კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

№22 რა ტრაგიკული პერიოდია გელა გურალიას ცხოვრებაში და რატომ არ მეგობრობს ის მოსკოვში მცხოვრებ ქართველებთან

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია


 რუსეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი მომღერლის, გელა გურალიას განვლილი ცხოვრების გზა მაგალითია იმისა, რომ ადამიანს ნიჭი და მიზანდასახულობა აუცილებლად მიიყვანს დასახულ მიზნამდე... მისი ცხოვრება რთული, მაგრამ საინტერესოა. ის დიდება და კარიერული მწვერვალი, რაც  მას ეწვია, დიდი ბრძოლისა და დაუღალავი შრომის შედეგია... გელა დღეს რუსეთში საყვარელი და მოთხოვნადი მომღერალია. უამრავ კონცერტს ატარებს და მალე სოლო კონცერტს საქართველოშიც გამართავს. თავისი ცხოვრების შესახებ  გელა გულახდილად და საინტერესოდ გვესაუბრა.

გელა გურალია: დავიბადე  ფოთში, სადაც 17 წლამდე ვცხოვრობდი. მთელი ბავშვობა სცენაზე გავატარე. ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი, განსაკუთრებით ქიმია მიყვარდა. მეთერთმეტე კლასში გავიმარჯვე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქიმიაში და გადავწყვიტე, უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე მესწავლა. ჩავაბარე კიდეც, მაგრამ მესამე კურსზე მივხვდი, ეს ის ადგილი არ იყო, სადაც უნდა ვყოფილიყავი.  ეს ის წლები იყო, როცა არ ვმღეროდი – 14-დან 17 წლამდე. ამ ასაკში მოზარდს მუტაციის პერიოდი აქვს და ხმა ეცვლება. უკვე სტუდენტი ვიყავი, როცა ჩემს ხმას ჟღერადობა დაუბრუნდა და ისევ დავიწყე სიმღერა კოლექტივთან ერთად რესტორანში. როდესაც მომღერალთა გუნდმა მოსკოვში გადასვლა შემომთავაზა, არ დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. მინდოდა, დიდ სცენაზე დგომა და ვიცოდი, ამის შესაძლებლობა მოსკოვში უფრო იყო. ბილეთებისთვის ფული ვისესხეთ და წავედით მოსკოვში.
–  რუსულ შოუ-ბიზნესში თავის დამკვიდრება რთულია. ალბათ, შენი გზაც არ იყო იოლი, სანამ დიდ სცენაზე დადგებოდი. ქართველებისგან არ გქონდა მხარდაჭერა?
– კი, ძალიან რთულია. მოსკოვში ჩამოვედით იმ პირობით, რომ უნდა გახსნილიყო რესტორანი, სადაც სიმღერას დავიწყებდით. მოხდა ისე, რომ არ გაიხსნა ეს რესტორანი და დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში, უმუშევარი ვიყავი. დედაჩემის ბიძაშვილი ცხოვრობს მოსკოვში და მე და ჩვენი კოლექტივის ერთი წევრი, ერთი თვე მასთან ვცხოვრობით. მერე დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ რესტორანში. მქონდა ჩემი რეპერტუარი და 2008 წელს მივხვდი, რომ მე თუ რესტორნიდან არ წავიდოდი, მთელი ცხოვრება იქ დავრჩებოდი. მოვიხურე რესტორნის კარი და უკან არ მიმიხედავს. ათი წლის განმავლობაში ვცდილობდი, შოუ-ბიზნესის კარი შემეღო, მაგრამ ამაოდ. რუსულ შოუ-ბიზნეში უამრავი კლანია და თუ ამ კლანში არ მოხვდი, შეუძლებელია, თავი დაიმკვიდრო.  ალბათ, მოსკოვის ყველა ჩამწერ სტუდიაში იყო ჩემი დემო-ჩანაწერები. დამპირდებოდნენ კონტრაქტის გაფორმებას, მაგრამ დაპირება დაპირებად   რჩებოდა.  ისინი მაქებდნენ, ხოტბას  ასხამდნენ ჩემს ნიჭიერებას, რეალურად  კი, გზის გაკვლევაში არავინ მიწყობდა ხელს. ქართველებთან არ მაქვს მჭიდრო ურთიერთობა. ჩემთან ადამიანი იოლად ვერ მოვა. ყველასთან დისტანცია მაქვს. მე ვიცი, ვინც არიან ჩემ გვერდით და სულ იქნებიან. ერთადერთი, მამიდა მედგა გვერდით, რომელსაც სჯეროდა ჩემი და სულ ხელს მიწყობდა. ქართველებიდან, ვისთანაც ვმეგობრობ, არიან: თამრიკო გვერდწითელი, აჩი ფურცელაძე, მამუკა ონაშვილი. ქეთა თოფურიას საერთოდ არ ვიცნობ...
– შენმა „ვოისში“ გამოსვლამ ფურორი მოახდინა. როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება მას შემდეგ?
– 2003-დან 2013 წლამდე სულ ვიბრძოდი და ბოლოს ჩემს თავს ვუთხარი, აზრი არ აქვს-მეთქი და დავბრუნდი საქართველოში, სადაც ერთი წელი ვიცხოვრე. დავუკავშირდი ზაზა შენგელიას, რომელიც ძალიან დამეხმარა – დამაკავშირა კომპოზიტორებთან, ჩავწრეთ ჰიტები. მე მყავდა ძაღლები – ორი ჩიხუახუა, რომლებიც მოსკოვში დავტოვე. მერე მოსკოვში მათ ჩამოსაყვანად წავედი. ერთხელაც ჩავრთე ტელევიზორი და ვხედავ, ჩემი საყვარელი ორკესტრი, რომლის ხელძღვანელთანაც ვმეგობრობ, „ვოისში“ უკრავს. სასწრაფოდ დავურეკე და ვუთხარი, რომ მეც მინდოდა მონაწილეობის მიღება. მიპასუხეს: უკვე ნახევარფინალია და შემდეგ სეზონამდე მოიცადეო. დავბრუნდი საქართველოში და ამ იმედით ვიცხოვრე თვეების განმავლობაში. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც თავის მონაცემებს აგზავნიდა და როდესაც დადგა ის ნანატრი გამგზავრების დრო, მახსოვს, წასასვლელი ფული  – ოთხი ათას დოლარამდე, პროცენტით, ვისესხე. ეჭვიც არ მეპარებოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ პროექტში გავიმარჯვებდი და ჩემს სათქმელს ვიტყოდი. მართლაც, როგორც კი გამოვჩნდი, ჩემმა გამოსვლამ ფურორი მოახდინა, საოცრებები ხდებოდა. გავხდი ამ პროექტის ფინალისტი, მესამე ადგილის მფლობელი, მაგრამ ბევრისთვის – გამარჯვებული. ყოველთვის ვამბობ, რომ „ვოისი”  ჩემთვის აღმოჩნდა  ბედისწერა – ეს იყო საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვედრა, რამაც თავიდან ბოლომდე შეცვალა ჩემი ცხოვრება.
– „ვოისში“ შენი მენტორი დიმა ბილანი იყო. როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა პროექტის დასრულების შემდეგ?
– დიმა ბილანთან აბსოლუტური შემოქმედებითი თავისუფლება მქონდა. ის მენდობოდა, იცოდა ჩემი გემოვნება და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ, რასაც გავაკეთებდი, გაამართლებდა. მე ახლაც არ მყავს პროდიუსერი, ყველაფერს თვითონ ვაკეთებ. პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენი მეგობრობა არ გაგრძელებულა. იქ იყო ისეთი ნიუანსები, როცა არასწორად მოიქცა და ვუთხარი კიდეც ეს მას. ამის შემდეგ ჩვენი გზები გაიყო. მე მირჩევნია, ყველასთან მოზომილი ურთიერთობა მქონდეს. ვინც „ვოისთან“ კავშირში იყო, ყველასთან ვმეგობრობ – ლეონიდ აგუტინთან, ალექსანდრ გრაცკისთან, დიანა ღურწკაიასთან...
–  კრემლის საკონცერტო დარბაზში ჩატარებულ შენს კონცერტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.  რას ეტყვი იმ ხალხს, ვინც ეს ფაქტი  გააპროტესტა?
– დიახ, ამ კონცერტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა – როგორ თუ, კრემლში ჩაატარაო.  მე უკვე სამოცზე მეტი კონცერტი მაქვს ჩატარებული. პროექტის დასრულებიდან ცხრა თვის თავზე, კრემლის საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტი ჩავატარე, სადაც მოწვეულ სტუმრად იყო თამარ გვერდწითელი. მინდა, დავაკონკრეტო, რომ ეს არის საკონცერტო დარბაზი, სადაც არანაირ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. იქ რუსეთის პირველი პირიც რომ მოსულიყო, ის იქნებოდა ჩემი მსმენელი. მე არ მაქვს უფლება, ჩემს მსმენელს ზურგი შევაქციო. ბედნიერი ვარ, რომ ეს კონცერტი შედგა. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პატრიარქთან. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, სულ ვნახულობ. კრემლის კონცერტის წინაც ჩამოვედი და აზრი ვკითხე. დამლოცა და წარმატებები მისურვა. ცოტა სხვა კუთხით შეხედეთ ამ ყველაფერს. წარმოიდგინეთ, „ჰერიო, ბიჭებოს” შესრულების დროს, ქართული დროშები რომ ფრიალებს კრემლის საკონცერტო დარბაზში. მე ვარ ამბიციური და არაფერზე უკან არ ვიხევ. ჩვენი კულტურით ვცდილობ, დავუახლოვდეთ ერთმანეთს. ჩემს მსმენელს აინტერესებს საქართველო, თბილისი, ფოთი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. უამრავი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში და ეს, მგონი, ბევრს ნიშნავს. 29 ივლისს მექნება კონცერტი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, სადაც მოწვეული სტუმარი ლელა წურწუმიაა. როდესაც ლელა და მამულიჩა მოსკოვში იყვნენ, აქ გავიცანი და ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ლელას ძალიან გაუხარდა, რომ დავურეკე და ჩემს კონცერტზე გამოსვლა შევთავაზე.
– თაყვანისმცემლები, ალბათ, საჩუქრებითაც ძალიან განებივრებენ?
– უამრავ საჩუქარს ვიღებ. ბევრ ლექსს მიწერენ და მერე წიგნის სახით მოაქვთ საჩუქრად. სახლში უკვე სურათების გალერეა მაქვს, სულ მხატავენ და მერე სახსოვრად მოაქვთ. მაქვს კოსმოსური საჩუქარიც. ერთი პერიოდი ძალიან გატაცებული ვიყავი მინერალური ქვების შეგროვებით. უკვე იმდენი ქვა მაქვს, ერთი სახლი აშენდება. ჩელიაბინსკში რომ ჩამოვარდა მეტეორი, მაჩუქეს ნამდვილი მეტეორი. ახლა ძალიან რთული პერიოდი მაქვს.
– ეს არის ის, რის მიღწევასაც ცდილობდი, თუ ამ მიღწეულის შემდეგ კიდევ უფრო დიდი მიზნები გაქვს?
– ამ ბოლო დროს, რომ დავფიქრდი, ერთ რამეს მივხვდი – უნდა იცხოვრო დღევანდელი დღით. ადამიანის ცხოვრება ერთი წამია. მე ბედნიერი ვარ, რომ ვარსებობ და თუ რამე მოსახდენია ცხოვრებაში, ისედაც მოხდება. ამაყად უნდა გააგრძელო გზა და იარო წინ. იქ კი რაც მოხდება, საინტერესო თავგადასავალია. მე, მაგალითად, ისე მიყვარს მოგზაურობა, სულ ვახერხებ ამას და არა მარტო სხვადასხვა ქვეყანაში, ქალაქებშიც. რუსეთშიც ბევრ ქალაქში მაქვს კონცერტი და ყველას ვათვალიერებ. ამ ბოლო დროს კატასტროფული შიში, ფობია მაქვს თვითმფრინავით ფრენის, იცი, როგორი? გული სადღაც მივარდება. ეს მას შემდეგ დამეწყო, როცა ერთხელ, თბილისში მოვფრინავდი და თვითმფრინავმა ჯერ ბორბალი ვერ მოკეცა, მერე ნახევარი საათი დავფრინავდით თბილისის თავზე და ბოლოს, ისეთი სისწრაფით დაეშვა, მეგონა, იქ დამთავრდებოდა ჩემი სიცოცხლე. ადამიანმა მაქსიმალურად უნდა ისიამოვნო ცხოვრებით. არავინ თქვას, რომ საკუთარი სიამოვნებისთვის დრო არ რჩება. თუ მოინდომებ, სულ გამონახავ დროს.
– ახლა უკვე, როცა შენი ცხოვრების კარიერულ მიზანს მიაღწიე, დაოჯახებაზე არ ფიქრობ? შენს ცხოვრებაში თუ არის საყვარელი ადამიანი?
– მხოლოდ ორჯერ მიყვარდა ცხოვრებაში: 12 წლის ასაკში და 19 წლისას, მაგრამ იმდენად მტკივნეული და ღრმა გრძნობა იყო,  ახლაც მიკვირს, როგორი ბავშვი ვიყავი, რომ ასეთი ძალით მიყვარდა. მას შემდეგ არ შემყვარებია, ალბათ, იმდენად ვიყავი კარიერაზე გადართული, რომ თავი დავაპროგრამე, რომ ამ კუთხით არ მეფიქრა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. მყავდა ორი ძაღლი. ახლახან ერთი დაიღუპა. ცხრა წელი ვზრდიდი შვილივით და  ხელებში ჩამაკვდა. ძალიან ტრაგიკული პერიოდი მაქვს. ამჟამად  ვერ ვხედავ საფუძველს, რომ შეიძლება, მყავდეს ცოლი, შვილი, ოჯახი. ყველაფერს თავისი დრო აქვს. შეიძლება, დადგეს დრო და ოჯახი შევქმნა, შვილები მყავდეს.
скачать dle 11.3