კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ყირამალა საყვარლები

თათია ფარესაშვილი ნიმა ბარათელი


ანუ პატარა სექსის დიდი ამბები


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-20(855)


ისტორია მეთვრამეტე
პირში ჩალაგამოვლებული
(მოქმედი პირები: ქეთა და ზურა,
სალონის თანამშრომლები)

– ვგიჟდები თავის მოვლაზე. სპა-პროცედურებზე ხომ საერთოდ ვაფრენ. არა, რა, ბრძენი ქალი იყო დედაჩემი, ბავშვობდან რომ მიჩიჩინებდა, საკუთარი გარეგნობა კარგად უნდა დააბანდოო. კაცები უნდა იხმარო და ცხოვრებისგანაც მაქსიმალური სიამოვნება უნდა მიიღო. თუ შენს თავს შენვე არ შეიყვარებ, სხვაც არ შეგიყვარებსო. არ გამოგადგა, გადააგდე, გამოცვალე ეგრევე; კიდევ არ გამოგადგა, კიდევ გადააგდე და გამოცვალე და ასე დაუსრულებლად, სანამ შენს ბედს არ მიაღწევ, თორემ ყოველთვის ასე მიმზიდველი და ახალგაზრდა კი არ იქნებიო. ისე, დედაჩემს სულ ახალგაზრდა საყვარლები ჰყავდა. მე რაღაც პატარა ბიჭები არ მხიბლავს. მაგრამ დედაჩემი კაი ყვავის ხნის იყო და ახალგაზრდა ბიჭები მოეწონებოდა, აბა, რა?! თუმცა ყოველთვის ჰყავდა ფულიანი ბიძები, რომლებიც ფულს აძლევდნენ, რომ მერე იმ პატარა ბიჭებისთვის გალამაზებულიყო. რომ გამიგოს, ყვავის ხნის-მეთქი, მასზე ვამბობ, დაიპუტავდა ღერა-ღერა თავის გადანერგილ თმას. არა, ისე, რა „ნაგლი“ ქალი იყო, ისე შეიკეტებოდა დღისით, მზისით, მე და ჩემი დაც რომ სახლში ვიყავით, ვიღაც კაცთან ერთად საძინებელში, თითქოს ჭეშმარიტ ღმერთზე უნდა ელაპარაკათ. ჰაჰაჰაჰა, პირველად თავზარი დამეცა, მაგრამ მერე და მერე, შევეჩვიე. შევეჩვიე კი არადა, მომეწონა. ეროტიკული იყო საკმაოდ… ოჰ, დედიკო, რახანია, შენთან არ გამომივლია, ან რას შევუვლიდი, როდესაც ლაშათი უკმაყოფილოა, ვისზე აცდენ შენს ახალგაზრდობასო. რას ვაცდენ, რო?! ჯერ იმ ასაკში არ ვარ გადაღძუებულ ბებრებს ვასიამოვნო. რა ამის პასუხია და, ლაშას ნაღდად არ ეტყობოდა, რომ ჩემს არაქალწულობას გადაყლაპავდა. ქალწულიო?! ამ სიტყვაზე ისტერიკული სიცილი მიტყდება. მაგრამ რა მოხერხებლად მოვყევი ისტორია, როგორ შემაცდინა ჩემმა თანაკლასელმა. რამდენი ვიქვითინე ლაშას მკერდზე და როგორ ვუმტკიცებდი, შენი ღირსი არ ვარ-მეთქი?! ჰო, ჩემი დაკვირვებით, კაცს ძალიან მოსწონს, როდესაც ასულელებ, ისტერიკებს უწყობ, ვითომ ეჭვიანობის ნიადაგზე; როდესაც ეპრეტენზიულები, სულ რაღაცას სთხოვ და განსაკუთრებით, დნებიან, როდესაც დააჯერებ, რომ მის გარეშე დაიღუპები; ისე გიყვარს, უიმისოდ სუნთქვა გიჭირს და თავს მოიკლავ, რომ მიგატოვოს.
თავს მოვიკლავ არა, კვატი. მეტი საქმე არ მაქვს, ჩემი ლამაზი თვალები სამუდამოდ დავხუჭო ვიღაც იდიოტის გამო. დიახაც, კაცები მაგარი იდიოტები არიან. მაგათ გამო ნერვსაც არ ავიშლი, თორემ მალე დავბერდები და ბრიჯიტ ბარდოსავით მამალი კატების საზოგადოება მექნება სანატრელი. თუმცა ესეც არაა –  აგერ ეს დედაჩემი დაბერდა, მაგრამ თავისას მაინც არ იშლის. ჩემზე უკეთაც კი ცხოვრობს, მგონი. ჰო, როგორ ამბობენ, ბებერი ხარის რქებიც კი ხნავსო. აი, მოვედი კიდეც… უჰ, ერთი სული მაქვს, ის ბიჭი როდის ამისვ-ჩამომსივამს თავის ხელებს.
სალონის დივანზე მანჩო იჯდა და თვალებს კუსავდა: ვაა, მანჩო, რახანია, არ მინახავხარ?! უნდა შემოგირბინო, ვარცხნილობის შეცვლა მინდა, –  მანჩომ მხოლოდ თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.
ისე, ეს მანჩო მაგარი ხვითოა. ხელიდან წასული ბოზია, მაგრამ ჯიგარი. ბიზნესიც კი ააწყო და თან, რა ბიზნესი. ისე, ააწყობდა, აბა, რას იზამდა?! ქალმა კაცების ხმარაც იცის და ქალებისაც, ნუ  –  სხვადასხვა ადგილიდან და დანიშნულებით.
– ისე გამოიყურები, ლამისაა შემშურდეს. მასწავლე შენი საიდუმლო, მანჩო, საყვარელო, გთხოვ…
– ჯერ ადრეა, ქეთა, შემოგევლე, შენ რომ გასწავლო, მერე მე რით ვჭამო პური?! –  როგორც იქნა, ამოიღო ხმა დიდმა მანჩომ.
– მე რომელი შენი კონკურენტი მნახე?! შენ კონკურენციის გარეშე ხარ. მე შენამდე სად მოვალ, ნუ –  ჯერ მაინც?! –  ტუჩები გავბეცე, როგორც ვიცი ხოლმე. მანჩოს იქით ვასწავლი, რაც საჭიროა, მაგრამ დაიკმაყოფილოს ამბიცია, რომ ყველაზე მაგარი ბებერი ბოზია. აი, ჩემი ბიჭიც გამოჩნდა. სხეული მომწონს, მაგრამ სახე აქვს რაღაცნაირად ბრიყვული. არა, არა, ჯობია, მასაჟზე ვკონცენტრირდე. ახლა მთავარი სამიზნე ზურაა… ხომ უნდა გავერთო რამეთი?! და ამ ქათამ ლანასაც ვერ ვიტან. უნდა დავსაჯო, მის ქმარს გამოვაქლიავებ. ჰაჰაჰაჰა…
საშხაპეში შევედი. წყალი გადავივლე, მაკიაჟსაც აქ გავიკეთებ, ოღონდ მსუბუქს, იმიტომ რომ, ზურასთან თუ ტირილი მომიწია,  არ არის ლამაზი შავ ტუშჩამოღვენთილი სახის დანახვა. მე პირსახოცით მასაჟი არ მიყვარს. ლიფსა და ტრუსებში ვწვები ხოლმე. სპეციალურად მაქვს ამ საქმისთვის.
ოო, ამ ოთახში გამაოგნებლად კარგი სურნელი ტრიალებს. ეს სანთლებიც საოცარ ფერებს გამოსცემს და მუსიკაც მომწონს. მე იმ ბიჭის დანახვა არ მინდა. მხოლოდ შეხება. ამიტომ თვალებზე საძილეს გავიკეთებ.
– მე მზად ვარ, შემოდი, ძვირფასო, –  გავძახე და თვალები სიბნელეში დავაბინავე. ეს ნაბიჯების ხმა ძალიან მაღელვებს, რომ არ იცი, რომელი მხრიდან მოგიახლოვდება, სად შეგეხება. ეს მოლოდინი და მოულოდნელობა ძალიან აღმაგზნებს ხოლმე. ამ დროს პულსი ყოველთვის მიჩქარდება. აი, შემოვიდა. როგორ მოპარვით იცის სიარული?! თითქოს მოსრიალებს. საიდან დაიწყებს?!.
აჰ, ფეხის თითების მასაჟით… მაშინვე ჟრუანტელი მივლის ხოლმე მთელ სხეულში, თან, რა რბილი თითები აქვს. თითებთან არ მაწვება, რაღაცნაირად მსუბუქად მზილავს, თითქოს ფაფუკი ცომი ვიყო, ფეხის გულებზე კი ისე დაასრიალებს ხელებს, თითქოს არც მეხება და თან –  მეხება. მთელ სხეულში ტალღოვანი შეგრძნება მიძლიერდება, მუხლის თავებს რომ ამოსცდება და შიგნით, ბარძაყებისკენ მოიწევს. დღეს, ნეტავ, ბარძაყზე სადამდე გაბედავს ამოსვლას?! მოიცა, რა დროს ამაზე ფიქრია?! ღმერთო, რა სასიამოვნოა…
ოჰოჰოჰო, აი, ამ გადმოტრიალების მომენტზე ვითიშები, როგორ ახერხებს, რომ ამხელა ქალი ასე უცებ ამომატრიალოს… ან რით მზელს ასეთი დამბანგველით?! ასე მგონია, საცაა ორგაზმი მექნება…
ორი საათი სრულ ნეტარებაში გავატარე. ხელით ვანიშნე, გასულიყო. მისი დანახვა არ მჭირდებოდა. აღარ მსიამოვნებდა. სხეულზე ისეთი სურნელი ამდიოდა, ლამის მე თვითონ მოვფერებოდი. არაბუნებრივად გაგლუვებული კანი სარკესავით მიპრიალებდა. –  არა, არა, ახლა ჩაცმის თავი არ მაქვს. ხალათს მოვიცვამ და მაკიაჟს ისე გავიკეთებ…
სალონიდან რომ გამოვედი, მეგონა, ახლად დავიბადე. მანქანა დანიშნულების ადგილიდან მოშორებით, პარალელურ ქუჩაზე გავაჩერე. ზურას დავურეკე. ეს კაცი მაგარი კურდღელია, არ მიპასუხა. ამიტომ მესიჯი მივწერე: „რომ მოხვალ, მომწერე და მაშინვე მოვალ“. პასუხი მაშინვე მოვიდა: „უკვე აქ ვარ“.
უკვე აქ ხარ, ცუნცულიკო?! რა ოპერატიულად მოცუნცულებულხარ?!   მეც ახლავე მოვალ. ორ წუთში გადავჭერი გზა და ზურას მანქანაში უკან ჩავჯექი (ჩემი გეგმაც ეს იყო, რომ ზურა უკან გადმომეტყუებინა, ჩვენ რომ ვიცით, იმ საქმისთვის). გაკვირვებულმა შემომხედა, ამიტომ იძულებული ვიყავი, ამეხსნა.
– არ მინდა, ვინმემ დაგვინახოს. უკან კიდევ ვერ გამარჩევენ და თუ რამე, ჩავიმალები.
–  როგორც გინდა. რა გინდა, რატომ დამიბარე, რა საქმე გაქვს?
– ასე უხეშად რატომ მელაპარაკები, რამე გაწყენინე? –  ხმა შემპარავი მქონდა...
– მითხარი, რა მოხდა, ბევრი დრო არ მაქვს.
– რატომ იყო თქვენთან მოსული ლაშა?
– დაკითხვაზე დამიბარე?!
– ძალიან უხეში ხარ. მგონი, ლაშამ რაღაც იეჭვა. ბოდიში მინდა, მოგიხადო, რომ, ნუ, ხვდები შენც რისთვის.
– საიდან დაადგინე, რომ ლაშა მიხვდა? –  არ მომწონდა ზურას პასუხები, უკან არც იყურებოდა, სარკეში მელაპარაკებოდა და თითქოს არ იმჩნევდა, რაც მოხდა. არადა მე რას გამომაპარებს, წუხელ ისეთი იყო, ლამის ლაშას წინ გავეჟმე.
– უცნაურად იქცევა. რამე ხომ არ უთქვამს შენთვის?
– არაფერი ან რა უნდა ეთქვა? –  ზურასთან საუბარი არ მეწყობოდა, კაცი თუ მისხლტება, ამას ეგრევე ვგრძნობ. სულელი ვარ, წინ უნდა დავჯდომოდი და მე რომ ვიცი, ისეთი კუთხით გამეშალა ფეხებიც და გადავხრილიყავი წინ, რომ კარგად შეეთვალიერებინა ჩემი უბე. სახესაც უფრო ახლოს მივუტანდი, რომ ჩემი სურნელი შეღიტინებოდა. 10 სანტიმეტრზე ახლო დისტანციაზე კაცები ლობიოსავით იბნევიან, ჰორმონებს ვეღარ აკონტროლებენ. მაგრად ვჭამე, რამ დამაჯინა უკან!
– ქეთა, მომისმინე, არაფერიც არ ყოფილა, სულელურ სიტუაციაში აღმოვჩნდი. უარზე გახვალ, არც მე ვიტყვი და დამთავრდა, ჩემი იმედი გქონდეს. შენი და ლაშას ურთიერთობას არაფერი ემუქრება. დამშვიდდი და წადი სახლში. ლაშას ასე უფრო გაუჩნდება ეჭვები, დიდხანს თუ გაუჩინარდები. მეც მეჩქარება. მეგონა, რაღაც სერიოზული ხდებოდა. კიდევ გაქვს რამე სათქმელი?
ისე გავცეცხლდი, რომ ამ ბრიყვი ლანას ქმარმა გამასულელა, მეგონა, ავფეთქდებოდი, მაგრამ არაფერი შემიმჩნევია: კარგი, სულ ამის გაგება მინდოდა, რომ წუხანდელი ჩვენ შორის საიდუმლოდ დარჩება.
– საიდუმლოდ დასარჩენი არაფერია, უბრალოდ, გაუგებრობა მოხდა და ეგ არის. მშვიდად იყავი. ყველაფერი კარგად იქნება, წადი სახლში და ქმარს მოუარე.
– ვიცოდი, რომ შენი იმედი ყოველთვის შეიძლებოდა, მქონოდა. მადლობა. იცოდე, შენი მოვალე ვარ ცხოვრების ბოლომდე. ზურა, საუკეთესო ადამიანი ხარ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია.
დედაჩემმა მასწავლა, კაცს ყოველთვის უცინე პირში, დაე, ეგონოს, რომ სულელი ხარ და ვერც მიხვდი, რომ ცუდად მოგექცა. ერთი საყვედურიც არ უთხრა, ისე გაუთხარე სამარე და მერე სულ ღიმილ-ღიმილით მიაყარე მიწაო. მანქანიდან გადმოვედი. ასე პირში ჩაალაგამოვლებული თინეიჯერობის ასაკის მერე არ დავრჩენილვარ. არა, ამას ნაღდად საყვარელი ჰყავს. უჰ –  ზურა, ზურა, არ იცი, რა მტერი გაიჩინე. მაინც ამოვთხრი, ვისთან ჟიმაობ! სიცოცხლეს გაგიმწარებ, ჯოჯოხეთს მოგიწყობ! და ამას მოვახერხებ, შე დედალო ცვედანო! კაცი რომ ჩემნაირ ქალზე იტყვის უარს, უნდა მოაჭრა და ხელში დააჭერინო! ეს ვინღაა, ვინ რეკავს? არავისთან ლაპარაკის ხასიათზე არ ვარ ახლა. ნომერს დავხედე და მივხვდი, რომ ღმერთი არსებობს!
– ახლა სწორედ შენი ხმის გაგონება მჭირდებოდა!

ისტორია მეცხრამეტე
„ცისფერი“ „ცისფრის“ ტყავს არ დახევს
(მოქმედი პირები: თეო და დიტო)

დიტოსთან მეორე ჯერზე, როგორც იქნა, დროულად ავაღწიე - ის იყო, ბოლო კლიენტს ემშვიდობებოდა და  პარალელურად, შეუმჩნევლად წინსაფარში ჩაკუჭულ „ზედნადებს“ (ასე ეხუმრება დიტოია მადლიერი კლიენტების დატოვებულ თანხებს ჩეკის მიღმა და სალაროს გარეშე) ასწორებდა. როცა ახლად თმა-წამწამ დაგრძელებულმა ქალბატონმა კარი გაიხურა, დიტომ ასლარიანები ამოყარა და გაშალა, თან –  ჰაეროვანი კოცნა მტყორცნა და სააბაზანოში მიიმალა.
– დედი, ახლავე, მოვალ გონს და მოგხედავ. დაისხი ყავა და მეც ჩამომისხი, დავქლიავდი და ეგაა...
– ჰო,  მეც არ ვარ მთლად ფრთებშესხმული, რაღა დაგიმალო... და არც ყავა მინდა. შენთვის ვიზამ,  –  როცა ფალიაშვილზე ამოვუხვიე, უკვე ვიცოდი, რომ საერთოდ არ მინდოდა არც თმა, არც წარბი და არც მაკიაჟი. არაფერი მინდოდა და არავინ. რაღაცნაირად გამიქრა სურვილი, ხალისი და უნარიც კი, მეფიქრა საკუთარ გარეგნობასა და მით უფრო, ზურას ცოლსა და მის ვნებებზე. მივხვდი, რომ დავიღალე. სრულიად დავიღალე ასეთი ცხოვრებით. სულ ტყუილი, სულ დამალობანა, სულ დამნაშავის როლი, სულ ფიქრი და ტკივილი. ახლა ამას ბაბუაჩემის წარსული ცოდვები და მოულოდნელი აღსარება დაემატა. ეტყობა, ბოლო წვეთის როლი შეასრულა და... არა, რატომ უნდა მჭირდეს, მაინცადამაინც, მე ასეთი უსაშველო და უიმედო ისტორიები? პირველი სიყვარულიდან დაწყებული. არა შვილი, არა ქმარი, არა ოჯახი... როდემდე? და ახლა რა ავიტეხე? რის სხვისი ოჯახის დამგრეველი ვარ, მე სულელი? აქამდე ვიზამდი, რომ შემძლებოდა. სულ პირიქითაა - თავს დამნაშავედ ვგრძნობ ზურას ცოლის წინაშე. მათი შვილების წინაშეც. საკუთარ ოჯახს ხომ ვემალები და ვემალები. მეგობრებს გავურბივარ. საკუთარ თავს არ ვუტყდები, რომ დავიღალე! რომ დავიშალე და ასეთი ცხოვრება არ მინდა! და რა მინდა? სიმშვიდე მინდა. მინდა ჩვეულებრივი, მარტივი, ქალური ბედნიერება. შაბათ-კვირას მინდა თეატრში ვიარო ქმართან ერთად, მინდა ბავშვები ვასეირნოთ, მინდა სუფრები გავუშალო მის მეგობრებს... ღმერთო, ნუთუ ასე ბევრს ვითხოვ? რატომ არ შეიძლება, რომ ლანა გაეყაროს? სხვა შეუყვარდეს და წავიდეს? ან მოულოდნელად გარდაიცვალოს, ასეც ხომ ხდება? არა, ეს რა საშინელება გავიფიქრე! ღმერთო, მაპატიე, სულ გავრეკე! ეტყობა, მართლა ზედმეტი ვარ ამ სამკუთხედში და უნდა გავერიდო. მაგრამ როგორ? რომ არ შემიძლია? ასე მგონია, ზურას გარეშე უბრალოდ ვერ ვიცოცხლებ. რომ დასჭირდეს, მზად ვარ, შხამით სავსე სასმისი დავცალო...
– თეო, თეო, გოგო! სად წახვედი? რა სახე გაქვს? შენ, მე მგონი, ერთი შემოლაწუნება მოგიხდება და ეგაა! აბა, დაჯდა, დალია ყავა, მოუკიდა სიგარეტს და დაფქვა! –  დიტო შეშფოთებული მადგა თავზე და დოინჯშემოყრილი მათვალიერებდა. ეტყობა, მართლა ისეთი სახე მაქვს...
– სახე მეც არ მომწონს, ჰოდა, ამიტომ ამოვედი - მომხედე და მოსაწონი გახადე!
– მაგას მოევლება, დედი, მაგრამ შენ რაღაც არ მომწონხარ. რა ხდება? კიდევ რა გაქვს გასასწორებელი? ისევ შენი ბიჭი ცელქობს, ხომ? ნუ გამტანჯე, ამოღერღე!
– არა, ზურა... თუმცა, არც ვიცი, რას აკეთებს. ახლა მე სხვა საფიქრალი მაქვს, დიტო. და თან –  რამდენიმე! შენი რჩევაც მინდა და თან, ერთ საკმაოდ დელიკატურ საკითხზე.
– მე თვით დელიკატურობა ვარ და დელიკატესიც, კსტატი - დიტომ ჩაიკისკისა და მანერულად მიიტანა მარჯვენა თითები ნაოპერაციები ცხვირის ჩამოთლილ ნესტოებთან. მართლა ისეთი დახვეწილი და ნაპატიებია, ხანდახან მერიდება, მე რომ ქალი ვარ და დიტო კი... თუმცა, აბა, დიტო რა კაცია...
– ჰოდა, მომისმინე. სანამ მომხედავ და ქალს დამამსგავსებ, თუ ეს შესაძლებელია ამ სიტუაციაში, ახალი ამბავი მაქვს  და რა ვიცი, სხვას ვის ვეტყვი და ვინ დამეხმარება...
– გოგონი, ახლა აფხაზეთის დაბრუნებას თუ გეგმავ, მე ნუ გამრევ, პაციფისტი ვარ და დანარჩენზე მოგიკვდა ჩემი თავი!
– მოკლედ გეტყვი და პირდაპირ –  ბაბუაჩემს, ბაგრატიჩს, ესე იგი, საიდუმლო ცოლ-შვილი ჰყოლია –  არ გამაწყვეტინო, თუ ძმა ხარ! ახლა გამიმხილა და თან, დამავალა –  მივხედო მის შვილიშვილს, რომელიც „ცისფერია“ და ბაბუა ამაში თავს იდანაშაულებს...
– რაო? და ეს დანაშაულიაო? გადამრევს მე ეს ძველი ნაკომუნისტარი სასტავი! ბაბუაშენია, თორემ თავს ვერც შევიკავებდი!
– კაი, ახლა, საწყენად არაფერი მითქვამს! დახმარება მჭირდება. ჯერ ერთი, იქნებ იცნობ კიდეც, თუ არადა, მაინც უნდა გაგაცნო.
– შენ ფიქრობ, ჩვენ ისეთი „წითელ წიგნში“ შესატანი ხალხი ვართ, რომ ყველა ვიცნობთ ერთმანეთს? დედი, სად ბანაობ? ამ ქალაქში თქვენზე მეტი თუ არა, ნაკლებიც არ უნდა ვიყოთ!
– კაი ახლა, ნუ აზვიადებ და ცოტა სერიოზულად მომხედე - ვერ ვარ მთლად მოტორზე და ნუღარ მიმატებ!
– კაი, ჰო, მიპატიებია! გააგრძელე. და მე რა უნდა გავაკეთო?
 – ფიქრობ, მე ვიცი, მე რა უნდა გავაკეთო? ბაგრატიჩმა, მიმიხედეო, გზაზე დააბრუნესავით გამოუვიდა. მოკლედ, ჯერ ვნახო უნდა და მერე ჩამოვყალიბდებით დანარჩენზე. ჰოდა, მარტო ვერ მივადგები. გამომყვე უნდა.
– სულ ესაა? მე კი მეგონა...
– დიტო, შენ გეხუმრება და მე ახლა ნათესავების ორიენტაციების გარკვევა არ მესაჭიროებოდა. იცი შენ, რა პრობლემებიც მაქვს?!
– კაი ერთი, პრობლემა არა, ის გაქვს! მშვენიერი ნაშა ხარ! მაგარ კაცს ყვარობ, ახლა გაგალამაზებ და სულ გადარევ და ეგაა! აბა, ვინ არის ის შენი ძამიკო?
– ლადო ფორჩხიძე, სამხატვრო აკადემია დაუმთავრებია, ახლა უსაქმურადაა და დეპრესიაშიცო...
– ჰო, ეგ არ არის ადვილი საქმე. ლადო რთული ადამიანია...
–   ესე იგი, მაინც იცნობ, ხომ?!
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3