კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აჯობა ბერიამ ჟუკოვს გამარჯვების აღლუმის გეგმის შედგენისას #19

ლავრენტი ბერიას ფაშიზმზე გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის. საბჭოთა უშიშროების მარშალი კანონზომიერად ამაყობდა ამით. სტალინთან, ჟუკოვთან, სხვა მხედართმთავრებთან და საბჭოთა ხალხთან ერთად, ბერია საკუთარ თავსაც მიიჩნევდა გამარჯვების ერთ-ერთ შემოქმედად. ვიწრო წრეში კი ამბობდა: „რაიხსტაგის თავზე რომ გამარჯვების დროშა ქართველმა დაარჭო, მხოლოდ ჩემი დამსახურებაა“. ეს სიტყვები აბსოლუტური სიმართლე გახლდათ. ბერიას თავიდან ბოლომდე ჰქონდა გაცნობიერებული, როგორც გამარჯვების ფასი, ასევე ამ გამარჯვების სიმბოლოებიც... პროფესორი კირილ ტრეტიაკოვი წერს: „ეშმაკმა და შორსმხედველმა ბერიამ მშვენივრად უწყოდა, თუ რა ფასი ექნებოდა ფაშიზმზე გამარჯვებასა და მის სიმბოლოებს. რა ადგილს დაიკავებდნენ ისინი მსოფლიო ისტორიაში. სწორედ ამიტომ აატანინა მან ქართველს რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა ეს დროშა კი სპეციალურ საცავში გაამწესებინა, რომელიც შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მუზეუმში მდებარეობდა. გამარჯვების დროშას, რომელიც დღესდღეობით სპეცსაცავის სპეციალურ კაფსულაში ინახება, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ამ დროშის გამო, ბერიასა და ჟუკოვს მწვავე დაპირისპირება ჰქონდათ ერთმანეთთან. მოგვიანებით მას ლამის ივანე მურაშკინის სიცოცხლეც შეეწირა, რომელიც დროშის დამცველ-შემნახველად ოფიციალურად იყო დანიშნული. ბერლინის ყოფილი კომენდანტი გენერალი ბერზარინი იხსენებდა: „ფაშიზმზე გამარჯვების პირველი აღლუმი 1945 წლის 24 ივნისს უნდა გამართულიყო მოსკოვში. 20 ივნისს გამარჯვების დროშა, რომელიც ჩემს კაბინეტში ინახებოდა, მარშალ ჟუკოვის ბრძანებით, სპეცრეისით მოსკოვში გადავაფრინეთ, რომ გამარჯვების პირველ აღლუმში მიეღო მონაწილეობა...“ ბედის ირონიით, გამარჯვების პირველ აღლუმში გამარჯვების დროშას მონაწილეობა არ მიუღია და ეს ასე მოხდა: ჟუკოვმა, რომელიც გამარჯვების აღლუმს იღებდა წითელ მოედანზე, ყველა წესის დარღვევით ისურვა, რომ დროშა არა მელიტონ ქანთარიას, არამედ 22 წლის რუს რიგითს, გვარად ნეუსტროევს სჭეროდა ხელში, რომელიც რაიხსტაგის იერიშში მხოლოდ მონაწილეობდა და დროშასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. ბერიას უახლოესი მეგობარი და თანამშრომელი, შემდგომში მისი საქმის გამო სიკვდილით დასჯილი, მე-3 რანგის კომისარი ვლადიმირ დეკანოზოვი იხსენებდა: „ჟუკოვს ომში გამარჯვება თავში აუვარდა და გადაწყვიტა, წითელ მოედანზე, ბერლინიდან სპეციალურად ჩამოტანილი გამარჯვების დროშა 22 წლის ნეუსტროევს გაეტარებინა. რაიხსტაგის მთავარი გმირები  – ქანთარია, ეგოროვი და ბერესტი კი მხოლოდ გვერდით უნდა გაჰყოლოდნენ მას. გამარჯვების აღლუმის გეგმის შედგენაში ლავრენტი პავლოვიჩიც აქტიურად მონაწილეობდა, ამიტომ მან ჟუკოვს უთხრა:
– ამხანაგო მარშალო, ისტორიული სიმართლე დამახინჯდება, თუკი დროშას მელიტონ ქანთარია არ გაატარებსო...
ჟუკოვი მაინც თავისაზე იდგა და ნეუსტროევისთვის მედროშეობის ფუნქციის მინიჭებას მისი გვარდიული სიმაღლით (196 სანტიმეტრი) ხსნიდა. ბერიამ კი უთხრა:
– სიმაღლით არც თქვენ გამოირჩევით, არც მე და არც მრავალი გამოჩენილი ადამიანი, თუმცა არც გამარჯვებაში შეუშლია ამას ხელი და არც მავზოლეუმის ტრიბუნაზე გვიკრძალავენ გამოჩენასო...
ჟუკოვი გაჯიუტდა, მაგრამ არც ბერიამ დაიხია უკან და გამარჯვების დროშა გამარჯვების აღლუმზე საერთო არ გამოუტანიათ. მიზეზად კი 22 წლის ნეუსტროევის ხუთი ჭრილობა და მისი კონტუზია დასახელდა...“
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, პრინციპულმა ბერიამ კონტუზიანი ნეუსტროევი საფუძვლიანად გამოაკვლევინა, საიდანაც დაასკვნეს, რომ ხუთჯერ დაჭრილ მეომარს აღლუმის დროს შესაძლოა, დროშა ბოლომდე ვერ გაეტარებინა, ხელიდან გავარდნოდა და შერცხვენილიყო. ამგვარად არ გაატანინა მარშალმა ბერიამ მარშალ ჟუკოვს თავისი. თუმცა, 1946 წლის ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმზე, რომელიც უკვე 9 მაისს გაიმართა, გამარჯვების დროშა წითელ მოედანზე უკვე მელიტონ ქანთარიას მიჰქონდა. გვერდს კი მას ეგოროვი და ბერესტი უმშვენებდნენ. ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე კი, მუზეუმის დირექტორს, ივანე მურაშკინს მავნებლობისთვის 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გენერალმა სერგო გოგლიძემ, ბერიას სასამართლო პროცესზე ასეთი ჩვენება მისცა:
– 1946 წლის 20 აპრილს, ფაშიზმზე გამარჯვების აღლუმის გეგმა დამტკიცდა, რომელიც, ძირითადად, ლავრენტი ბერიამ შეადგინა და მას სტალინი ყველაფერში დაეთანხმა. აღლუმის ცენტრალური მთავარი მომენტი იყო გამარჯვების დროშის გატარება, რომელიც მელიტონ ქანთარიას უნდა სჭეროდა ხელში. 2 მაისს, დემონსტრაციამდე ერთი კვირით ადრე, ბერიამ სამხედრო მუზეუმში მისვლა და გამარჯვების დროშის აღლუმისთვის მომზადება დამავალა. რომ მივედი და მოვიკითხე, მუზეუმის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა ივანე მურაშკინმა სარდაფში ჩამიყვანა და ერთ-ერთი ყუთიდან ძალზე შელახული დროშა ამოიღო, რომელიც არამც თუ სადემონსტრაციოდ, არამედ „პოლის“ ტილოდაც კი არ ვარგოდა. ბერიამ რომ შელახული დროშის ამბავი შეიტყო, მურაშკინი საკუთარ კაბინეტში მიგვაყვანინა და ჯერ გენერლის სამხრეები დააგლიჯა, შემდეგ სილა შემოჰკრა. ბოლოს კი ბადრაგი გამოიძახა, დააპატიმრებინა და ლუბიანკის სარდაფში გაამწესა...“ ყოფილ გენერალს, ივან მურაშკინს, სამხედრო  ტრიბუნალმა მავნებლობისთვის 25 წელი მიუსაჯა. ის გააციმბირეს და მხოლოდ 8 წლის შემდეგ, 1954 წელს გაათავისუფლეს ციხიდან. შელახული დროშა კი, ბერიას ბრძანებით, მალევე მოიყვანეს წესრიგში და 1946 წლის გამარჯვების აღლუმზე მელიტონ ქანთარიას გაატარებინეს წითელ მოედანზე. შემდეგ კი დროშას ეროვნული რელიკვიის სტატუსი მიანიჭეს ბერიას ინიციატივით და სამუდამოდ სპეციალურ კონტეინერში მოათავსეს. აღლუმებზე კი მისი ასლი გამოჰქონდათ... გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მოსკოვში მცხოვრები მელიტონ ქანთარია 1992 წლის დეკემბერში ასეთ ისტორიას ყვებოდა: „1946 წლის 9 მაისს, სანამ წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმი დაიწყებოდა, ჩემთან გენერალი სერგო გოგლიძე მოვიდა და მავზოლეუმის ტრიბუნასთან მიმიყვანა. იქ ბერია მელოდებოდა. ლავრენტი პავლოვიჩმა ჯერ ხელი ჩამომართვა, შემდეგ კი მითხრა:
– აბა, შენ იცი, მელიტონ, აქაც ისე ყოჩაღად ააფრიალე ეს დროშა, როგორც რაიხსტაგზე გააკეთეო.
– არის, ამხანაგო მარშალო! – გამოვეჯგიმე ბერიას. მან კი გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და სანამ მავზოლეუმის ტრიბუნას აუყვებოდა, მეგრულად დააბოლოვა:
– აბა, შენ იცი, მელიტონ. არ შემარცხვინო. ზემოდან „კაბეტ ბაბა“ (დიდი მამა) გიყურებსო...
დიდ მამაში ბერია სტალინს გულისხმობდა. სწორედ მის გვერდით იდგა იმ დღეს მარშალი ბერია და ტრიუმფატორის სახით ადევნებდა თვალყურს, როგორ აფრიალებდა ჟუკოვის გულის გასახეთქად მელიტონ ქანთარია გამარჯვების დროშას...“

скачать dle 11.3