კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რის შესახებ ეკითხება ლელა მებურიშვილი აზრს აუცილებლად ქმარს და რატომ არ თანხმდება ის „ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობაზე

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

   
 
  მსახიობმა და ტელეწამყვანმა ლელა მებურიშვილმა ტელეკომპანია „იმედი,” არხზე მომხდარი რეორგანიზების შემდეგ, დატოვა. როგორც იცით, ის „დღის შოუს” თანაწამყვანი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში. თუმცა, ამის გამო არ წუწუნებს, რადგან იმედი აქვს, წინ უკეთესი პროექტები ელოდება და ამჟამად გადაწყვეტილების მიღების ეტაპზეა. ვნახოთ, სად და რა სახით მოგვევლინება უახლოეს მომავალში.
ლელა მებურიშვილი:
რეორგანიზების შემდეგ  „იმედზე” ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ეს ბუნებრივი პროცესია და რაც მთავარია, ჩემთვის ყოველი ცვლილება უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯია. თითქმის ორი წელი ვიყავი „დღის შოუში”. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და ჩემთვის ახალ და აქტუალურ თემებზე ვიმუშავე. ბავშვებისა და მშობლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცნობით, თვითონაც ბევრი რამ ვისწავლე და შევეცადე, მაყურებლისთვისაც გამეზიარებინა ჩემი ცოდნა. ეს გადაცემა კარგი, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი ცხოვრების გარკვეული ეტაპი იყო, რომელიც დასრულდა. ახლა კი ახალი ეტაპი იწყება. როცა რაღაც მთავრდება, არასდროს ვწუწუნებ, პირიქით, დასასრული ყოველთვის ახლის დაწყებას ნიშნავს. საბედნიეროდ, ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ჩნდება საინტერესო პროექტები და იმედი მაქვს, ამჯერადაც ახალ, მნიშვნელოვან სიახლეს მოვეჭიდები.
– ელოდი „იმედში” ასეთ ცვლილებებს?
– რამდენიმე თვით ადრე იყო საუბარი, რომ რეორგანიზება უნდა მომხდარიყო. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, რომ ეს წამყვანებსაც შეხებოდა. მე კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი დღე ვიყავი თანაწამყვანი და აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არც უცნაური ყოფილა და არც გასაკვირი. თავიდანვე ვიცოდით, რომ ფორმატი იცვლებოდა და ბოლო წამს არ გამიგია ამის შესახებ. ასე რომ, მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.
– გულის წყვეტის მომენტი არ ახლავს მაინც ამ პროცესს?
– რა თქმა უნდა. შეიძლება ნებისმიერ ადამანს ჰქონდეს შიში: ეს დამთავრდა და რა იქნება ამის შემდეგ? დისკომფორტს იწვევს ის ფაქტი, რომ არ იცი, რა იქნება მომავალში. მაგრამ, იმ წუთიდან, როცა გაიგეს, რომ ამ არხსა და პროექტზე აღარ ვმუშაობ, გაჩნდა ბევრი შემოთავაზება. ამიტომ, გულისწყვეტის დრო აღარ გრჩება და იმაზე იწყებ ფიქრს, რა შეიძლება, გააკეთო. როცა გადაცემაზე ყოველდღიურად მუშაობ და ეს შენი რუტინის განუყოფელ ნაწილად იქცევა, შეიძლება, იმდენად მიეჩვიო, რაც არ უნდა კარგი ცვლილება მოხდეს, მაინც ცუდად იმოქმედოს შენზე. მაგრამ, მე კვირაში ერთი დღე ვიყავი ამ გადაცემის თანაწამყვანი, ანუ თვეში ოთხი დღის განმავლობაში მივდიოდი ორი საათით, ვაკეთებდი ძალიან სასიამოვნო საქმეს და მოვდიოდი. ერთი დღე ბუნებრივია, მთელ ჩემს საქმიანობას არ მოიცავდა. პარალელურად, თეატრშიც ვმუშაობდი, სხვადასხვა გადაღებაც მქონდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ვიმეორებ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საქმე იყო ჩემთვის.
– რაც შეეხება ახალ შემოთავაზებებს – რა სახისაა, სად შეიძლება, გნახოთ ახლო მომავალში?
– ჯერჯერობით ამაზე ვერაფერს გეტყვით. გადაწყვეტილების მიღების მომენტში ვარ და არ ვიცი, საბოლოოდ, რას დავთანხმდები.
– როცა მსგავს გადაწყვეტილებას იღებ, მეუღლეს უთანხმებ ხოლმე?
– მე და ბაჩოს იმდენად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, რომ აუცილებლად ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას, მე ვიღებ, რადგან ვიცი, ჩემთვის რა არის უკეთესი და იმას ავირჩევ, რისი კეთებაც მსიამოვნებს. მაგრამ, რჩევა და აზრი ყოველთვის მაინტერესებს – მეგობრებისგან, ოჯახისა  და უპირველესად, მეუღლისგან. ასეა თვითონაც. იმიტომ რომ, ერთნი ვართ, ოჯახი გვაქვს და სხვანაირად წარმოუდგენელია.
–  მამაკაცები ხშირად ეჭვიანობენ მსახიობ მეუღლეზე...
– ჩემი მეუღლე, ვფიქრობ, იმით არის განსაკუთრებული, რომ ჩემი სანაცნობოსგან განსხვავებულად ფიქრობს (იცინის). მსახიობ ცოლზე მართლა ძალიან ბევრი ეჭვიანობს, მაგრამ ბაჩო აბსოლუტურად განსხვავებულად ფიქრობს. პირველი ფეხმძიმობის დროს და ალექსანდრეს გაჩენის შემდეგაც, ძალიან დაკავებული ვიყავი. გვიანობამდე მქონდა გადაღებები, ჩაწერები და ზოგჯერ ღამეც გამითენებია ამ პროცესში. მაგრამ, რომ დამიწუწუნია: ვაიმე, ძალიან დავიღალე და აღარ შემიძლია ასე გვიანობამდე მუშაობა-მეთქი, ბაჩო პირიქით, მამხნევებდა: აბა რა, ხომ არ გინდა, სახლში იჯდეო. წარმომიდგენია რა რთულია, როცა საოცრად ბევრს მუშაობ, ამ დროს კი, ქმარი გირეკავს და გეუბნება: სად ხარ, როდის მოხვალ? – შეიძლება, გაგიჟდე. ჩემი ქმარი პირიქით, აქეთ მამხნევებს და როცა ნაკლებად ვარ დატვირთული, მეუბნება: არ გინდა, კიდევ რამე მოძებნოო. როცა ახალ პროექტებს ვთანხმდები, ძალიან უხარია და მოსწონს, რომ დაკავებული ვარ. ამის გარეშე ძალიან რთული იქნებოდა. ჩვენი პროფესია ისედაც ხომ ძალიან სტრესულია და ამას კიდევ ეჭვიანი ქმარი რომ ემატებოდეს, საშინელება იქნებოდა (იცინის). ეს მართლა იშვიათი გამონაკლისია და ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა.
– პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” თუ გქონია შემოთავაზება ან თავად არ გაგჩენია მონაწილეობის სურვილი?
– შემოთავაზება ძალიან ხშირად მქონია, თითქმის ყოველ სეზონზე, მაგრამ თავს ვიკავებ. ძირითადად, ხან ფეხმძიმედ ვარ და ხან ახალი გაჩენილი მყავს ბავშვი. მაგრამ, მთავარი მიზეზი, რის გამოც სხვა მიზეზებს ვეძებ და უარს ვამბობ, ისაა, რომ ვფიქრობ, ამ პროექტს სასწაულად ბევრი შრომა და ძალიან ბევრი დრო სჭირდება. თუ ხელს მოჰკიდებ, გვერდზე უნდა გადადო ბევრი პირადი თუ პროფესიული საქმე და ყოველდღიურად, ძალიან ბევრი ივარჯიშო. თან, თუ ფიზიკურად არ ხარ მომზადებული და ასეთი დატვირთვა შენთვის პირველია, შეიძლება, ბევრი ტრავმაც მიიღო. ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი მონაწილეობდა ამ პროექტში და ამასთან დაკავშირებით, ყველა წუწუნებდა. ამიტომ, ჯერჯერობით თავს ვიკავებ. არ ვარ მზად, ყველაფერი გვერდზე გადავდო. სანამ გავთხოვდებოდი და ბავშვებს გავაჩენდი, მანამდე, ალაბათ, დავთანხმდებოდი და სამი თვით ადრე მაინც დავიწყებდი ვარჯიშს. თუმცა, თვითონ კონკურსის ფორმატიც ძალიან დიდი სტრესია ჩემთვის. „ორი ვარსკვლავიდანაც” იყო შემოთავაზება, იქ ამდენი ფიზიკური დატვირთვა არაა საჭირო, რადგან მუსიკალური კონკურსია, მაგრამ მაინც უარი ვთქვი. თვითონ კონკურსის პირობა ჩემთვის საკმაოდ სტრესულია. სკოლის და უნივერსიტეტის პერიოდში ხომ უამრავი გამოცდა გავიარეთ, ამას ემატება მსახიობის პროფესია, რომელიც სულ გამოცდასავითაა და კიდევ, კვირაში ერთხალ კონკურსის პირობებში აკეთო შენთვის უცხო საქმე, თან სხვებმა შეგაფასონ, მგონი, ძალიან რთულია. დიდი გამოცდილებაცაა, მაგრამ შინაგან დისკომფორტზე რომ ვფიქრობ, არ მსიამოვნებს და ამ ყველაფრის გამო, თავს ვიკავებ (იცინის).
– საქმიანობის პარალელურად, ორი შვილის დედობას როგორ ართმევ თავს?
– ეს სასწაული შეგრძნებაა. მაგრამ, პასუხისმგებლობაც გაორმაგებულია. ერთადერთი, მაშინ გვიჭირს, როცა ერთ-ერთს ვაძინებ და ამ დროს ორივეს ერთად უნდა ჩემთან ყოფნა. ანალოგიურად მეც მინდა, რომ არცერთს არ მოვაკლო ყურადღება და ორივესთან თანაბარი დრო გავატარო.
– პატარებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა აქვთ?
– ალექსანდრე მალე სამი წლის გახდება, ლილიკო რვა თვისაა. ჯერჯერობით, მეგობრული ურთიერთობა აქვთ (იცინის). ზოგჯერ ალექსანდრე მოითხოვს, რომ მარტო მისი საკუთრება ვიყო და არავის გაუყოს ჩემი თავი. მაგრამ, ლილიკოს რომ ხედავს, ისეთი სახით ეღიმება, რომ ყველაფერი ავიწყდება. ასევეა ლილიკოც და მგონი, ძალიან კარგი დაძმობა ექნებათ. ჯერჯერობით, ისე არ ჩხუბობენ, როგორც იციან ხოლმე პატარებმა.
– ლილი როგორი გოგოა?
– ძალიან მშვიდი. მთელი დღის განმავლობაში შეიძლება, საერთოდ ვერ გაიგოთ, რომ სახლში პატარაა. საერთოდ არ ტირის, მაგრამ თუ რამე არ მოეწონა და ძირითადად, არ ვიცით, რა არ მოსწონს (იცინის), უცებ შეიძლება, ისე იკივლოს, გვგონია, რაღაც მოხდაო. მეორე წამს კი, ისევ გაიცინებს. არ ვიცი, ეტყობა, ძალიან მშვიდი გოგო იქნება, მაგრამ თუ გააბრაზეს... (იცინის).
– ახლა, ალბათ, მეტი დრო გაქვს ოჯახისთვის.
– რაც სერიალიდან წამოვედი, კვირაში ერთი-ორი დღე ვიყავი ტელევიზიაში დაკავებული და ანალოგიურად, თეატრში. ახლა მხოლოდ „დღის შოუს” ეთერი გამომაკლდა და კიდევ უფრო მეტი დრო მაქვს. ეს ძალიან დიდი სიამოვნებაა. ისეთი საინტერესო პერიოდი აქვთ პატარებს, რომ მათთან დიდი დროის გატარება, ბედნიერებაა.
– მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ცოტა ხანია, რაც ეკრანზე არ ჩანხარ, არ მოგენატრა?
– ჯერ სამი კვირა გავიდა და სიმართლე გითხრა, ერთდაერთი, რაც მენატრება, პროფესიული გადაღებებია. თეატრში ვარ, მაგრამ სერიალი და ფილმი მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, ჩემი საქმე და გადაღებები, ნამდვილად მენატრება. რაც შეეხება ტელეწამყვანობას, ჯერ იმდენი დრო არ გასულა, რომ ეკრანი მომენატროს.
скачать dle 11.3