კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 აპირებდა თუ არა სტალინი მესამე მსოფლიო ომის დაწყებას

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


  მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული საბჭოთა კავშირი ნანგრევებში იწვა და დასავლეთი მიიჩნევდა, რომ მათი დახმარების გარეშე, ეს უზარმაზარი ქვეყანა მალე სულს დალევდა, სტალინმა არა მარტო ფეხზე წამოაყენა, არამედ ისე გააძლიერა, ამერიკის შეერთებულ შტატებს შიშის ზარს სცემდა, მათ პრეზიდენტს კი, მესამე მსოფლიო ომი ელანდებოდა... ისტორიკოსი ანატოლი ხარიტონოვი წერს: „ჰიტლერული გერმანიის დამარცხების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს ლოგიკური გათვლები ჰქონდათ და მათი მთავრობები დარწმუნებულები იყვნენ, რომ „რუსულ დათვს“ საბოლოოდ მოათვინიერებდნენ. თუმცა, მათი არცერთი მოლოდინი არ გამართლდა.
ამერიკის შეერთებული შტატები-ბრიტანეთი მიიჩნევდნენ, რომ მართალია, საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომში გაიმარჯვა, მაგრამ ისე დაინგრა, რომ მის აღდგენას, მინიმუმ, სამი მეოთხედი საუკუნე (75 წელი) დასჭირდებოდა, თანაც მათი (ამერიკის შეერთებული შტატები-ბრიტანეთი) დახმარებით. ისინი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოუჩენდნენ ასეთ დახმარებას სტალინს, თუკი საბჭოთა ბელადი იდეოლოგიურ დათმობებზე წავიდოდა – დათმობდა ზოგიერთ ტერიტორიას და რაც მთავარი იყო, საშუალებას მისცემდა მათ, რომ დასავლურ კომპანიებს ციმბირის უშრეტი რესურსებით ესარგებლათ. პირველი იმედგაცრუება ანგლოსაქსებმა პოდსტამის კონფერენციაზე მიიღეს. მაშინ სტალინმა არა მარტო არაფერი დაუთმო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჰარი ტრუმენსა და ბრიტანეთის პრემიერებს, ჯერ უინსტონ ჩერჩილს, შემდგომ კი – კლემენტ ეტლს, არამედ მათ პოლიტიკური დიპლომატიის მასტერ-კლასიც ჩაუტარა. უკვე პენსიაზე მყოფი, საკმაოდ მოხუცი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი თავის მემუარებში წერდა: „პოდსტამში დიდი მოლოდინებით ჩავედი და დარწმუნებული ვიყავი, რომ სტალინს დათმობებზე წამოვიყვანდი. ჩემი მთავარი კოზირი, რა თქმა უნდა, ატომური ბომბი იყო, რომელიც დღე-დღეზე უნდა გამოეცადათ. როცა დაშიფრული დეპეშა მივიღე პოდსტამში, რომელშიც ეწერა: „ჩვილი იშვაო“, რაც იმას ნიშნავდა – ატომური ბომბის გამოცდამ წარმატებით ჩაიარაო, საკუთარი თავი მსოფლიოს მმართველი მეგონა. პირველად, ეს ინფორმაცია უინსტონ ჩერჩილს გავანდე და ვუთხარი: ახლა სტალინი მუშტში გვყავს მოქცეული-მეთქი. ჩერჩილს გაეცინა, თავი გააქნია და მიპასუხა:
– ვშიშობ, სერ, რომ ცდებით. თქვენ, უბრალოდ, სტალინს არ იცნობთ. ის კერკეტი კაკალია და ასე იოლად, არაფერს დაათმობინებთო.
სიმართლეს ვიტყვი და იმ მომენტში ვიფიქრე – ჩერჩილი ან დაბერდა და რეალობასაა მოწყვეტილი, ან ანალიზის უნარი დაკარგა-მეთქი და ვუთხარი:
– სერ, როგორც ვიცი, სტალინი პრაგმატიკოსია.
– დიახ, – მიპასუხა ჩერჩილმა.
– ჰოდა, არ უნდა გაუჭირდეს იმისი გაანალიზება, თუ რა მრისხანე იარაღს ვფლობთ და რა მოჰყვება მის გამოყენებას ვინმეს წინააღმდეგ. ამიტომ, ვფიქრობ, უფრო თვინიერი გახდება საბჭოელი ლიდერი.
– კეთილი. სცადეთ, – მითხრა ჩერჩილმა და ამით ეს დიალოგი დასრულდა.
როდესაც სტალინს ატომური იარაღის შესახებ შევატყობინე, ის ძალიან მშვიდად  შეხვდა ამ ამბავს და თავიდან გავიფიქრე, – ალბათ, ვერაფერს მიხვდა-მეთქი. თუმცა, შემდეგ დავრწმუნდი ჩერჩილის სიტყვების სისწორეში – სტალინს ვერ გავტეხავდი, რაც პოდსტამის კონფერენციაზეც დადასტურდა და მის შემდეგაც. ცოდვა გამხელილი ჯობია და პირდაპირ ვიტყვი, რომ საბჭოეთზე ატომური შეტევის რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა. თუმცა, სტალინს მილიონნახევრიანი არმია ეყენა ევროპაში და საკმარისი იყო, ჩვენ საბჭოეთისთვის დაგვერტყა, რუსები ბარბაროსებივით გათელავდნენ ბებერ კონტინენტსა და ბრიტანეთის კუნძულებსაც. ამიტომ, ეს ვარიანტი გადაიდო. ხოლო, როცა სტალინი ატომურ იარაღს დაეუფლა, უკვე – გამოირიცხა. მალე კი, თავად საბჭოეთი გახდა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დიდი საფრთხე, რადგან უდიდეს სამხედრო ძლიერებას ფლობდა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დედამიწა მესამე, სტალინისეული მსოფლიო ომისგან, საბჭოთა ბელადის მოულოდნელმა გარდაცვალებამ იხსნა...“
 თავის ცნობილ მემუარებში ამერიკის ექსპრეზიდენტი ვერ მალავს პანიკურ შიშს სტალინის მიმართ. თანაც, იმასაც აღიარებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირს განადგურებას უპირებდა იმის შიშით, რომ როგორც კი სტალინი ატომურ ბომბს დაეუფლებოდა, მაშინვე ამერიკის შეერთებულ შტატებს დაარტყამდა, მესამე მსოფლიო ომს გააჩაღებდა და ჰიტლერი მასთან მოგონილი იქნებოდა. ძნელი სათქმელია, თუ რას იზამდა სტალინი, 1953 წლის ბოლომდე რომ ეცოცხლა. მაგრამ, ის ხომ ფაქტია, რომ საბჭოთა ბელადს მესამე მსოფლიო ომი ნამდვილად არ დაუწყია. თუმცა, ტრუმენის გაგება მაინც შეიძლება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დასკვნა „ცეერუს“ ინფორმაციებზე კეთდებოდა. ტრუმენმა რომ გააანალიზა, თუ რა გაცხოველებულად მიმდინარეობდა საბჭოეთში საიდუმლო-სამხედრო ინფრასტრუქტურის გამართვა, იფიქრა, სტალინი მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადებაო.
საგულისხმო ფაქტია, რომ, როდესაც სტალინმა ატომური ბომბის კეთება დაავალა ლავრენტი ბერიას და საიდუმლო სპეცკომიტეტი შექმნა, საბჭოთა კავშირის ბიუჯეტის მხოლოდ 30 პროცენტი დასჭირდა ამას და ეს ამერიკულმა დაზვერვამაც კარგად იცოდა. ანუ, „ცეერუს“ ინფორმაცია ჰქონდა, რომ სტალინი რაღაც სამხედრო იარაღში ბიუჯეტის 30 პროცენტს დებდა და ყველა გამოთვლით, ეს ამერიკის სახელმწიფოს დიდ საფრთხეს არ უქმნიდა. მაგრამ, როცა სამხედრო ბიუჯეტში 1949-1950 წლებში საერთო ბიუჯეტიდან 70 პროცენტი შევიდა, ამერიკელები სწორედ ამან შეაშფოთა. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „პოლიტბიუროს საგანგებო სხდომაზე, 1948 წლის დეკემბრის შუაში ქვეყნის ბიუჯეტს ვიხილავდით და სწორედ იქ თქვა სტალინმა, რომ სამოცდაათი პროცენტი სამხედროებს უნდა მივცეთო. მანვე წარმოადგინა გრანდიოზული სამოქალაქო-საიდუმლო ობიექტების სქემა, აგრეთვე ატომური და წყალბადის ბომბებით აღჭურვილი გასაშვები მოედნების მაკეტები. სხვათა შორის, იმ დროს ჩვენ ჯერ ატომური ბომბიც არ გვქონდა და სტალინი უკვე მათ გასაშვებ მოედნებზე ზრუნავდა. ამ სხდომას პოლიტბიუროს წევრთა მხოლოდ მესამედი ესწრებოდა, რადგან იქ განსახილველი თემა ზესაიდუმლო გახლდათ და სტალინი ყველას არ ანდობდა მას...“
ძნელი სათქმელია, სტალინი მართლა აპირებდა თუ არა თერმობირთვული ომის გაჩაღებას იდეოლოგიური მტრების წინააღმდეგ და მათ ატომურ ჯოჯოხეთში გახვევას, ალბათ – არა. თუმცა ფაქტია, რომ მთელი საბჭოეთი ერთიან სამხედრო-პოლიტიკურ-სამრეწველო ციხესიმაგრედ გადაიქცა და 1953 წლისთვის, უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებზე მეტი ატომური ბომბი ჰქონდა. მიტანის საშუალებებითაც ჯობდა მას და წყალბადის ბომბიც გამოცდის პირას იყო. ერთი სიტყვით, იმ პერიოდში სტალინი ყველა კომპონენტით მზად იყო „ჯოჯოხეთური ომისთვის“. ამას ისიც დაერთო, რომ მოლოტოვი ღიად დაადანაშაულა ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთისადმი ლოიალურობაში. საგარეო საქმეთა მინისტრობიდან მოხსნა, უახლოესი გარემოცვიდან განდევნა და რომ იტყვიან, წყალი შეუყენა. თუმცა, არც მოლოტოვი დაუხვრეტავს და არც მესამე მსოფლიო ომი დაუწყია. ამ კითხვას ყველაზე კარგად ბრიტანეთის ექსპრემიერი ჩერჩილი სცემს პასუხს, რომელიც თავის მემუარებში წერს: „მე კარგად ვუწყოდი ჰარი ტრუმენის პანიკური შიშის შესახებ, რომ თითქოს სტალინი მესამე მსოფლიო ომის დაწყებას გეგმავდა და დედამიწის ჯოჯოხეთურ ცეცხლში გახვევას აპირებდა. ჩემს ამერიკელ კოლეგას არაერთხელ ვურჩიე, ეს აზრები თავიდან მოეშორებინა, რადგან ვიცოდი, სტალინი, მართალია, ჩვენი იდეოლოგიური მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ არა – კაცთმოძულე. მას იმის ყველა ძალა შესწევდა, რომ მსოფლიო ჯოჯოხეთურ ცეცხლში გაეხვია, მაგრამ არ გააკეთა...“
 ჩერჩილზე კომპეტენტურად სტალინის შეფასებას, ალბათ, ბევრი ვერ შეძლებს და აშკარაა, რომ სტალინი ნამდვილად არ აპირებდა დედამიწაზე აპოკალიფსის მოწყობას, თუმცა კი – შეეძლო.“
скачать dle 11.3