კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 გამიზნული მკვლელობა

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


 
 სტაუტ რექსი
  ჟოზეფ ბონის დედა ფრანგი ჰყავდა, მაგრამ გერმანიაში დაიბადნენ ის და მისი ძმა თეოდორი. ჟოზეფზე ექვსი წლით იყო უმცროსი და უფროს ძმას არანორმალურად უყვარდა, აღმერთებდა და მზად იყო, მისი ყველა სურვილი შეესრულებინა. ისე მოხდა, რომ ბიჭების მარტოხელა დედას ძალიან გაუჭირდა. საფრანგეთში გადაწყვიტა გადასვლა, რაღაც საქმიანობისთვის რომ მოეკიდა ხელი ნათესავების დახმარებით. მაგრამ, ორივე ბავშვს ვერ წაიყვანდა. გარდაცვლილი ქმრის მდიდარმა ნათესავებმა შესთავაზეს, თეოდორს ვიშვილებთო. ქალმაც გააკეთა ის, რაც მისი შვილისთვის იყო უკეთესი – ბავშვი მათ დაუტოვა. ჟოზეფისთვის ეს საშინელება იყო. ვერაფრით ეგუებოდა და ღამღამობით ტიროდა. ძმა მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ ნახა, როცა დედამისმა ფეხზე დადგომა მოახერხა და ფრანკფურტში გაემგზავრნენ. ჟოზეფი გადაირია თეოზე. დიდხანს ჰყავდა ჩაბღუჯული და ჰკოცნიდა. მაშინ დარწმუნდნენ, რომ თეოდორს არაფერი უჭირდა, უფრო, პირიქით, შესანიშნავ სკოლაში სწავლობდა, მას არაფერს აკლებდნენ.  ჟოზეფი კი იძულებული გახდა, სკოლისთვის თავი დაენებებინა და მუშაობა დაეწყო, დედას რომ დახმარებოდა. მერე კი სამხედრო სასწავლებელში შევიდა – ერთი, რომ აინტერესებდა ეს საქმე და მეორე, შეეძლო, ხელფასით თავიც გაეტანა. თეოდორმა უნივერსიტეტი დაამთავრა და რომელიღაც სამინისტროში დაიწყო მუშაობა. ჟოზეფს ეს ნაკლებად აინტერესებდა. მთავარი ის იყო, რომ ამაყობდა თეოდორით, რომელმაც ოთხი ენა იცოდა და კიდევ ბევრი რამ. პარიზში უკვე თვითონ ჩამოდიოდა, დედას აღმერთებდა, ფულსაც უტოვებდა ხოლმე. ომის დაწყების წინ ჟოზეფი უკვე კაპიტანი იყო და საარტილერიო დანაყოფს ხელმძღვანელობდა. მისი რაზმი ბულონში იდგა და საქმე თავზესაყრელად ჰქონდა. ყოველდღე – საწვრთნელი სროლები და საბრძოლო სულის ამაღლება. ჟოზეფი ძალიან კმაყოფილი იყო, ჟრუანტელიც კი უვლიდა. ომის დაწყებიდან ორი თვის თავზე, დილის გუშაგმა ჟოზეფი პოზიციებზე მოძებნა და უთხრა, ვიღაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი გკითხულობსო. ჟოზეფს გაუკვირდა, გზად თავს იმტვრევდა, ვინ შეიძლება, ეს იყოსო. თეოდორის დანახვა ძალიან გაუკვირდა. გერმანია საფრანგეთის წინააღმდეგ ომში იყო ჩართული. თეოდორმა უთხრა, რომ გერმანიის მთავრობამ ომში გაიწვია. არ შემიძლია, საფრანგეთის წინააღმდეგ ვიბრძოლო, მე ხომ სანახევროდ ფრანგი ვარ და აქ შენ და დედა მყავხართ. ამიტომ, ერთი კვირის წინ გამოვიპარე, შვეიცარიის გავლით ჩამოვედი და პირველად შენთან მოვედი. მერე დედასთან ჩავალ და იქ დავრჩებიო... ჟოზეფი „აენთო“. ის ბედნიერი იყო ძმის გადაწყვეტილებით. უცებ მოუნდა, თეოდორსაც ეამაყა მისით და ერთი დღით ნაწილში დარჩენა შესთავაზა, რათა ეჩვენებინა, როგორი დაფასებული იყო ის აქ. თეოდორი არც ისე სიხარულით, მაგრამ დასთანხმდა, დარჩენილიყო. ჟოზეფი მაშინვე გაიქცა, რომ ნაწილის უფროსისთვის ნებართვა ეთხოვა.
კაპიტანმა ჟანვურმა კეფა მოიქექა.
– ბონო, შენ კარგი ბიჭი ხარ, ძალიან კარგი, ამიტომაც გენდობი და ნებას გრთავ, შენი ძმა აქ დარჩეს. თუმცა, ომის დროს ნაწილში უცხო პირების მიღება კატეგორიულად იკრძალება.
– მაგრამ, ის ჩემი ძმაა და ისე ვენდობი, როგორც საკუთარ თავს, – მხურვალედ წარმოიძახა ბონომ.
კაპიტანმა გაუღიმა და ჟოზეფს მხარზე დაჰკრა ხელი.
– ბონო, გენდობი. იყოს შენი ძმა აქ ერთი დღით. შეგიძლია, სადილზეც დაპატიჟო. მოკლედ, მთავარია, სასწავლო სროლები და მანევრირება გეგმის მიხედვით ჩაატარო და სტუმარმა ამაში ხელი არ შეგიშალოს.
ჟოზეფმა მადლიერებით გაუღიმა კაპიტანს. ჟოზეფ ბონო ზორბა იყო, მაღალი და დაკუნთული. თეოდორი პირიქით – სუსტი, თუმცა წარმოსადეგი, დახვეწილი ნაკვთებითა და კეთილშობილური მანერებით. ის განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე დაჰყვებოდა ძმას უკან და თითქოს არანაირ ინტერესს არ იჩენდა ჟოზეფის მონაყოლის მიმართ. ჟოზეფი კი აღფრთოვანებით უყვებოდა, როგორ იყო ფორტი დაცული და აღჭურვილი იმ შემთხვევისთვის, თუკი თავდასხმა ჰაერიდან ან ზღვიდან მოხდებოდა. თეოდორმა ინტერესი მხოლოდ ვეება საზენიტო დანადგარების მიმართ გამოიჩინა. ქვემეხის ლულაშიც კი ჩაიხედა და დაუსტვინა.
– ოჰო! ამაში ადამიანიც კი შეიძლება, დაიმალოს.
ჟოზეფს გაეცინა და ძმას მოეხვია.
– ჯერ ისევ ბავშვი ხარ. მაგ ლულაში ჩაძვრომა აზრად არასდროს მომსვლია. მით უმეტეს, ასეთი ჰაბიტუსით. აი, შენ კი ნამდვილად ჩაეტევი. დღეს აქ დარჩები. ხვალ კი, ერთი დღით დავეთხოვები და დედასთან ერთად წავიდეთ. ახლა, ცოტა ხნით დაგტოვებ. ბიჭებს სასროლი მასალის გადაზიდვაში უნდა დავეხმარო.
ბონო იარაღის საწყობში ჩავიდა. ბიჭები ჭურვებს აწყობდნენ.
– ის ბიჭი მართლა შენი ძმაა, ბონო?
– ჰო, უმხროსი ძმა. ისეთი ნასწავლია... ოთხ ენაზე ლაპარაკობს, რამდენიმე უნივერსიტეტი დაამთავრა. ძალიან ჭკვიანია. მე მასთან სად მოვალ?!
– იცი, რა, ბონო... ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ. შენ კი წადი ძმასთან... ჰო, წადი, ის ხომ შენი სტუმარია.
ჟოზეფ ბონოს სახე გაუბრწყინდა. თანამებრძოლებს მადლობა გადაუხადა და ძმასთან გაიქცა. როცა ბასტიონზე შევიდა, სადაც თეოდორი დატოვა, მისი ძმა ბლოკნოტში გამალებით იწერდა რაღაცას. ჟოზეფი განცვიფრებისგან გაშეშდა.
– რას აკეთებ, თეოდორ? ხელში რა გიჭირავს? ეგ რა ჩანაწერებია. საცეცხლე წერტილების განლაგება? მე კი მეგონა, არ გაინტერესებდა და არ მისმენდი. ღმერთო, თეოდორ, შენ ჯაშუში ხარ?!
თეოდორმა ძმას შეხედა. მის თვალებში ცინიზმთან ერთად, სიამაყეც იკითხებოდა, ხმა მშვიდი და თანაბარი ჰქონდა.
– მომისმინე, ჟოზეფ. მე გერმანიის არმიის ოფიცერი ვარ. საიდუმლო სამსახურის ოფიცერი და დიდი ჩინიც მაქვს. რა გიკვირს? გერმანელი ვარ და ვამაყობ ამით. გირჩევ, გაიხსენო, რომ შენს ძარღვებშიც არის გერმანული სისხლი. გირჩევ, ჩვენს მხარეს გადმოხვიდე და გააკეთო ის, რასაც მე ვაკეთებ. გიშუამდგომლებ და ჩინს ეგრევე მიიღებ, ხელფასიც გაცილებით მეტი გექნება.
ჟოზეფს თვალები ცრემლებით აევსო.
– თუ უარს ვიტყვი, თეოდორ... ჰო, რა იქნება მაშინ?
– თუ უარს იტყვი?.. ჟოზეფ, შენ ჩემი ძმა ხარ, მიყვარხარ, მაგრამ მე დავალებაზე ვარ, – თეოდორმა პიჯაკის შიდა ჯიბიდან პატარა პისტოლეტი ამოიღო.
ჟოზეფი მიხვდა, რომ მის წინ ახლა მტერი იდგა, იმ ქვეყნის ჭეშმარიტი შვილი, რომელსაც მისი ქვეყანა ეომებოდა. ბევრი აღარ უფიქრია, უფრო ინსტინქტის კარნახით მოქმედებდა. თეოდორს მივარდა, პისტოლეტი გააგდებინა და ქვემეხის ლულაში ჩატენა. ძმა ყვიროდა და წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ მისი ძლიერი მკლავებიდან დასხლტომა ვერ შეძლო. ჟოზეფმა მოკლე ჭურვი აიღო, ქვემეხში ჩატენა და სამიზნე გაასწორა.
გამაყრუებელმა გრუხუნმა ფორტი შეაზანზარა. კაპიტანი გაოგნებული დასცქეროდა გახეთქილ ქვემეხს და ჟოზეფის დასისხლიანებულ სხეულს. ვერაფრით აეხსნა მომხდარი და ის, თუ რას შეეძლო გაეხეთქა ქვემეხი, ან საერთოდ, რატომ გამოიყენა ბონომ საზენიტო დანადგარი.
скачать dle 11.3