კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რა სიმპტომებით უნდა ამოიცნოს ადამიანმა გენიტალიური ჰერპესი და რამდენად ზრდის ეს ინფექცია აივ-დაინფიცირების რისკს

თათია ფარესაშვილი ნათია გოგიშვილი


 ჰერპესვირუსი თანამედროვე მსოფლიოს მოსახლეობაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. განასხვავებენ ვირუსთა რამდენიმე სახეობას, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პათოლოგიურ რეაქციებს იწვევს ორგანიზმში. მაგალითად, გენიტალიური ჰერპესი, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, ხშირად დიდ პრობლემებს უქმნის ქალსა და მამაკაცს, ზოგ შემთხვევაში კი, უშვილობის მიზეზიც ხდება. უფრო ვრცლად, თუ რა არის გენიტალიური ჰერპესი, როგორ ვლინდება და როგორ უნდა დაიცვათ თავი მისგან ორსულობის პერიოდში, ამ და სხვა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, გვესაუბრება, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დერმატო-ვენეროლოგი, ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიისა და ამერიკის დერმატოლოგთა აკადემიის წევრი, მანანა შველიძე.
მანანა შველიძე:
ჰერპესი ფართოდ გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც, ძირითადად  აზიანებს კანსა და ლორწოვან გარსს. ჰერპესის ოჯახის ვირუსები ლატენტურ მდგომარეობაში ადამიანის ორგანიზმში მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება იყოს. ადამიანის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული დაავადების კლინიკური გამოვლინებები: ჯანმრთელ ადამიანებში ჰერპესის რეციდივი მსუბუქად მიმდინარეობს, არცთუ ისე იშვიათად, უსიმპტომოდაც კი, ხოლო პაციენტებში, რომელთაც იმუნური სისტემის დარღვევები აღენიშნებათ, დაავადება რთულდება. ეს აღინიშნება, როგორც კანისა და ლორწოვანი გარსის, ასევე შინაგანი ორგანოების დაზიანებით. ყველაზე გავრცელებულია მარტივი და გენიტალიური ჰერპესი. მარტივი ჰერპესის არჩევითი ლოკალიზაციაა: პირის ირგვლივ არე, ცხვირის ირგვლივ არე, პირის ღრუს ლორწოვანი (ჰერპესული სტომატიტი), უფრო იშვიათად – ლოყების, ქუთუთოებისა და კანის სხვა არეებია. გენიტალიური ჰერპესის არჩევითი ლოკალიზაციის გამო, ქალებს უფრო ხშირად უღიზიანდებათ საშო, ბაგეები, საშვილოსნოს ყელი, ნაკლებად – შორისი, ბოქვენი, დუნდულები. მარტივი ჰერპესის გამომწვევი ვირუსი – ჰერპესვირუს ჰომინის (HSV), თავისი ბიოლოგიური და ანტიგენური თვისებებით, იყოფა ორ შტამად: HSV-1 და HSV-2.  პირველი აზიანებს კანსა და ლორწოვან გარსს და შეიძლება, დააზიანოს გენიტალიუმის არეც.  მეორე კი, აზიანებს სასქესო ორგანოებს და იწვევს დაავადებებს ახალშობილებში. გენიტალიურ ჰერპესს უფრო ხშირად იწვევს ჰერპესის მარტივი ვირუსის II ტიპი, იშვიათად I ტიპიც.
– რა არის გენიტალიური ჰერპესი და რა სიმპტომებით ვლინდება?
– გენიტალიური ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. გამონაყარი ვითარდება გენიტალიუმის არეში ლორწოვან გარსზე, სასქესო ორგანოებზე. გენიტალიური ჰერპესი განსაკუთრებით საყურადღებო და საშიშია ორსულებში, რადგან შესაძლებელია, ნაყოფის დაინფიცირება მოხდეს. მშობიარობის დროს, იშვიათად, ქალებში გენიტალიურმა ჰერპესმა,  შეიძლება, ხელი შეუწყოს აბორტებისა  და უშვილობის განვითარებას. გამონაყარი გენიტალიური ჰერპესის შემთხვევაში, არაერთგვაროვანია. შეიძლება, იყოს როგორც წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი, ასევე ეროზიებიც. გენიტალიურ ჰერპესს თან ახლავს დიდი პრობლემები, რაც ტკივილთან და დისკომფორტთანაა დაკავშირებული.
– ცნობილია, რომ  საწყის ეტაპზე დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს...
– გენიტალიური ჰერპესი ხშირად უსიმპტომოდ ან იმდენად უმნიშვნელო გამონაყრით მიმდინარეობს, რომ პაციენტი ვერც კი ამჩნევს. გამონაყარი ინფიცირებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ იჩენს თავს და დაახლოებით, 2-3 კვირას გასტანს. შეინიშნება გაციების მსგავსი სიმპტომები – სახსრების ტკივილი, ცხელება, თავის ტკივილი და ზოგჯერ მტკივნეული შარდვაც კი. საწყისი აფეთქების შემდეგ, ვირუსი ლატენტურ ფაზაში გადადის და ზურგის ტვინში აგრძელებს ცხოვრებას. დაავადება, წესისამებრ, წელიწადში რამდენიმეჯერ გვახსენებს თავს, თუმცა სიმპტომები ყველაზე მკვეთრია პირველი აფეთქების დროს, მერე და მერე კი, უფრო იშვიათდება. გენიტალიური ჰერპესი არ უნდა აგვერიოს სქესობრივი გზით გადამდებ სხვა დაავადებებში, რომლებსაც ასევე, ახასიათებს გენიტალიებზე წყლულების გაჩენა. გენიტალიური ჰერპესი ძალიან ხშირად არის კომბინირებული სახით. თუ  პაციენტი დაავადებულია სხვა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით: სოკოთი, ტრიხომონიაზით და სხვა, ამ დროს დამახასიათებელია გამონადენი, რაც ისედაც აზიანებს კანის ლორწოვანს, მაგრამ, უკვე დაზიანებულს, ძალიან დიდ პრობლემებს  უქმნის. გენიტალიური ჰერპესის მკურნალობისას აუცილებელია, გამოკვლევების ჩატარება სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე.
– რა რისკები არსებობს გენიტალიური ჰერპესის მქონე ორსულებში და რამდენად დაცულია ასეთ დროს ნაყოფი?
– თუ გენიტალიური ჰერპესის პირველი აფეთქება მშობიარობის მახლობელ პერიოდში მოხდა, ახალშობილის დასნებოვნების რისკი იზრდება. ახალშობილთა ჰერპესი საკმაოდ მძიმე დაავადებაა – შეიძლება, განვითარდეს ვირუსული პნევმონია და ენცეფალოპათია. ასეთ შემთხვევებში, რეკომენდებულია საკეისრო კვეთა.
– თუ პაციენტი ორსულობამდეა ნამკურნალები გენიტალიურ ჰერპესზე, ასეთი შემთხვევისას აუცილებელია საკეისრო კვეთა, ნაყოფის დასნებოვნებისგან დაცვის თვალსაზრისით?
– თუ ჰერპესი დაორსულებამდე გადაიტანა პაციენტმა, ამის თაობაზე აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს. დიაგნოზის დასასმელად, სისხლში ანტისხეულების შემცველობას იკვლევენ. მათი ტიპის მიხედვით ირკვევა, პირველადია დაავადება თუ მორეციდივე ინფექციის მორიგ გამწვავებას წარმოადგენს.  ნამკურნალებ პაციენტს გამომუშავებული აქვს სპეციფიკური ანტისხეულები და რისკები მინიმალურია. თუმცა, რომ არ მოხდეს დაბადებისას ბავშვის დაზიანება, წინასწარ, მშობიარობამდე, ინიშნება ანტივირუსული მკურნალობა. თუ რეციდივი მაინც განვითარდა, ტარდება საკეისრო კვეთა.
– რა სახის დაზიანებები შეიძლება, გამოიწვიოს გენიტალიურმა ჰერპესმა ახალშობილში?
– ახალშობილში გენიტალიურმა ჰერპესმა შესაძლოა, გამოიწვიოს როგორც კანის პრობლემები, ასევე, ნევროლოგიური პრობლემები. შეიძლება, განვითარდეს ვირუსული პნევმონია  და ენცეფალოპათია. ამიტომაც არის აუცილებელი საკეისრო კვეთა, ვირუსული გამონაყრის დროს.  
– როგორ მკურნალობენ გენიტალიურ ჰერპესს და მართალია თუ არა, რომ მისგან საბოლოო განკურნება შეუძლებელია?
– ეფექტურ სამკურნალო საშუალებად ანტივირუსული პრეპარატები მიიჩნევა, რაც ამცირებენ დაავადების გამოვლენის სიხშირესა და სიმწვავეს. თუმცა, ინფექციას ვერ კლავს. თუ ვირუსი ერთხელ შეიჭრა ორგანიზმში, სამუდამოდ იქ დარჩება, მაგრამ მკურნალობის შედეგად, მინიმალური ხდება მისი გამოვლინება. არსებობს, ეგრეთ წოდებული, სუპრესიული თერაპია, რომლის დროსაც პაციენტი ყოველდღიურად იღებს ანტივირუსული პრეპარატის მცირე დოზას.
– ზრდის თუ არა გენიტალიური ჰერპესი აივ-ინფიცირების რისკს?
– გენიტალიური ჰერპესი ზრდის აივ-ინფიცირების რისკს. უფრო დიდია ალბათობა, ორივე ვირუსით დასნებოვნებულმა პირებმა პარტნიორს აივ-ინფექცია გადასცენ. ჰერპესული ინფექციაც აივ-ინფიცირებულებთან უფრო მძიმედ მიმდინარეობს. მოგვიანებით სტადიებზე აივ-ინფექციამ და გენიტალიურმა ჰერპესმა შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი მძიმე გართულებები, როგორებიცაა: მენინგოენცეფალიტი, ჰეპატიტი.
– როგორ უნდა დაიცვას პარტნიორმა (ქალმა, კაცმა) თავი, თუ აქვს ურთიერთობა გენიტალიური ჰერპესის მქონე ადამიანთან?
– იმ ასაკში, როცა აქტუალურ სექსუალურ ცხოვრებას ეწევიან, რეკომენდებულია გამოიყენონ დამცავი საშუალებები. ასეთი შემთხვევის დროს ორივე პარტნიორი უნდა იყოს გულწრფელი და აუცილებლად უთხრან ერთმანეთს, რომ აქვთ ჰერპესი, ან თუ ჰქონიათ ოდესმე. შემთხვევითი სქესობრივი კავშირების დროს აუცილებელია პრეზერვატივის ხმარება. თუ ადამიანი ავადაა  სასქესო ორგანოების ჰერპესით, მაგრამ არ აქვს არანაირი სიმპტომი, ასეთ შემთხვევაშიც, აუცილებელია პარტნიორის გაფრთხილება და დაცული სქესობრივი კავშირი.
скачать dle 11.3