კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რატომ სჭირდებოდა ინგა გრიგოლიასთან მუშაობის დროს თვეში რამდენჯერმე სასწრაფოს გამოძახება მაია სტეფნაძეს და რატომ ეჭვიანობენ მის გამო გია ჯაჯანიძე და ნოე სულაბერიძე ერთმანეთზე

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


მისი სახელი არაერთ წარმატებულ, მაღალრეიტინგულ გადაცემასთან ასოცირდება. ამიტომაც უწოდებენ „პროდიუსერების დედას“. მან ზუსტად იცის, რა სახით, როგორი შეფუთვით მიაწოდოს მაყურებელს ესა თუ ის თემა. არასდროს ერიდება ექსპერიმენტებსა და გამოწვევებს. საოცრად ენერგიულია, გადამდები დადებითი ენერგიით, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მუშაობის პროცესში, საკმაოდ მკაცრია. ეს მაია სტეფნაძეა, ამჟამად მთავარი პროდიუსერი გადაცემებისა: „სხვა რაკურსით გია ჯაჯანიძესთან“ და „პრაიმ შოუ.“
მაია სტეფნაძე: გადაცემის პროდიუსერობა შემომთავაზეს ისეთ დროს, როცა უკვე არჩეული იყვნენ წამყვანები და პილოტიც გადაღებული იყო. ფორმატი ცოტა სხვანაირი იყო და მუშაობის პროცესში გადასხვაფერდა. არხის დირექტორმა, გოგა კალანდარიშვილმა, დიდი ნდობა გამომიცხადა იმის მიუხედავად, რომ რთული თოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი ვარ, მან ჩათვალა, რომ მეორესაც გავუძღვებოდი. რადგან არ მიყვარს ამბების გაფერადება, პირდაპირ გეტყვით: ეს იყო ჩემთვის დიდი გამოწვევა. ბევრი არც მიფიქრია იმაზე, რომ ეს რთული იქნებოდა. საკუთარი თავის იმედი მქონდა, უბრალოდ, დრო იყო ძალიან ცოტა, რადგან სამ კვირაში შევედით ეთერში. გზადაგზა ვაკეთებდით ყველაფერს. მადლობელი ვარ არხის დირექტორის, ასევე, ნოე სულაბერიძის, რომელმაც აგრეთვე, სრული ნდობა გამომიცხადა. მე სუბორდინაციულად ნოეს ვაყენებ ჩემზე მაღლა, რადგან ის არის გადაცემის იდეის ავტორი. მაგრამ, ის ბევრ რამეში მთავაზობს, მივიღო გადაწყვეტილება. ეს კი, მუშაობის მხრივ, ძალიან კომფორტულია და სწორედ ამის ხარჯზე ვასწრებთ ორივე გადაცემის გაკეთებას. ჯერჯერობით არ გაფუჭდა ჯაჯოს შოუ და არც გაფუჭდება.
– საუბარი იყო იმაზე, რომ შეიძლებოდა, გია ჯაჯანიძის შოუ დახურულიყო.

– როგორც ჩანს, იმდენად მოულოდნელი იყო საზოგადოებისთვის, რომ ერთი პროდიუსერი ორ ამხელა გადაცემას აკეთებს, დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, თითქოს ჯაჯოს შოუ იხურებოდა. ტელევიზიაში ჩემთვის არავის დაუყენებია საკითხი: ჯაჯანიძის შოუ არ გააკეთო და ნოეს შოუ გააკეთეო. მაგრამ იმ ხალხის გასაგონად, ვინც ელოდება, რომ „სხვა რაკურსი“ უნდა დაიხუროს, ეს არ მოხდება ჩემი ნებართვით. ხელმძღვანელობა თუ ჩათვლის ამას საჭიროდ, ეს უკვე მათი საქმეა და მე როგორ შემიძლია, მათ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა მოვახდინო?! მაგრამ მე, რომ დამიყენონ საკითხი: ან ჯაჯოს გადაცემა აკეთე, ან ნოესიო, მე ჯაჯოს ავირჩევ. სამი წლის განმავლობაში ბევრი ვიშრომე იმისთვის, შემეკრიბა ის გუნდი, რომელიც მყავს. მათ გარეშე ვერაფრით „გავქაჩავდით“ ვერც მე და ვერც ჯაჯო. ათას სკანდალს ვაკეთებდით მე და ჯაჯო, რომ გადაცემა მაყურებელს მიეღო. რომ მიიღო, მერე დავიწყეთ ისეთი თემების წამოწევა, რომლის გაკეთებაც ყოველთვის გვინდოდა. ძალიან ბევრს ვწვალობთ. პარიზიდან 4 დღეში 2 გადაცემის მასალა ჩამოვიტანეთ. ჯაჯო მეუბნება, სადისტი ხარო. მართლა ვხდები სადისტი: ერთ წუთს არ ვტოვებ დასასვენებლად. გადარბენებზე ვართ, რომ მაქსიმალურად ბევრი მასალა ავიღოთ და მერე, გადაცემაც კარგი გამოვიდეს. ეს ერთი მიმართულებაა და მეორე მიმართულება, რითაც მე და ჯაჯო ძალიან ვამაყობთ, ეს არის ალტერნატიული მეცნიერება, რამაც კარგი გამოხმაურება და რეიტინგი მოიტანა. პირველ გადაცემაში ბატონი პეტრე ქოჩაკიძე მონაწილეობდა, რომელიც სამწუხაროდ, გარდაიცვალა და მინდა, ხალხმა არ დაივიწყოს ეს ადამიანი. მან მოგვცა ეს სათაურიც – „საქართველოს მოპარული ისტორია“.
გია ჯაჯანიძე: ინტერვიუში მხოლოდ ის დატოვე, რასაც ჩემზე ლაპარაკობს, მეორე გადაცემაზე არაფერი დაწერო.
მაია: ნოეზე ეჭვიანობს და ამაზე ძალიან ვერთობი. ნოე ეჭვიანობს ჯაჯოს გადაცემაზე, ჯაჯო – ნოეს გადაცემაზე.
გია: თავისი შარმით „გვაბოლებს“ ორივეს.
მაია: ახლა სადაც ვართ, ეს არის „სხვა რაკურსის“ სამუშაო ოთახი. აქვე „შეარდებიან“ ნოეს ბავშვებიც. ჯაჯოს გადაცემა უკვე ჩვეულებრივი ტიტანიკია: მიდის, მიდის, მუშაობენ ბავშვები და მე ვარ ამ გადაცემაში დირიჟორი.
– ბევრისგან მსმენია, რომ მაია სტეფნაძე დღეს ერთ-ერთი საუკეთესო პროდიუსერია და „პროდიუსერების დედასაც“ გეძახიან.
– უი, ეს პირველად გავიგე.
– კი, ბევრი ამბობს ამას. პროფესიით ისტორიკოსი ხარ, ლექციებსაც კითხულობდი. ახლა წარმატებული პროდიუსერი ხარ. როგორ მოხვედი აქამდე?
– ისტორიკოსი ვარ, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. ლექციებს ვკითხულობდი. 1996 წელს საინფორმაციო სააგენტოში დავიწყე მუშაობა. მაშინ მეგონა, რომ ყველაფერი ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ მე მაქვს ცოტა სკანდალური ხასიათი. ყოველთვის სკანდალებს ვეძებ. იმ პატარა სააგენტომ, რომლის დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი იყო და დღესაც სულ მეუბნება: მე ვრჩები შენს დირექტორად მთელი ცხოვრებაო, ისეთი ამბები დაატრიალა, რომ შევარდნაძემ პირდაპირ გასცა ბრძანება, ეს სააგენტო უნდა დაიხუროსო. მე ვიყავი რედაქტორი, მე ვაძლევდი დავალებებს. ჩემი მთავარი პლუსი ის არის, რომ ყოველთვის ვეყრდნობი ახალგაზრდებს, რომლებსაც მაქსიმალურად ვაძლევ შანსს. იმ სააგენტოშიც ახალგაზრდა, დამწყები ჟურნალისტები ავიყვანე – ახალგაზრდული ენთუზიაზმი, ენერგია, ამბიცია დიდი წარმატების მომტანია. არ გამოდგება ერთი, გამოცვლი და მოვა სხვა – ასეთი რაღაცეები ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. ყველას ვაძლევ შანსს, მაგრამ, თუ ვერ შეძლებს, ერთი თვის თავზე ვემშვიდობები. ასე იყო ჯაჯოს გადაცემის შემთხვევაშიც. ეს თვისება, როგორც ჩანს, სტუდენტებთან მრავალწლიანმა ურთიერთობამ ჩამომიყალიბა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ გამომდის.
– ხშირად ამბობ, რომ ძალიან მკაცრი ხარ.
– საშინლად მკაცრი ვარ. ამას გეტყვის ყველა. ჩემთან მუშაობა ძალიან მძიმეა. თვით გია ჯაჯანიძესაც საშინელი 9 თვე ჰქონდა, მერე დავლაგდით. რაც უფრო მაღალი პასუხისმგებლობა გაქვს, მით მეტია მოთხოვნა. მაგრამ, ჩემი ბავშვები ვერასდროს იტყვიან, რომ მე რაღაც წარმატება მივიწერე და ისინი დავივიწყე. ჩემი თავი მგონია მერილ სტრიპის გმირი ფილმიდან – „ეშმაკი ატარებს პრადას.“  ვფიქრობ, იქით ხომ არ მივდივარ და ცოტა მეშინია.
– წლების წინ მუშაობდი ინგა გრიგოლიასთან. ამ პერიოდს როგორ გაიხსენებ?
– რატომ ვარ ასეთი მკაცრი სხვების მიმართ, გეტყვით, ახლა. „მოამბეში“ გავძელი 2 თვე და გავიქეცი – ჩემი არ გახდა საინფორმაციოში მუშაობა. შემდეგ თაკო ფხაკაძემ ინგა გრიგოლიასთან გამიწია რეკომენდაცია. ინგა ხომ არის სუპერპროფესიონალი – შოკური თერაპია გამიკეთა. პირველივე გადაცემა მომანდო. თვითონ გვიან მოვიდა ტელევიზიაში და მე, სრულიად გამოუცდელმა, დავახვედრე გამზადებული გადაცემა: პირველი, მეორე ბლოკი და მესამე სრულიად განსხვავებული ბლოკი. ამას ვაკეთებდი ყოველდღიურად და თვეში ორ-სამჯერ მოდიოდა სასწრაფო, რადგან გადაღლის, სტრესების გამო, გული ცუდად მიხდებოდა. გადავვარდებოდი ხოლმე და სასწრაფო მეუბნებოდა: შვილო, გადაღლილი ხარ, დაისვენე ცოტაო. მაგრამ, ამ ყველაფერმა ისეთი დიდი გამოცდილება მომცა, რომ ამათ ვერ დავუწყებ ფერებას. მე თუ ამ ყველაფერს ყოველდღე ვაკეთებდი, კვირაში ერთი დღე ნამდვილად უნდა გაუძლონ.
– ახლა აღარ გჭირდება სასწრაფოს გამოძახება?
– არა, რას ამბობ?! თუმცა, ნოეს გადაცემა რომ დამემატა, შინაგანი სტაბილურობა დამერღვა. ისე, ერთხელ კი მყავდა სასწრაფო და მაშინაც იგივე მითხრეს: გადაღლა. ჯაჯოსთან, მას შემდეგ, რაც ჩვენ შორის ურთიერთობა გაირკვა და  დალაგდა, ყველანი ვიყავით ჰარმონიულად, მშვიდად, ბედნიერად – მივდიოდით, მოვდიოდით, ჯაჯოს ხაიათზე გადავერთეთ. ახლა ეს გადაცემა რომ დამემატა, ზოგჯერ საკუთარ თავს ვეუბნები: მაია, რა გინდოდა, რა ბედნიერად ცხოვრობდი, რატომ აიჩემე ეს გადაცემა. საშინლად აზარტული ვარ და მოკლედ, ვერ ვისვენებ. მერე კი ვბრაზდები ხოლმე: რატომ ვერ შეიფერე ტკბილი ცხოვრება-მეთქი, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია.
– გამოწვევები ძალიან გიყვარს.
– ძალიან მიყვარს. ისიც გამოწვევა იყო: მყავდა დიდი შვილები და გავაჩინე მესამე. 26 წლის ვიყავი, დისერტაცია რომ დავიცავი. ჩემი შვილები რომ დაიძინებდნენ, ვჯდებოდი დასაწერად. ღამეებს ვათენებდი. არაადამიანურ ენერგიას ვდებ საქმეში, რაც სხვებს უკვირთ. ამას არ ვტრაბახობ, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასე ბევრი არ აკეთებს.
– ლიზის დაბადებამ, ალბათ, სულ შეცვალა შენი ცხოვრება. უფრო და უფრო გაკლდება ასაკი და უფრო ენერგიულად, ბედნიერად გამოიყურები.
– ის, რომ ვარ ასეთი ენერგიული, ამხელა გამოწვევების წინაშე ვდგები, არის ლიზის დამსახურება. ზოგჯერ უტაქტო კითხვით რომ მომმართავენ: ლიზი შენი შვილიშვილია? ბავშვი შოკში ვარდება, ძალიან ნერვიულობს. ერთადერთი, ვერ ვიკლებ წონაში და ამაზე ნერვები მეშლება. მაგრამ, ბუნებრივად მომდის და მომდის ეს ენერგია, რადგან მე ვარ 8 წლის შვილის დედა და რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წლის ვარ.
– ბებია გახდი ცოტა ხნის წინ.
– ბებიაც გავხდი. 6 თვის შვილიშვილი მყავს: მშვენიერი ელენა, როგორც „ტროაშია“. საბავშვო მაღაზიებს გვერდს ვერასდროს ვუვლიდი, ლიზისთვის ვყიდულობდი ყველაფერს და ახლა რომ შევდივარ, ლიზიც მავიწყდება და ელენასთვის ვყიდულობ ყველაფერს. ჩემმა შვილმა, თეომ, დიდი საყვედური მითხრა: მე სულ დაგავიწყდი, ყველაფერი ელენასთვის მოგაქვს, აღარ ვიცი, სად რა დავაწყო, ჩემთვის აღარაფერს ყიდულობო.
– ბებოს დაძახება არ უყვართ ხოლმე...
– არ არსებობს, მაია ბებო რომ დამიძახო, ჩემი მტერი გახდები. პირველივე დღეს ჩემმა შვილმა თეომაც გამომიცხადა: შენ რომ ელენას ბებო დაუძახო, გავგიჟდები, არ გიხდებაო. მეც არ მივმართავ ბებოთი. ასე რომ, მყავს ჩემი შვილის შვილი.
– ალბათ, ძალიან ნერვიულობდი, შვილიშვილი რომ იბადებოდა.
– ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ ამაშიც მანიაკი ვარ. ჩემს შვილებს პატარა გაკერვაც რომ დასჭირვებიათ, ექიმების პროტესტის მიუხედავად, ვიდექი საოპერაციოში და შვილის ხელი მეჭირა. იმ მომენტში არაფერი მახსოვს და რომ გამოვდივარ, მერე მეწყება ისტერიკა – ტირილ-ჯღავილი. საშინლად ემოციური ვარ. შვილები ძალიან მიფრთხილდებიან, თან იციან, რომ არ მითხრან, მერე ათმაგი რისხვა დაატყდებათ. ჩემი ცხოვრების ნომერ პირველი ბედნიერება ჩემი შვილებია. ნინოც და თეოც სრულფასოვან პიროვნებებად გაიზარდნენ. ლიზი პატარაა, მაგრამ ისიც სრულფასოვანია და საოცრად ხატავს. ზუსტად ვიცი, ლიზი მარაღანია ხატვის მიმართულებით დიდი სახელი და გვარი იქნება.

скачать dle 11.3