდა სოსელოსა და მასზე სამი წლით უფროსი, პოლკოვნიკ იუსუფ კირშანოვის ვაჟის, შამილის ჩხუბი. სოსელო მოქნილად უძვრებოდა და მის უზარმაზარ მუშტებს იცილებდა. ღლიდა, შემდეგ კი ერთს ამოჰკრავდა ნიკაპში და ნახერხმოყრილ მიწაზე აგდებდა. 1893 წელს სოსელო და კირშანოვი მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს. სოსელო თოთხმეტისაც არ იყო, კირშანოვი კი თვრამეტის სრულდებოდა. გამარჯვებულს ცხვარი ერგებოდა, რომელიც მამაჩემმა დააწესა. სოსელომ მესამედაც დაამარცხა კირშანოვი. ცხვარი მოიგო და მთელი სამეგობრო აქეიფა. სუფრასთან დამარცხებულ პოლიციელის ვაჟსაც დაუძახეს, მაგრამ მან უარი თქვა მათთან ქეიფზე და იქაურობას გაშორდა. ქეიფის შემდეგ ყველანი დაიშალნენ. სახლში წავიდა სოსელოს გულითადი მეგობარი ვასო გაგნიძეც, რომელსაც ის უბანი უნდა გაევლო, სადაც დამარცხებული შამილ კირშანოვი ცხოვრობდა. მოხდა ისე, რომ სოსელოზე გამწარებულმა ჩეჩენმა სოსელოს მეგობარი მიტყიპა და ისე გაისტუმრა სახლში. თან, დააბარა: შენი მეგობარი არსად გადამეყაროს, თორემ შენზე შავ დღეში ჩავაგდებო. შამილი, რა თქმა უნდა, სოსელოს გულისხმობდა. მეორე დღეს, როცა სოსელომ ეს ამბავი შეიტყო, ის თავად მივიდა კირშანოვის სახლთან. დაელოდა მას და ქუჩაში რომ გამოვიდა, ლაზათიანად სცემა. ისე მიტყიპა, რომ ცხვირი მარცხნივ მოუქცია და მარცხენა თვალიც დაუზიანა. საქმეში პოლიციელი მამა ჩაერია და სოსელოს ნაცემი შამილის მშობლები სახლში დაადგნენ. ეს რომ მამაჩემმა (იაკობ ეგნატაშვილმა) შეიტყო, პოლკოვნიკ იუსუფ კირშანოვს მოელაპარაკა, მას ფული გადაუხადა და სოსელოს თავი დაანებეს...“
სოსო ჯუღაშვილისა და შამილ კირშანოვის დაპირისპირება ამით არ დასრულებულა. სრულწლოვანი რომ გახდა, შამილ კირშანოვი მამამისმა მოსკოვში, პოლიციის აკადემიაში გაამწესა და მომავალში მან „ოხრანკაში“ (მეფის რუსეთის უშიშროების სამსახური) დაიწყო მუშაობა. თბილისში გაანაწილეს და უკვე რევოლუციონერ კობას გადაემტერა, ყოველმხრივ ცდილობდა მის მოხელთებას. თუმცა, ეშმაკი და ძალიან მოხერხებული კობა ყოველთვის ხელიდან უსხლტებოდა და თავისი ბავშვობის მტერს ხახამშრალს ტოვებდა. ცნობილი იატაკქვეშელი, ძველი ბოლშევიკი ფილიპე მახარაძე იხსენებდა: „1901 წელს, კობას მიერ ორგანიზებულმა საპირველმაისო დემონსტრაციამ თბილისში დიდი წარმატებით ჩაიარა და ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. თუმცა, კაზაკებმა დაგვარბიეს. „ოხრანკამ“ კი ორგანიზატორების ძებნა დაიწყო. მე და კობა ობსერვატორიის შენობაში, კობას ოთახში ვიმალებოდით და 2 მაისს, ღამით „ოხრანკა“ გამოგვეცხადა. მიუხედავად ამისა, კობას ძალისხმევით, დაპატიმრებებს გადავურჩით. მან (სტალინმა) წინასწარ გამზადებული პარიკი და გრიმი მოირგო და თვალზე სახვევი გაიკეთა, ვითომ ცალთვალა იყო. ოხრანკელს – ლეიტენანტ შამილ კირშანოვს კი ისე აუბნია თავგზა, რომ დააჯერა, თითქოს ასტრონომები ვიყავით. მერე კი, სანამ ისინი გონს მოვიდოდნენ, არალეგალურ ლიტერატურასთან ერთად, იქაურობას მოვშორდით და ჩუღურეთში, კამოს არალეგალურ ბინაზე გადავედით საცხოვრებლად“. შამილ კირშანოვი ძებნილი კობას ხელიდან გაშვების გამო დააქვეითეს. მოგვიანებით კი, ბაქოში გადაიყვანეს და იქაც გვარიანად აწვალა კობამ თავისი „ბავშვობის მეგობარი“. უკვე მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში, ყოფილი ოხრანკელი შამილ კირშანოვი სტალინისეულ „გულაგში“ იხდიდა სასჯელს. საკმაოდ დაინვალიდებული იყო – ცალ ნესტოთი ვერ სუნთქავდა, მარცხენა თვალით კი, თითქმის ბრმა იყო. 1938 წელს 61 წლის კირშანოვმა წერილი მისწერა სტალინს კრემლში, რომელიც ადრესატთან მივიდა. შეწყალების თხოვნასთან ერთად ეწერა: ბავშვობაში მიღებული მძიმე ტრავმების გამო, ცალ ნესტოში ვერ ვსუნთქავ, მარცხენა თვალით კი, ბრმა ვარ და დავინვალიდდიო... როგორც ჩანს, სტალინს კარგად ახსოვდა, თუ ვინ მიაყენა პატიმარ კირშანოვს ბავშვობაში ეს ტრავმები და როგორც კონსტანტინე რომანოვი წერდა, ბელადმა ასეთი რეზოლუცია დაადო შეწყალების თხოვნას: „ბავშვობაში მიღებული მძიმე, მაგრამ სრულიად დამსახურებულად ტრავმირებული შ. კირშანოვი შეწყალებულია და უზრუნველყავით მისი გათავისუფლება“. ციხიდან გამოსული კირშანოვი მოსკოვში, ღამის დარაჯად მუშაობდა, თან პენსიასაც იღებდა და სწორედ იმ დღეს გარდაიცვალა, როდესაც მისმა მუდმივმა მეტოქემ, 1953 წლის 5 მარტს, დალია სული.“
скачать dle 11.3