კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რა წონასწორობის წერტილები აქვს ია ანთაძეს ბიძინა ივანიშვილთან და როგორ გადაურჩა ის რამდენჯერმე „დაწვას”

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე


 მას შემდეგ, რაც ია ანთაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მრჩევლად დაინიშნა, ძალიან რთული და მძიმე პერიოდის გავლა მოუხდა. აჟიოტაჟმა, რაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გარდაქმნისა და განვითარების რეფორმას მოჰყვა, ისიც მძიმე ბრალდებებში გახვია. დღეს ამბობს, რომ საბედისწერო ბეწვის ხიდზე გავლა მოუწია. ია ანთაძესთან ინტერვიუ იმ რეფორმის შესახებ საუბრით დავიწყეთ, დღეს „საზოგადოებრივ მაუწყებელზე” რომ მიმდინარეობს. თუმცა, ჩვენმა რესპონდენტმა არც კადრს მიღმა დარჩენილ ცხოვრებაზე საუბარს აარიდა თავი. ისიც გაგვიმხილა, რა ერგო მემკვიდრეობით და ისიც, თუ როგორ ჩაითრია მეგობარმა ჟურნალისტიკაში და შეუცვალა მას ცხოვრების გეზი.

ია ანთაძე: როგორ მიმდინარეობს „საზოგადოებრივი მაუწყებლის” რეორგანიზაციის პროცესი, რასაც თავიდანვე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, იმ შედეგით შეფასდება, რასაც მივიღებთ, როგორც ჩვენ, ასევე საზოგადოება. ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ვმსჯელობთ: დავამთხვიოთ ერთმანეთს, როგორც ინფრასტრუქტურული და ტექნიკური გადაიარაღება, ასევე შინაარსობრივი ცვლილებები და ოდნავ გვიან შევიდეთ ეთერში რეფორმირებული „საზოგადოებრივი მაუწყებლით,” თუ მეტ-ნაკლებად განახლებული ბადით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე საშემოდგომოდ. ეს საინტერესო სამუშაო პროცესია, რომელშიც ძალიან აქტიურად ვარ ჩართული. ვინც ჩემს შრომით ბიოგრაფიას იცნობს, იცის, რომ ბევრნაირი გამოცდილება მაქვს, თუმცა ამ ტიპის გამოცდილება ჯერ არ მქონია. იმ წლების განმავლობაში, როცა ჟურნალისტიკაში ვიყავი, არასდროს გამჩენია სურვილი, ტელევიზიაში მემუშავა, მაშინ ეს არ იყო ჩემი დიდი გატაცება. შემდეგ დადგა მომენტი, როცა მივხვდი, რომ ტელევიზია არის ადგილი, სადაც შემიძლია, ვიყო სასარგებლო. ყველაზე დიდი ინტერესი მაინც „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმართ მქონდა. იმის მიუხედავად, რომ 13 იანვრიდან ყოველდღე დავდივარ სამსახურში, ზოგჯერ შაბათ-კვირას, დღესაც კი, როდესაც საშვს ამოვიღებ და მივადებ ტურნიკს, ყოველ ჯერზე, მაქვს სიხარულის განცდა, რომ მე ვარ აქაურობის თანამშრომელი. ეს სიხარული ჯერ არ გამნელებია, იმიტომ რომ, ძალიან კარგად მაქვს გააზრებული, რა როლის შესრულება შეუძლია „საზოგადოებრივ მაუწყებელს” საზოგადოების ცხოვრებაში.
– გიღირდათ ეს ემოციები იმ მძიმე ბრალდებებად და კოლეგებთან დაპირისპირებად, რაც აქ მოსვლის პირველივე დღეებიდან დაგატყდათ თავს, როგორც გენერალური დირექტორის მრჩეველს, თქვენი პოზიციისა და შეხედულებების გამო.
 – ამაზე პასუხს ორი-სამი წლის შემდეგ გაგცემთ, ღირდა თუ არა და ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ დიახ, ღირდა! ეს იყო საბედისწერო ბეწვის ხიდი, რომელზე გავლაც მომიწია. ეს იყო ჯოჯოხეთი, რომელიც გადავიტანე. ის პერიოდი განსაკუთრებით მტკივნეული იყო ჩემი ახლობლებისთვის, რომელთაც დიდ სტრესს გაუძლეს. სულ ვეუბნეობოდი მათ, როგორც კი მოისმენთ, რომ ტელევიზიით მე მლანძღავენ, გადართეთ სხვა არხზე-მეთქი (იცინის). მაქსიმალურად ვცდილობდი თავი დამეცვა იმ სამყაროსგან, სადაც დამიპირისპირდნენ ჩემი კოლეგები, მათ შორის, მეგობრები, ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება ჩემი თანამოაზრეები იყვნენ. მე არ ვეწერები იმ სამყაროში, სადაც მივდივარ, იქ სადაც მივდივარ, მიმაქვს ჩემი სამყარო. მეგონა, იმ ხალხმა, ვინც წლები მიცნობდა, კარგად იცოდა, რომ იქ, სადაც მე ვარ, გამორიცხულია რაღაც საფრთხეები – ცენზურა, ტელევიზიის ნგრევა, ადამიანის ბედის აბუჩად აგდება. საბედნიეროდ, მე მაქვს ძალიან დიდი სტრატეგიული მოთმინების უნარი. ეს მშობლებისგან გამომყვა. როცა მთელი ცხოვრება იცი, რომ ხარ პატიოსანი, ასეთ ოჯახში გაიზარდე, ასეთები იყვნენ შენი მშობლები და უცებ გეუბნებიან: ცუდი ხარ, ანგრევ ქართულ მედიას და ასე შემდეგ, ეს არ არის იოლი გადასატანი. პირადად არავის ვერჩი, მაგრამ პირობითად, მე ვარ მნგრეველი და ნიკა გვარამიაა მედიასტანდარტის შემქმნელი?!
– იმ პერიოდში თქვენი და ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებაზეც ბევრი ითქვა. თქვენ შორის ახლო ურთიერთობაა?
– ჩვენ ერთმანეთს სულ სამჯერ შევხვდით, სულ ეს არის ჩვენი წონასწორობის წერტილები. მეტჯერ ეს ადამიანი თვალით არ მინახავს. ყველა შეხვედრა იყო საქმიანი. პირველი იყო მისი პირველი ინტერვიუ, რომელიც გამოვიდა მნიშვნელოვანი მედია-პროდუქტი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი გაიცნო საზოგადოებამ. მისმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ ეს ინტერვიუ მე გამეკეთებინა. ჩვენი ერთი შეხვედრა შეეხებოდა „მეცხრე არხის” „საზოგადოებრივ მაუწყებლად” გარდაქმნის ინიციატივას, სადაც მეც ვიყავი მედიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. შემდეგი გადაკვეთა, რის გამოც, მე მას საჯარო მადლობაც კი გადავუხადე, იყო დაკავშირებული ამერიკულ სერიალ „ნიუს რუმთან”, რომელიც GDS-მა შეისყიდა, რასაც მოჰყვა საკმაოდ წარმატებული სატელევიზიო პროექტი „მედია-სტანდარტი”.
– ვასილ მაღლაფერიძეს, როგორც ვიცი, თქვენს კარიერაში საკმაოდ დიდი წვლილიც მიუძღვის. ჟურნალისტიკაშიც მან „ჩაგითრიათ”.
– ჩვენ დიდი ხნის ახლო მეგობრები ვართ, ცხოვრებაში ბევრი გამოცდა გავიარეთ ერთად. ჩვენი გზები, საქმიანი თვალსაზრისით, ბევრჯერ გადაიკვეთა. თუმცა, ეს გზები გაყრილი იყო, როცა ვასიკო გუბერნატორი იყო, ფიზიკურად ვერ ვურთიერთობდით, თუმცა მაინც მეგობრებად ვრჩებოდით. ერთმანეთი გავიცანით მეექვსე გერმანულ სკოლაში, სადაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ქართულ ენას და ლიტერატურას ვასწავლიდით მეც და ვასიკოც. ათი წელი ვიმუშავე ამ სკოლაში. ვასიკო უკვე წასული იყო თავის გაზეთში – „კავკასიონში,” როცა მე ისევ სკოლაში ვმუშაობდი. იმ პერიოდში გარდამეცვალა მამა, სკოლის ხელფასი აღარ კმაროდა ჩვენს ოჯახს და დამატებით შემოსავალზე დავიწყე ფიქრი. იმ დროს უკვე ვიყავი მეცნიერებათა კანდიდატი, დაცული მქონდა დისერტაცია. ადვილად ჩემს ცხოვრებაში არაფერი გამოდის. ალბათ, იმის გამო, რომ არ ვარ სხარტი, განსაკუთრებული ტემპორიტმით, რომელსაც ნიჭის ხარჯზე მოსდის წარმატება. როცა ახალ სამსახურში მივდივარ, დაახლოებით სამი წელი მჭირდება, რომ იქ კარგად დავმკვიდრდე. ჩემი ბიოგრაფიის განმავლობაში, პედაგოგობის პერიოდი ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ წლებად მიმაჩნია. თუმცა, როცა ვასიკომ შემომთავაზა, გადავსულიყავი „კავკასიონში”, სტილისტ-რედაქტორად, მას ამაზე დავთანხმდი. ჟურნალისტობას საერთოდ არ ვაპირებდი, უბრალოდ, დაემთხვა, რომ ჩემი იქ მისვლის დროს, „კავკასიონი” გახდა ყოველდღიური გაზეთი, რომელსაც დაჭირდა საპარლამენტო კორესპონდენტი. ამის დიდი მსურველი არავინ აღმოჩნდა. ვასიკომ მე შემომთავაზა ეს საქმე, რაც ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო. წავედი პარლამენტში სრულიად გამოუცდელი და დავრჩი იქ მრავალი წლის განმავლობაში. ასე შევიცვალე ცხოვრების გეზი. თავიდან ძალიან მერიდებოდა, მეთქვა, რომ ჟურნალისტი ვიყავი. დიდხანს ვამტკიცებდი, რომ ქართულის მასწავლებელი ვიყავი. მახსოვს, მიშა სააკაშვილის რეაქცია, როცა ვუთხარი, არ ვარ ჟურნალისტი, მასწავლებელი ვარ-მეთქი (იცინის). იმ წლებში, როცა პარლამენტში ვმუშაობდი, ყოველთვის ვცდილობდი, ახლო კონტაქტში არ შევსულიყავი პოლიტიკოსებთან, რის გამოც, ცოტა უხასიათოს იმიჯიც კი მქონდა. ამის მიუხედავად, არასდროს არავის ჰქონია პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რასაც ვწერდი. ჟურნალისტების ლოჟიდან ვუყურებდი ყველაფერს – ადამიანების მოძრაობით, იმის მიხედვით, ვინ სად ჯდებოდა, ვინ ვის ეჩურჩულებოდა, ზუსტად ვხვდებოდი, რა ხდებოდა პარტიებს შორის. რომ მოვდიოდი რედაქციაში და ვეუბნებოდი ვასიკოს, აი, ახლა სახალხო პარტია მისცემს ხმას ბიუჯეტს, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციაში არიან და ეს შემიძლია, დავწერო-მეთქი, ვასიკო ამაზე ამბობდა: დაგვწვავენ, თუ ეს ასე არ მოხდაო. მე ვიღებ ჩემს თავზე, რომ ასე მოხდება-მეთქი, ვეუბნებოდი მე. კარგი დაწერეო, მთანხმდებოდა ვასიკო და მართლაც ჩემი დაკვირვებისა და ანალიზის შედეგი, მართლდებოდა ხოლმე (იცინის).
– ამ კარიერის მიღმა როგორ მიდიოდა თქვენი ცხოვრება? ხომ არ შეეწირა მას პირადი ცხოვრება?
– საქმე ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია. არ მინდა, თავდადებული ადამიანივით გამოვჩნდე, მაგრამ ასეა. ეს თვისება, მგონი, მშობლებისგან გადმომყვა მემკვიდრეობით. მამა ინჟინერი იყო, გარდაცვალებამდე, 13 წლის განმავლობაში სამი ინფარქტი დაემართა. ღამის ოთხ საათზე რომ სასწრაფო მოდიოდა ჩვენთან, რაც ძალიან ხშირი იყო, მამა დილის შვიდ საათზე დგებოდა და სამსახურში მიდიოდა. აღარ ვუშლიდით, ეს იყო მისი ბედისწერა, რამდენ ხანს გაუძლებდა. დედაჩემი მეცნიერი იყო. მას ისეთი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში, რომლის მეათედს, ალბათ, მე ვერ გავაკეთებ. დედა წლების განმავლობაში აბრეშუმის უნიკალური, უძველესი მუზეუმის დირექტორი გახლდათ, რომლის დანგრევასაც წლების განმავლობაში აპირებდნენ. მაგრამ, დედამ მუზეუმი არ დატოვა და დანგრევას გადაარჩინა. რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს, ალბათ, ყველას კარიერა იწირავს პირადი ცხოვრების ნაწილს. ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ დალაგებულ ქვეყანაში, სადაც კარიერასთან ერთად, შეიძლება, გქონდეს ყველაფერი სხვა, რაც სხვა ქვეყნებში აქვთ წარმატებულ ადამიანებს. ის დრო, რომელიც თავისუფალი მაქვს სამსახურისგან, მინდა, ეკუთვნოდეს ჩემს ნათესავებსა და მეგობრებს, რაც ხან გამომდის, ხან – არა. სულ მაქვს განცდა, რომ ვინც ჩემს გულშია, მათ ჩემი ყურადღება აკლიათ. მყავს დიდი სანათესაო, როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან. ბოლო პერიოდში ვახერხებ, რომ ახლო მეგობრებთან ერთად, მოვაწყო „შაბათობები” – სახლში მათთან ურთიერთობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
скачать dle 11.3