კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ეშმაკის ბილიკი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #7-19(854)


– კარგი. გასაგებია. საქმის კურსში მამყოფე. თუ რამე დაგჭირდეს, მაშინვე დამიკავშირდი. აბა, წარმატებებს გისურვებ, – უთხრა პავლოვმა გიგაურს და სპეცკავშირის ტელეფონი გათიშა.
ზურაბმა ისევ იმ ოთახში ისადილა, სადაც მას საუზმე და ვახშამი მიუტანეს და ღამე გაათევინეს. საღამოს ხუთი საათისთვის კი პოლკოვნიკმა ზაიცევმა მას კონტრმზვერავების მიერ შეგროვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით უთხრა:
– ამხანაგო მაიორო, ნადეჟდა მალიშევას მართლა გაუყიდია ბინა და როგორც უთქვამს, მოსკოვში გამგზავრებულა. ბინაში ოცდაათი ათასი მანეთი გადაუხდიათ. ის უკვე ამოწერილია ლენინგრადიდან, მაგრამ სად ჩაეწერა, უცნობია.
მოგვიანებით, ზურაბს მოსკოვიდანაც დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ნადეჟდა მალიშევა არც მოსკოვში ჩაწერილა და არც საბჭოეთის სხვა ადგილზე. კომის ავტონომიურ ოლქში მუშაობის დროს კი, მას მრავალ პატიმართან ჰქონია კარგი დამოკიდებულება და მას პატივს სცემდნენ. არც რაიმე „ჩეპეს“ ჰქონია ადგილიო.
ზურაბის ვერსიით, გვარშეცვლილი ვარლამ კოვზირიძე ნადეჟდა მალიშევამ საპყრობილეში გაიცნო. მაიორი ვარაუდობდა, რომ ძებნილი კოვზირიძე მალიშევასთან ერთად გაემგზავრა მოსკოვიდან და მათ მინიმუმ, ოცდაათი ათასი მანეთი ჰქონდათ თან. მაიორი ჩაფიქრდა და ჩაილაპარაკა: „კომის ავტონომიურ ოლქში უნდა გავემგზავრო და ადგილზე გავარკვიო ყველაფერი. გამორიცხული არაა, რომ პატიმრების სურათებში კოვზირიძე ამოვიცნო“.
შუაღამე სრულდებოდა, როცა ზურაბი ლენინგრადი-სიკტივკარის თვითმფრინავით კომში გაფრინდა და მომქანცველი მოგზაურობის შემდეგ, გამთენიისას ჩავიდა ადგილზე. გაზაფხულის მიუხედავად, ავტონომიურ რესპუბლიკაში ჯერ კიდევ ციოდა და არც თოვლი დამდნარიყო. მაიორმა ტაქსი აიყვანა და გამოსასწორებელი კოლონიების მთავარ სამმართველოში გაემგზავრა. შენობაში რომ შევიდა, ნახევრადმძინარე მორიგეს ჰკითხა:
– უფროსი რომელ საათზე მოდის ხოლმე?
შეიარაღებულმა, სამხედროფორმიანმა მორიგემ მას გაკვირვებით შეხედა და უთხრა:
– შენ რა, საათის ცნობა არ იცი? ვერ ხედავ, რომ დილის ხუთი საათია და რა დროს უფროსის მოსვლაა? წადი, გამოიძინე და დღისით მოდი.
– ძილი ხომ არ დაგიფრთხე, ჯარისკაცო? – დამცინავად თქვა ზურაბმა.
გამოუძინებელმა მორიგემ აგრესიულად უპასუხა:
– წადი, წადი აქედან, თორემ საკანში ამოგაყოფინებ თავს და დაძინების საშუალებას არ მოგცემენ, – მორიგემ ხიშტიანი ავტომატი მოუღერა გიგაურს და დააყოლა, – წადი-მეთქი, თორემ არ გეხუმრები!
აღგზნებულ გუშაგს მაიორმა უშიშროების წიგნაკის ყდა დაანახვა და უთხრა:
– მშვიდად, ჯარისკაცო, მშვიდად. აბა, მორიგე ოფიცერს უხმე...
აგრესიულმა მორიგემ შიშისგან ფერი დაკარგა და ხელაკანკალებულმა ისე დაურეკა მორიგე ოფიცერს, ზურაბისთვის ბოდიშიმს მოხდაც კი დაავიწყდა. ახალგაღვიძებულმა ოფიცერმა ზურაბი თავის ოთახში შეიპატიჟა. ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხა და ბოლოს უთხრა:
– პოლკოვნიკი მხოლოდ დილის ცხრა საათზე მოვა. თუ გნებავთ, აქ დაელოდეთ. აი, ამ საწოლზე შეგიძლიათ, თვალი მოატყუოთ. მე მაინც მორიგე ვარ და არ მეკუთვნის ძილი.
– გმადლობთ, მაგრამ ძილის დრო არ მაქვს. იქნებ თქვენ დამეხმაროთ? – მიმართა ზურაბმა მორიგე კაპიტანს და დააყოლა, – რამდენიმე შეკითხვა მექნება თქვენთან.
– დიდი სიამოვნებით, თუკი რამე შემიძლია, – მხრები აიჩეჩა კაპიტანმა.
– რამდენი წელია, რაც აქ მუშაობთ?
– შვიდი, – მიუგო კაპიტანმა.
– თქვენი უწყების სამედიცინო პერსონალთან თუ გაქვთ შეხება?
– რა თქმა უნდა, მაქვს.
– ესე იგი, იცნობთ მათ?
– თითქმის ყველას, – ამაყად თქვა კაპიტანმა.
– ნადეჟდა მალიშევას თუ იცნობთ?
– ნადიუშას? – აღტაცებით წამოიძახა მორიგემ, – როგორ არ ვიცნობ, მაგრამ ის უკვე დიდი ხანია, ჩვენთან აღარ მუშაობს. ლენინგრადში გადავიდა.
– რისი თქმა შეგიძლიათ მასზე?
– მხოლოდ კარგის, –  უყოყმანოდ მიუგო კაპიტანმა მაიორს, – ნადია მალიშევა ყველას გვიყვარდა, ჩვენც და პატიმრებსაც. ერთ ადამიანს ვერ იპოვიდით მთელ სისტემაში, ვინც მასზე ცუდს იტყოდა. ნადია ყოველწუთს მზად იყო, ნებისმიერს დახმარებოდა და უკან არაფერზე დაიხევდა. ყველაფერთან ერთად, ის საუკეთესო სპეციალისტია და ხუთიანზე ესმის თავისი საქმე. ოქროს გულთან ერთად, ოქროს ხელებიც აქვს. მაინც, რა ხდება, თუ საიდუმლო არაა? რატომ დაინტერესდა ნადიათი უშიშროება? არ მგონია, რომ მას რამე დაეშავებინოს.
– არა. ნამდვილად არაფერი დაუშავებია. ჩვენი უწყება ადამიანების ერთ ჯგუფს ამოწმებს გეგმურად და მათ შორის, მალიშევაცაა. ესაა და ეს, – იცრუა გიგაურმა, – თქვენ თქვით, ის პატიმრებსაც უყვარდათო და ხომ არ იცით, რომელიმე მათგანთან ხომ არ ყოფილა შედარებით ახლო ურთიერთობაში, ვიდრე სხვებთან?
– არა. არ მგონია. მალიშევა ყველასთან თანაბრად იყო, – თავი გააქნია კაპიტანმა.
– თქვენ თვითონ თუ გაქვთ პატიმრებთან უშუალო შეხება?
– მაქვს. მე უწყების განსაკუთრებულ განყოფილებაში ვმსახურობ და ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა პატიმრებთან უშუალო კონტაქტში შესვლაა საჭირო. ამისთვის კი მათ უნდა იცნობდე.
– თქვენი უწყების განკარგულებაში ათასობით პატიმარია და ყველას ვერ გაიცნობ.
– ათიათასობით, – შეუსწორა კაპიტანმა გიგაურს, – ყველას ვერა... – კაპიტანმა პაუზა გააკეთა. მაიორს მზერა მიაპყრო და უთხრა, –  პირდაპირ მკითხეთ, რა გაინტერესებთ და იქნებ დაგეხმაროთ კიდეც.
ზურაბ გიგაურმა ვარლამ კოვზირიძის ფოტო ამოაცურა ჯიბიდან. მორიგე კაპიტანს უჩვენა და ჰკითხა:
– ამ პატიმარს თუ იცნობთ?
– აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე, – ჩაეცინა კაპიტანს და თავი გააქნია, – უშიშროება ტყუილად არაფერს ამოწმებს. ძველ საქმეს დაუბრუნდნენ, როგორც ვხედავ, მაგრამ გარწმუნებთ, ნადიუშა აქ არაფერ შუაშია. ეს ერთხელ უკვე გაირკვა.
მორიგე კაპიტნის სიტყვებზე გიგაურს გული ისე აუჩქარდა, ლამის გაუსკდა. მაიორი მიხვდა, რომ აბსოლუტურად სწორ კვალს გამოჰყვა და კვანძის გახსნასთან ძალიან ახლო იყო. უბრალოდ, ახლა საჭირო იყო, მშვიდად, თანამიმდევრულად მიჰყოლოდა კვალს და სასურველ შედეგს მიაღწევდა. ამიტომ, ზურაბმა კაპიტანს გაუღიმა და უთხრა:
– კი. გასაგებია ეს ყველაფერი და ისიც, რომ ნადეჟდა მალიშევა დადებითი პიროვნებაა. ამას არც ჩვენ უარვყოფთ, მაგრამ წესი წესია. ამიტომ, ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ და მხოლოდ ჩემს კითხვებს უპასუხეთ.
– კეთილი, მკითხეთ, – მხრები აიჩეჩა კაპიტანმა.
ზურაბმა ხელი გაუწოდა კაპიტანს და უთხრა:
– მე მაიორი ზურაბ გიგაური ვარ. თქვენ?
– კაპიტანი იაკოვ დიდური, – წარუდგა ზურაბს კაპიტანი.
– იაკოვ, მითხარით, თუ გეცნობათ ამ ფოტოზე გამოსახული ადამიანი? – ჰკითხა ზურაბმა დიდურს.
– რა თქმა უნდა, მეცნობა ის ანტონ პარხომენკოა, – მიუგო დიდურმა.
გიგაური სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო, რადგან მისი პროგნოზი გამართლდა – ვარლამ კოვზირიძეს საპყრობილეში მიაგნო. მან თავი მოთოკა და დიდურს ჰკითხა:
– დარწმუნებული ხართ, რომ ამ ფოტოზე ნამდვილად ანტონ პარხომენკოა?
– თავს დავდებ, – მტკიცედ თქვა დიდურმა, – ის სპეცაღრიცხვაზე იყო, როგორც დიდსროკიანი.  რაც არ უნდა იყოს, ოცდახუთი წელი ჰქონდა მისჯილი პოლკოვნიკის მკვლელობისთვის და მტკაველ-მტკაველ მყავდა შესწავლილი. თუმცა, მაინც გაგვექცა.
ბოლო ფრაზის გაგონებაზე ზურაბს ხასიათი გაუფუჭდა, მაგრამ არ შეიმჩნია და დიდურს უთხრა:
– თუ პარხომენკო მისხალ-მისხალ გყავთ შესწავლილი, მაშინ არ გაგიჭირდებათ მისი მთავარი, განსაკუთრებული ნიშნის დასახელება.
– მას მთელი ზურგი აქვს დასახიჩრებული, გოჭივით შეიწვა ომის დროს და სასწაულებრივად გადარჩა, – ნაწყენი ტონით უთხრა კაპიტანმა მაიორს.
„კი. ნამდვილად კოვზირიძის კვალს დავადექი და ვარლამი ცოცხალია“, – სიხარულით გაიფიქრა მაიორმა. დიდურს კი უთხრა:
– იაკოვ, ნუ მიბრაზდებით, ასეთია ჩვენი პროფესია და რას იზამ? ზოგჯერ თავსაც კი ვაბეზრებთ ადამიანებს.
– ვიცი, ვიცი, ზურაბ. განაგრძეთ.
– იაკოვ, ახლა პარხომენკოს გაქცევის ამბავიც ზუსტად მომიყევით.
კაპიტანს ჩაეცინა. გიგაურს შეხედა და უთხრა:
– თქვენ, ალბათ, ჩემზე უკეთესად იცით ყველაფერი, მაგრამ, როგორც თქვით – საქმე საქმეა და გეტყვით.
– რას იზამ, – ხელები გაშალა მოღიმარმა გიგაურმა, – გისმენთ.
– მოკლედ, ეგ პარხომენკო ქალაქის საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში იწვა ფეხის მოტეხილობით. მას მარჯვენა ფეხი წვივში ჰქონდა გადატეხილი, რადგან ზონაში რელსი დაეცა. რა თქმა უნდა, ბადრაგიც ეყენა პალატასთან, ფანჯრები კი გისოსებიანი ჰქონდა. თუმცა, მან გისოსები ხერხით გადაჭრა. თოკით ჩაეშვა მეოთხე სართულიდან და გაიქცა. ბადრაგს ეძინა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბადრაგს პატიმარმა საძილეწამლიანი კონიაკი დაალევინა. მოკვლევის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ნადია მალიშევაზე ეჭვიც კი არავის მიუტანია, ნადიუშას ეწყინა გამომძიებლის სტანდარტული კითხვა – პატიმარ-პაციენტისთვის აკრძალული ნივთი ხომ არ გადაგიციათო. ნადიუშამ ეს ჩაიხვია და სამი თვის მერე, როცა განაწილების ვადა გაუვიდა, ლენინგრადში დაბრუნდა. არადა, ჩვენთან აპირებდა დარჩენას. აი, სულ ეს ვიცი, ძვირფასო ზურაბ. ახლა კი ვხედავ, რომ ამ საქმით უშიშროება დაინტერესდა და თუ საიდუმლო არაა, რატომ?
– მალიშევას არაფერი ემუქრება. უბრალოდ, ეგ პარხომენკო ერთ საჩვენო საქმეში ამოტივტივდა და კვალს მივყვებით. თქვენი ნადია კი სუფთაა, – თქვა ზურაბმა.
– მადლობა ღმერთს, – ამოისუნთქა დიდურმა.
– იაკოვ, ახლა პარხომენკოს შესახებ მომიყევით, თუ არ შეწუხდებით. სად ფურცელზე მშრალად დაწერილი და სად ცოცხალი, გამოცდილი თვალით ნანახი და მოთხრობილი, – უთხრა ზურაბმა დიდურს, რომელსაც გაეღიმა და თქვა:
– ალბათ, პარხომენკოს ზონური ამბები გაინტერესებთ, თორემ მისი სისხლის სამართლის საქმე ზეპირად გეცოდინებათ.
ზურაბ გიგაურს პარხომენკო-კოვზირიძის შესახებ, რა თქმა უნდა, ყველაფერი დაწვრილებით აინტერესებდა, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეს ისედაც გაეცნობოდა და თავი რომ არ გაეშიფრა, დიდურს უთხრა:
– რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმე – არა.  დიახ, ზონური ამბები მაინტერესებს – როგორ იქცეოდა, ვისთან ახლობლობდა და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ყველაფერი.
– სიმართლე გითხრათ, ზურაბ, ანტონ პარხომენკო საერთოდ არ ჰგავდა მკვლელს და ბოროტმოქმედს. ზონაში წყნარად, თუმცა ღირსეულად იჯდა და „ჩეპეები” არ ჰქონია. მისი საქციელიდან გამომდინარე, იფიქრებით – ეს რა სპეცაღსარიცხიაო. მაგრამ, რადგან ამხელა სროკი ჰქონდა, ჩვენი აგენტი გვყავდა მიჩენილი. ის კი გვარწმუნებდა – ცუდი არაფერი აქვს ჩაფიქრებულიო და გამოგიტყდებით, როგორც ეტყობა, მოვდუნდით. მან კი ჩვენი დოყლაპიობით ისარგებლა და ფეხმოტეხილი გაგვექცა. ფეხი კი, ვფიქრობ, შეგნებულად მოიტეხა, რათა საავადმყოფოში აღმოჩენილიყო და ხელიდან დაგვსხლტომოდა, რაც წარმატებით მოახერხა კიდეც.
– იაკოვ, რას ფიქრობთ, მაინც ვინ უნდა დახმარებოდა პარხომენკოს გაქცევაში? ვიღაცამ ხომ შეუტანა მას ხერხი და ბანგიანი კონიაკი?
– ყოველ შემთხვევაში, არა ნადია მალიშევამ.
– ეგ გასაგებია. მე თქვენი აზრი მაინტერესებს.
– აბა, რა გითხრათ? – მხრები აიჩეჩა დიდურმა, – მოკვლევით დამნაშავე ვერ დაადგინეს და უფროსობისთვის მოქმედება რომ ეჩვენებინათ, ტრავმატოლოგიური განყოფილების უფროსი გაათავისუფლეს. ჩემი აზრით, ალბათ, მედპერსონალიდან დაეხმარა ვიღაც გაქცევაში პარხომენკოს. აბა, სხვაგვარად როგორ იქნებოდა.
– გასაგებია. მართალი ხართ. სხვაგვარად როგორ იქნებოდა? – გაუღიმა ზურაბმა დიდურს. საათს დახედა და დააყოლა, – იაკოვ, ჯერ დილის შვიდი საათია. თქვენი უფროსი თუ ცხრაზე მოვა, შეიძლება, ორიოდე საათი თვალი მოვატყუო თქვენს საწოლზე?
– რა თქმა უნდა. დაისვენეთ. მე კი წავალ. პოსტებს შევამოწმებ, – უთხრა დიდურმა მაიორს.
ზურაბმა ფეხზე გაიხადა. საწოლზე წამოწვა და მაშინვე დაეძინა.
***
სამმართველოს უფროსთან საუბრიდან მაიორ ზურაბ გიგაურს იმაზე მეტი არაფერი შეუტყვია, რაც მას კაპიტანმა იაკოვ დიდურმა უთხრა. ხოლო, როცა ზურაბმა ანტონ პარხომენკოს სისხლის სამართლის საქმე მოითხოვა, პოლკოვნიკმა მას უთხრა:
– მოსკოვში გადავგზავნეთ, ამხანაგო მაიორო. გაქცეული პატიმარი ახლა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაშია და მთელი საქმეებიც მათ აქვთ.
– გასაგებია. ნახვამდის. – ზურაბმა ხელი ჩამოართვა პოლკოვნიკს და წავიდა.
კომის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცირეხნიანმა მივლინებამ ზურაბ გიგაური დიდად წასწია წინ. რაც მთავარია, მაიორმა შეიტყო, რომ ვარლამ კოვზირიძე ცოცხალი იყო და სავარაუდოდ, ნადეჟდა მალიშევასთან ერთად იმალებოდა. მაიორი დარწმუნებული გახლდათ, რომ კოვზირიძეს სწორედ მალიშევამ მოუწყო საავადმყოფოდან გაქცევა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თუ არა, რაღაც პერიოდისთვის სახლში მალავდა. ბოლოს კი ბინა გაყიდა და წყვილი 30 ათასი მანეთით გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა.
გიგაურმა მოსკოვის თვითმფინავზე აიღო ბილეთი და საბჭოთა დედაქალაქში ჩაფრინდა. საკუთარ სახლში მივიდა და გამოიძინა.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3