კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყო მოულოდნელი რუსეთის კინოოპერატორთა გილდიის პრიზი მინდია ესაძისთვის და რატომ ეძინათ მას და მის მეუღლეს სამი ღამე უღელტეხილზე მანქანაში #18

რუსეთის კინოოპერატორთა გილდიამ კინემატოგრაფიული დებიუტების ფესტივალზე – Spirit of Fire გამარჯვებულები გამოავლინა. ჯილდო საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის ფილმში „წითელი”, ქართველ კინოოპერატორს, კონსტანტინე (მინდია) ესაძეს ხვდა წილად. მინდია, ცნობილი რეჟისორის, რეზო ესაძის შვილია. მან წლების განმავლობაში, არაერთ ფილმზე იმუშავა, როგორც ოპერატორმა, რეჟისორმა და სცენარისტმა. მათ შორისაა:  „დედე”, „დინოლა”, „თვე, როგორც ერთი დღე”, „პრეზიდენტი”, „გაიღიმეთ”, „ბოლო გასეირნება”, „რენე მიდის ჰოლივუდში”, „ომი და ქორწილი” და სხვა.
კონსტანტინე (მინდია) ესაძე: „წითელი“ გახლავთ ახალგაზრდა რეჟისორის, ნიკ სარქისოვის ფილმი, რომელიც დაბადებული და გაზრდილია საქართველოში. თუმცა, შემდეგ ოჯახით რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. ნიკი დებიუტანტია. საქართველოში ჩამოიტანა საკამოდ საინტერესო სცენარი. უნდოდა, გასული საუკუნის 20-30-იანი წლების რუსეთი გაეცოცხლებინა. მანამდე ჩვენ არ ვთანამშრომლობდით, მაგრამ სცენარი რომ წავიკითხე, ადრენალინის განცდა მქონდა. ფილმი საქართველოს ტერიტორიაზეა გადაღებული, ხოლო მსახიობები რუსები არიან. რაც შეეხება პრიზს, სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის. ყველა ჯილდოსგან განსხვავებული მნიშვნელობისაა, რადგან ამ გილდიაში იმდენი ცნობილი ოპერატორი შედის, გაკვირვებული ვიყავი. პროდიუსერმა გამომიგზავნა ფოტო – ნახე, ეს პრიზი შენიაო. ფოტოს რომ დავხედე, გაოცება და ყველა მსგავსი გრძნობა ერთად მომაწვა (იცინის).
– ვიდრე ოპერატორი გახდებოდით, მანამდე ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდით. ბატონი რეზო ესაძის შვილმა რატომ აირჩია ეს პროფესია?
– იმ პერიოდში მშობლებს დიდი გავლენა ჰქონდათ შვილებზე პროფესიის არჩევისას. ბავშვობაში რამდენიმე ლექსი მაქვს დაწერილი, თან დამამთავრებელ კლასში სცენარზე ვმუშაობდი. ამ ყველაფერს რომ შეხედეს, ბიჭს ეს საქმე კარგად გამოდისო და  მიბიძგეს ფილოლოგობისკენ (იცინის). აი, ასე აღმოვჩნდი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. სინამდვილეში, თავად მინდოდა, უცხო ენებზე ჩამებარებინა. თუმცა, ჩემი სურვილი რომ გავამხილე, იმხელა აჟიოტაჟი მოჰყვა, იქ მარტო გოგონები სწავლობენ და შენ რატომ უნდა იყო ერთადერთიო, ხმა აღარ ამომიღია (იცინის). ის წლები, რაც უნივერსიტეტში დავყავი, ძალიან კარგი იყო. როგორც საოპერატორო საქმეს, ასევე რეჟისურასაც ცხოვრებისეული გამოცდილება სჭირდება. მერე გადავინაცვლე კინოში. ჩვენ შთამომავლობით მოგვდგამს ამ სფეროში მოღვაწეობა. ჯერ კიდევ მამაჩემის დიდი ბაბუა გახლდათ კინოოპერატორი. მამას შესახებ კი, ყველას მოეხსენება. ამ ოჯახში რომ იზრდები, როგორ უნდა აუარო გვერდი ამ სფეროს, არ ვიცი. მოკლედ, დავინტერესდი საოპერატორო საქმით და ჩავაბარე პაატაშვილის სახელოსნოში. იმ პერიოდში მამა, ლევან პაატაშვილთან ერთად, იღებდა „ჭერს“, რომელზეც მუშაობა 10 წლის განმავლობაში მიდიოდა. მეც, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ ყოველივეს ვუყურებდი. სახელოსნოში ჩაბარების შედმეგ, ასისტენტად დავიწყე ამ ფილმზე მუშაობა. იმდენად „დამიჭირა” ამ საქმემ, რომ ვერ შევეშვი, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ, მამასთან დავამთავრე სარეჟისორო კურსები. მას ჰყავდა ჯგუფი, უმაღლეს კინოსარეჟისორო კურსზე, სადაც მეც ვსწავლობდი.
– როგორი იყო მამის ლექციებზე ყოფნა? თქვენ მიმართ განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩეოდა?
– მეც ისეთივე სტუდენტი ვიყავი, როგორც ყველა. მაგრამ, მახსოვს, რამდენჯერმე „გაუთოვებული“ ვყავარ ჩემი პროფესიული საქციელის გამო (იცინის). მაძლევდა შენიშვნებს და ხშირად ვყვებოდი მისი წნეხის ქვეშ. 8-საათიანი ლექციები გვქონდა, მაგრამ არავინ აცდენდა. სრული დასწრება იყო ყოველთვის. თავიდან, როცა ჯგუფი იქმნებოდა, მამას თხოვნა იყო, უმაღლესდამთავრებული მოწაფეები ჰყოლოდა. რადგან მათ ერთი პროფესია უკვე ჰქონდათ და რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილებაც ექნებოდათ. ჩვენი ჯგუფი ყველასგან გამორჩეული იყო. დილით რომ შევდიოდით ლექციაზე, საღამოს გამოვდიოდით. ამ ხალხს ჰქონდა სამსახური, ოჯახი, მაგრამ მაინც ყველა ესწრებოდა.
– თქვენს გერმანულ „ვოიაჟზე“ ფილმი გაქვთ გადაღებული. ასეთი რა ისტორიები გადაგხდათ?
– მეუღლესთან და მეგობართან ერთად, ერთ-ერთ ფესიტვალზე წავედით – ფილმი წარვადგინეთ. მაშინ მანქანის წამოყვანა ევროპიდან პროფესია იყო. ბევრი მიემგზავრებოდა ამ მიზეზით და შემდეგ აზერბაიჯანში ან საქართველოში ყიდდა. მოკლედ, მეც ვიყიდე მანქანა და წამოვედით. გზაში ძალიან გავწვალდით. მანქანა გაგვიფუჭდა საბერძნეთის რომელიღაც უღელტეხილზე, სადაც სამი დღე მოგვიწია დარჩენა. ერთი ადამიანიც კი არ დადიოდა. ამ სამი დღის განმავლობაში მარტო დროშების კაკუნის ხმა გვესმოდა, რომლებიც დიდ ანძაზე ეკიდა. ბოლოს, როგორც იქნა, ეს მანქანა დასახლებულ პუნქტამდე მივაგორეთ, სადაც შეგვხვდა აფერისტი, მატყუარა ხელოსანი. თითქმის ნახევარი ძრავა გამომაცვლევინა, რაც ფული მქონდა დამატოვებინა და როგორც კი გამოვიყვანე მანქანა, ისევ აფეთქდა. აღარსად გვქონდა წასასვლელი. ბოლო იმედი რომ გადაგვეწურა, იმ კაპიკებით, რაც დარჩენილი გვქონდა, დავრეკე სახლში და ვუთხარი, რა მდგომარეობაშიც ვიყავით, მაგრამ არ დაგვიჯერეს. ბოლოს შეგვხვდა ერთი ბერძენი ყმაწვილი, რომელმაც გვკითხა, რა გვჭირდა. ჩვენც ავუხსენით, რა გასაჭირშიც ვიყავით. თურმე, ეს ბიჭი რომელიღაც მშენებლობის ზედამხედველი ყოფილა და რამდენიმე ქართველი მუშა ჰყოლია. წაგვიყვანა ამ კაცმა, გაგვაცნო ეს ქართველები. მერე სასტუმროში დაგვტოვა და გვითხრა, რომ მანქანას გაგვიკეთებდა. იყო სენტიმენტალური მომენტებიც. ამოგვაკითხეს ქართველებმა – საჭმელი, სასმელი მოგვიტანეს. ბოლოს 10 ევრომდე ფულიც დაგვიტოვეს, მეტი არ ჰქონდათ. ცრემლებამდე თბილი იყო ჩვენი შეხვედრა. ამასობაში, ის ბერძენიც მოვიდა, მოგვიყვანა მანქანა, 50 ევროც გვაჩუქა და გვითხრა, რომ სალონიკამდე მოვახერხებდით ჩასვლას. გავიარეთ თუ არა ათი კილომეტრი,  ისევ აფეთქდა ეს მანქან და გაჩერდა (იცინის). მომეშალა ნერვები –  გადმოდით მანქანიდან, აქ ვტოვებ და სალონიკში ჩვენ ავტოსტოპით ჩავიდეთ-მეთქი. მართლა დავტოვეთ მანქანა და სალონიკში მივედით ჩემი მეგობრის ნაცნობთან, რომელმაც 1 200 დოლარი გვასესხა. როგორც იქნა, გავაკეთეთ მანქანა და ჩამოვედით საქართველოში, მაგრამ, რაც ეგ მანქანა დაგვიჯდა, იმის ფასად, ბევრად უკეთესს ვიყიდიდით. დიდხანს ვისტუმრებდით მაგ მანქანის  ვალებსაც.
– რა ბედი ეწია საბოლოოდ მანქანას?
– რამდენიმე ხნის შემდეგ, გასძვრა იატაკი და ბოლოს, ნაწილებად დავშალეთ.  ეს ისტორია გამოვიყენე სარეჟისორო  დოკუმენტურ ფილმში. ავარჩიეთ ორი გმირი, მათ შორის, ერთი ჩემი ძმა იყო. ფილმი ხუთი წლის წინ საკმაოდ პოპულარული გახლდათ.

скачать dle 11.3