კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როგორ გამოვიყენოთ სამკურნალოდ ალისფერი სათითურა

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე



 ალისფერ სათითურას მედიცინაში სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებენ. ამ დანიშნულებით ვარგისია მისი ფოთლები, რომელსაც აშრობენ, შეგროვებისთანავე მზისგან დაცულ ადგილას, ან საშრობებში 60-70 გრადუსზე. მისი ფოთლები შეიცავს საგულე გლიკოზიდებს, კერძოდ, კარდენოლიდებს: A პურპურეაგლიკოზიდს, B პურპურეაგლიკოზიდს და გლუკოგიტალოქსინს.
ყვავილობს ივნის-ივლისში, ნაყოფები მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში. აჭარაში დიდი ხანია, გაველურებულია. იზრდება ზღვისპირა დაბლობებსა და ფერდობებზე. გავრცელებულია ბოტანიკურ ბაღში, ჩაქვში, ციხისძირში, ქობულეთში.
 ფოთლებისგან მიღებული პრეპარატები მედიცინაში გამოიყენება, როგორც გულის კუნთისა და სისხლძარღვების მოქმედების მარეგულირებელი საშუალებები არითმიისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს. კერძოდ, აძლიერებს სისტოლას და აღრმავებს დიასტოლას. ანელებს გულის კუნთის მუშაობას, მაგრამ გლიკოზიდის ხანგრძლივი მიღება არ შეიძლება, რადგან ორგანიზმში გროვდება და იწვევს მოწამვლას. ამიტომ, საჭიროა პრეპარატის შეცვლა მორიგეობით სხვა პრეპარატებით, რომლებიც ნაკლებ ტოქსიკურია. მცენარისგან მზადდება პრეპარატები: მშრალი ექსტრაქტი, დიგიტოქსინ გიტალენი, დიგიპურენი და კორდიგიტი. ოჯახურ პირობებში შეიძლება, მოვამზადოთ ნაყენი, რისთვისაც 1 გრამ გამშრალ და დაქუცმაცებულ ფოთლებს უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩეროთ 3 საათის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში.
როგორ ვიმკურნალოთ
სატაცურით

სატაცური მდიდარია სამკურნალო თვისებებით. მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, ის განსაკუთრებით სასარგებლოა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის. სატაცური ეფექტურია სხვადასხვა ორგანოს კიბოს პრევენციისთვის, ასევე, ებრძვის ცელულიტებს. მის შემადგენლობაში შედის ძალიან სასარგებლო ნივთიერებები: კალიუმი და ასპარაგინის მჟავა, ასევე, სელენიუმი, რომელიც საკმაოდ იშვიათად გვხვდება ბოსტნეულ კულტურებში. სელენიუმის კიბოს საწინააღმდეგო მოქმედების უნარი დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ უშუალოდ სატაცურში ის უფრო მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან სელენიუმის გარდა, სატაცური შეიცავს C ვიტამინს და კაროტინს.
სატაცურის მიღება მნიშვნელოვნად სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ არ შეიცავს ცხიმებს და ქოლესტერინს, რაც გულსისხლძარღვთა სისტემის დამატებით დატვირთვას გამორიცხავს. სამაგიეროდ, სატაცური შეიცავს უამრავ ვიტამინს. ვიტამინების გარდა სატაცური შეიცავს რკინას, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს და სხვა სასარგებლო მინერალებს.
სატაცურის ფესვების ნახარშს სვამენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ნახარში აძლიერებს გულსისხლძარღვთა სისტემას, აქვს სამკურნალო ეფექტი, შარდმდენი სისტემის დაავადებების წინააღმდეგ და ასევე, ეფექტურია ართრიტის, შაქრიანი დიაბეტის, რევმატიზმისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ.
კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებაა სატაცურის ფესვების ნახარში. 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი და 15 წუთს ადუღეთ. 45 წუთი დააყენეთ და გადაწურეთ, შემდეგ ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე აავსეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ. ნახარში იმავე დოზით მიიღეთ სასიცოცხლო ტონუსის მოსამატებლად.
სატაცურის წვენი ეფექტური საშუალებაა მეჭეჭებისა და ცელულიტის წინააღმდეგ.
სატაცური მიეკუთვნება ბოსტნეულ კულტურათა იმ იშვიათ ჯგუფს, რომელთაც არ აღენიშნებათ უკუჩვენებები. თუმცა, მისი პირველად მოხმარებისას, საჭიროა სიფრთხილე, რადგან შესაძლებელია, ორგანიზმმა გამოავლინოს ინდივიდუალური შეუთავსებლობა ამ პროდუქტთან.
სატაცურის ფესვისა და ყლორტების ნახარში კარგია არითმიისა და გულისმიერი შეშუპების მოსახსნელად. 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, 30 წუთი ადუღეთ წყლის აბაზანაში, გადაწურეთ და ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე აავსეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა ან ცოტა ნაკლები, დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
სატაცურს იყენებენ პროსტატიტის სამკურნალოდ, რადგან მისი მოქმედება დადებითად აისახება შარდმდენი სისტემის ფუნქციონირებაზე. სატაცური აძლიერებს ვენებს, კაპილარებს და არტერიებს მთელ ორგანიზმში, ასევე, სასარგებლოა მათთვის, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს.
 სატაცური სასარგებლოა ყველასთვის, ვინც ებრძვის ჭარბ წონას, რადგან დაბალკალორიულია და ამავე დროს, შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმს დიეტის დაცვის დროს წარმოქმნილი სტრესული მდგომარეობის დაძლევაში ეხმარება. სამი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად, ნახევარი კილოგრამი სატაცურის მოხმარების შედეგად, ადამიანი წონაში სამ კილოგრამს იკლებს.  
შარდის ბუშტის ანთების ჩასაქრობად და თირკმლის ფუნქციის გასაძლიერებლად, რეკომენდებულია ფესვებისა და ყლორტების ნახარში: 1 სადილის კოვზ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ წყლის აბაზანაზე 30 წუთს. გადაწურეთ და აავსეთ წყლით საწყის ოდენობამდე. მიიღეთ ნახევარი ჭიქა ან ცოტა ნაკლები დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. ასეთივე დოზით ნახარში კარგია ორგანიზმიდან ქლორიდების, ფოსფატების, შარდმჟავას გამოსადევნად.

ადონისის პრეპარატები აძლიერებს და ანელებს გულის შეკუმშვას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას
ადონისი, იგივე ცხვირისატეხელა, მრავალწლოვანი ბალახია.  გამხმარი ბალახი გულის გლიკოზიდებს შეიცავს და მედიცინაში იყენებენ. მას ყვავილობის დასაწყისიდან თესლის ჩამოცვენამდე აგროვებენ. ბალახს მიწის ზედაპირიდან 7-10 სანტიმეტრ სიმაღლეზე ჭრიან. ინახავენ ერთი წლის განმავლობაში მშრალ შენობაში, სხვა მცენარეებისგან განცალკევებით. ადონისი კარგი საგულე საშუალებაა, შეიცავს, ასევე, შაქარსა და საპონინებს.
ადონისის პრეპარატები აძლიერებს და ანელებს გულის შეკუმშვას, ხსნის შეშუპებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ადონისი დადებითად მოქმედებს ართრიტის დროს.
ადონისის ზემოქმედებით გული უფრო ძლიერად და თანაბრად ძგერს, მეტია შარდის გამოყოფა და ფეხების შეშუპება ქრება. გარდა ამისა, ადონისი ეფექტურია კოკაინით გამოწვეული კრუნჩხვების დროს. ადონისის ნახარშის ან ნაყენის წინასწარ შეყვანა, თავიდან აგაცილებთ ლეტალურ შედეგს.
ადონისში აღმოჩენილია გლიკოზიდები, რაც კარგად მოქმედებს გულზე. ყველაზე მეტი რაოდენობის გლიკოზიდები აღმოჩენილია მიწისქვეშა ნაწილში. ბიოლოგიურად მცენარე განსაკუთრებით აქტიურია ყვავილობის ბოლოს და ნაყოფის დამწიფების დასაწყისში. ადონისის სამკურნალო პრეპარატებს უმთავრესად იყენებენ სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევის მსუბუქი ფორმების დროს. ეს პრეპარატები რეკომენდებულია, აგრეთვე, ვეგეტოსისხლძარღვების დისტონიის, ნევროზების დროს, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის დამამშვიდებელი საშუალება.
ადონისის პრეპარატების დანიშვნა არ არის რეკომენდებული იმ ავადმყოფებისთვის, რომელთაც აქვთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტები და ენტეროკოლიტები.

ქალური დაავადებების, გასტრიტისა და ბრონქიტის მკურნალობა

თავშავას ბალახი შეიცავს ეთეროვან ზეთებს, ფენოლებს, თიმოლს, გერანილაცეტატს, კარვაკროლს და სხვა არომატულ შენაერთებს, აგრეთვე, ცხიმოვან ზეთებს, ასკორბინის მჟავასა და მთრიმლავ ნივთიერებებს.
პრეპარატი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას და ტონუსს, ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას. ის საშვილოსნოს გლუვი მუსკულატურის შეკუმშვაზე ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას. თავშავას ბალახს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. რეკომენდებულია, როგორც ნაღველმდენი და ამოსახველებელი საშუალება.
ნაღველმდენი გზებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს, აიღეთ 1 ჩაის კოვზი თავშავა, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი, გააჩერეთ 1 საათით და გაწურეთ. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს ერთ დღე-ღამისა. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში 3-ჯერ.
მისი ნაყენი გამოიყენება გაცივების, ბრონქიტის, ყივანახველის, ხუთვის, ფილტვის ტუბერკულოზის, გასტრიტების, ნაწლავების ატონიის, ქალური დაავადებების, მტკივნეული მენსტრუაციის, რაქიტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და მაღალი სექსუალური აღგზნების დროს. მას იყენებენ, აგრეთვე, ყელში გამოსავლებად და აბაზანების მისაღებად. თავშავას ზეთს ან სპირტიან ნაყენს იწვეთებენ კბილის ღრუში ტკივილის დროს.
როგორც ცალკე, ასევე სხვა მცენარეებთან ან კომპლექსურ პრეპარატებთან ერთად, ინიშნება მადის გასაძლიერებლად, აგრეთვე, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. თავშავა ინიშნება მწვავე ქრონიკული ბრონქიტის დროს, როგორც ამოსახველებელი საშუალება, აგრეთვე, ანგინის, ქრონიკული ტონზილიტისა და გინგივიტების შემთხვევაში. ნაყენი რეკომენდებულია როგორც სედაციური და კრუნჩხვების სამკურნალო საშუალება. გამოიყენება, აგრეთვე, გარეგანად, კომპრესის სახით, კანის ჩირქოვანი დაავადებებისა და დიათეზის დროს. აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობების შემახორცებელი, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, დამაწყნარებელი თვისებები.
შეკრულობის, კუჭის სპაზმის ან უმადობის დროს ორი ჩაის კოვზ გამხმარ და დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ მარლაში და მიიღეთ მეოთხედი ჭიქა თბილი ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
სისხლძარღვების სპაზმის ან თავის ტკივილის დროს, ოთხ სადილის კოვზ თავშავას დაასხით ერთი ლიტრი ადუღებული წყალი. გააჩერეთ ერთი საათით, შემდეგ გადაწურეთ და ამ ნაყენით დაიბანეთ თავი, სახე. თავი თბილად შეიხვიეთ და ჩაწექით საწოლში.
ნევროზის ან უძილობის დროს ერთ სუფრის კოვზ ნედლეულს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. გააჩერეთ დაახლოებით, ერთი საათით, გადაწურეთ და დალიეთ სამი სადილის კოვზი ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე. კურსი ჩაიტარეთ ერთი თვის განმავლობაში და შემდეგ შედეგს დააკვირდით.
გაციების, გრიპისა და ხველების დროს, ორ ჩაის კოვზ თავშავას დაასხით ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი, გააჩერეთ ერთი საათით. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა თბილი ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე ოცი წუთით ადრე, გამოჯანმრთელებამდე.
თავშავას გამოყენება დაუშვებელია ორსულობის პერიოდში.скачать dle 11.3