კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

 
 გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა მთელ მსოფლიოში. მათ შორის, ყველაზე ხშირია არტერიული ჰიპერტენზია, ანუ სისხლის წნევის მატება. მეორე ადგილზეა გულის იშემიური დაავადება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, 2014 წელს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების გამო, სიკვდილიანობა, საერთო სიკვდილიანობის თითქმის ნახევარს აღწევდა. რას წარმოადგენს ათეროსკლეროზი და გულის იშემიური დაავადება, რაც ამხელა ზიანს აყენებს საზოგადოებას  – გვესაუბრება წმინდა მიქაელ მთავარნგელოზის მრავალპროფილური საავადმყოფოს ექიმი კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგი, დოქტორანტი ლევან ამაღლობელი.

 – იშემია ბერძნული სიტყვაა და სისხლის შეზღუდვას ნიშნავს.  ადამიანის ორგანიზმში არსებული ყველა ორგანო სიცოცხლისთვის საჭირო ნივთიერებებს სისხლით იღებს. სისხლი დანიშნულების ადგილამდე მიდის სისხლძარღვების - არტერიების საშუალებით. თუ არტერიები ვერ უზრუნველყოფს საკმარისი რაოდენობით სისხლის მიწოდებას რომელიმე ორგანომდე, ორგანო განიცდის სისხლის დეფიციტს. შედეგად, ყალიბდება ორგანოს იშემია.. არტერიები სისხლის საკმარისი რაოდენობით მიწოდებას ვერ ახერხებს მათი შევიწროების გამო, ეს კი ყველაზე ხშირად ათეროსკლეროზული დაზიანებითაა გამოწვეული.  
 ათეროსკლეროზი  ორგანიზმში ცხიმოვანი ცვლის მოშლაა, რომელიც გამოიხატება ცხიმების დაგროვებით სისხლძარღვის შიგნითა ზედაპირზე. ამას თან ახლავს სისხლძარღვის სანათურის შევიწროება და მასზე თრომბების წარმოქმნა. არსებობს ათეროსკლეროზის განვითარების ხელშემწყობი რისკ-ფაქტორები: შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, უმოძრაო ცხოვრების წესი, სიგარეტის მოწევა, საკვების საშუალებით დიდი რაოდენობით ცხოველური ცხიმების მიღება, ემოციური სტრესი და მემკვიდრული მიდრეკილება. თითოეულმა ამ ფაქტორმა ცალკე შეიძლება, არ გამოიწვიოს ათეროსკლეროზი, მაგრამ რამდენიმე მათგანის კომბინაცია ზრდის დაავადების განვითარების ალბათობას.
ათეროსკლეროზი ყველა სისხლძარღვზე ვითარდება, მაგრამ რადგან გული ძალიან აქტიური ორგანოა და დიდი რაოდენობით სისხლი სჭირდება, ყველაზე ხშირად ათეროსკლეროზული დაზიანება გამოვლინდება სწორედ მისი მკვებავი სისხლძარღვების - კორონარული არტერიების შევიწროვებით. ეს კი გულის კუნთის იშემიას იწვევს.
 გულის კუნთის იშემიას პაციენტი გრძნობს ისეთი ჩივილებით, როგორიცაა: ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც შესაძლოა, გადაეცემოდეს მარცხენა ხელში, ბეჭში ან ქვედა ყბაში, ზეწოლის ან წვის შეგრძნებას გულმკერდის არეში, ჰაერის უკმარისობას, ტკივილს კუჭის არეში. ამ სიმპტომებს სტენოკარდია ჰქვია. შედარებით სტაბილური მდგომარების დროს პაციენტს სტენოკარდია აღენიშნება მხოლოდ ფიზიკურ დატვირთვაზე, გრძელდება რამდენიმე წუთი და დასვენების შემდეგ ქრება. თუ სტენოკარდია გაჩნდა მოსვენებისას ან გაგრძელდა 20 წუთზე მეტ დროს, ეს მიუთითებს, რომ დაავადება არასტაბილურია და სწრაფად პროგრესირებს. სტენოკარდიული ჩივილების შემჩნევის შემთხვევაში, სერიოზული გართულებების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს.
– როგორ განვსაზღვროთ, ჩვენი  ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– არსებობს მთელი რიგი დიაგნოსტიკური მეთოდი, რომელიც აფასებს რამდენად ადეკვატური რაოდენობით სისხლს იღებს გულის კუნთი. მაგალითად, ექოკარდიოგრაფია, ელექტროკარდიოგრაფია და მისი ვარიანტები: სარბენ ბილიკზე – ტრედმილზე ან ველოერგომერტზე დატვირთვისას ელექტროკარდიოგრაფია, ჰოლტერის 24-საათიანი ელექტროკარდიოგრაფიული მონიტორირება. ამ მეთოდების უმრავლესობა აღიქვამს უკვე განვითარებული იშემიის შედეგად გულის კუნთში აღმოცენებულ ცვლილებებს და ამის საშუალებით, ვარაუდობს გულის არტერიების სავარაუდო შევიწროებას. არსებობს გამოკვლევის უფრო მაღალინფორმატიული მეთოდები, რომელიც უშუალოდ აფასებს გულის არტერიების მდგომარებას. ამ გამოკვლევას კორონარული არტერიების ანგიოგრაფია ანუ კორონაროგრაფია ეწოდება.
სელექტიური კორონაროგრაფია შედარებით უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია. ის ტარდება სპეციალიზებულ კათეტერიზაციის ლაბორატორიაში ინტერვნეციული კარდიოლოგის მიერ. ლიდოკაინით ან ნოვოკაინით ადგილობრივი გაუტკივარების შემდეგ, პაციენტის ერთ-ერთი კიდურის არტერიაში ნემსის ჩხვლეტის საშუალებით, იდგმება 2-მილილიტრიანი დიამეტრის პლასტმასის მილი, საიდანაც ხდება ხელსაწყოების ორგანიზმში შეყვანა. სისხლის დანაკარგი ამ დროს უმნიშვნელოა და არ აღემატება რამდენიმე მილილიტრს. ტრადიციულად, ეს გამოკვლევა ტარდებოდა ბარძაყის არტერიიდან, მაგრამ მიდგომა საკმაოდ მოუხერხებელი იყო პაციენტისთვის. ბარძაყის არტერია დიდი დიამეტრისაა, რის გამოც მისგან განვითარებული სისხლდენები იწვევდა მნიშვნელოვან სისხლჩაქცევებს. პაციენტს ენიშნებოდა მკაცრი წოლითი რეჟიმი მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. ეკრძალებოდა ფეხის მოხრა, წამოჯდომა და გადაბრუნება. გართულებების მაღალი რისკისა და პაციენტის დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, შემუშავდა სელექტიური კორონაროგრაფიის ჩატარების შედარებით ახალი და მეტად უსაფრთხო მეთოდი სხივის არტერიიდან.  ეს არტერია მცირე დიამეტრისაა, მდებარეობს ზედაპირულად, რის გამოც სერიოზული სისხლდენების რისკი მინიმალურია და პროცედურის შემდეგ, აღარ არის საჭირო წოლითი რეჟიმი. პაციენტს გამოკვლევის შემდეგ შეუძლია, ადგეს და 2-3 საათში ჩვეულ ცხოვრების წესს დაუბრუნდეს.
სელექტიურ კორონაროგრაფიას აქვს თავისი გართულებები, თუმცა თანამედროვე ტექნიკის გამოყენებისას, მათი სიხშირე ძალიან მცირეა. ყველაზე ხშირად აღინიშნება ჩხვლეტის ადგილას სისხლჩაქცევები, რომელიც ხელის არტერიიდან გამოკვლევის ჩატარების შემდეგ მხოლოდ უმნიშვნელო დისკომფორტს იწვევს. შესაძლოა, ალერგიული რეაქცია ადგილობრივ გამაყუჩებელ ლიდოკაინ-ნოვოკაინზე ან იოდის შემცველ კონტრასტზე. პროცედურის წინ ყველა პაციენტს უტარდება ალერგიული სინჯი ამ ნივთიერებაზე, რაც ფაქტობრივად, გამორიცხავს გართულების წარმოშობას.
– გააჩნია, თუ არა კორონაროგრაფიის ამ მეთოდს უკუჩვენება?
– კორონაროგრაფიას არ გააჩნია აბსოლუტური უკუჩვენება. გამოკვლევა შედარებით სიფრთხილით ტარდება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ალერგია იოდზე, ახლო წარსულში გადატანილი აქვთ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, აღენიშნებათ თირკმლის ან გულის მძიმე უკმარისობა.
გულის არტერიებზე შევიწროების აღმოჩენის შემდეგ, იგემება გულის იშემიის მკურნალობის ოპტიმალური მეთოდი. არსებობს მკურნალობის 2 ძირითადი ტიპი: მედიკამენტური მკურნალობა – რომელიც მხოლოდ მცირედ აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას შევიწროებულ სისხლძარღვის გავლით და ხელს უწყობს გულს, შეეგუოს სისხლის დეფიციტს. მაგრამ, მნიშვნელოვანი შევიწროების დროს, ეს ხშირად საკმარისი არ არის და მკურნალობის მიუხედავად, პაციენტს მაინც აწუხებს გულის იშემიის გამოვლინება - სტენოკარდია. არსებობს მკურნალობის უფრო ეფექტური მეთოდი – სისხლძარღვის გამავლობის აღდგენა სტენტირებით. სტენტი ხელს უშლის გაფართოებული სეგმენტის ისევ შევიწროებას. პროცედურა ტარდება იმავე ნაჩხვლეტიდან, საიდანაც სელექტიური კორონაროგრაფია, რის გამოც, ის არ წარმოადგენს პაციენტისთვის მნიშვნელოვან დამატებით დისკომფორტს.
კორონაროგრაფია ყველაზე უკეთ ეხმარება პაციენტს დაადგინოს, რა ზიანი მიაყენა მის გულს არაჯანსაღმა ცხოვრების წესმა და ათეროსკლეროზმა. სტენტირებით მას საშუალება ეძლევა, გამოასწოროს დაავადების გამო შევიწროებული არტერიების მდგომარეობა, აღადგინოს გულის სისხლმომარაგება.скачать dle 11.3