კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა „ჩაატარა“ ქუთაისურად ავთანდილ ხურციძემ ინგლისში და რატომ არავის სურდა მასთან ჩხუბი #18

ქართველმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა. მან ინგლისის ქალაქ ლიდსში გამართულ შეხვედრაში ბრიტანელი ტომი ლენგფორდი მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ლენგფორდი ბრძოლის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ მსაჯისა და ექიმების გადაწყვეტილებით, ის შეხვედრის გასაგრძელებლად მზად არ იყო და ბრძოლიდან მოიხსნა, რის შემდეგაც მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი ქართველ სპორტსმენს დარჩა. მოპოვებული ჯილდოს დასაცავად ავთანდილ ხურციძეს უახლოეს მომავალში კიდევ ერთ ბრიტანელ მოკრივესთან მოუწევს დაპირისპირება. 37 წლის ქართველი სპორტსმენის მეტოქე ამჯერად ბილი ჯო სონდერსი იქნება.
ავთო ხურციძე: გასული წლის 4 მარტს ჩავატარე ბრძოლა, რის შემდეგაც პირველ ნომრად დამაფიქსირეს. ამას მოჰყვა გარკვეული პრობლემები, გართულდა ჩემთან ბრძოლა. ყველა მოკრივე უარზე იყო და სურვილი არ ჰქონდათ შემბრძოლებოდნენ. მე კიდევ, დასაკარგი დრო არ მქონდა, მალე 37 წლის ვხდები, რაც სერიოზული ასაკია სპორტისთვის. ოფიციალურად ჩემპიონი, ვინც არ უნდა იყოს ის, ვალდებულია, პირველ ნომერს ეჩხუბოს. ეს ჩემპიონი გახლავთ ბილი ჯო სონდერსი, რომელიც ბრძოლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. საქმეში ადვოკატები ჩაერივნენ და შეხვედრის თარიღიც გაიწელა. ბოლოს, სონდერსმა ფედერაციას თანხა გადაუხადა, რომ ჩემთან ბრძოლა დროებით გადაედო. მსოფლიოზე არ ამიღია იმდენი, რაც ამ თანხიდან შემხვდა (იცინის). ფედერაციის გადაწყვეტილებით, ავტომატურად მომცეს მსოფლიო ქამარზე ბრძოლის უფლება და ღირსეული მოწინააღმდეგეც ამირჩიეს, მსოფლიოში მესამე ნომერი - ტომი ლენდ ფორდი.
– როგორი იყო ბრძოლამდე სამზადისი? როგორც ამბობენ, ტომი დაუმარცხებელ მოკრივეთა ჩამონათვალში შედიოდა.
– ტომი ერთადერთია, რომელიც ვალდებული იყო ჩემთან ებრძოლა. როცა გადაწყდა, რომ ლონდონში უნდა წავსულიყავით, მწვრთნელებს ვუთხარი: იქ თუ ჩავალთ, „ბოქსს” არ ვაპირებ, უნდა ვიჩხუბო-მეთქი. რაც ტატამზე გავაკეთე, პირადად მე, კრივს არ ვეძახი, ეგ იყო ჩხუბი. ნათქვამი მქონდა, მე-6 რაუნდამდე „გავაგორებდი“ და მეხუთე რაუნდში, ასეც მოხდა. რაც შეეხება სამზადისს, მათი მხრიდან იყო დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა. როცა სტუმრად საბრძოლველად ჩადიხარ, ცდილობენ, ისე გაგრძნობინონ თავი, თითქოს არაფერს წარმოადგენ. მათი ოინები თვითმფრინავიდან დაიწყო. ცუდი ადგილი შემირჩიეს, ტუალეტთან ბოლოში და მთელი ღამე არ მეძინა. მერე ყველგან ვიდეოთვალი იყო დაყენებული და რასაც ვაკეთებდი, ხედავდნენ. მგონი, ტუალეტშიც მიყურებდნენ (იცინის). ერთხელ ტრენერებს ვეხუმრებოდი და ცეკვა დავიწყე. ეს საჯაროდ გააშუქეს ტელევიზიით – ნახეთ, ავთანდილის წინა სამზადისიო. ყველაზე სასაცილო აღმოჩნდა სკამი. შემირჩიეს, ბარებში რომ მაღალი სკამებია, ისეთი. ტანით ხომ პატარა ვარ და რამდენჯერმე ტრენერმა ამსვა დასაჯდომად (იცინის). მოსამზადებელ ოთახში ორი კაცი მედგა თავზე და მარტო წყლის დალევის უფლება მომცეს, როცა ამ დროს, გარკვეულ ვიტამინებს იღებენ სპორტსმენები. თუმცა,  ქუთაისური მაინც „ჩავატარე“ და ჩავყლაპე, რაც საჭირო იყო (იცინის). მოკლედ, ძალიან შეზღუდული ვიყავი. თუმცა, ვერცერთმა გარემოებამ ხელი ვერ შემიშალა. ინგლისი არის ქვეყანა, სადაც ბევრი ქართველი მოკრივე იკარგება. იქ, თუ მართლა ხმალი არ ამოიღე და პირდაპირ არ მოაჭერი მოწინააღმდეგეს თავი, ისე ფონს ვერ გახვალ. მეც საომრად ვიყავი მომზადებული. ჩემთვის ნებისმიერი წაგება მიუღებელია და ამ გამარჯვებით ვამაყობ. ტომი ძლიერი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა. ვიცოდი, რომ უნდა გამეთიშა, სხვა გზა არ მქონდა. ბოლოს, მსაჯებმა ქულები რომ დათვალეს, წინ ის ბიჭი იყო.
– პრესკონფერენციას, რომელიც ამ ბრძოლის წინ ჩატარდა, ესწრებოდა ბილი ჯო სონდერსი, რომელზეც ზემოთ ისაუბრე. მან შეურაცხყოფა მოგაყენა. როგორ ფიქრობ, ეს წინასწარ იყო  დაგეგმილი მისი მხრიდან?
– სონდერსმა ყვირილი დაიწყო შუა პრესკონფერენციის დროს: წადი, შენს საქართველოშიო (იცინის). მისმა პრომოუტერმა მკითხა, მზად ვიყავი თუ არა მასთან შესახვედრად. ვუპასუხე, მე ახლაც მზად ვარ, თუ მას ამის სურვილი აქვს-მეთქი. ამ სიტყვებზე წამოხტა და დადგა შოუ. რა თქმა უნდა, ეს იყო წინასწარ გამიზნული ქმედება. ბუნებრივია, ჩემნაირი კაცი რომ ჩაუვა და „დაანოკაუტებს,“ კარგს არაფერს იტყვის. მათ იცოდნენ ჩემი ხასიათი და იფიქრეს, ამ ამბავს წამოვეგებოდი, რაც ჩემს დისკვალიფიკაციას ან სხვა მხრივ დასჯას გამოიწვევდა. სონდერსი ბედნიერი იქნება, თუ ვანში დავბრუნდები და იქ დავჯდები, მაგრამ ვერ მივართვი (იცინის). ეს იყო დაგეგმილი, რათა  ქამარი არ წამომეღო. ჩვენი ბრძოლა უკვე დანიშნულია, თუმცა არ მგონია, გაიმართოს.
– როგორც ცნობილია, ლონდონში ქართველი გულშემატკივრები დაჩაგრეს. რა მოხდა რეალურად?
– კი, იყო მსგავსი ფაქტი, მაგრამ მანამდე, აუცილებლად უნდა ვთქვა, ქართველების მხრიდან, რა დიდი უყურადღებობაცაა.  მიყვარს საქართველო და სხვა ქვეყნის სახელით არასდროს მიასპარეზია. უკრაინაში ამ საკითხზე ჩხუბიც კი მქონდა. პირდაპირ მითხრეს, თქვენი ქვეყანა არსად ჩანს და უკრაინის სახელით გამოდიო, რაზეც უარი ვთქვი. ჩვენებს ოლიმპიადა ძალიან უყვართ, მაგრამ ბოლოს როდის იყვნენ ოლიმპიადაზე, თუ ახსოვთ – ერთადერთო ვოვა ჭანტურია გახდა ოლიმპიური პრიზიორი და მის მერე, არც არავინ ყოფილა.  სულ 8 ქართველი გულშემატკივარი მყავდა, აქედან 4 ჩემი ნათესავი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში მათი კაცი გავლახე, დიდი პატივით გამომაცილეს. აქ ჩამოვედი და ვითომ არაფერი. ერთმა ბიჭმა მიცნო აეროპორტში, იმას გაუმარჯოს ღმერთმა – რა ტაქსი, წამოდი, მე წაგიყვან სახლშიო (იცინის). ამაზე გული მწყდება. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, ცოტა კურიოზულია. მოკლედ, შეიკრიბა ეს 8 ადამიანი და ჩემ უკითხავად წავიდნენ საქართველოს საელჩოში დროშების წამოსაღებად.  საელჩოდან, ბუნებრივია, არავინ შეიწუხა თავი, რომ წამოსულიყო და კეთილი სურვილებით გამოაცილეს ბიჭები.  ეს დროშები რომ დავინახე, გამეცინა, რა მიგარბენინებდათ იქ, ორი დროშა მაქვს სახლში-მეთქი, მაგრამ ეს ჯანდაბას. თან, რაღაცნაირად გული მიგრძნობდა, რომ ამ დროშის გაშლას კაი ამბავი არ მოჰყვებოდა. ერთი სიტყვით, დაიწყო ბრძოლა. მეოთხე რაუნდში ვართ, უკვე დაიძაბა სიტუაცია. ინგლისელები ხედავენ, რომ მათი ბიჭი აგებს. დასტაცეს ჩვენს დროშას ხელი და გადააგდეს. ამას არ დაჯერდნენ და, როგორც კი ნოკაუტით „დავაგდე“ მათი კაცი, ბოთლები დაუშინეს ქართველებს (იცინის). ახლა კი სასაცილოდ ვიხსენებთ, მაგრამ საშინელ დღეში  ჩააგდეს ბიჭები.
– რა შეგრძნებაა, როცა 37 წლის ასაკში მეოთხედ ხდები მსოფლიოს ჩემპიონი?
– 5-ჯერ ვიბრძოლე მსოფლიოზე. ერთხელ ქამარი არ მომცეს,  საფრანგეთში გაიმართა ეს ბრძოლა და ბევრს ახსოვს, ალბათ... ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. ამისთვის მარტივად არ მიმიღწევია. ოთხი წელი არ ვყოფილვარ სახლში, ამერიკაში ვცხოვრობდი. ამ პერიოდის განმავლობაში თავდაუზოგავად ვშრომობდი, თუმცა შრომა არასდროს მაკლდა. ახლა, როგორც იქნა, ჩამოვედი საქართველოში და ერთი თვე დავრჩები. ამ დროის განმავლობაში, მინდა, ბევრ ადამიანს შევხვდე, ბევრი ვილაპარაკო, ბევრი ვნახო.
– ერთ-ერთ  გადაცემაში  იმღერე „ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა“...
– ინგლისში პრესკონფერენცია რომ გვქონდა, მერე ცალკე ჩამწერეს. ემოციური ვარ და არ ვიცი ეს სიბერის, თუ რისი ბრალია. მითხრეს, რომ კარგად ხუმრობ და სიმღერა, თუ შეგიძლიაო. ვუპასუხე, დიდი მომღერალი არ ვარ, მაგრამ ქართულად გიმღერებთ-მეთქი. ინგლისში შანსი მომეცა, ქართულის საჯაროდ გაჟღერების და მეც ომახიანად დავიწყე: „ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა“, მაგრამ ყველაზე მთავარი დამავიწყდა – ხმა არ მაქვს (იცინის). ბოლოს ჩემმა ტრენერმა დამიძახა, ხმა ჩაიწყვიტეო.

скачать dle 11.3