კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ანაწილებს დროს სალომე ღვინიაშვილი „პრაიმშოუსა“ და მოდას შორის და რა რთული ეტაპი დგას მასსა და ზურა ხიზანიშვილის წინაშე #18

„ცეკვავენ ვარსკვლავებთან“ ერთად, „იმედის“ არხზე კიდევ ერთი გადაცემა „პრაიმშოუ“ დაიწყო. გადაცემის ექვსი წამყვანიდან ერთ-ერთი სალომე ღვინიაშვილია. დიზაინერისთვის ამგვარი გადაცემის წამყვანობა ახალი აპლუაა, რაც ბევრი იფიქრა და საბოლოოდ, ამ საქმის სიყვარულმა დადებით პასუხამდე მიიყვანა.
სალომე, პარალელურად, ბევრს მუშაობს საკუთარი ხაზის განვითარებაზე და მიუხედავად უამრავი საქმისა, არაჩვეულებრივად ართმევს თავს სამი შვილის დედისა და მეუღლის მოვალეობებს.
სალომე ღვინიაშვილი: „პრაიმშოუ“ ჩემთვის საკმაოდ რთული გადაცემაა და სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი – დავთანხმებოდი თუ არა. საბოლოო ჯამში, ეს ნაბიჯი ტელევიზიის დიდმა სიყვარულმა გადამადგმევინა. ალბათ, ერთგვარ რისკზეც მივდივარ, ყველამ ვიცით, რომ მაყურებელი ძალიან კრიტიკულია. თან, ამ გადაცემას აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატი აქვს – განხილული იქნება ისეთი თემები, რომლებზეც საჯაროდ არ საუბრობენ და მე, როგორც სალომე ღვინიაშვილმა, საკუთარი აზრი უნდა დავაფიქსირო. ვხვდები, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ განწყობა ძალიან კარგი მაქვს. არაჩვეულებრივი შემადგენლობა შევიკრიბეთ – ექვსი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი, ჩვენ-ჩვენი ცხოვრებით, აზრებით და ვფიქრობ, ესაა ამ გადაცემის მთავარი იარაღი, რაც მას ძალიან საინტერესოს გახდის.
– შენთვის რა არის მთავარი სირთულე?
– სირთულე, რა თქმა უნდა, არის. შევეხებით ჩვენთვის აბსოლუტურად უცხო და განსხვავებულ თემებს. მაგალითად, მე შემიძლია, დაუსრულებლად ვისაუბრო მოდაზე, რადგან ეს სფერო ძალიან კარგად ვიცი. თუმცა, არის საკითხები, რომელშიც კარგად არ ვარ ჩახედული ან, უბრალოდ, არ მაინტერესებს. ბუნებრივია, ახალ თემებთან შეჭიდება თავისებურ სირთულეებს გამოიწვევს. პროდიუსერის მიერ ყურში კარნახს ძალიან მიჩვეული ვარ (იცინის). თან, ეს გადაცემა ერთ კონკრეტულ სეგმენტზე არ არის ორიენტირებული. აბსოლუტურად ყველა ტიპის მაყურებელზეა გათვლილი. ის, რომ შენ სტუდიაში ზიხარ და მილიონობით ადამიანი გიყურებს, რა თქმა უნდა, დიდი სირთულეა. ცდილობ, მაქსიმალურად გაართვა მოვალეობას თავი, ყველა სიტყვა სწორად წარმოთქვა და რამე ისეთი არ გააკეთო, რაც ვიღაცისთვის, შეიძლება, მიუღებელი აღმოჩნდეს. ყველაფერზე ღიად საუბარიც არ არის მარტივი. ძალიან კარგი გუნდი მუშაობს ამ შოუზე. პირადად მე, გადაცემის წინ ვცდილობ, მაქსიმალური ინფორმაცია მოვიპოვო შოუს თემაზე. გამოუცდელობის გამო, შეიძლება, რაღაც მინუსები მქონდეს, მაგრამ იმედია, მაყურებელი ძალიან კრიტიკული არ იქნება.
– დროის განაწილებას როგორ ახერხებ? სამი შვილი, მეუღლე, საკუთარი საქმე და პლუს ეს გადაცემა.
– ვცდილობ, დრო ყველაფერზე გავანაწილო. დღის პირველ ნახევარში ჩემს ატელიეში ვარ, მეორე ნახევარში – ტელევიზიაში, საღამოს – ოჯახში. ჩემი შვილები უკვე საკმაოდ დიდები არიან და თავიანთი გრაფიკი აქვთ: სკოლა, გაკვეთილები... მაგრამ, საღამოს ყველანი ერთად ვართ.
– ატელიეს შესახებაც გვიამბე, როგორც ვიცი, შენი ბრენდი საქართველოს ფარგლებს გასცდა.
– ახლა უკვე „მერსედეს ფეშენ-ვიქზე“ იქნება ჩემი, როგორც დიზაინერის მესამე სეზონის ჩვენება. საკმაოდ მოკლე დროში მოვიდა წარმატება, თუმცა დრო მჭირდება, რომ კარგად განვვითარდე. ბოლომდე კმაყოფილი, რა თქმა უნდა, არ ვარ, მაგრამ წინსვლისთვის ყველაფერს ვაკეთებ. მიხარია, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ძალიან მიყვარს – დიზაინი იქნება ეს თუ ტელევიზიაში მუშაობა. ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საყვარელი საქმე და ბედნიერი  ვარ, რომ ამის საშუალება მაქვს.
– შვილები ვახსენეთ, უფროსი უკვე დიდი ბიჭია. როგორი დედაშვილობა გაქვთ?
– ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. უფრო მეგობრები ვართ. თუმცა, რაღაც საკითხებში საკმაოდ მკაცრი ვარ. მაგალითად, როცა საქმე სწავლას ეხება. რომ ვუყურებ, თვითონაც ვერ ვაცნობიერებ, რომ ჩემი შვილი ამხელაა. აბსოლუტურად ყველაფერს მიყვება და მეც, როგორც დიდ ადამიანს, ისე ვეკითხები რჩევას. ზურა უკვე ამთავრებს საფეხბურთო კარიერას და ახალ ეტაპს იწყებს ცხოვრებაში. იმ პერიოდში, როცა ზურა საქართველოში არ იყო, მე არ მიგრძნია, რომ ოჯახში კაცი არ არის, რადგან დათუნა იყო სახლში. ისე უცებ გაიზარდა და ისე დიდია ახლა თავის ასაკთან შედარებით, რომ უცებ აღმოვჩნდი ფაქტის წინაშე. ძალიან პატარა ვიყავი, რომ დაიბადა. ჩვენ შორის 17 წელია სხვაობა და ამიტომ, ახლა ამხელას რომ ვხედავ, მარტივი არაა ამის გაცნობიერება (იცინის).
– პატარებს რაც შეეხება?
– გოგონები ძალიან კარგად სწავლობენ. ფაქტობრივად, უკვე ისინიც დიდები არიან: ტანო: 10 წლისაა, ნიტა – 8-ის. 24 წლის ასაკში უკვე სამი შვილის დედა ვიყავი. ეს ძალიან პატარა ასაკია ასეთი პასუხისმგებლობისთვის. ახლა უკვე ძალიან მომწონს, რომ ახალგაზრდა დედა ვარ და დიდი შვილები მყავს. პარალელურად კი, ჩემს საქმეშიც, ასე თუ ისე, წარმატებული ვარ. მთელი დღის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვარ, მაინც ვახერხებ, მაქსიმალურად ვიყო ჩახედული მათ ცხოვრებაში.
 – ზურა ასრულებს ფეხბურთელის კარიერასო, აღნიშნე. გასაგებია, რომ ეს მისი გააზრებული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ, ალბათ, რთულია ამ სიახლესთან შეგუება.
– რთული პროცესია. თუმცა სპორტსმენის პროფესია ასეთია – ძალიან ადრეულ ასაკში სრულდება. რთულია – სევდანარევი გრძნობა მიჩნდება, როცა ვფიქრობ, რომ მოედანზე ზურას საგულშემატკივროდ აღარ მივალ. მაგრამ მომავალში, რა თქმა უნდა, ისევ ფეხბურთთან ერთად, უკვე როგორც მწვრთნელს ექნება ძალიან დიდი წარმატება. მას დიდი პოტენციალი აქვს. ასე თუ ისე, ფეხბურთში უკვე კარგად ვერკვევი და შემიძლია, თავისუფლად ვთქვა, რომ ზურა ძალიან კარგი მწვრთნელი იქნება. ახლა მის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება. მე ყოველთვის მის გვერდით ვიყავი და ვიქნები, ისევე, როგორც თვითონაა ყოველთვის ჩემ გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალიან დაკავებულები ვართ, მაინც ვახერხებთ საქმისა და ოჯახური ცხოვრების დაბალანსებას. რაც მთავარია, ძალიან კარგი მეგობრები ვართ.
– პირადად მისთვის როგორია ახალ ეტაპთან შეგუების პროცესი?
– შარშან უკვე იყო საუბარი საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ. ზურასთვის ძალიან რთული იქნება, ერთ დილით რომ გაიღვიძებს და გააცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. თუმცა, იცოდა, ეს დღე დადგებოდა და ამისთვის ემზადებოდა.
– 12 წელია, ერთად ხართ. როგორ შეძელით ურთიერთობის  სიმყარის შენარჩუნება?
– ოქტომბერში სრულდება 12 წელი ჩვენი ქორწინებიდან. ჩვენც გვქონია რთული პერიოდები, მით უმეტეს, ბოლო 5 წელი, როცა ცალ-ცალკე მოგვიწია ცხოვრება.  ზურა თურქეთსა და აზერბაიჯანში იყო, მე – საქართველოში გადმოვედი. ბავშვების საჭიროებების გამო. ცალ-ცალკე გვიწევდა ყოფნა, რაც ორივესთვის ძალიან რთული იყო. თუმცა, ეს დისტანცია რთულთან ერთად, საინტერესოც იყო. ერთმანეთი სულ გვენატრებოდა და ამას თავისი ხიბლი აქვს. ვფიქრობ, 12 წელი არც ისე ბევრია. ჩემი მშობლები 40 წელია, ერთად არიან და ისევ ისეთი მყარი ურთიერთობა აქვთ – ისევე უყვართ ერთმანეთი, როგორც წლების წინ. ასე არიან ზურას მშობლებიც, ჩემი ბებიები და ბაბუები. მე ასეთი მაგალითები მაქვს გარშემო. ამ ოჯახებში იმდენად განსაკუთრებულ ურთიერთობებს ვხედავ, რომ 12 წელი ამასთან შედარებით არაფერია. 60 წელი რომ გახდება, მერე შემეძლება, რაღაცის თქმა (იცინის).
– რომანტიზმის შენარჩუნება თუ მოახერხეთ?
– მე ძალიან რომანტიკული ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ზურაც ასეთია (იცინის). ვფიქრობ, კაცები ქალებზე ნაკლებრომანტიკულები არიან, ყოველ შემთხვევაში, ჩემი გამოცდილებით ასეა. ჩემი რომანტიკულობა ალბათ, ძალიან გვეხმარება ურთიერთობაში. მიყვარს სიურპრიზები. ისე ჩავდივარ ხოლმე ბაქოში, ზურას წინასწარ არ ვეუბნები და კიდევ ბევრი რამ. მგონია, რომ წლების განმავლობაში, ზურამ ეს რომანტიზმი, ჩემგან გამომდინარე, ნელ-ნელა შეიძინა.
– როგორც ყველა ცნობილ ადამიანზე, თქვენზეც ვრცელდება ჭორები. ხშირად წერენ ხოლმე თქვენი „დაშორების“ შესახებ.
– 12 წელია, ჩვენ გარშემო გამუდმებით არსებობს მსგავსი ჭორები. ინგლისში ცხოვრებისას თბილისში მარტო რომ ჩამოვედი – ეტყობა, დაშორდნენ და იმიტომ ჩამოვიდა მარტოო (იცინის). ძალიან ბევრ ჭორს ვისმენ ჩემზეც და ზურაზეც, მაგრამ უკვე რეაქცია აღარ გვაქვს. როცა იცი, სინამდვილეში რა ხდება, საერთოდ არ გაინტერესებს, რას ჭორაობენ. თუ სიმართლეს შეეფერება, ალბათ, მაშინ ნერვიულობ. რა არ გაგვიგია ჩვენ შესახებ, იმასაც ამბობდნენ, ზურა სალომეს სცემსო და კიდევ ათასი რამ (იცინის).
– აქტუალური კითხვა ღალატის შესახებ. ეპატიება თუ არა ის კაცს?
– ღალატი არ ეპატიება საერთოდ არავის და ჩვენს ოჯახში ეგ საკითხი საერთოდ არ დგას. ამაზე არასდროს ვლაპარაკობთ და არც მინდა ამის წარმოდგენა. რომ ვფიქრობ, უკვე ნერვები მეშლება (იცინის).
– დატვირთული გრაფიკის ფონზე, სამზარეულოში ტრიალს და ოჯახურ საქმიანობას თუ ახერხებ?
– საღამოს შეიძლება, მნახოთ წინსაფრით სახლში. რომ ვთქვა, ყოველდღიურად მე ვაკეთებ კერძებს-მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ არის დღეები, როცა მიწევს და სურვილიც მაქვს. ეს უფრო შაბათ-კვირას. სახლში ვარ ჩვეულებრივი დედა, არაჩვეულებრივი ცოლი და დიასახლისიც (იცინის).
– წარმატებული ადამიანების შესახებ ხშირად გაზვიადებული წარმოდგენები აქვთ, რადგან მათ ცხოვრებისეულ სირთულეებს არ იცნობენ. შენც საზოგადოების თვალში ფუფუნებაში ცხოვრობ. თუმცა სირთულე, ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაშია.
– ხშირად მსმენია ჩემზეც მსგავსი რამ – ჰგონიათ, სულ ფუფუნებაში ვცხოვრობ, მაგრამ სინამდვილეში, როგორც ყველა ქალს, მეც მაქვს ჩემი ტკივილი, პრობლემები და სადარდებელი. როგორ შეიძლება, დედა იყო და სადარდებელი არ გქონდეს?! არის ეტაპები, როცა სირთულეები გვაქვს ოჯახში. თუმცა, ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში მიმართლებს და რაღაცეები უფრო ადვილად გამომდის, ვიდრე სხვას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ მაქვს და არ მტკივა.
– როგორია სამომავლო გეგმები?
– გადაცემა, ჩემი ბრენდი და ოჯახი. როგორც ვთქვი, ზურა უკვე სამუდამოდ დაბრუნდება საქართველოში და ჩვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება. ახლა მთლიანად ამ ამბებში ვარ ჩართული.

скачать dle 11.3