კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (124)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

№21 ეშმაკის ბილიკი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-20(855)  


დილით ზურაბ გიგაური ადრე ადგა და თავი მოიწესრიგა. შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ გაემართა, რომ ანტონ პარხომენკოს, სინამიდვილეში კი, ვარლამ კოვზირიძის, სისხლის სამართლის საქმეს გასცნობოდა, რომელშიც ეწერა, თუ რატომ მიუსაჯეს მას ოცდახუთი წელიწადი პოლკოვნიკ სემიონ ნოვაკის მკვლელობისთვის.
მაიორს სამინისტროში ელოდნენ და წინასწარ გამზადებული საქმეც დაახვედრეს, რომელიც სულ რამდენიმე ფურცელზე იყო შედგენილი, სულ ალბათ, ოცდაათიოდე იქნებოდა და გაყვითლებულ საქაღალდეში იყო ჩაკრული. მასში ეწერა, რომ ცხრამეტი წლის წინ, ქალაქ ტულაში, ღამის 02 საათსა დაე 15 წუთამდე ცოლ-ქმარ ნოვაკების ბინაში, გაძარცვის მიზნით შეიპარა დროებით უმუშევარი, არანასამართლევი ანტონ პარხომენკო. ამ დროს გამოეღვიძა ოჯახის უფროსს, სემიონ ნოვაკს, რომელსაც ტაბელური იარაღი ბალიშის ქვეშ ედო და დაუპატიჟებელი სტუმრის დაკავება სცადა. ატყდა ხელჩართული ბრძოლა, რომლის დროსაც ნოვაკი თავისსავე გასროლილმა ტყვიამ მოკლა. პარხომენკო კი ნოვაკების მეზობელმა, მაიორმა პეტრე სავიჩევმა დააკავა ქუჩაში, რომელიც ღამის მორიგეობიდან ბრუნდებოდა სახლში. მოკლული სემიონ ნოვაკი ქალაქ ტულის კომენდატურაში მსახურობდა და ბინა, სადაც ის ცოლთან ერთად ცხოვრობდა, დროებითი საცხოვრებელი გახლდათ. ის ბინა მაიორ ვიქტორ პოპოვსა და მის მაუღლეს, ნონა პოპოვას ეკუთვნოდათ. ისინი იქ, თავიანთ მცირეწლოვან ვაჟთან, ოლეგთან ერთად ცხოვრობდნენ. პოპოვების ოჯახი ერთი თვით ზღვაზე გაემგზავრა დასასვენებლად. სამხედრო ხელმძღვანელობამ კი ნოვაკები პოპოვების დაბრუნებამდე, დროებით შეასახლა იქ. ეს ტრაგედიაც სწორედ ამ დროს დატრიალდა ტულის სამხედრო დასახლებაში. იმ საქმეშივე ეწერა, რომ ბინის პატრონი ვიქტორ პოპოვი ტულის სამხედრო გარნიზორის მომარაგებაში მსახურობდა. მისი მეუღლე – ნონა კი, ჯარისკაცების სასადილოში მუშაობდა მზარეულად. მათი ვაჟი, ოლეგი, სკოლაში სწავლობდა. თავდაპირველად, პარხომენკოს დახვრეტის მუხლი წაუყენეს. შემდეგ კი, შეუცვალეს და საბოლოოდ, ოცდახუთი წლით გაამწესეს ციხეში. საქმეში არსებული ბრალდებულის ფოტოებიც ნათლად მეტყველებდა, რომ პარხომენკო სინამდვილეში ვარლამ კოვზირიძე იყო.
პარხომენკოს სისხლის სამართლის საქმიდან აშკარა იყო, რომ მკვლელობა შემთხვევით მოხდა და პარხომენკო მხოლოდ თავს იცავდა. მართალია, დაპატიმრებული პარხომენკო გამომძიებელთან აღიარებდა – გასაძარცვავად შევედი ბინაშიო, მაგრამ გიგაურმა ხომ იცოდა, რომ ეს ცრუ ჩვენება იყო და გაიფიქრა: „სავარაუდოდ, პარხომენკო-კოვზირიძე პოპოვებთან შეიპარა და ნოვაკი შერჩა. ჩემი აზრით, პოპოვები ევგენი და ალა მოროზოვები არიან. იგივე სახეშეცვლილი ირინა და ოლეგ ვარლამოვები, რომლებმაც გორში ვარლამის მოკვლა სცადეს და ეს ვერსია უნდა გადავამოწმო“.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან ზურაბ გიგაურმა თავდაცვის სამინისტროს არქივში გადაინაცვლა, რომ ვიქტორ პოპოვის დოსიე ენახა, მაგრამ ვერ აღმოაჩინა. დოსიე არც „კაგებეში“ აღმოჩნდა და გიგაურმა ჩაილაპარაკა: „უცნაურია, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ფანტომს დავსდევ და ეშმაკის ბილიკზე დავდივარ. იქნებ ტულაში გამიმართლოს“.
რუს მეიარაღეთა ძირძველ ქალაქში ჩასულ გიგაურს სამხედრო დასახლების მიგნება არ გასჭირვებია. ის ისევ იქ იყო, სადაც ცხრამეტი კი არა, ასი წლის წინაც მდებარეობდა. რადგან ეს ძველი სამხედრო ყაზარმები საუკუნეზე მეტი ხნის იყო და იმპერატორ ალექსანდრე მესამემდე იყო აშენებული. ზურაბმა ძველ კომენდანტსაც მიაგნო. ის უკვე პენსიაზე გახლდათ, თადარიგის გენერლის ჩინით და ასაკის მიუხედავად, ძველი ამბებიც კარგად ახსოვდა. ყოფილმა კომენდანტმა ყოვლისშემძლე „კაგებეს“ წიგნაკის წითელ ყდას რომ მოჰკრა თვალი, ზურაბს ღიმილით უთხრა:
– ყველაფერი გასაგებია. ზედმეტი კითხვები არ უნდა დავსვა. უბრალოდ, თქვენი სახელი მითხარით, რომ მოგმართოთ.
– ზურაბი, ამხანაგო გენერალო, – ღიმილითვე მიუგო გიგაურმა.
 – კეთილი, ამხანაგო ზურაბ. აბა, მკითხეთ, რა გაინტერესებთ, გისმენთ.
– ამხანაგო გენერალო, პოლკოვნიკ სემიონ ნოვაკის მკვლელობა თუ გახსოვთ? – ჰკითხა გიგაურმა ყოფილ კომენდანტს.
– დიაც. კარგად მახსოვს. მით უმეტეს, რომ სემიონს ჯერ კიდევ ფრონტიდან ვიცნობდი და ტულაში მე გადმოვიყვანე სამუშაოდ. პოპოვების ბინაში ცხოვრობდა დროებით. დღე-დღეზე საცხოვრებელი ფართი უნდა გამომეყო და ვიღაც გარეწარმა მძარცველმა მოკლა, – უთხრა გენერალმა მაიორს.
– ამხანაგო გენერალო, საოცარი მეხსიერება გქონიათ.
– დიახ. არ ვუჩივი და ეს ყველას უკვირს.
– ამხანაგო გენერალო, რადგან მასეა, იქნებ ვიქტორ პოპოვიც გაიხსენოთ?
– ბინის მეპატრონე მაიორ ვიქტორ პოპოვს გულისხმობთ, ალბათ, სადაც სემიონი მოკლეს, ხომ? – დააზუსტა ყოფილმა კომენდანტმა.
– დიახ. მიუგო ზურაბმა.
– ვიქტორ პოპოვი ჩვენი დასახლების მომარაგებაში მუშაობდა და ამ შემთხვევამდე, რვა თვით ადრე გადმოვიდა ჩვენთან მოლდავეთიდან. ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ისეთი, როგორიც იმ დროს შეეფერებოდა. პატიოსნად მუშაობდა. ულუფებს არ იპარავდა. მაშინ ამისთვის ადგილზევე ვხვრეტდით. ახლა კი ზურგის ვირთხები მომრავლდნენ და მათი გამკითხავი არავინაა.
– სულ ესაა?
– კიდევ რა გაინტერესებთ, – თქვა ყოფილმა კომენდანტმა, – მას ჰყავდა ცოლ-შვილი. ქალი ჩვენს ჯარისკაცთა სასადილოში მუშაობდა, ბავშვი სკოლაში სწავლობდა.
– ამხანაგო გენერალო, პოპოვები დღესაც ტულაში ცხოვრობენ?
– არა. რას ამბობთ, ზურაბ?! – თავი გააქნია გენერალმა, – ისინი ერთ კვირაში გაემგზავრნენ აქედან და დანიშნულება მე თვითონ გამოვუწერე. მახსოვს, ვიქტორ პოპოვი მოვიდა ჩემთან და შემევედრა:
– ამხანაგო პოლკოვნიკო (მაშინ ჯერ კიდევ პოლკოვნიკი ვიყავი), აქ ისეთი საშინელება მოხდა, გაჩერება აღარ შეგვიძლია. უფრო სწორად, ჩემი ცოლ-შვილია შეშინებული და დათრგუნული. გთხოვთ, სხვა ქალაქში გადამიყვანოთ სამუშაოდო.
მაიორ პოპოვს ბინის გამოცვლა შევთავაზე, მაგრამ არ ქნა. მევედრა, დამიყოლია და ტულიდან სხვაგან გადავიყვანე.
– ხომ არ გახსოვთ, სად?
– როგორ არ მახსოვს, ვლადიმირში. იქ განსაკუთრებული ციხის კომენდატურის გარნიზონი იდგა და იქ მივავლინე. ვიცოდი, ხალხი არ ჰყოფნიდათ და იმიტომ.
– მას მერე მათ აღარ შეხვედრიხართ?
– არა. აღარ შევხვედრივარ.
– არც არაფერი გსმენიათ მათზე?
– არა. – თავი გააქნია გენერალმა.
„მდაა”, – გაიფიქრა გიგაურმა, – „სავარაუდოდ, ეს პოპოვები მართლა მოროზოვები არიან. მიხვდნენ, თუ რაშიც იყო საქმე; რომ კოვზირიძე მათ კვალს დაადგა და ტულიდან გაუჩინარდნენ. დარწმუნებული ვარ, ისინი არც ვლადიმირში გაჩერდებოდნენ, საერთოდ თუ ჩავიდნენ იქ და არც მათი ფოტო ექნება იქ ვინმეს“.
მაიორმა გენერალს გაუღიმა და უთხრა:
– შეგიძლიათ, ვიქტორ პოპოვი ამიწეროთ?
გენერალმა ეშმაკურად გაიღიმა. შემდეგ საწერი მაგიდის უჯრიდან შავ-თეთრი ფოტო ამოიღო და ზურაბს უთხრა:
– აი, მაიორი პოპოვი. ნახეთ, ვფიქრობ, ყოველგვარ სიტყვიერ პორტრეტს ჯობია.
ფოტოსურათზე მაისურში გამოწყობილი, ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა კაცი იყო გამოსახული, რომელიც უზარმაზარ ლოდს სწევდა თავზემოთ. „ეს, ალბათ, უკვე სახეშეცვლილი ევგენი მოროზოვია. როგორ მოხდა, რომ საკუთარი სურათი დაუტოვა ამათ?“ – გაიფიქრა გიგაურმა, გენერალს კი ჰკითხა:
– თქვენ გადაუღეთ?
– არა. ჩემმა ქალიშვილმა ოლიამ გადაუღო ფარულად და უნდოდა, კედლის გაზეთში სიურპრიზი გაეკეთებინა მაიორისთვის. შემდეგ პოპოვები დასასვენებლად წავიდნენ. რომ ჩამოვიდნენ, ასეთი ამბავი დახვდათ და რა გვესიურპრიზებოდა. როგორც მოგიყევით, პოპოვები მალევე გაემგზავრნენ აქედან და ეს ფოტო მე დამრჩა, – გენერალმა პაუზა გააკეთა. მაიორს გამომცდელად შეხედა და დააყოლა, – ვიქტორ პოპოვს ეძებთ?
გიგაურს გაეღიმა და გენერალს მიუგო:
– ერთ საქმეს ვიძიებთ, სადაც მაიორი ვიქტორ პოპოვი ამოვარდა და ამიტომ მაინტერესებს.
– არ მგონია, რომ პოპოვი ჯაშუშობისთვის ვარგოდეს.
– საქმე ჯაშუშური არაა და ეკონომიკურ-სამეურნეო დანაშაულს ეხება.
– მაიორი ვითომ გავირთხდა? – თქვა გენერალმა, – ჩემთან რომ მუშაობდა, პატიოსანი იყო.
გიგაურმა კვლავ გაუღიმა ყოფილ კომენდანტს და უთხრა:
– ამხანაგო გენერალო, ეს ფოტო მჭირდება და შეგიძლიათ, გამატანოთ?
– წაიღეთ, – თქვა გენერალმა.
– გმადლობთ. სხვა ფოტოებიც ხომ არ გაქვთ, სადაც მაიორია გადაღებული.
– არა. ეს ერთადერთია და როგორც გითხარით, ისიც ფარულად გადაუღო ოლგამ. მაიორს ფოტოს გადაღება არ უყვარდა. ამბობდა, არაფოტოგენური ვარო.
– კარგი. გმადლობთ, – ზურაბმა ხელი ჩამოართვა გენერალს, – ჩვენი შეხვედრისა და საუბრის შინაარსის შესახებ არავინ უნდა შეიტყოს.
– რა თქმა უნდა, ზურაბ. რაზეა ლაპარაკი, არავის არაფერს მოვუყვები. ლაყბობისთვის ადრე დახვრეტა იყო, – მიუგო ყოფილმა კომენდანტმა გიგაურს და გამოისტუმრა.
ტულიდან მაიორი ზურაბ გიგაური ქალაქ ვლადიმირში გაემგზავრა და ერთ-ერთი ძველი თანამშრომლისგან შეიტყო, რომ მართალია, ვიქტორ პოპოვი ცოლ-შვილთან ერთად, მართლა ჩავიდა დანიშნულების ადგილზე, მაგრამ ორ კვირაში იქიდანაც გაემგზავრა.
– როგორც მახსოვს, პატარა ბავშვმა ვერ აიტანა აქაური ჰავა და ოჯახი სადღაც გადავიდა, – უთხრა ზურაბს ვეტერანმა ოფიცერმა.
– ხომ არ გახსოვთ, სად?
– არა. არ მახსოვს. სავარაუდოდ, სადმე სამხრეთში. ალბათ, შავიზღვისპირეთში, – მიუგო მაიორს ვეტერანმა ოფიცერმა, რომელიც ყოფილი კომენდანტისგან განსხვავებით, იდეალური მეხსიერებით ვერ დაიტრაბახებდა.
ზურაბმა ხელი ჩაიქნია და საბუთებით სცადა პოპოვების მარშრუტის გარკვევა, მაგრამ ვლადიმირის ციხის გარნიზონის არქივში პოპოვის არც ჩამოსვლა და არც გამგზავრება არ იყო დაფიქსირებული. იმ ვეტერანი ოფიცრის გარდა კი, სხვა თვითმხილველები უკვე აღარ იყვნენ ცოცხლები.
გიგაური მოსკოვში გაემგზავრა, თან ფიქრობდა, როგორ დაედგინა, ვიქტორ პოპოვი ნამდვილად გარეგნობაშეცვლილი ევგენი მოროზოვი იყო თუ სხვა ვინმე. ლარივით გაჭიმულ ტრასაზე ზურაბი დიდი სიჩქარით მიაქროლებდა „პობედას“ და მოსკოვს რომ მიუახლოვდა, ერთმა ფიქრმა გაუელვა თავში: „ამ სურათზე თუ მართლა სახეშეცვლილი მოროზოვია, სხეული ხომ იგივე აქვს? მოროზოვთან ერთად, სამხედრო კონტრდაზვერვაში ხომ გენერალ-ლეიტენანტი კოტელოვი და გენერალ-მაიორი პავლოვი მსახურობდნენ, იქნებ მათ ამოიცნონ ის?“ უცებ ზურაბს გაახსენდა, რომ მოროზოვს სხეული ნატყვიარი ჰქონდა, მაგრამ სად, ზუსტად არ იცოდა. ფოტოზე კი ეს არ ჩანდა, რადგან პოპოვს მაისური ეცვა. ამიტომ, როგორც კი ზურაბი მოსკოვის ცენტრს მიუახლოვდა, „პობედა“ ფოსტა-ტელეგრაფთან შეაჩერა. ტულაში, ყოფილ კომენდანტს დაურეკა და უთხრა:
– ამხანაგო გენერალო, ერთი დეტალის დაზუსტება დამავიწყდა.
– გისმენთ, ზურაბ, რა გაინტერესებთ.
– პოპოვს სხეულზე ნატყვიარები ხომ არ ჰქონდა?
– იცით, მე ის არასდროს მინახავს შიშველი, მაგრამ ჩვენმა ექიმმა ერთხელ თქვა – პოპოვს ზურგი დაცხრილული აქვსო.
– კარგი. დიდი მადლობა, გენერალო. ნახვამდის, – სხაპასხუპით მიაყარა გიგაურმა ყოფილ კომენდანტს და ტელეფონი გათიშა. შემდეგ თავის სამსახურებრივ „პობედაში“ ჩაჯდა და ძერჟინსკის მოედანზე, სახელმწიფო უშიშროების შენობისკენ აიღო გეზი, რომელსაც ჩეკისტები შინაურულად „ლუბიანკას“ უწოდებდნენ.
ზურაბ გიგაური დარწმუნებული იყო, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი სახეშეცვლილი ევგენი მოროზოვი გახლდათ და მისი უფროსები ყოფილ კოლეგას ათლეტური აღნაგობით ამოიცნობდნენ.
მაიორმა სწრაფად აიარა კიბე. თავის კაბინეტში შევიდა და შიდა ტელეფონით იური პავლოვს დაურეკა.
– გისმენთ, –  უპასუხა პავლოვმა.
– გამარჯობა, ამხანაგო გენერალო, – მიესალმა ზურაბი საბჭოთა კონტრდაზვერვის შეფს.
– ზურაბ, უკვე აქ ხარ? – გაუხარდა გენერალს, – როდის მოხვედი?
– ხუთიოდე წუთია, ამხანაგო გენერალო.
– რა სიახლეები გაქვს?
– სიახლე ბევრია და თუ გცალიათ, თქვენი სასწრაფოდ ნახვა მინდა.
– თუ სასწრაფოა, მოდი. გელოდები, – უთხრა პავლოვმა გიგაურს და ტელეფონი გათიშა.
ხუთიოდე წუთის შემდეგ მაიორი ზურაბ გიგაური უკვე გენერალ-მაიორ პავლოვის კაბინეტში იმყოფებოდა. პავლოვმა მაგრად ჩამოართვა ხელი ხელქვეითს, დაჯდომა შესთავაზა და უთხრა:
– აბა, რა სასწრაფო საქმე გაქვს?
– ამხანაგო გენერალო, ჩვენი საქმიდან გამომდინარე, რამდენიმე შეკითხვა უნდა დაგისვათ.
– დამისვი. გისმენ.
– მოკვლევის წესით, – დააზუსტა ზურაბმა.
– მოკვლევის წესით? – გაოცდა პავლოვი.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3