კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ვის მიმართ გამოხატავდა პროტესტს ბექა ლემონჯავა ცუდი საქციელით და როგორ იბრძოდა ის თავის გადარჩენისთვის

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


 26 წლის მსახიობი ბექა ლემონჯავა მაყურებლის დიდმა ნაწილმა ახლახან, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან,“ გრიშა კაკაჩიას შვილის როლით გაიცნო. თუმცა, ახალგაზრდა მსახიობისთვის ეს დებიუტი არაა. თეატრში მუშაობის პარალელურად, ბექამ ცოტა ხნის წინ ითამაშა რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მისგან შეიტყობთ, რატომ ვერ მოირგო მილიონერის შვილის როლი, რა სირთულეები გამოიარა და რომელ ქვეყანაში აპირებს ცხოვრების გაგრძელებას.

– ბექა, სერიალამდე რით იყავი დაკავებული?
– ძირითადად, თეატრის რეპეტიციებით და გადაღებებით. რეზო გიგინეიშვილის „მძევლებში“ ვითამაშე. მსახიობობა პროფესიად ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს ავირჩიე. ჩვენთან პატარა სტუდია გაიხსნა და იქ სწავლის პერიოდში მივიღე ეს გადაწყვეტილება. სკოლის დამთავრების შემდეგ, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და სანდრო მრევლიშვილის ჯგუფი დავამთავრე. თეატრშიც მასთან ვიყავი და დღემდე იქ ვარ. თეატრს ჰქვია „რუსთაველის 19“ და რუსთაველის 19 ნომერშია. ჯერჯერობით როლებით ძალიან დატვირთული არ ვარ, მაგრამ ცოტა ხნის წინ მქონდა პრემიერა, სადაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მომეცა.
– „მძევლების“ მსახიობებს შორის როგორ მოხვდი?
– როგორც სხვები, მეც ქასთინგით მოვხვდი ამ ფილმში. ძალიან საინტერესო იყო მასზე მუშაობა. ბევრი საოცარი მსახიობი გავიცანი. დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა რეჟისორს, რომ მსახიობებს ასეთი შესაძლებლობა მოგვცა. ვფიქრობ, ძალიან კარგი ფილმი გამოვიდა. ჩემი გმირი იმ თაობის პროტოტიპია – გეგას სამეგობროს კრებითი სახე. როგორც იცით, პრემიერა ბერლინში გაიმართა. ფილმმა საინტერესო შეფასებები მიიღო. დარბაზი სავსე იყო და რაც მთავარია, მაყურებელს ფილმი ძალიან მოეწონა.
– ეს ფილმი შენთვის დებიუტია?
– არა, დებიუტი არ ყოფილა. მანამდე ორ მოკლემეტრაჟიან ფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული. სხვათა შორის, ამ ფილმებსაც საერთაშორისო წარმატება ხვდა წილად. ორივე გიორგი სიხარულიძისაა – „მამული“ და „თევზი, რომელიც ჩაიძირა“.
– სერიალში ქასთინგით მოხვდი?
– კი ბატონო, აქაც ჩვეულებრივი ქასთინგი გავიარე და როლზე დამამტკიცეს. საინტერესო სამუშაოა, თუმცა ჯერჯერობით ვერაფერს გაგიმხელთ, რადგან წინასწარ მეც არ ვიცი. როგორც იცით, სცენარი თანდათან იწერება და ვნახოთ, რა იქნება.
– მილიონერის შვილობა როგორია?
– ვერ გეტყვით. ჯერ იმ ეტაპამდე არ მივსულვარ, რომ მილიონერის შვილობა ვიგრძნო. დავით კვირცხალიას მანამდე არ ვიცნობდი და გადაღებების პროცესში გავიცანი და სერიალისგან განსხვაებით, სინამდვილეში  ნორმალური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. სერიალში ჯერჯერობით კარგი ურთიერთობა არ გვაქვს. ჩემთვის მასთან ერთად მუშაობა ძალიან საინტერესოა, რადგან ამ ადამიანს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და რჩევებს მაძლევს.
– როცა სერიალში გამოჩნდი, ბევრმა მსახიობ გიორგი მარშანიას მიგამსგავსა. წერდნენ – ტრანსგენდერი ნინო დაბრუნდაო. რამე გაკავშირებს მასთან?
– ეს, ალბათ, იმ ხალხს უნდა ჰკითხოთ, ვინც ჩვენს შორის პარალელი გაავლო. გიორგის უნივერსიტეტიდან ვიცნობ, მეტი არაფერი გვაკავშირებს. რამდენიმე ადამიანს აქამდეც უთქვამს, ერთმანეთს ჰგავხართო. მაგრამ, მაყურებელი, მგონი, ძალიან მისტიკისკენ წავიდა. ამ პერსონაჟის აღდგენაზე რომ დაიწყეს ლაპარაკი. ჩემი გმირი ამ დროს ძალიან რეალურ და კონკრეტულ ამბავს გვიყვება. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო სამუშაოა, რადგან თანდათან მიწევს რაღაცეების აღმოჩენა. დასრულებული სცენარი არ არსებობს, რომ პერსონაჟი ბოლომდე ჩამოაყალიბო. ამიტომ, გზადაგზა რაღაც დეტალებს ვამატებთ. ასეთ პირობებში პირველად ვარ, რაც ჩემთვის ყველაფრისგან განსხვავებული, ძალიან კარგი სიახლეა.
– ჯერჯერობით მაყურებელი შენს გმირს კარგად არ იცნობს და მისი თვისებები არ იცის, თუმცა უკვე დავინახეთ, რომ მებრძოლი ბიჭია, რომელიც ადვილად დანებებას არ აპირებს – საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად იბრძვის. ჰგავხარ ამ თვისებებით?
– ალბათ, რაღაცეებით ვგავარ, მაგრამ არა მგონია, მასავით მივდგომოდი ამ საკითხს. მის ადგილას, კაკაჩიას არ დავუწყებდი მტკიცებას შენი შვილი ვარ-მეთქი. თუმცა, საკუთარი სიმართლის დამტკიცება მეც მიყვარს. თუ მაყურებლის გამოხმაურებით ვიმსჯელებთ, მოეწონათ და დაინტერესდნენ ამ პერსონაჟით, რაც ძალიან მიხარია. მე, უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებ, მეტი არაფერი. მადლობა მათ, ვინც ჩემი შრომა დააფასა და მოეწონა.
– სერიალისა და თეატრის გარდა, რით ხარ დაკავებული?
– არაფრით, სხვა რამის გასაკეთებლად დრო არ მრჩება.
– ოჯახის შესახებ რას გვეტყვი, მშობლები რა სფეროში მოღვაწეობენ?
– მამაჩემი სამხედროა. პროფესიით გეოლოგია, მაგრამ 90-იანებში მოუწია პროფესიის შეცვლა, ისევე, როგორც ძალიან ბევრ ადამიანს. დედა საბავშვო ბაღში მუშაობს. თუმცა, ორივეს დიდი კავშირი აქვს ხელოვნებასთან, ძალიან კარგად ხატავენ. დედა თექაზეც მუშაობს. მოკლედ, ამ მხრივ, საინტერესო ოჯახი გვაქვს.
– ბავშვობაში ბიჭები ხშირად ოცნებობენ გმირობაზე. შენ არ გიოცნებია, რომ გაიზრდებოდი, სამხედრო ყოფილიყავი?
– კი. მინდოდა, სამხედრო ვყოფილიყავი. მაგრამ, დროსთან ერთად, ამ სურვილმა ნელ-ნელა უკან გადაინაცვლა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ კუთხით ჩემი ინტერესი აღარ გაძლიერებულა. საბოლოოდ, მასზე უარი ვთქვი.
– როგორი იყო ბავშვობა?
– ვერ ვიტყვი, რომ დამჯერი ბავშვი ვიყავი. 90-იანებში როგორც სხვები იყვნენ, ისეთი ვიყავი მეც. ყველა ერთად, თავის გადარჩენისთვის ვიბრძოდით. მაშინ რეალურად, სწავლის დრო არ გვქონდა, სხვა რამეებით ვიყავით დაკავებული. ძალიან ცუდი პერიოდი იყო – ეკონომიური გაჭირვება, ქუჩა და ასე შემდეგ...  თუმცა, დღევანდელ ბავშვებთან შედარებით, უკეთ ვერთობოდით. ბევრი საშუალება არა, მაგრამ ფანტაზია გვქონდა ძალიან კარგად განვითარებული. ქვებით, ჩაქუჩებითა და მსგავსი საშუალებებითაც კარგად ვერთობოდით. მერე, ცოტა რომ წამოვიზარდე, რაღაც დოზით, იყო ქუჩაც, მაგრამ დიდი მოჩხუბარი არ ვყოფილვარ, ფიზიკურობა არ მიწყობდა ხელს.
– მორჩილი ბავშვი არ ვიყავიო, რა იგულისხმე?
– ნევროზი მქონდა, როგორც ყველა იმ დროს დაბადებულ ბავშვს. მშობლების მისამართით ნაკლებად, უფრო სკოლის მასწავლებლების მიმართ გამოვხატავდი ბრაზს. არ ვიცი, სწორია ეს თუ არა, მაგრამ ფაქტი ასეთია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ სწავლა არ მიყვარდა. ნორმალურად ვსწავლობდი. მაშინ მართლა არ იყო სათანადო პირობები იმისთვის, რომ კარგად გესწავლა, ან საერთოდ, ამაზე გეფიქრა სკოლაში. მასწავლებლების მიმართ მუდმივი პროტესტი მქონდა, რომელსაც ჩემი ცუდი საქციელით გამოვხატავდი.
– ახალი პერსონაჟების მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ ხოლმე საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– მყავს საცოლე და მაქვს საკმაოდ დალაგებული პირადი ცხოვრება. გოგოების მხრიდან ინტერესს ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემი საცოლე ოთხი წლის წინ თბილისში გავიცანი. შემდეგ ესპანეთში წავიდა და ერთი წლით, მეც გავყევი. მომიწია უკან დაბრუნება, თუმცა ახლა ვცდილობ, ისევ იქ წავიდე, რადგან ის ისევ ესპანეთშია. ინტერიერის დიზაინს სწავლობს და თან, მუშაობს.
– ერთი წელი, რომელიც ესპანეთში გაატარე, გარდა იმისა, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად იყავი, იყო კიდევ რაიმეთი გამორჩეული?
– ჩემთვის პირველი გასვლა იყო ქვეყნიდან და საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. რთულია ასე ყოფნა, მაგრამ ვახერხებთ, გავუძლოთ იმ მიზეზით, რომ შემდეგ ერთად ვიყოთ. სექტემბერში დაქორწინებას ვაპირებთ. წასვლასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები მაქვს, მაგრამ ფინანსებზე ვარ დამოკიდებული. მიმაჩნია, რომ ეს პროფესიულ საქმიანობაში ხელს არ შემიშლის. თუ გადაღება იქნება, დამირეკავენ და ჩამოვალ. რეალურად, იქაც ჩემი პროფესიით ვაპირებ განვაგრძო მუშაობა. სამომავლოდ ესპანეთში მინდა სამსახიობო კარიერის გაგრძელება. თუ აეწყო, ძალიან კარგი თუ არადა, ისევ აქ დავბრუნდები.
скачать dle 11.3