კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ეშმაკის ბილიკი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #7-22(857)

 
​– დამშვიდდით, ნადეჟდა, დამშვიდდით. იქნებ, მართლა ვერ მოახერხა თქვენი გაფრთხილება და ტყუილად ნერვიულობთ? – უთხრა გიგაურმა მალიშევას. ქალმა თავი გააქნია და გაიმეორა:
– არა, არა, რაღაც მოხდა. გული მიგრძნობს, რომ ასეა.
– ნადეჟდა, თუ ასე ინერვიულებთ, მაშინ საუბრის გადადება მოგვიწევს და რას იტყვით, სხვა დროს შევხვდეთ ერთმანეთს? – უთხრა ქალს გიგაურმა, რომელიც არსად წასვლას არ აპირებდა.
– დიახ, დიახ. ბოდიშს გიხდით, – დაბნეულად მიუგო ქალმა მაიორს და დააყოლა, – განვაგრძოთ, მკითხეთ, რაც გაინტერესებთ.
– ნადეჟდა, თქვენ, ალბათ, გესმით, რომ ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება, ძალიან უხერხული კითხვებიც დაგისვათ და ნუ მიწყენთ.
– დიახ, ვიცი. მკითხეთ.
– ანტონ პარხომენკო პირად, ინტიმურ ასპექტში, თქვენთვის ვინაა? – ჰკითხა მალიშევას გიგაურმა და გააბოლა.
– ქმარი! – მტკიცედ თქვა ქალმა და ასეთივე რიხით დაამატა, –  მე ის ძალიან მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ. შვილებზეც ვოცნებობთ და როგორც კი შესაფერისი მომენტი გვექნება, გვეყოლება კიდეც, – ქალმა პაუზა გააკეთა და სახე დაუმწუხრდა, ამაზე ვოცნებობდით, მაგრამ, თუ ყველაფერი წესრიგში არაა, მაშინ ეს  მხოლოდ ოცნებად დარჩება.
– ნადეჟდა, ანტონი თავის წარსულზე არაფერს გიყვებოდათ?
– თითქმის არაფერს, – თავი გააქნია მალიშევამ, – გარდა იმ ამბისა, რის გამოც ციხეში მოხვდა.
– რას გეუბნებოდათ, უცოლშვილო ვარო?
– დიახ. ასე მითხრა. ამ თემაზე ჩვენ მხოლოდ ერთხელ გვქონდა საუბარი, – თქვა მალიშევამ. შემდეგ, გველნაკბენივით შეხტა და შემცბარმა უთხრა მაიორს, – ახლაღა გავაცნობიერე, რომ ანტონს „კაგებე“ ეძებს. რიტამ ეს რომ მითხრა, არც კი დავფიქრებულვარ, თუ რატომ, რადგან ძალიან თავზარდაცემული ვიყავი. ახლა ვხვდები, რომ რაღაც სერიოზული ამბავია და იმიტომ იმალება. მაინც, რა დააშავა ისეთი, რომ უშიშროება ეძებს?
 გიგაურს, ყველაზე მეტად ამ კითხვაზე არ უნდოდა პასუხის გაცემა. ამიტომ ღიმილით მიუგო მალიშევას:
– ნადეჟდა, რამ დაგაბნიათ? ანტონ პარხომენკო ციხიდანაა გაქცეული და ამიტომ იმალება. რა, დაგავიწყდათ? თქვენ თვითონ არ აღიარეთ, რომ მას გაქცევაში დაეხმარეთ?
– ჰო. ვაღიარე, – დაბნეულად თქვა ქალმა. შემდეგ გონება მოიკრიბა და მაიორს ჰკითხა:
– მას ცოლ-შვილი ჰყავს?
– არა, საიდან მოიტანეთ? – იცრუა გიგაურმა.
– აბა, „კაგებე“ რატომ ეძებს? – კვლავ დაბნეულად იკითხა ქალმა. გიგაურმა კი მალიშევას ასეთ მდგომარეობას „ჩაავლო“ და ღიმილით უთხრა:
– ძებნა და ცოლ-შვილი რა შუაშია. პარხომენკო ერთ ისეთ საქმეში ამოტივტივდა, რომელსაც ჩვენ ვიძიებთ. როცა ის მოვიკითხე, აღმოჩნდა, რომ ციხიდან ყოფილა გაქცეული. აი, სულ ესაა, – მხრები აიჩეჩა მაიორმა, – პარხომენკოს ჩვენი კუთხით არაფერი დაუშავებია და მხოლოდ მოწმედ გვჭირდება.
– მოწმედ? – გაიმეორა მალიშევამ.
– დიახ. მოწმედ. მეტსაც გეტყვით, თუკი მას დროზე მოვიხელთებთ, ანუ ნებაყოფლობით გამოცხადდება, სასჯელსაც შევუმსუბუქებთ. გაქცევისთვის კი არაფერს დაუმატებენ.
– მართლა?
– რა თქმა უნდა, – თქვა გიგაურმა და დააყოლა, – მიუხედავად იმისა, რომ პარხომენკოს მკვლელობა აქვს ჩადენილი, ოცდახუთწლიანი პატიმრობა მისი საქმისთვის ძალიან ბევრია. რაც არ უნდა იყოს, გარეწარზე იძიებდა შურს და ახლა ასეთი დანაშაულისთვის ბევრად ნაკლებს უსჯიან.
– რა კარგია, – თქვა მალიშევამ, – მაგრამ, სადაა ახლა ჩემი ანტონი და ცოცხალი თუ არის საერთოდ?
– იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ანტონიც მალე დაბრუნდება.
ქალმა პაუზა გააკეთა. გიგაურს გაუღიმა და უთხრა:
– იცით, თქვენმა სიტყვებმა გამამხნევა. იმედი მომცა და ისეთი სასოწარკვეთილი აღარ ვარ, როგორც წეღან ვიყავი.
– ძალიან კარგი, ჩემო კარგო, – ღიმილითვე მიუგო ზურაბმა ქალს, – მხოლოდ, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ.
– დიახ. შევთანხმდეთ. ბრძანეთ, რაზე?
– ნადეჟდა, ძვირფასო, ანტონი კარგა ხნის ძებნილია და რა თქმა უნდა,  მილიციის  და განსაკუთრებულად ჩვენ მიმართაც, გარკვეული სტერეოტიპი ჩამოუყალიბდა. ანუ, უნდობლობა და ეს გასაგებიცაა. ამიტომ, უნდა შევთანხმდეთ, რომ თუკი უცებ გამოჩნდება, ჩემი აქ ვიზიტის შესახებ არაფერი უთხრათ და მე უნდა შემატყობინოთ ეს. შევთანხმდით?
მალიშევას სახე შეეცვალა. პირზე ღიმილი გაუქრა და გიგაურს უთხრა:
– ესე იგი, მას უნდა ვუღალატო და დავაჭერინო?
– არანაირი ღალატი, ნადეჟდა და დაჭერინება. მას მხოლოდ დავაკავებთ და დავკითხავთ. მის საქმეს კი გადავხედავთ და შეიძლება, ციხეში არც კი შევაბრუნოთ, ხოლო თუ ეს მოხდება, მაქსიმუმ, ერთი წლით და რომ იტყვიან სანატორიუმის პირობებში, – ღიმილით უთხრა ზურაბმა ნადეჟდა მალიშევას, შემდეგ კი გააბოლა, – შევთანხმდით?
– დიახ. შევთანხმდით, – კვლავ გაეღიმა ქალს.
– თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა მაქვს.
– დიახ. გისმენთ.
– ნადეჟდა, – ზურაბ გიგაურმა ორივე ქალს მიმართა, – რიტამაც იცის ეს. ანუ, ჩვენი შეხვედრისა და საუბრის შესახებ არავინ არ უნდა შეიტყოს. ხომ გესმით, ამას ჩვენი საქმის სპეციფიკა მოითხოვს – არავინ, ყველაზე უახლოესმა ადამიანებმაც კი: მშობლებმა, შვილებმა, და-ძმებმა და ასე შემდეგ.
– სულ ორი უახლოესი ადამიანი მყავს – ანტონი და რიტა. რიტა საქმის კურსშია. ანტონზე უკვე შეგპირდით. დანარჩენებს კი... – ქალმა თავი გააქნია და პაუზის მერე დააყოლა, – დანარჩენებს, ვის რა უნდა ვუთხრა. რომ იტყვიან ახლო ნაცნობიც კი არა მყავს და არც ლაყბობა მიყვარს.
– ჰოდა, ძალიან კარგი. ესე იგი, შევთანხმდით, – ზურაბმა მალიშევას ფურცელზე დაწერილი ტელეფონის ნომრები მისცა და დააყოლა, – ამ ნომრებზე დამიკავშირდებით, თუკი ანტონ პარხომენკო გამოჩნდება და საერთოდ, საჭიროების შემთხვევაში. მხოლოდ, ეს ნომრები არავის ჩაუვარდეს ხელში, რომ არ გაიშიფროთ, განსაკუთრებით, ანტონთან.
– დავიმახსოვრებ და დავწვავ.
– რომ დაგავიწყდეთ?
– არ დამავიწყდება, – მალიშევამ ტელეფონის ნომრებს თვალი გადაავლო. შემდეგ, გამოცდილი მზვერავივით ქაღალდს ცეცხლი წაუკიდა და რომ ჩაიფერფლა, პირსაბანში ჩარეცხა. მაგიდასთან დაბრუნდა და მაიორს უთხრა:
– ყველაფერი რიგზეა. ფაქტი განადგურებულია. ნომრები კი სიკვდილამდე მემახსოვრება.
– ძალიან კარგი. ახლა კი წავალ, საქმეებს მივხედავ. თქვენ კი დამშვიდდით და საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს დამირეკოთ, – უთხრა ზურაბმა მალიშევას. შემდეგ ქალებს გამოემშვიდობა და წამოვიდა.
ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ გამოცდილი მაიორი, მართალია, ნადეჟდა მალიშევას შეუთანხმდა, რომ პარხომენკო-კოვზირიძის გამოჩენის შემთხვევაში, ქალი  მას ამის შესახებ შეატყობინებდა, თუმცა ამის იმედად არ იყო. ზურაბ გიგაური მალიშევაზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალის დაწესებას გეგმავდა და სამსახურშიც მიიჩქაროდა, რომ მალე განეხორციელებინა თავისი ჩანაფიქრი. მაიორი სწრაფად ჩაჯდა „პობედაში“, მანქანა ადგილიდან დაძრა და ლუბიანკისკენ აიღო გეზი. იქ კი, იური პავლოვს ეახლა და მოახსენა:
– ამხანაგო გენერალო, თქვენი ნებართვა მინდა, რომ ნადეჟდა მალიშევაზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დაწესდეს.
– მალიშევაზე? – გაუკვირდა პავლოვს.
– დიახ, იური ანდრეევიჩ, მალიშევაზე და სასწრაფოდ, რადგან დრო არ ითმენს, – თქვა გიგაურმა. კონტრდაზვერვის უფროსს ყველაფერი დაწვრილებით და სწრაფად უამბო და ბოლოს დააყოლა, – მართალია, მალიშევას ჩემთან დასაკონტაქტებელი ტელეფონის ნომრები დავუტოვე და ვფიქრობ, მოცემულ პირობას არ დაარღვევს, მაგრამ, რა იცით, რა ხდება? უცებ რომ გამოჩნდეს კოვზირიძე და ყველაფერს მიხვდეს, მაშინ?
– მართალი ხარ. ახლავე გავცემ საჭირო მითითებებს, – თქვა იური პავლოვმა და მას მერე, რაც თვალთვალის განყოფილების უფროსი კაბინეტში გამოიძახა, ზურაბ გიგაურმა მას ყველაფერი დაწვრილებით აუხსნა და სპეცჯგუფი მალიშევას საცხოვრებლისკენ გაემართა.
კონტრდაზვერვის უფროსმა კი, თავის რჩეულ ხელქვეითს ჰკითხა:
– როგორ ფიქრობ, მაგ პარხომენკო-კოვზირიძეს რა უნდა სჭირდეს? გუშინდელს აქეთ ვფიქრობ ამაზე, უფრო სწორად, ვმარჩიელობ და ერთ აზრამდე ვერ მივედი. ხან ასე მგონია, ხან ისე.
– პრინციპში, მართლა ძალიან ძნელია, ასეთ სიტუაციაში რაიმე დასკვნის გამოტანა, მაგრამ როგორც, პირველ შემთხვევაში, კოვზირიძესთან დაკავშირებით, ახლაც ვფიქრობ, რომ ის ცოცხალია და შესაძლოა, ძალიან მალეც გამოჩნდეს.
– ესე იგი, კვლავ ინტუიციას ენდობი?
– დიახ, ამხანაგო გენერალო.
პავლოვმა მხრები აიჩეჩა და ზურაბს უთხრა:
– ინტუიცია, რა თქმა უნდა, ფაქტები არაა, მაგრამ, რაც მე ვიცი, ჯერჯერობით არ შემცდარხარ და იმედი ვიქონიოთ, არც ამჯერად გაგაწბილებს ფორტუნა.
– დიახ, იური ანდრეევიჩ, მართალს ბრძანებთ. ინტუიციას, აქამდე არასდროს გავუწბილებივარ და ჯერჯერობით მიმართლებს. შეიძლება, წავიდე?
– საით?
– ჩემთან ჩავალ, ოთახში.
– კეთილი. თავისუფალი ხარ. თუ რამე ახალი გამოჩნდა, დაუყოვნებლივ შემატყობინე. აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ, – უთხრა პავლოვმა გიგაურს და დააყოლა, ესე იგი, ფიქრობ, რომ ეგ კოვზირიძე შეიძლება, მალე გამოჩნდეს?
– დიახ, ამხანაგო გენერალო, – დაუდასტურა პავლოვს გიგაურმა და კონტრდაზვერვის უფროსის კაბინეტიდან გავიდა.
***
მაიორ ზურაბ გიგაურს, არც ამჯერად უმტყუნა ინტუიციამ. როდესაც ის მალიშევასგან ლუბიანკაზე გაემართა, თხუთმეტ წუთში, რიტა სმირნოვაც წამოვიდა იქიდან. რიტას, ლენინგრადში აგვიანდებოდა, მატარებლის უკან გასამგზავრებელი ბილეთი ჰქონდა და მეგობარს გამოსვლის წინ უთხრა:
– მიხარია, რომ ხასიათზე მოხვედი, ნადიუშა. ხომ გეუბნებოდი, ზურაბზე, კარგი ადამიანია-მეთქი. ამაში ხომ თვითონაც დარწმუნდი?
– კი, დავრწმუნდი, – დაუდასტურა მალიშევამ სმირნოვას.
– ჰოდა, ზუსტად ისე მოიქეცი, როგორც დაგარიგა. შენი ანტონი თუ გამოჩნდა, მაშინვე დაურეკე და შეატყობინე.
– კი. მასე მოვიქცევი.
– აბა, შეხვედრამდე! მაპატიე, რომ ასე მალე გტოვებ, მაგრამ გადაუდებელი საქმეები მაქვს. თუ კვლავ სასწრაფოდ დაგჭირდი, დამირეკე და ისევ ჩამოვალ, – უთხრა სმირნოვამ მალიშევას. შემდეგ ჩაეხუტა, გადაკოცნა და წავიდა.
სმირნოვა რომ სადარბაზოს ორმოცდაათიოდე მეტრით გასცდა, სწორედ მაშინ შევიდა სადარბაზოში ვარლამ კოვზირიძე. მან ფრთხილად აიარა კიბეები და ნაქირავები ბინის კარის წინ შეჩერდა. მიაყურადა, რომ დარწმუნდა, ყველაფერი „სუფთად“ იყო, საკეტი საკუთარი გასაღებით გააღო და ბინაში შევიდა. ნადია მალიშევა, ამ დროს სამზარეულოდან ჩაის ჭიქით გამოდიოდა. ახალმოსული რომ დაინახა, მოულოდნელობისგან შეცბა და სავსე ჭიქა იატაკზე დაუვარდა. შემდეგ აღმოხდა:
– ანტოშკა, საყვარელო, სად იყავი დაკარგული? – ქალი ვარლამს კისერზე ჩამოეკიდა, მაგრად მიეკრა სხეულზე და სლუკუნით იმეორებდა, – ძვირფასო, საყვარელო. მე მეგონა, რომ რაღაც შეგემთხვა და ვერასდროს გნახავდი ცოცხალს.
პარხომენკო-კოვზირიძემ ქალს ხვევნა-კოცნა აცადა და ბოლოს უთხრა:
– რამ შეგაშინა, ნადიუშა, პირველად ხომ არ მივემგზავრები მცირე ხნით საქმეებზე?
– პირველად არა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, როდის დაბრუნდებოდი უკან. ახლა კი არაფერი გითქვამს. ისე ძალიან შემეშინდა, უკიდურეს სასოწარკვეთაში ჩავვარდი.
– სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და შენი გაფრთხილება ვეღარ მოვასწარი, – თავი იმართლა პარხომენკო-კოვზირიძემ.
– მაინც რა საქმე გამოგიჩნდა?
– ნადიუშა, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ამ თემას არ შევეხებოდით? – რბილად უთხრა კაცმა და ქალს ჩაეხუტა, – ბოდიში, რომ ასე განერვიულე და პირობას გაძლევ, მეტს აღარ ვიზამ.
ქალმა თავი გაითავისუფლა კაცის ხელებიდან და უთხრა:
– ანტონ, ძვირფასო, თუ მართლა გიყვარვარ და რასაც მპირდებოდი, არ მატყუებდი, მაშინ რატომ არ უნდა ვიცოდე შენზე ყველაფერი. მე ხომ ჩემს ამბებს არ გიმალავ?
– არც მე გიმალავ, – ღიმილით მიუგო კაცმა და კვლავ ჩახუტება სცადა. მალიშევამ კი არ დაანება და უთხრა:
– შენ მე არ გიყვარვარ. მხოლოდ გამოსაყენებლად გინდივარ და მეტი არაფერი.
– რა სისულელეა, ნადიუშა. რომ არ მყვარებოდი, აქამდე მიგატოვებდი, – კაცმა გაუღიმა ქალს და დააყოლა, – სულელო, საიდან მოიტანე ეს? მე შენ ძალიან მიყვარხარ და ეს ძალიან კარგად იცი.
– ანტონ, შენს ამბებს რატომ არ მიყვები?
– შენ ჩემზე ყველაფერი იცი, რაც საჭიროა, – ჯერ კიდევ ღიმილით თქვა პარხომენკო-კოვზირიძემ.
– გარდა იმისა, თუ სად იკარგები ხოლმე, – დააყოლა მალიშევამ.
– ნადიუშა, მოდი, შევწყვიტოთ ეს საუბარი. ძალიან დაღლილი ვარ და დასვენება მინდა. თან, მშია. გაქვს რამე საჭმელი?
ქალი გონს მოეგო. უცებ გაახსენდა მაიორ ზურაბ გიგაურისთვის მიცემული პირობა. პარხომენკოს განაწყენებულად შეხედა და უთხრა:
– ახლავე გასტრონომში ჩავალ და რამეს ვიყიდი. მითხარი, რას შეჭამ?
– რაც შენ გინდა, ის იყიდე, ოღონდ, ერთი ბოთლი ლუდიც გამოაყოლე, – უთხრა ანტონმა მალიშევას და ტახტზე წამოწვა.
– კეთილი, – მიუგო ქალმა და გაუღიმა. შემდეგ ფული აიღო და ბინიდან გავიდა, თან მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, მაიორ ზურაბ გიგაურისთვის ქუჩის ტელეფონიდან დაერეკა.
ნადეჟდა მალიშევა რომ სადარბაზოდან გავიდა, მოთვალთვალე კონტრმზვერავის ჯგუფი ჯერ კიდევ ინსტრუქციას იღებდა უშუალო უფროსისგან და მხოლოდ ოციოდე წუთის შემდეგ მივიდა „ობიექტზე“. ქალი ჯერ უახლოესი გასტრონომიული მაღაზიისკენ გაემართა, მაგრამ შიგნით არ შევიდა. გასცდა მას და ქუჩის კუთხეში, ტელეფონ-ავტომატის კაბინაში შევიდა, ყურმილი მოხსნა, ყურზე მიიდო და გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა: „ეშმაკმა დალახვროს, არ მუშაობს“. ქალი გარეთ გამოვიდა და სხვა სატელეფონო ჯიხურისკენ გაემართა, რომელიც ასიოდე მეტრის მოშორებით მდებარეობდა. იქ ტელეფონი გამართულად მუშაობდა. ქალმა ყურმილი აიღო, ზურაბ გიგაურის მოცემულ ერთ-ერთ ნომერზე დარეკა და დაელოდა. მცირე ხნის შემდეგ კაბინეტში ახალშემოსულმა ზურაბმა უპასუხა:
– გისმენთ.
– ზურაბ, თქვენ ხართ? – ჰკითხა მალიშევამ. მაიორმა უმალვე იცნო ქალი და უთხრა:
– თქვენ ხართ, ნადეჟდა? რა მოხდა?
– ზურაბ, ანტონი გამოჩნდა. ამ ნახევარიოდე საათის წინ მოვიდა და ამიტომ გირეკავთ.
– ნადეჟდა, არაფერზე ინერვიულოთ და არაფერი აგრძნობინოთ მას. მალე მივალთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შეგპირდით. სად ხართ ახლა, საიდან რეკავთ?
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3