კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ეშმაკის ბილიკი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


 გაგრძელება. დასაწყისი
 იხ. „თბილისელები“ ¹7-21(856)  



– დიახ, მოკვლევის წესით – გაუღიმა ზურაბ გიგაურმა იური პავლოვს და დააყოლა, – გამორიცხული არაა, რომ თქვენ ახლა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდოთ.
– მკითხე, გისმენ, – უთხრა გენერალმა ზურაბს.
– ამხანაგო გენერალ-მაიორო, თქვენ ხომ ევგენი მოროზოვთან ერთად მსახურობდით სამხედრო კონტრდაზვერვაში.
– კი. მე და იური კოტელოვი, – დააზუსტა პავლოვმა.
– შეგიძლიათ, მოროზოვის აღნაგობა ამიწეროთ?
– კარგი აღნაგობა ჰქონდა. ათლეტური და ფიზიკურადაც ძალიან ძლიერი იყო, – თქვა პავლოვმა.
ზურაბმა ტულიდან წამოღებული ფოტო პავლოვს წინ დაუდო და ჰკითხა:
– ამ ფოტოზე გამოსახული ადამიანი ხომ არ გეცნობათ, იური ანდრეევიჩ?
– ჟენია მოროზოვია, – წამოიძახა პავლოვმა, – თავს დავდებ, რომ ეგაა, მიუხედავად იმისა, რომ სახე სხვისია.
– დარწმუნებული ხართ, ამხანაგო გენერალ-მაიორო? – ჰკითხა პავლოვს გიგაურმა.
– ასი პროცენტით და ამას იური კოტელოვიც დაადასტურებს, – თქვა პავლოვმა და გენერალ-ლეიტენანტ კოტელოვს დაურეკა.
– კოტელოვი გისმერთ, – უპასუხა „კაგებეს“ პირველი მთავარი სამმართველოს უფროსმა.
– იური პეტროვიჩ, გცალია? – სხაპასხუპით თქვა პავლოვმა.
– იური ანდრეევიჩ, – გამოაჯავრა კოტელოვმა მეგობარი, – რამე სერიოზულია, ასე ოფიციალურად რომ მელაპარაკები?
– უსერიოზულესი.
 – მერე, მოდი და მომახსენე.
– მარტო არ ვარ. მაიორი ზურაბ გიგაურია ჩემთან ერთად.
– ორივე მოდით, გელოდებით, – უთხრა კოტელოვმა საბჭოთა კონტრდაზვერვის შეფს და ტელეფონის ყურმილი დაკიდა.
ათიოდე წუთის შემდეგ გიგაური და პავლოვი კოტელოვს ეახლნენ. გენერალ-ლეიტენანტი ახალმოსულებს მიესალმა და იკითხა:
– აბა, რაშია საქმე?
პავლოვმა კოტელოვს ტულიდან ჩამოტანილი ფოტოსურათი უჩვენა.
– ნუთუ ვერ ცნობ მას?
– თავ-პირი სხვისია, აღნაგობით კი ზედგამოჭრილი ჟენია მოროზოვია, – თქვა კოტელოვმა.
პავლოვი გიგაურს მიუტრიალდა და უთხრა:
– რას გეუბნებოდი? ხომ ვთქვი, – კოტელოვიც იგივეს იტყვის-მეთქი?
– რა მერე, რა ხდება აღარ იტყვით? – თქვა კოტელოვმა.
პავლოვმა კოტელოვს ზურაბზე მიანიშნა და თქვა:
– ჩვენი ჩვენებები სჭირდება „ტვირთი ოცდაცხრამეტის“ საქმეზე და აქ იმიტომაა.
– გისმენთ, მაიორო, – უთხრა ზურაბს კოტელოვმა, – რით შემიძლია, დაგეხმაროთ?
– იური პეტროვიჩ, დარწმუნებული ხართ, რომ ამ ფოტოზე გამოსახული ადამიანი ევგენი მოროზოვია? – ჰკითხა გიგაურმა კოტელოვს.
– აღნაგობა ასი პროცენტით მისია, ცხვირ-პირი კი – სხვისი, – თქვა კოტელოვმა. ფოტოსურათი ყურადღებით დაათვალიერა და დაამატა, – ეს ფოტომონტაჟია?
– არა, იური პეტროვიჩ, – მიუგო ზურაბმა.
– მაშინ ვერ დავიჩემებ, რომ ამ ფოტოზე მოროზოვია და ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს. სახე აშკარად სხვისია და როგორც ეტყობა, ვიღაც ძალიან ჩამოჰგავს მოროზოვს, – თქვა კოტელოვმა.
ზურაბ გიგაურმა კოტელოვს ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ბოლოს დასძინა:
– აი, აქამდე მიმიყვანა, ამხანაგო გენერალ-ლეიტენანტო, ევგენი მოროზოვის კვალმა და ძიებას ვაგრძელებ.
 – ყოჩაღ, პოდპოლკოვნიკო, – თქვა კოტელოვმა, მაგრამ მას პავლოვმა შეუსწორა:
– ზურაბი ჯერ მაიორია.
 კოტელოვს ეშმაკურად გაეცინა და თქვა:
– ჯერჯერობითაა მაიორი, მაგრამ თუ ასეთი ტემპებით გააგრძელა და წარმატებას მიაღწია, მესამე, რიგგარეშე ჩინს მიიღებს და პოდპოლკოვნიკი გახდება. ასე რომ, იური ანდრეევიჩ, არაფერი შემშლია და უბრალოდ, ვიწინასწარმეტყველე, მაიორის ნაადრევად გაპოდპოლკოვნიკება. იმედია, ზურაბ გიგაური გაამართლებს ჩვენს უდიდეს ნდობას და ამ საქმეს წარმატებით დაასრულებს.
– იმედია, – გაიმეორა პავლოვმა. კოტელოვმა კი გიგაურს უთხრა:
– რას იტყვი, მაიორო, როგორ ფიქრობ, მიაგნებ „ტვირთ ოცდაცხრამეტს“ და მის გამტაცებელს თანამონაწილეებთან ერთად?
– ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამხანაგო გენერალ-ლეიტენანტო, – თქვა ზურაბმა.
– ჩვენც შენი დიდი იმედი გვაქვს, – უთხრა ზურაბს კოტელოვმა და პავლოვს მიუბრუნდა:
– მშვენიერი კადრი გამოგიზრდია, იური ანდრეევიჩ და ვფიქრობ, გენერლობა არ ასცდება.
– ჯერ პოდპოლკოვნიკი გახდეს, – გაეცინა პავლოვს და ზურაბს უთხრა:
– გაქვს კიდევ ჩვენთან კითხვები?
– ჯერჯერობით არა, იური ანდრეევიჩ, – მიუგო ზურაბმა.
– მაშინ, შეგიძლია, წახვიდე და თუკი დაგჭირდები, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შემეხმიანე, – უთხრა პავლოვმა გიგაურს. კოტელოვმა კი მაიორს ჰკითხა:
– ახლა რას აპირებ, როგორი მიმართულებით გააგრძელებ ძიებას და რა გზას დაადგები?
– ყველაზე რეალური ნადეჟდა მალიშევას მოძებნაა, რომ მისი მეშვეობით პარხომენკო-კოვზირიძეზე გავიდეთ და „ტვირთი ოცდაცხრამეტის“ მფლობელი აღმოვაჩინოთ. ვფიქრობ, კოვზირიძემ ისეთი რამ იცის, მოროზოვის კვალზე რომ მიჰყავს და ჯერჯერობით ვერ ვწვდები ამ საიდუმლოს.
– კარგი, მაიორო. შეგიძლია, წახვიდე და დამასვენო. თავისუფალი ხარ, – უთხრა კოტელოვმა ზურაბს და დააყოლა, – იური ანდრეევიჩი შენს განკარგულებაშია და როგორც ვიცი, მთელი უწყება ფეხზე დგას.
– კი. მასეა. მთელი კონტრდაზვერვა ნადეჟდა მალიშევას ეძებს და იმედია, მალევე მივაგნებთ. სიახლეს მაშინვე გაცნობებთ, ზურაბ. ახლა, ალბათ, სახლში მიდიხარ.
– დიახ, იური ანდრეევიჩ. ცოტა არ იყოს, დავიღალე და დასვენება მჭირდება. რამდენიმე საათით თვალს მოვატყუებ – მიუგო გიგაურმა კონტრდაზვერვის შეფს. შემდეგ ორივე მაღალჩინოსანს დაემშვიდობა და ლუბიანკიდან სახლში წავიდა.
***
ზურაბ გიგაური ისე საშინლად იყო დაღლილი, სახლში მისვლისთანავე უვახშმოდ დაიძინა. მან მხოლოდ ფეხსაცმელები გაიძრო, საწოლზე დაწვა და მკვდარივით ჩაეძინა. მთელი ღამე გვერდი არ შეუცვლია და ალბათ, შუადღემდე არც გაიღვიძებდა, ტელეფონის გაბმულ ზარს რომ არ გამოეფხიზლებინა. მაიორი ყურმილს დასწვდა და უპასუხა:
– გისმენთ.
– ამხანაგო ზურაბ, თქვენ ხართ?
– დიახ. თქვენ რიტა ხართ? – ჰკითხა ზურაბმა.
– დიახ, დიახ, რიტა სმირნოვა ვარ.
– გისმენთ, რიტა, რამ შეგაწუხათ?
– ბოდიშს კი გიხდით ასე ადრეული ზარისთვის, მაგრამ თქვენ თვითონ  მითხარით, ნებისმიერ დროს დამირეკეთო.
– დიახ, რიტა, გითხარით. ნუ მებოდიშებით, თქვით, რა ხდება?
– თქვენი ნახვა მინდა, ზურაბ.
– სად ხართ?
– მოსკოვში.
– კარგი. ერთ საათში შევხვდეთ მეტროსადგურ „ოქტიაბრსკაიასთან“. გაწყობთ?
– კარგი. მაწყობს.
– მანქანით მოვალ და სალონში ვისაუბროთ, – უთხრა ზურაბმა რიტა სმირნოვას. შემდეგ ტელეფონის ყურმილი დაკიდა და საწოლიდან წამოდგა.
ნახევარი საათის შემდეგ შხაპმიღებული და ახალ სამოსში გამოწყობილი მაიორი უკვე „პობედაში“ იჯდა და რიტა სმირნოვასთან შესახვედრად მიემართებოდა. ზურაბმა მანქანა ტროტუარზე გააჩერა და ფეხით გაემართა მეტროსკენ, სადაც მას უკვე ელოდა რიტა სმირნოვა. ზურაბმა ქალს ხელი ჩამოართვა, მიესალმა და უთხრა:
– წამობრძანდით, რიტა, მანქანაში ჩავსხდეთ და იქ ვილაპარაკოთ.
მანქანაში ჩასხდნენ და ზურაბმა სმირნოვას ჰკითხა:
– გისმენთ, რიტა, აბა თქვით, რაშია საქმე?
ქალმა ზურაბს გაუღიმა და უთხრა:
– მოსკოვში გუშინ ჩამოვედი და იმიტომ, რომ ამის გაკეთება ნადიუშამ მთხოვა.
– ნადეჟდა მალიშევამ? – დააზუსტა ზურაბმა და გული აუჩქარდა მღელვარებისგან.
 – დიახ, სწორედ მან.
– შემდეგ?
– ზურაბ, მოდი, მასთან წავიდეთ და ყველაფერს თავად მოგიყვებათ.
– კარგი, წავიდეთ. მაგრამ, იქნებ მოკლედ მაინც ჩამაყენოთ საქმის კურსში?
 – იცით, მეც არ ვიცი წესიერად, რა მოხდა. რაც აქ ჩამოვედი, ნადიუშას დაწყნარებას ვერ ავუდივარ. მხოლოდ ის ვიცი ზუსტად, რომ მისი შეყვარებული ანტონი გაუჩინარდა.
– ანტონ პარხომენკო ხომ არა?
– გვარი არ უთქვამს, არც მე მიკითხავს. ხომ გეუბნებით, საბრალო ნადიუშა ისეთ საშინელ დღეშია, რომ სულ მოთქვამს და მოთქვამს.
– კარგი. ყველაფერს ადგილზე გავარკვევთ, – თქვა ზურაბმა და „პაბედა“ ადგილიდან დაძრა.
ბინა, სადაც ზურაბი და რიტა სმირნოვა მივიდნენ, ძველ მოსკოვში მდებარეობდა და ნაქირავები იყო. ოთახში რომ შევიდნენ, ტირილისგან თვალებდასიებული ნადეჟდა სმირნოვა ზურაბს მიესალმა, დაჯდომა შესთავაზა და უთხრა:
– თქვენთან შეხვედრა რიტამ მირჩია. თანაც მითხრა, რომ თურმე, მეძებთ.
ზურაბმა ყურადღებით შეათვალიერა მალიშევა. მოწევის ნებართვა ითხოვა. თანხმობა რომ მიიღო, გააბოლა და უთხრა:
– მოდი, ჯერ თქვენ მომიყევით, რა შეგემთხვათ და ბოლოს ჩემს კითხვებს უპასუხეთ. თანახმა ხართ?
– თანახმა ვარ.
– დაიწყეთ, გისმენთ.
მალიშევამ ცრემლები მოიწმინდა და თქვა:
– უპირველესად, უნდა გითხრათ, რომ ჩემი მეგობარი რიტა სმირნოვა არაფერშია გარეული. მან არაფერი იცოდა. მე დავურეკე და აქ ჩამოსვლა ვთხოვე. სწორედ მან მირჩია თქვენთან შეხვედრა.
– გასაგებია. ჩვენ არც არაფერში ვადანაშაულებთ რიტა სმირნოვას და ჯერჯერობით, არც თქვენ. ხოლო, თუკი რამე დანაშაული გაქვთ ჩადენილი, გულწრფელი აღიარება და გამოძიებისთვის დახმარების აღმოჩენა, შეგიმსუბუქებთ სასჯელს. პირველი ნაბიჯი კი უკვე გადადგმული გაქვთ, რადგან მე აქ ვარ და გისმენთ, განაგრძეთ.
– ამხანაგო ზურაბ, ამ ხუთი წლის წინ მე კომის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საპატიმროების ექიმ-ტრავმატოლოგად ვმუშაობდი და პატიმარს, რომელსაც ოცდახუთი წელი ჰქონდა მისჯილი, გაქცევაში დავეხმარე. შემდეგ მას ჩემთან ვმალავდი. ბოლოს კი ლენინგრადში ბინა გავყიდე და აქ, მოსკოვში გადმოვსახლდით. ამ სამი დღის წინ ის გაუჩინარდა. არც არაფერი უთქვამს და არც წერილი დაუტოვებია. სასოწარკვეთაში ჩავვარდი და რომ არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, რიტას დავურეკე და ჩამოვიყვანე. მან კი თქვენზე მიამბო. აი, აქ ხართ და მირჩიეთ, რა ვქნა? – მალიშევამ თხრობა დაასრულა, სახეზე ცხვისახოცი აიფარა და ატირდა.
– უპირველესად, დამშვიდდით და მზად რომ იქნებით, ჩემს კითხვებს უპასუხეთ, – უთხრა ზურაბმა ნადეჟდა მალიშევას, რომელიც სააბაზანოში გავიდა თავის მოსაწესრიგებლად. ხუთი წუთის შემდეგ დაბრუნდა და მაიორს უთხრა:
– მზად ვარ საპასუხოდ. მკითხეთ.
ზურაბმა სიგარეტი გააბოლა და მალიშევას ჰკითხა:
– რა ჰქვია იმ ადამიანს, ვისაც თქვენ გაქცევაში დაეხმარეთ?
– ანტონ პარხომენკო, – მიუგო მალიშევამ ზურაბს.
– რატომ ჩაიდინეთ ეს?
– მიუხედავად იმისა, რომ ანტონს ოცდახუთი წელი ჰქონდა მისჯილი ძარცვის მცდელობის დროს ჩადენილი მკვლელობისთვის, ის არც მძარცველს ჰგავდა და არც მკვლელს. თანაც, ძალიან ჭკვიანი და განათლებული იყო, სხვა პატიმრებისგან, ნამდვილი ბოროტმოქმედებისგან განსხვავებით და ისეთი მომხიბვლელი, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი. მან მითხრა, რომ მკვლელობა მართლაც ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ არა ძარცვის მიზნით, არამედ შურისძიების გამო. ანტონის თქმით, ვიღაც გარეწარმა სამხედრომ მისი დისშვილი გააუპატიურა და მოკვლას ცდილობდა. ხოლო, როცა სახლში შეიპარა, შურისსაძიებლად, იქ სხვა მამაკაცი დახვდა და შემოაკვდა. მე მას დავუჯერე და გაქცევის გეგმა ერთად შევიმუშავეთ. ანტონმა შეგნებულად მოიტეხა ფეხი და საავადმყოფოში დაწვა. იქ კი მე მას ფოლადის საჭრელი ხერხი შევუტანე და როცა ბანგიანი სასმლით ბადრაგი დააძინა, გისოსები გადახერხა, თოკით ეზოში დაეშვა, სადაც მე ველოდებოდი მანქანით და ჩემს ბინაში დავმალე. შემდეგ ჩემი მუშაობის ვადა ამოიწურა. ლენინგრადში დავბრუნდი და ანტონიც წავიყვანე... – თქვა მალიშევამ და პაუზა გააკეთა. ზურაბმა კი ჰკითხა:
– ლენინგრადში მთელი ეს წლები პარხომენკო თქვენს ბინაში იმალებოდა?
– ძირითადად, კი. თუმცა დროგამოშვებით მიდიოდა, მაგრამ კვლავ უკან ბრუნდებოდა, – თქვა მალიშევამ.
– რას ამბობდა, სად და რისთვის მივდივარო?
– ასე მეუბნებოდა, – ძველი საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და ისედაც დატვირთული ვარ და უფრო ნუ დამტვირთავო. მეც ზედმეტ კითხვებს არ ვუსვამდი.
– რას ფიქრობთ, მაინც, სად და რატომ მიდიოდა ხოლმე? – დაინტერესდა ზურაბი.
– წარმოდგენა არ მაქვს. ნამდვილად არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა მალიშევამ.
– თბილისში რიტა სმირნოვას რომ ხუთას-ხუთასი მანეთი გააგზავნინეთ ირინე გავაშელთან, ალბათ, ანტონ პარხომენკოს თხოვნით გააკეთეთ, ხომ?
– დიახ. ანტონმა მთხოვა ეს. ასე მითხრა, – ეგ ის გოგოა, ვის გამოც ციხეში ვზივარ – ჩემი დისშვილი და ფულს ინკოგნიტოდ იმიტომ ვუგზავნი, არ მინდა, ჩემზე ინერვიულოსო. თანაც, ძებნილი ვარ და ვფრთხილობ, მილიცია ჩემს კვალს არ დაადგესო. მთხოვა, რომ ვინმე ახლობელის ხელით გამეგზავნა ეს ფული, რათა მეც არ გავშიფრულიყავი.
– ასეთი კონსპირაცია რა საჭირო იყო?
მალიშევას სახე წამოეჭარხლა. ლოყები დაბერა, თავი გააქნია და პაუზის მერე თქვა:
– იცით, ანტონის გეგმით, ახალი ცხოვრების დაწყებას ვაპირებდით და ახალი საბუთები უნდა გაგვეკეთებინა. ამიტომ, მაქსიმალურ კონსპირაციას ვიცავდით. სწორედ ამიტომ გავყიდე სახლი ლენინგრადში, მოსკოვში კი ახალი საბუთების შოვნამდე არ ჩავეწერე. შემდეგ ანტონი გაქრა და სასოწარკვეთაში ჩავვარდი.
– ფულიც ხომ არ გაუყოლებია თან ანტონ პარხომენკოს?
ზურაბის სიტყვებზე ნადეჟდა მალიშევას სახე უფრო წამოეჭარხლა და თვალები გაუფართოვდა, წარბები ასწია და ზურაბს უთხრა:
– რას ამბობთ, ანტონი ბაცაცა არ არის, ასეთი რამ რომ ჩაიდინოს. მთელი თანხა მე მაქვს და ოცდაათი ათასისთვის კაპიკიც არ მომიკლია.
– აბა, რით ცხოვრობდით აქ?
– ხელფასის დანაზოგით.
– გასაგებია. ნუ მიბრაზდებით. მე ვალდებული ვარ, ყველაფერი დაწვრილებით გამოგკითხოთ, – უთხრა ზურაბმა მალიშევას და დააყოლა, – ანტონი ვის ხარჯზე მიდიოდა ხოლმე საქმეებზე?
– პირველად მე მესესხა ფულს, მაგრამ რომ დაბრუნდა, დამიბრუნა და რაღაც თანხაც ჩამოიტანა. შემდეგ ამ თანხას იყენებდა.
– ალბათ, არ გიკითხავთ, საიდან ჰქონდა ფული?
– არა.
– იქნებ, ამჟამადაც საქმეზეა წასული და დაბრუნდება, ასე რატომ შეშფოთდით?
– იმიტომ, რომ ყოველთვის იბარებდა – ამ და ამ დროს მოვალო და მოდიოდა. ახლა კი არც წასვლა დაუბარებია და, რა თქმა უნდა, არც მოსვლაზე უთქვამს რამე.
– იქნებ მოულოდნელად მოუწია სადმე, შორს გამგზავრება?
– წერილს მაინც ხომ დატოვებდა ან დამირეკავდა. არა, არა, რაღაც მოხდა, – ამოიოხრა მალიშევამ.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3