კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ცუდი ჩანაფიქრი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


სტაუტ რექსი


არტურ ჩერჩჰილ-ბრაუნი რომში ბრიტანეთის საელჩოს ატაშედ მუშაობდა და ამ თანამდებობას მთლიანად თავის გავლენიან დედას უმადლოდა. თავისუფლებისმოყვარე ჭაბუკი სულაც არ იყო კმაყოფილი ამ იძულებითი სამუშაოთი. დღის განმავლობაში იმდენი დოკუმენტი ეყარა მის მაგიდაზე, თავს ვეღარ სწევდა და ბოლოს მზად იყო, ის მდივანი გოგო მოეკლა, რომელსაც მასთან დოკუმენტაცია შემოჰქონდა. არტურმა იცოდა, რატომაც გააკეთა დედამისმა ისე, რომ შვილს ამოსუნთქვის საშუალება არ ჰქონოდა. ბოლო დროს არტური ძალიან გაერთო ქარაფშუტა გოგონებით. ერთს მაინც ისე გადაეკიდა, რომ მისის ბრაუნი სერიოზულად შეშფოთდა, ცოლად არ მოეყვანა. სასწრაფოდ ჩართო საქმეში თავისი ნაცნობები და შვილი რომში გადახვეწა. არტური ძნელად შეეგუა „ფრთების შეკვეცას“, სულ გაღიზიანებული იყო. ვერ იტანდა ვერცერთ ინგლისელს, ვინც რომში სიძველეების მოსანახულებლად ჩამოდიოდა.
ოთახში მდივანი გოგონა შემოვიდა და სხვა საბუთებთან ერთად, წერილიც შემოუტანა. არტურმა იგრძნო, რომ მზად იყო, ამ საცოდავი გოგოსთვის საფერფლე ჩაერტყა თავში. „ღმერთო, ასეთი ჯოჯოხეთური სამსახური, მკვლელად გაქცევს კაცს“. წერილი დედისგან იყო: „ჩემო ძვირფასო შვილო, გავიცანი შესანიშნავი ქალბატონი – მისის კარლაინი. პარიზში დავმეგობრდით და ძალიან შემიყვარდა. რომში აპირებს ჩამოსვლას თავის კომპანიონთან ერთად. შენი იმედი მაქვს. გაუწიე მეგზურობა და შეეცადე, მოგზაურობისგან სიამოვნება მიიღოს. გიგზავნი ჩეკს ოცი ათასის ოდენობით. შენი მოყვარული დედა“. არტურმა დაიგმინა და მუშტი ისე დაჰკრა მაგიდას, ქაღალდები იატაკზე დაცვივდა. „ოჰ, ღმერთო, რისთვის მტანჯავ ასე?! დარწმუნებული ვარ, ის ქალი სამოცი წლის მაინც იქნება, მოსაწყენი, ართრიტითა და წუწუნით. ალბათ, მომთხოვს, მავზოლეუმებში ვატარო. ჩემთან რომ მოინდომოს დარჩენა, რა მეშველება? დღის წესრიგი უნდა შევუდგინო, რესტორნებიც შევურჩიო და ვუყურო, როგორ შეჭამს... “ – არტური საშინელებისთვის მოემზადა.
მისი მოლოდინი გამართლდა. მისის კარლაინი სამოც წლამდე ასაკის მაღალი და ხმელ-ხმელი ქალი აღმოჩნდა. თუმცა, რაღაც ხიბლი ჰქონდა, არისტოკრატიული მანერები და ღირსეული გამოხედვა. არტურს ქალმა ოფისში მიაკითხა და ის იყო, ბიჭს გუნებაში დედის მიმართ საყვედური უნდა გამოეხატა, რომ ლამის შოკი მიიღო. ქალბატონს კომპანიონი ახლდა, რომელიც არტურმა გვიან შენიშნა და ენაჩავარდნილი მიაშტერდა. ამას ვერც კი წარმოიდგენდა – ქალიშვილი ოცდახუთი წლის იქნებოდა. მაღალი, უნაკლო გარეგნობის. ისეთი გამოხედვა ჰქონდა... არტურს გაოცების შეძახილი აღმოხდა. იდგა და გაოგნებული უყურებდა. მსგავსი სილამაზე არასდროს ენახა. ყველაფერი დაავიწყდა.
– გაიცანით, ჩემი კომპანიონია – ელეონორა მოულტონი, – წარმოთქვა მისის კარლაინმა. ჩვენ დიდხანს არ შეგაწყენთ თავს. ელეონორამ უკვე ყველაფერი დაგეგმა. რომში ორი კვირით დავრჩებით და სასტუმრო „ლაროსაში“ ვიცხოვრებთ. რადგან დედათქვენმა ბევრი რამ გვიამბო თქვენ შესახებ, თავს უფლებას ვერ მივცემდი, არ მენახეთ. თქვენ, ალბათ, ბევრი საქმე გაქვთ, ამიტომ დროს ვეღარ წაგართმევთ. იქნებ, ერთხელ ერთად ვისადილოთ.
არტური გამოერკვა. ასეთი სილამაზის ხელიდან გაშვება არ შეეძლო. საერთოდ დაავიწყდა მაგიდაზე დახვავებული საქმეები.
– არა, არა, – შეჰყვირა მოულოდნელად და ორივე ხელი აიქნია, – მე თქვენს განკარგულებაში ვარ. დედაჩემი ძალიან გაფასებთ. მე შესაფერისი მეგზურობა უნდა გაგიწიოთ. გთხოვთ, მომეცით უფლება, თქვენ გვერდით ვიყო.
ქალიშვილმა დამცინავი ღიმილით შეხედა.
– კარგი, მაშინ, ხვალ ვილა ბორგეზეზე მივდივართ. ჩაიზე გელოდებით.
 ზედმეტი იქნება იმის თქმა, რომ არტურს ქალიშვილი თავდავიწყებით შეუყვარდა. ერთ კვირასაც არ გაევლო, რომ მის უნახავად ერთ საათსაც ვერ ძლებდა. ზარავდა იმის გაფიქრებაც კი, რომ ელეონორა გაემგზავრებოდა და მეტად ვეღარასდროს ნახავდა. მზად იყო, დღესვე ეთხოვა მისთვის ხელი და გულიც ფეხქვეშ გადაეშალა, მაგრამ რაღაც აბრკოლებდა. დედა, მისის ჩერჩჰილ-ბრაუნი ვერასდროს შეეგუებოდა თავისი ერთადერთი ვაჟიშვილის ღარიბ, კომპანიონ გოგოზე დაქორწინებას. როგორც კი ამ ამბავს გაიგებდა, მაშინვე შეუვალ კედლად აღიმართებოდა წყვილს შორის და საშინელებას მოახდენდა. არტური შფოთვამ და მოუსვენრობამ შეიპყრო. დრო იწურებოდა. გადაწყვეტილება სწრაფად იყო მისაღები. შემთხვევა, უფრო სწორად, მისის კარლაინი დაეხმარა, ელეონორას სიყვარულში რომ გამოტყდომოდა. ერთ საღამოს, სასტუმროს რესტორანში, ჩაის რომ მიირთმევდნენ, ქალიშვილი ცოტა ხნით ოთახში ავიდა. მისის კარლაინი ბიჭს უცნაურად ჩააშტერდა და უთხრა:
– რაღას ელოდებით? უთხარით, რომ გიყვართ. ხომ გიყვართ?
– დიახ. ძალიან, ძალიან მიყვარს. – მხურვალედ შეჰყვირა არტურმა.
– მერე, უთხარით! ხომ არ გეშინიათ, რომ ღარიბია და ამიტომ იკავებთ თავს?
– არა. დედაჩემი წინააღმდეგი იქნება, მაგრამ მე მას დავარწმუნებ. ის წინააღმდეგობას ვეღარ გამიწევს.
არტურმა იმავე საღამოს სთხოვა ხელი ქალიშვილს, სიყვარულშიც გამოუტყდა და თანხმობაც მიიღო. შეთანხმდნენ, რომ ელეონორი, მისის კარლაინთან ერთად, ვენეციაში ჩავიდოდა. არტურიც მალევე შეუერთდებოდა და იქ იქორწინებდნენ.
არტურს ორი კვირა ჰქონდა ბარიერის გადასალახად და დედასთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად. იმედი იმისა, რომ ქალს ელეონორის მიმართ სიმპათიას გაუჩენდა და ამ ქორწინებაზე დაითანხმებდა, არ ჰქონდა. მისის ჩერჩჰილ-ბრაუნი, თავისი ამბიციებიდან გამომდინარე, ნამდვილ ჯოჯოხეთს მოუწყობდა მომავალ სარძლოს. ამიტომ ბევრი არ უყოყმანია, ისე მიიღო გადაწყვეტილება და დედა რომში გამოიძახა სასწრაფო საქმეზე.
ქალმა კმაყოფილებით შეათვალიერა შვილი – დავაჟკაცებულაო, იფიქრა. რადგან გვიანი იყო, არტურმა დედას ჩაი და დამამშვიდებელი ნაყენი საკუთარი ხელით მოუმზადა. სარწეველა სავარძელში კი პლედი ჩაუფინა.
– დედა, რაღაც უნდა გითხრათ, – დაიწყო ყოყმანით, მაგრამ მალევე ხმაში „ფოლადი“ გამოურია, – მე შეყვარებული ვარ და ცოლს ვირთავ.
– რაო? – შეჰყვირა მისის ჩერჩჰილმა, – ეს როგორ, არტურ, ჩემთან შეუთანხმებლად?
– ახლა გეუბნებით და ისიც იცოდეთ, რომ აზრს ვერ შემაცვლევინებთ. ვიცი, რომ ღარიბია, ვიცი, რომ სოციალურად არ შეგვეფერება, მაგრამ მე ის მიყვარს. დიახ, მე ელეონორა მოულტონი მიყვარს. მისის კარლაინის კომპანიონი.
არტურის გასაოცრად მისის ჩერჩჰილ-ბრაუნი უცნაურად შეიშმუშნა და გაიღიმა.
– მადლობა ღმერთს, მიზანს მივაღწიე. მე მინდოდა, ის შეგყვარებოდა და არა მისი მილიონები. ჩემო ბიჭო, სინამდვილეში ელეონორაა კარლაინი. ის ქალი კი მისი აღმზრდელი და კომპანიონი. ვიცოდი, ვიცოდი, რომ გამომივიდოდა. ო, რომ იცოდე, როგორი ბედნიერი ვარ... მითხარი, მითხარი, ქორწილი როდის არის?
არტურს ძარღვებში სისხლი გაეყინა. ერთიანად გაფითრდა და კანკალი აუტყდა. ის წვეთები გაახსენდა, დედამისს ნაყენში რომ ჩაუსხა. მისის ჩერჩჰილ-ბრაუნი ნამდვილად ვეღარ ნახავდა შვილის ქორწილს. მისი ჩანაფიქრი მისთვისვე აღმოჩნდა საბედისწერო.

скачать dle 11.3