კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რატომ აქვთ ქართველ ბავშვებს აზროვნების პრობლემა და რა როლი შეასრულა საშუალო ამერიკელის განათლების დაბალმა დონემ დონალდ ტრამპის არჩევაში

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


 სულ ბოლო საერთაშორისო კვლევით, რომელიც აგერ უკვე ათი წელია, ტარდება, 15 წლის ქართველმა მოზარდებმა წაკითხულის გააზრებაში 70 ქვეყანას შორის 62-ე ადგილი დაიკავეს. სანუგეშოდ საქმე მათ არც საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების ცოდნის მხრივ აქვთ და არა მხოლოდ ამ ასაკობრივ ჯგუფში (და, რაც ყველაზე სავალალოა, სტაბილურად ასეა ბოლო ათწლეულია). დაწყებითი კლასის მოსწავლეებსაც ანალოგიური პრობლემა აქვთ, რაც იმას მიანიშნებს, რომ პრობლემა არა მხოლოდ ქვეყნის განათლების სისტემაა, არამედ ოჯახური გარემოც. მეორე მხრივ, რაკი ჩვენს ქვეყანას განვითარებადის სტატუსი აქვს და ღარიბთა რიცხვს განვეკუთვნებით, მხოლოდ განათლებაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და გამდიდრების წინაპირობა, ზემოხსენებული მონაცემები კი ამ პერსპექტივას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის. იმას გარდა, რომ წაკითხულის გააზრების პრობლემა აშკარად შეინიშნება მშობლების თაობაშიც, ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად, შევეცდებით იმის გარკვევას, თუ რამ გამოიწვია აზროვნების ატროფირება ჩვენს მომავალ თაობაში.

–  რამდენად სანდოა ამ ტიპის კვლევები და ასახავს თუ არა ადეკვატურად რეალობას?
– ეს გამოკვლევები საერთაშორისოა, ანუ არ არის საქართველოს შიდა კვლევა. შესაბამისად, მეთოდიკებიც და შედარების საფუძველიც, ასევე, საერთაშორისო დონეზე მზადდება და ჯამდება. კვლევის ამოცანაა, გამოიკვეთოს, ზოგადად, მსოფლიოში განათლების მიმართულებით არსებული პრობლემები.
– რა შეიძლება, ვთქვათ, მიზეზებზე? ეს არის მხოლოდ განათლების სისტემის ხარვეზი თუ სხვაცაა? მაგალითად, ის, რომ განათლება აღარ არის ის საშუალება, რომელსაც მივყავართ მიზნისკენ. ამის გაკეთება გაუნათლებლადაც შეიძლება? თუ რამ ჩამოგვალაბორანტა ასე?
– ჩამოლაბორანტებაზე მაშინ ვილაპარაკებთ, თუ ლაბორანტზე მაღალი სტატუსი გვქონდა, ხოლო, რადგან არ ვიცი, რა შედეგი იყო კვლევებამდე, ამიტომ რთული სათქმელია, ჩამოვლაბორანტდით თუ სულ ყოველთვის ჩამოლაბორანტებულები ვიყავით. ეჭვი მაქვს, რომ არც ადრე ვყოფილვართ საშუალო დონეზე მაღლა, თუმცა ვვარაუდობ, უფრო მაღლა, ვიდრე დღეს.
– თუ საშუალო დონე ადრეც დღევანდელის მსგავსი იყო, განათლების მხრივ, მაშინ როგორ შეიქმნა ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ფიზიოლოგიის, მათემატიკის ქართული სკოლები? საიდან იღებდა საფუძველს სამეცნიერო მიღწევები? ყველაფერი ნაყიდი იყო?
– არა, საშუალო დონე სხვაა და ინტელექტუალური ელიტის დონე –  კიდევ სხვა მოვლენა. რუსთაველის ეპოქაში ყველა რუსთაველისნაირად განათლებული ხომ არ იყო?! ილიასა და ვაჟას ეპოქის გაზეთებს რომ დახედოთ, გული შეგიწუხდებათ, ისეთ რამეებზე წერენ და ისეთი ქართულით. მეორე მხრივ, ამ საშუალო დონის მიუხედავადაც, დღეს ქვეყანაში არიან სწავლაში წარმატებული ბავშვები, რომლებიც გამარჯვებულები ბრუნდებიან საერთაშორისო ოლიმპიადებიდან. მაგრამ საშუალო დონე სულ სხვა მოვლენაა.
– მაგრამ, მეორე მხრივ, რუსთაველი რაკი ახსენეთ, გენიოსი ცარიელ ადგილას ხომ არ ჩნდება? რუსთაველის ეპოქაში ხელოვანებისა და მეცნიერთა მთელი პლეადა იყო, რაც აისახა კიდეც მის პოემაში, უბრალოდ მან გადაფარა ისინი და სანამ გურამიშვილი არ მოვიდა ქართულ პოეზიაში, ვერ დაიძლია შოთას გავლენა. ცარიელ ნიადაგზე ვერც ილია დაიბადებოდა და ვერც ვაჟა.
– ცხადია. რა თქმა უნდა, ეპოქა წამოიწევს ხოლმე და შემდეგ ამ ეპოქის მხრებზე დგება გენიოსი ერთი თავით მაღლა, თორემ თუ ცარიელ ადგილზე დადგება გენიოსი, მას ის სიმაღლე აღარ ექნება, რომელიც გენიოსად შეგვაფასებინებს. არ მინდა, რომ ეს ორი პარამეტრი: ინდივიდუალური და სოციალური ერთ კატეგორიაში გავიყვანო, იმიტომ რომ, უდავოდ, რუსთაველის ეპოქასაც ჰყავდა პლეადა, რომელმაც წარმოშვა რუსთაველი. მაგრამ ეს მაინც არისტოკრატული პლეადა იყო და არა საერთო-სახალხო განათლების დონე. ეს სულ სხვა პარამეტრია: შეიძლება, დიდი ჩავარდნა გქონდეს საერთო-სახალხო დონეში, მაგრამ გყავდეს გენიოსი. მაგალითისთვის შეგახსენებთ მეცხრამეტე საუკუნის რუსეთს.
– მეცხრამეტე საუკუნემდე არავინ ჰყოლიათ საერთოდ.
– იმხანად მთელი რუსეთის საერთო განათლება, ალბათ, ძალიან დაბალი იყო, მაგრამ ამან ვერ შეუშალა ხელი, მომზადებულიყო ძალიან მაღალი დონის ინტელექტუალური ელიტა: სამეცნიერო, მხატვრული, ლიტერატურული… ანუ ეს ორი სხვადასხვა რამაა. რა თქმა უნდა, ქვეყანას სჭირდება, რაც შეიძლება, მაღალი იყოს სწორედ საერთო დონე. იმიტომაც, რომ, როგორც თქვით, ამ მაღალმა დონემ უნდა წარმოშვას კიდევ უფრო მაღალი დონე. ისევ თქვენ დაგესესხებით, პრესტიჟული უნდა იყოს განათლება, რადგან, თუ მთლიან საზოგადოებაში დაბალია განათლების დონე, ასეთ საზოგადოებაში განათლება არ იქნება პრესტიჟული. ასეთი საზოგადოება ყოველთვის ეცდება, გაამართლოს თავისი გაუნათლებლობა, თუმცა განათლების პრესტიჟულობა მომავალში გახდება სტიმული იმისა, რომ მივიღოთ ახალ-ახალი სახელები. ამასაც რომ თავი დავანებოთ, დემოკრატია ერთ-ერთი ცუდი წყობაა, იმ თვალსაზრისით, რომ ის დამოკიდებულია საზოგადოების მთლიან ინტელექტზე, მთლიან გემოვნებაზე, მთლიან პოლიტიკურ კულტურაზე.
– ანუ იმ საშუალო დონეზე, რომელიც შეიძლება, ძალიან დაბალი იყოს.
– თუ ძალიან დაბალი დონისაა, მაშინ ვიღებთ იმას, რაც მივიღეთ ამერიკაში, როდესაც უარყვეს კლინტონი და აირჩიეს ტრამპი. იქ პოლიტიკურმა ელიტამ დიდი ხნით ჩაიგდო ხელში ამერიკის ცხოვრება და მართა ხალხი თავის ჭკუაზე, ხოლო გაბრაზებულმა ხალხმა შემდეგ ტრამპი აირჩია. ძნელი სათქმელია, რომ ტრამპის არჩევა ჭკვიანური საქციელია, მაგრამ იქ, სადაც საზოგადოებას არ ჰყოფნის პოლიტიკური კულტურა, ის ერთი უკიდურესობიდან მეორეში ინაცვლებს. ეს პოლიტიკური კულტურა კი ინტელექტისა და განათლების გარეშე  არ მიიღება. ჩვენ კიდევ უფრო დაბალი დონის განათლება გვაქვს მომავალ თაობაში გამზადებული, ვიდრე ამერიკაშია და ქვეყნის ბედ-იღბალი იქნება დამოკიდებული იმ ადამიანების არჩევანზე, რომელთა განათლების დონე ამერიკელების განათლების დონეზე დაბალია.
– ამიტომაა სავალალო წაკითხულის გააზრებაში ასეთი დაბალი მაჩვენებელი, აზროვნების ადეკვატურობა დგება ეჭვქვეშ. ესე იგი, არაადეკვატურად აღიქვამს წაკითხულსა თუ მოსმენილს. რომელი უნარის დაკნინების ხარჯზე ხდება წაკითხულის არაადეკვატური გააზრება?
– ერთ-ერთი მთავარი უნარია აზროვნება, მაგრამ აზროვნება არის ამ არქიტექტურის დამამთავრებელი გვირგვინი, თორემ ამ ფსიქიკურ ქსოვილში ჩართულია მეხსიერება, აღქმა და რაც მთავარია, ყურადღება. ეჭვი მაქვს, რომ ჩვენს ახალგაზრდობას ყურადღების კონცენტრაცია აქვს დაქვეითებული და  იმიტომაა ეს შედეგი.
– ოპტიმისტური შეფასება არ არის? ყურადღების კონცენტრაციის დასწავლა ხომ შესაძლებელია?
– ყურადღების დეფიციტი ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის. მათ არ შეუძლიათ ერთ რამეზე ყურადღების კონცენტრირება და ეს არ არის მარტო ჩვენი პრობლემა.
– ეპოქის მახასიათებელია?
– ცხოვრების სტილის, ეპოქის, ბევრ რამეს შეიძლება, დავაბრალოთ. მე მგონი, ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ თვითონ ოჯახებში მოიშალა მუშაობის კულტურა, რაც ადრე იყო, დაჯექი, იმეცადინე და როდესაც, მეორე მხრივ, თავად მშობელიც იჯდა და მუშაობდა. ძალიან ბევრ რამეს ბავშვი იგებს მიბაძვით და არა –  მენტორული მითითებით. ეს კულტურა ზოგადად ბევრგან მოიშალა და ძირითადად, იმიტომ რომ, მშობლები არ ერთვებიან აღზრდაში. ორივე მუშაობს ან ორივე ერთობა, თუ არ მუშაობს. ანუ ბავშვების მიმართ ყურადღება შემცირდა და აღზრდის სტანდარტებიც ნულოვანი ან მორყეულია. ბავშვისადმი დამოკიდებულება ასეთია: უნდა ავუსრულოთ სურვილები. თუ თამაში უნდა, უნდა ითამაშოს ან უნდა ვამუშაოთ 24 საათს. ეს ორი უკიდურესობაა და დაჰყავთ იმდენ წრეზე, რომ ბავშვს არაფრის თავი არ აქვს. ეს ცალკეული ბავშვების ბედია მხოლოდ, მაგრამ მთლიანობაში მაინც მგონია, რომ ბავშვის ინტელექტუალურსა და ფსიქოლოგიურ განვითარებას ნაკლები დრო ეთმობა, ვიდრე ეთმობოდა, თუნდაც, საბჭოთა დროს.
– ანალოგიურად სავალალოა დაწყებითი კლასების მოსწავლეების მაჩვენებლებიც. ამაში განათლების სისტემას ვერ დავადანაშაულებთ, ეს უკვე ოჯახის გავლენაა. ძირითადად, ბრალს დებენ განათლების სისტემას, მაგრამ ოჯახი რა დატვირთვის ფაქტორია ბავშვის განათლების პროცესში?
– ადამიანი ძალიან ჰგავს ყველა ცოცხალ არსებას, მცენარესაც კი. ტანის პირველი ამოყრა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კლიმატია, რა პირობებია, რა ნიადაგია… შემდეგ ამას ემატება და ემატება გარე შრეები, თორემ ის შიდა შრე, საიდანაც დაიწყო მცენარემ არსებობა, სულ თან ახლავს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ასეა სულიერი ცხოვრებაც: რაც პირველ საფეხურზე ჩამოყალიბდება, პირველი ტირილიდანაც არა, მუცლად ყოფნის პერიოდიდან მოყოლებული –  ოთხი თვის ნაყოფი უკვე იღებს ინფორმაციას, გენეტიკას რომ თავი დავანებოთ. შემდეგ იმას ემატება უკვე ყველაფერი დანარჩენი, რასაც დაბადების მერე ოჯახი ჩადებს ბავშვში. შემდეგ სასკოლო გარემოა დღეში 4-5 საათი, შემდეგ თანატოლების გავლენა, ქვეყნისა თუ მსოფლიოს მაჯისცემის გავლენა და საბოლოოდ, ვიღებთ პიროვნებას. მაგრამ აი, ის თავდაპირველი საფუძველი მთელ მის ცხოვრებას მიჰყვება. თუკი იქ არის დაშვებული შეცდომა, დანარჩენი ფენებიც არასწორად დალაგდება. თუკი საფუძველი სწორადაა ჩაყრილი და დანარჩენ ფენებში იქნება დაშვებული შეცდომა, გაგრძელება იქნება მცდარი. ჩვენთან შეცდომები არის როგორც საოჯახო, ისე სასკოლო დონეზე და ეს გაცილებით მძიმე მოვლენაა. სატელევიზიო გამოკითხვები გვაჩვენებს, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ტრივიალურ კითხვებზეც კი არ აქვთ პასუხი, რაც საერთოდ არ აწუხებთ. აი, ეს გაუნათლებლობით შეუწუხებლობა გადადის მშობლიდან ბავშვზე. ორიოდ წელიწადში ის ახალგაზრდები გახდებიან მშობლები და რა ცოდნაც აქვთ, იმავეს გადასცემენ. ამდენად, მხოლოდ განათლების სისტემა არ არის საკმარისი, თუმცა მნიშვნელოვანია. უპირველესია, რომ კარგად იყოს ჩამოყალიბებული  საოჯახო სისტემა, რომელშიც იბადება ბავშვი და მთელ ცხოვრებას ატარებს. ჩვენ, რატომღაც, ბავშვის ჩამოუყალიბებლობას პირდაპირ სკოლას ვაბრალებთ და გვავიწყდება ისეთი მნიშვნელოვანი მხარე, როგორიც ოჯახია.
– ჩვენ გვაქვს ღარიბი ქვეყანა. გაუნათლებლობისა და სიღარიბის კორელაცია როგორია?
– ვიმეორებ, გაუნათლებლობა უფრო სამომავლოდ გვემუქრება, ვიდრე ამჟამად.
– იმიტომ ვიკითხე, რომ ეს გაუნათლებელი თაობები დაგვაძლევინებენ სიღარიბეს?

– საბჭოთა განათლების ინერციით, რაღაც თაობებში არის განათლების მაღალი დონე, ოღონდ არის თაობები, რომელთა განათლების დონე უბრალოდ გულს შეგიკუმშავს. არის უნივერსიტეტები, გაგიხარდება, ისეთი სტუდენტები არიან, მაგრამ არის უნივერსიტეტები, რომლებშიც სტუდენტების განათლების დონე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ხშირად მომყავს ეს მაგალითი: მიკითხავს, ვის აქვს წაკითხული „ბურატინო-მეთქი” და ოთხს აუწევია ხელი, რომელთაგან სამს მულტფილმი ჰქონდა ნანახი. ასევე, მიხსენებია ფრაზა „მეფე შიშველია,“ სტუდენტებზე უფრო მოზრდილთა აუდიტორიაში და უმუტესობისთვის შემიტყვია, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს. არადა, ჩვენი ახალგაზრდობის პერიოდში, თუმცა მეც რაღაც წრის ნაწილი ვიყავი და შესაძლოა, ეს იმ წრეს ახასიათებდა, ანდერსენის წაუკითხაობა გაუნათლებლობაზე მეტს ნიშნავდა. ამიტომ ვამბობ, რომ ნელ-ნლა მივდივართ იქითკენ, რომ ვკარგავთ განათლების იმ ხარისხსაც კი, რაც გვქონდა. ხან ყალბად და ხან რეალურად ქართველს მაინც მიაჩნდა, რომ განათლებულობა კარგია და წიგნს პრესტიჟულ მოვლენად აღიქვამდა: უნდა ჰქონოდა.
– თუმცა მე თქვენს პათოსს ვიზიარებ, მაგრამ სხვანაირად გკითხავთ: „ბურატინო“ თუ არ გაქვს წაკითხული, ეს ხელს შეგიშლის ადეკვატურ აზროვნებაში?
– სხვანაირად რომ ვთქვა, რა აქვს წაკითხული?! შეიძლება, ბევრ შემთხვევაში აღმოაჩინოთ, რომ ბავშვები უბრალოდ არაფერს არ კითხულობენ. ამიტომაც უჭირთ შემდეგ შინაარსის გაგება. კითხვა ხომ ჩვევაა?! და თან, რთული ჩვევა. რადგან საერთოდ არ იციან კითხვა, მათი ფსიქიკა არ არის აღჭურვილი ისეთი ჩვევებით, რასაც კითხვა გულისხმობს. ამიტომაც არ იციან კითხვა. ბევრისგან მომისმენია, არ მიყვარს კითხვა, მომიყევი, რა წერიაო. მოსმენისა და წაკითხვის დონე კი განსხვავებულია.
скачать dle 11.3