კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხე ელით მაისში შეუღლებულებს და რატომაა ყველაზე მტკიცე ვარდობისთვეს შექმნილი ოჯახები #20

მაისია და ამ თემას გვერდს ვერ ავუვლით – რატომ? თითქმის არავინ იცის, მაგრამ მაისში ქორწინება რომ არასასურველია, ამას ყველა გეტყვით. შევეცდებით, გავარკვიოთ: ცრურწმენაა თუ რეალობა, ტრადიცია, რომელსაც თითქმის ყველაზე უძველესად მიიჩნევენ. საგულისხმოა, რომ საქართველოში ის რუსეთიდან გავრცელდა და ჩვენში ღრმა ისტორიულ-რელიგიური საფუძველი ნამდვილად არ აქვს. თუმცა, დღეს ისე აქტუალურია, რომ ამაზე მაისში მკვეთრად შემცირებული ქორწინებათა სტატისტიკაც მეტყველებს. რომ ვიცოდეთ, მართლა გველის თუ არა საფრთხე მაისში ქორწინების შემთხვევაში და თუ ასეა, როგორ ავირიდოთ ის თავიდან, ამაში დაგვეხმარება პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლალი მაისურაძე.

 – როგორც 13, ანუ თარსი რიცხვია ამოგდებული უცხოეთის ზოგიერთ, განსაკუთრებით კი მაღალი კლასის სასტუმროებში, სართულისა თუ ნომრების ნუმერაციიდან, ასევეა მაისი ბევრისთვის ამოღებული საქორწინო კალენდრიდან... რას უკავშირდება ეს?
– სანამ უშუალოდ, კითხვაზე გიპასუხებდეთ, მინდა, ბავშვობაში მომხდარი ერთი ამბავი გავიხსენო, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩემს ცნობიერებაში. მოკლედ, მაშინ ერთ პატარა, ზღვისპირა ქალაქში ვცხოვრობდით. მოგეხსენებათ, საქართველოში თითქმის ყველგან და მით უმეტეს, პატარა ქალაქში, ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველამ ყველას ამბავი საკუთარზე უკეთ იცის. ჰოდა, იმჟამად მეზობელი წყვილის სიყვარული გახდა მთელი უბნის სალაპარაკო. ქალ-ვაჟს პირველი კლასიდან უყვარდა ერთმანეთი. ორივე ულამაზესი იყო და ძალიანაც უხდებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ, მთელი უბედურება ის გახლდათ, რომ მონტეგებისა და კაპულეტების არ იყოს, მათი ოჯახებიც დანასისხლად იყვნენ ერთმანეთს გადაკიდებული. მაგრამ, ბედს თუ სიყვარულს, წინ ვერ აღუდგები და ერთ დღესაც, უბანში ხმა გავარდა, ნინო და დათო გაიპარნენო. ატყდა ერთი ამბავი, ერთმანეთთან მივარდნა, დიდი გაწევ-გამოწევა... ყველაზე მეტად გოგოს ბებია – რუსი ნადია იხოკავდა ლოყებს: რაღა მაისი ამოირჩიეს, ამ დროს ქორწინება უბედურების მეტს არაფერს მოიტანსო... გავიდა ხანი, დაბრუნდა წყვილი და როგორც ხდება ხოლმე, მშობლებიც დაშოშმინდნენ, დამოყვრდნენ, გაჩნდა პატარა მემკვიდრეც... მაგრამ ერთ დღეს, ყველასთვის მოულოდნელად, ნინო ჩვილ ბავშვთან ერთად სახლში დაბრუნდა. მიზეზს ცოცხალი თავით არ ასახელებდა. დათო მაშინვე მივარდა, ეხვეწა, ემუდარა, მაგრამ ვერაფრით დაითანხმა, ცოლი სახლში წაჰყოლოდა. გაბრაზებულმა ერთი ბოთლი კონიაკი სულმოუთქმელად დაცალა და მანქანით სადღაც გავარდა. დათო იმ ღამით ავარიაში დაიღუპა. ეს იყო უდიდესი ტრაგედია, რომელიც წლები არ დავიწყებია ქალაქს, თან მიზეზად, ყველა მაისში მათ შეუღლებას ასახელებდა. იმ დროიდან დამაინტერესა ამ თემამ და მერე ბევრი რამ შევისწავლე, რასაც ახლა თქვენც გაგიზიარებთ, დასკვნები კი თავად გამოიტანეთ. დავიწყოთ იმით, რომ დასახელება – მაისი, რომელსაც ჩვენთან ვარდობისთვე ერქვა, ძველი რომიდან შემოვიდა. მისი მოსახლეობის უმეტესობა მიწათმოქმედი გლეხობა იყო და შესაბამისად, მიწის მფარველსა და ნაყოფიერების ქალღმერთ მაიას ეთაყვანებოდნენ. ამიტომაც უწოდეს მეურნისთვის ყველაზე დატვირთულ თვეს მისი სახელი. მიწაზე მუშაობას გლეხი ხომ მაისში იწყებდა – ხნავდა, თესავდა, რადგან ამ დროს დაღვრილ ოფლს მთელი წლის სარჩო-საბადებელი უნდა მოეტანა. ამ გახურებული ხვნა-თესვის დროს კი, ვის ეცალა ქორწილისთვის, რომელიც მაშინ თურმე, სხვადასხვა რიტუალის სახით, ორ კვირას გრძელდებოდა. ამიტომაც არ ქორწინდებოდნენ მაისში და არა სხვა, რაიმე ცრურწმენის გამო. თუმცა, მერე, როცა ამან უკვე ტრადიციის სახე მიიღო და სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, მოუცლელობის გამო დამკვიდრებული ჩვეულება აკრძალვად გადაიქცა და ათასი კუდი გამოება. განსაკუთრებით მყარად მოიკიდა ფეხი ამ ტრადიციამ რუსეთში, რასაც რუსულმა მკაცრმა ზამთარმაც შეუწყო ხელი. მაისის შემდეგ დაქორწინებულებს, შუა ზამთრის ყინვების ნაცვლად, გაზაფხულისპირას უფრო უადვილდებოდათ ახალშობილის მოვლა.
– და ამით გვაშინებდნენ ამდენ ხანს?
– შეგეშინდება, როცა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას, გაფრთხილებენ და თან, ისეთი მაგალითებიც მოჰყავთ, რაც მე ზემოთ გიამბეთ. ან, სულაც, რუსულ ანდაზას შეგახსენებენ: ვინც მაისში იქორწინებს, მთელი ცხოვრება დაიტანჯებაო... და შენც ფიქრობ, ცრურწმენების კი არ მჯერა, მაგრამ სიფრთხილეს თავი მაინც არ სტკივაო. არადა, გაზაფხულის ამ უმშვენიერეს დროს, ჩვენებურ ვარდობისთვეს, როცა ახლად ამწვანებულ გარემოში, ერთმანეთს იასამანი და ვარდი საამო სურნელებაში შეჯიბრებიან და ზედაც აფეთქებული ვაშლის ბაღებიდან მონაბერი სიო ერწყმის – თვითონ ბუნება გიწვევს სიყვარულის ზეიმისა და საქორწინო ცერემონიალისთვის. ამას ხომ ვერც ზურგს უკან თავსაფრიან დედაბერთა ჩურჩული და დანანებით თავის აქეთ-იქით ქნევა დააბრკოლებს?!.
– ბუნება კი ხელს გვიწყობს, მაგრამ როგორია ასტროლოგიური პროგნოზი?
– ვარსკვლავებიც გვამცნობენ, რომ მთელი თვე, განსაკუთრებით კი 20 მაისამდე, სანამ მზე ტყუპების ზოდიაქოში გადავა და მისი გაორებული ხასიათი სასიყვარულო ურთიერთობებს გააფუჭებს, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დროა ქორწინებისთვის. ამ დროს მზე კუროს ზონაში გადადის, მმართველი კი სიყვარულისა და ერთგულების გამგე პლანეტა – ვენერაა. ამ ყველაფერს იმასაც თუ დავუმატებთ, რომ მაისის სახელი რომაული მითოლოგიის მიხედვით, ნაყოფიერების ქალღმერთს უკავშირდება; ბერძნულ მითებში კი მაია სწორედ ის მაცდუნებელი ნიმფაა, რომელთანაც ზევსი ცოლს ღალატობდა, სადავოც აღარაა, რომ სიყვარულისა და ნაყოფიერებისთვის წელიწადის ეს დრო ყველაზე საუკეთესოა.
– მაგრამ სატატისტიკურად, ქორწინების რეგისტრაცია მაისში მაინც ნაკლებია...
– ევროპაში უკვე ნაკლებად, მაგრამ მაინც არის ქვეყნები, სადაც საკმაოდ საფუძვლიანად არის შემორჩენილი ამ ცრურწმენის კვალი – ახალგაზრდები ერიდებიან მაისში ქორწინებას, რომ მერე, მთელი ცხოვრება სანანებელი არ გაუხდეთ. არადა, სტატისტიკურად, წლის მეხუთე თვეში შეუღლებულთა ოჯახები ყველაზე მტკიცეა. „მაისის წყვილებში” განქორწინება ისე იშვიათია, სათვალავშიც კი არ არის ჩასაგდები და ამას ლოგიკური ახსნაც აქვს: რაც ჩამოვთვალეთ, ამდენ ბარიერს რომ გადალახავს წყვილი და მაინც არ გადაიფიქრებს ამ თვეში ქორწინებას, ესე იგი, მართლა ერთმანეთისთვის არიან შექმნილი.
– როგორც სხვა, ეგრეთ წოდებული დათარსვის წინააღმდეგ არსებობს დამცავი მინიშნებები თუ წესები, მაისის ქორწინებასთან დაკავშირებითაც იქნება რაიმე...  
– და მაინც, თუ ახალგაზრდები გადაწყვეტენ, ქორწილი მაისის რომელიმე დღეს გადაიხადონ და თან, თავი აარიდონ მოსალოდნელ უსიამოვნებებს, უნდა დაიცვან გარკვეული წესები: პატარძალი კაბის ქვეშ იმაგრებს შეკრულ ქინძისთავს, ქუსლის ქვეშ კი წვრილ მონეტებს მალავს; თუ ქორწილის დღეს წვიმა წამოვა, ეს სასიკეთოცაა – ახალდაქორწინებულებს უახლოს მომავალში გამდიდრება ელით... თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი მაინც ისაა, ცუდზე არ იფიქრო და მხოლოდ კარგის იმედი გქონდეს. რომელ თვეშიც არ უნდა გადაწყვიტონ შეყვარებულებმა ქორწილის გადახდა, მთავარია, სწამდეთ, რომ მათი ქორწინება ყველაზე ბედნიერი იქნება დედამიწის ზურგზე. კოსმოსში გაგზავნილი დადებითი ენერგია ხომ ასევე, სასიკეთოდ გიბრუნდება უკან.

скачать dle 11.3