კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№22 რატომ არ აკოცებს ქეთი წიქვაძე არასდროს არავის ეკრანზე და რატომ არ უნდოდა გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილს მსახიობობა

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


 ჩიკას „ყველაზე სკანდალური“ დაქალის როლს სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ ქეთი წიქვაძე ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანების ოჯახში გაიზარდა: დედა – ნანა ლორთქიფანიძე, ბაბუა – გიგა ლორთქიფანიძე, ბებია, დეიდები ყველა ამ სფეროში ჰყავს, თავად პროფესიად მსახიობობა არ აურჩევია. ეს მისთვის პირველი როლია, რომელზეც შემთხვევით აღმოჩნდა.

ქეთი წიქვაძე: ჩიკას დაქალის როლზე შემთხვევით აღმოვჩნდი. სერიალის რეჟისორს აქამდეც ვიცნობდი და მირჩია, ქასთინგზე მივსულიყავი. თვითონ ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, იმიტომ რომ, არც სამსახიობო განათლება მაქვს და არც შესაბამისი გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობების ოჯახიდან ვარ, თვითონ მსახიობობა არასდროს მინდოდა. მაგრამ ახლა, მგონი, მოვიწამლე ამ პროფესიით (იცინის).
– „ჩიკას ყველაზე სკანდალურ დაქალს“ გიწოდებენ. ასეთი ხარ სინამდვილეშიც?
– სინამდვილეში ჩემს პერსონაჟს ერთხელაც არ აუტეხია სკანდალი და არ ვიცი, რატომ მიწოდებენ ყველაზე სკანდალურს (იცინის). მე და ის ერთმანეთს არაფრით ვგავართ. რეალობაში ჩემი გმირისნაირი გოგოები არ მომწონს. ძალიან სულელები არიან და მე არ მიმაჩნია, რომ სულელი ვარ (იცინის). არც ჩიკასნაირი გოგოები მომწონს.
– ხელოვანების ოჯახიდან ხარ, რომელსაც ყველა იცნობს. თუმცა, თქვი, რომ შენ არ გინდოდა მსახიობობა. რატომ?
– ამ სფეროში ბავშვობიდანვე კარგად ვიყავი ჩახედული და არასდროს გამჩენია მსახიობობის სურვილი. მხოლოდ ერთხელ, დამამთავრებელ კლასში ვთქვი, მოდი, ჩავაბარებ-მეთქი, მაგრამ დედამ ყველა გზა გადამიკეტა. მითხრა, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ პროფესიით ცხოვრება ძალიან რთულია და არც მე გამომიჩენია განსაკუთრებული მონდომება თუ ნიჭი, თორემ ასე რომ ყოფილიყო, ალბათ, უარს აღარ მეტყოდნენ (იცინის). თუმცა, ბაბუამ კი მითხრა: არავის მოუსმინო და ის გააკეთე, რაც შენ გინდაო.
– საბოლოოდ, რა აირჩიე პროფესიად?
– ტელე-კინომენეჯერი და პროდიუსერი ვარ პროფესიით. კოკა ყანდიაშვილი იყო ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი და სხვადასხვა ტელევიზიაში გვამუშავებდა სხვადასხვა კუთხით, რომ საკუთარი თავი ყველაფერში გამოგვეცადა. რამდენიმე გადაცემაზე ვიმუშავე, მათ შორის, ცოტა ხნით „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუზეც“. თუმცა, ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ტელევიზიაში მუშაობა დიდი მსხვერპლის გაღებაა და თუ ეს პროფესია ძალიან არ გიყვარს, წააგებ, ან, უბრალოდ, არ გიღირს ეს ბრძოლა. მე მივხვდი, რომ არ მიღირდა. კონფლიქტური არ ვარ, არადა ვხვდებოდი, რომ აქეთ მიდიოდა საქმე. ამიტომ, ვარჩიე, წავსულიყავი. შეიძლება აღარასდროს მომიწიოს ტელევიზიაში მუშაობა, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ, ამ გამოცდილებამ რაღაც მაინც შემძინა.
– ახლა სად ხარ, რას აკეთებ ან რას გეგმავ?
– სიამოვნებით განვაგრძობ სერიალში მონაწილეობას. მომავალში საინტერესო როლი თუ გამოჩნდება, იმასაც დავთანხმდები. ეს საქმე ძალიან მომეწონა (იცინის). საერთოდ, დიზაინერი არ ვარ, მაგრამ რამდენიმე წელია, სამოსს ვქმნი ქალბატონებისთვის. „მაიკა“ – ასე ერქვა ჩემს ბრენდს და მაღაზიაც მქონდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ, სხვა საქმეებზე გადავერთე და ამ ამბების შეწყვეტა მომიწია. თუმცა „ონლაინ“ მაინც იყიდება ჩემი სამოსი. ზაფხულისთვის მნიშვნელოვანი გეგმები მაქვს. როგორც იცით, ანაკლიაში „ჯემ ფესტი” იმართება და იქ ვაპირებ მაღაზიის გახსნას. დიზაინის მიმართულებით განათლება არ მიმიღია, უბრალოდ, გავერთე და გამოვიდა. სულ ესაა. ამიტომ, არ მიყვარს, როცა დიზაინერად მომიხსენიებენ. მირჩევნია, ბრენდ-მენეჯერი მერქვას (იცინის). სამი წელი ისე ვკერავდი ტანსაცმელს, ხელში ფანქარი არ ამიღია, როცა დიზაინერები ძალიან ბევრს სწავლობენ და შრომობენ. ამიტომ, მე რომ მაისურზე რაღაც დავპრინტე, ამის გამო ამბიციები არ მაქვს (იცინის).
– შენი ცნობილი ოჯახი ვახსენეთ. როგორი დედაა ნანა ლორთქიფანიძე?
– დედას ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, ამ სერიალში მივდიოდი. რამდენიმე რჩევა მომცა. მითხრა, ეცადე, ბუნებრივი იყოო. ახლა სერიალში რომ მიყურებს, ისეთს არაფერს მეუბნება (იცინის). მხოლოდ ერთხელ გაჩუმდა და მივხვდი, იმ მომენტით დიდად აღფრთოვანებული არ იყო. მაგრამ, საერთო ჯამში, ვხვდები, უკმაყოფილო არაა.  რაც შეეხება დედობას, საერთოდ, ყველას ჰგონია, რომ დედამისი ყველაზე კარგია. მაგრამ, მე მართლა ვფიქრობ, რომ იმას, რასაც დედაჩემი ჩემთვის და ჩემი ორი შვილისთვის აკეთებს, ძალიან ცოტა თუ გააკეთებდა. მას პროფესიისთვის თავი არ დაუნებებია, მაგრამ ალბათ, გაცილებით მეტს შეძლებდა, რომ არა ჩემს შვილებზე მზრუნველობა. ფაქტობრივად, დედაჩემია ჩემი შვილების დედა.
– ბაბუა – გიგა ლორთქიფანიძე...
– ბაბუა იმ თაობას ეკუთვნის, რომელიც ცოტა რთულად უყურებს ჩვენს თაობას. ამ ასაკის ადამიანები, ძირითადად შეზღუდვებს უწესებენ ახალგაზრდებს. მაგრამ, ბაბუა დედაჩემისა და ჩემ მიმართ ყველაზე დიდი ლიბერალი იყო. დედაჩემს, რომელიც სამჯერ გათხოვდა და სამივეჯერ გაშორდა ქმარს, ყოველ გაშორებაზე ჰქონდა შიში, რას ეტყოდა ოჯახი, როგორ მიიღებდნენ ამ ამბავს. ასეთ დროს ის ყოველთვის გიგასთან მიდიოდა და ისინი ერთად იღებდნენ ამ გადაწყვეტილებას. ბაბუა ყოველთვის უმარტივებდა ამ ამბავს. ეტყოდა: შენ თუ არ გინდა, ადექი და წამოდი, რატომ უნდა იცხოვროთ ერთადო. ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდა ჩემ მიმართაც. ერთ-ერთი, ყველაზე მკაცრი რეჟისორი იყო. გამიგია, რომ გადაღებების დროს გაბრაზებულს სკამიც უსვრია და ჯოხიც. თუმცა, ოჯახთან ყველაზე თბილი იყო. მახსოვს, ყველაფერზე ეტირებოდა და ჩემი დიდი მეგობარი იყო. ყოველთვის ვამაყობდი ჩემი ოჯახით და ბედნიერი ვარ, რომ გვერდით ასეთი ადამიანები მყავდნენ და მყვანან. თუმცა, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, როცა შენ უკან ასეთი სახელები და გვარებია, გაცილებით მეტი მოგეთხოვება. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პროფესიად მსახიობობა არ ავირჩიე, ესეც იყო.
– თქვი, რომ ორი შვილი გყავს. მათ შესახებაც მოგვიყევი.
– ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ძმები არიან. უფროსი უფრო კონტაქტური, ოდნავ აზიატი, მაგრამ გულწრფელი და ცოტა მიამიტი ბიჭია, როგორიც მე ვიყავი ბავშვობაში და ამის გამო დავიჩაგრე. მიფიქრია ხოლმე, ცხოვრებაში თავის დროზე რომ გამოვფხიზლებულიყავი, უკეთესი იქნებოდა-მეთქი. რაც შეეხება მეორეს – ილუშა, პირიქით, ძალიან მხიარული და ცოტა სნობია. თუ ვინმე არ მოეწონება, შეიძლება, საერთოდ არ მიესალმოს. იმიტომ კი არა, რომ უზრდელია, უბრალოდ, არ აინტერესებს ეს ადამიანი (იცინის). თუმცა, ორივე ძალიან მხიარულია და ჩვენს სახლში ყოველთვის დიდი ამბებია. ორივეს ძალიან უხარია, სერიალში რომ ვმონაწილეობ, რაც არ მიკვირს. კარგად მახსოვს, როგორ მიხაროდა დედასთან და ბებიასთან ერთად რომ დავდიოდი ქუჩაში და ვგრძნობდი ხალხის მათდამი საოცარ სიყვარულს. მაშინ კიდევ უფრო მეტად არ იშურებდნენ თბილ სიტყვებს და სითბოს. მახსოვს, ბებიასთან ერთად რომ მივდიოდი, მოსდევდნენ და კინოროლების სახელებს ეძახდნენ. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო, რომ მეც მასთან ერთად ვიყავი. ანალოგიურად უხარიათ ჩემს შვილებსაც, როცა ქუჩაში ჩემ მიმართ გამოვლენილ ყურადღებას ამჩნევენ. უფროსი მანამდეც უყურებდა სერიალს და ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, რომ ქასთინგზე მივდიოდი. გზაში მანქანაში მეჯდა და მეუბნება: ძალიან გამიხარდება, თუ ამ სერიალში იქნები, მაგრამ ერთი რაღაც უნდა გითხრა, არავის აკოცოო. ვუთხარი, რომ არავის ვაკოცებდი და ცოტა ხანში, კმაყოფილი სახით მომიბრუნდა: რა, სასიამოვნოა, როცა დედაშენი ვიღაცას კოცნის ტელევიზორშიო?! (იცინის) მიუხედავად იმისა, რომ ვებრძვი აზიატურ მიდგომებს, რაღაცნაირად მესიამოვნა მისგან ეს დამოკიდებულება. ამის გამო ვერ ვაწყენინებ ჩემს შვილს, მით უმეტეს, ბიჭია. ასე რომ, მე არასდროს არავის ვაკოცებ ეკრანზე (იცინის).
– როგორც მივხვდი, განქორწინებული ხარ.
– 22 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი და ახლა რვა წლის გიორგი და ხუთი წლის ილუშა მყავს. განქორწინებული ვარ, თუმცა ყოფილ მეუღლესთან, ბავშვებიდან გამომდინარე, ხშირი ურთიერთობა მაქვს.
– ქალბატონი ნანა სამჯერ იყო დაქორწინებული.
– მე პირველი ქორწინებიდან გავჩნდი. 11 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. ერთად არ ვცხოვრობდით, ბოლო წლები საქართველოშიც არ იყო. ურთიერთობა ბოლომდე გვქონდა, მაგრამ მაინც ფრაგმენტულად მახსოვს. თუმცა, ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ მას ვგავარ. ძალიან სიმპათიური იყო, მაგრამ ჩემზე ბევრად ლამაზი ლურჯი თვალები ჰქონდა (იცინის).
скачать dle 11.3