კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ქართველი ქალი პირველად ევროპის ჩემპიონი ჭადრაკში და რა ტრაგედია მოხდა ნანა ძაგნიძის ცხოვრებაში დიდი გამარჯვების დროს #18

ჭადრაკის დიდოსტატმა, 30 წლის ნანა ძაგნიძემ, პირველად კარიერასა და საქართველოს ისტორიაში, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო ქალთა შორის. ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის პრიზიორი, ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული – ეს მისი მიღწევების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ახლა ევროპის ჩემპიონობაც დაემატა.
ნანა ძაგნიძე: შეჯიბრებაში მონაწილეობას 148 ქალი იღებდა. ტურნირი შვეიცარული სისტემით – 11 ტურად ჩატარდა. მე დავაგროვე 8,5 ქულა და სუფთად გავედი პირველ ადგილზე. ეს ევროპის ჩემპიონატი გამორჩეული იყო. იმით, რომ მასში მონაწილეობას იღებდა ორი ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის რამდენიმე ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი, მოკლედ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა იყო. ამიტომ, განსაკუთრებულად მიხარია, რომ პირველი ადგილი ასეთ შემადგენლობაში ავიღე. თუმცა, მსგავსი წარმატება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, წლებია, ქალთა ტოპ-ათეულში შევდივარ და ასეთ წარმატებასთან ყოველთვის ახლოს ვიყავი.
გამორჩეული შეჯიბრება იყო – ბოლომდე დარჩა ინტრიგა, თუ ვინ იქნებოდა გამარჯვებული. სპორტსმენი ვარ და ჩემთვის ყველა გამარჯვება ღირებულია, მაგრამ ეს განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რადგან მას გამორჩეული მნიშვნელობა აქვს. ჩემი ქვეყანა ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს, თან ქართული ჭადრაკის ისტორიაში ქართველი ქალი პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი.
– კურიოზული შემთხვევა იყო საქართველოს ჰიმნის აჟღერების დროს.
– ტურნირის ორგანიზება ძალიან მაღალი დონის იყო. ხუთი წლიდან ჭადრაკს ვთამაშობ და ასეთი დონე იშვიათად შემხვედრია, მაგრამ დახურვის ცერემონიალს ორგანიზებულობა ცოტა აკლდა. არ იყო კვარცხლბეკი გამარჯვებულებისთვის და ტექნიკური ხარვეზის გამო, ზურაბ აზმაიფარაშვილს საკუთარ მობილურ ტელეფონში მოუხდა საქართველოს ჰიმნის ჩართვა.
– 5 წლიდან ვთამაშობ ჭადრაკსო, აღნიშნეთ. როგორ დაიწყო თქვენს ცხოვრებაში ეს ეტაპი?
– წარმოშობით ქუთაისელი ვარ, იქ დავიბადე. მამას ჩემი დაბადებისთანავე უნდოდა, მოჭადრაკე გამოვსულიყავი. იმ პერიოდში ქართული ქალთა ჭადრაკი ძალიან წარმატებული და პოპულარული იყო: მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია. მამას განსაკუთრებით ალექსანდრია უყვარდა და სახელი – ნანა მის პატივსაცემად დამარქვა. ერთი წლის რომ გავხდი, ჭადრაკის დაფა მაჩუქა და დააწერა: გისურვებ ისეთი სახელოვანი მოჭადრაკე გამოსულიყავი, როგორიც ეს ქალბატონები არიანო. 5 წლის რომ ვიყავი, ჭადრაკის სკოლაში მიმიყვანეს. მალე მოვიდა წარმატება. 8 წლისამ მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი 10 წლამდე ასაკის გოგონებში. 9 შესაძლებლობიდან ცხრავეში გავიმარჯვე და საქართველოს ჩემპიონი გავხდი. შემდეგ იყო ევროპის ჩემპიონატები, არაერთი მსოფლიო ჩემპიონატი. ასაკობრივებში 4 ოქროს მედალი მაქვს აღებული, ამდენჯერ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონიც არაერთხელ ვიყავი. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან წარმატებულად ვასპარეზობდი, მშობლებმა გადაწყვიტეს, მეტი განვითარებისთვის, თბილისში გადმოვეყვანე საცხოვრებლად. 11 წლის ვიყავი, როცა აქ გადმოვედით და პიონერთა სასახლეში, გოგი მაჭარაშვილთან დავიწყე მეცადინეობა. ეს ნაბიჯი ნიშნავდა, რომ ჭადრაკს პროფესიონალურ დონეზე უნდა გავყოლიდი.
– რაც შეეხება ოჯახს?
– მყავს მეუღლე და ორი შვილი. ოჯახი, თავისთავად, მოითხოვს გარკვეულ დროს და ადრინდელივით იმდენი დრო აღარ მრჩება ვარჯიშისთვის, თუმცა მეუღლე მაქსიმალურად მიწყობს ხელს.
– მეუღლე, როგორც ვიცი, ყოფილი მოჭადრაკე, შალვა კაკულიაა.
– კი, მე და ჩემი მომავალი მეუღლე ბავშვობაში ერთად ვთამაშობდით ჭადრაკს, ისიც ქუთაისელია. მე პროფესიონალურ ჭადრაკს გავყევი, მაგრამ მეუღლემ თავი დაანება და ჩემი თბილისში გადმოსვლის შემდეგ აღარანაირი შეხება არ გვქონია. წლების შემდეგ, 2010 წელს, საქართველოს ჩემპიონატი ქუთაისში ჩატარდა. მთხოვეს, იქ მეც მეთამაშა. ამის საჭიროება ჩემთვის არ იყო, მაგრამ, რადგან მშობლიურ ქალაქს ეხებოდა საქმე, ბუნებრივია, დავთანხმდი. ჩემს მომავალ მეუღლეს იქ შევხვდი წლების შემდეგ და როგორც ბავშვობის მეგობარს, მივესალმე. იქიდან განახლდა ჩვენი ურთიერთობა და 2011 წელს დავქორწინდით. ორი შვილი გვყავს – ოთხი წლის ნიკოლოზი და ორი წლის გიორგი.
– მამა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, თქვენი მომავალი განსაზღვრა, ზუსტად მაშინ გარდაიცვალა, როცა თქვენ საამაყო წარმატება მოიპოვეთ.
– მამა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში. თუ რამეს მივაღწიე, მისი დამსახურებაა. უნდოდა, მოჭადრაკე გამოვსულიყავი და მიუხედავად, 90-იანი წლების სირთულეებისა, მას არაფერი დაუკლია ჩემთვის. მისი წყალობით არცერთი შეჯიბრება არ გამომიტოვებია, რისთვისაც ძალ-ღონეს არ იშურებდა. სპორტის დიდი გულშემატკივარი იყო. მე ჭადრაკზე, ჩემი ძმა – ჩოგბურთზე, და კი – ფრენბურთზე შეგვიყვანა. ორი წლის წინ, ჩაქვში ევროპის ჩემპიონატი ტარდებოდა. ბავშვი ახალი გაჩენილი მყავდა და მასთან ერთად ვიყავი წასული სათამაშოდ. მესამე ტური იყო, ვლიდერობდი და მაშინ გამაგებინეს, რომ მამას ინსულტი დაემართა. შეჯიბრება დავტოვე და რა თქმა უნდა, მამასთან წამოვედი. ექიმმა მითხრა, რომ ძალიან კრიტიკული მდგომარეობა იყო. მას შემდეგ რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ სამწუხაროდ, საუბარი ვერ შეძლო. თვალებს ახელდა, მაგრამ კონტაქტში ვერ შემოდიოდა. ეს ორი წელი ძალიან მძიმე იყო ჩემი ოჯახისთვის, რაც, რა თქმა უნდა, ჩემს შედეგებზეც აისახებოდა. ახლა, ევროპის ჩემპიონატზე, ვიცოდი, რომ მამა ცუდად იყო, მდგომარეობა ძალიან დაუმძიმდა, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი და არც დამიშვია, რომ შეიძლებოდა, ჩვენგან წასულიყო. ბოლო პარტია რომ დავამთავრე, მისი გარდაცვალების შესახებ მერე გავიგე, ისიც შემთხვევით – სოციალურ ქსელში დედას მეგობარი უსამძიმრებდა, თორემ მანამდე, ჩემმა მეუღლემ იზრუნა, რომ მამის გარდაცვალების შესახებ არ გამეგო. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადასატანია. ერთი საათის წინ სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი – კარიერაში უდიდესი გამარჯვება მოვიპოვე, რომელზეც ჯერ კიდევ მაშინ ვოცნებობდი, როცა ჭადრაკის თამაში დავიწყე და უცებ ამხელა ტრაგედია მოხდა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ამაზე ბევრი საუბარი არ მინდა, რადგან ეს პირადი ტრაგედიაა.
– ახლა რისთვის ემზადებით, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– ივნისში მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი ტარდება რუსეთში, სადაც მსოფლიოს ათი საუკეთესო გუნდი იღებს მონაწილეობას. ძალიან პრესტიჟული ტურნირია და საქართველოს ნაკრები ძალიან კარგად უნდა მოემზადოს, რომ რამდენიმე წლის წინანდელი შედეგი გავიმეოროთ. მაშინ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, თუმცა მე, მეორე შვილს ვაჩენდი და მათთან ერთად არ ვიყავი. იმედია, ეს გამოსვლაც ღირსეული იქნება. ზოგადად, ეს წელი გუნდური ჩემპიონატებით დატვირთულია. წლის ბოლოს ევროპის საკლუბო ჩემპიონატია, სადაც კლუბ „ნონას“ შემადგენლობაში მომიწევს თამაში. გარდა ამისა, კიდევ არის სხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრებები, რომლებიც იმედია, ჩვენი წარმატებით დასრულდება.

скачать dle 11.3