კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წაშალა გერმა მამინაცვლის წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის ყველა კვალი #17

62  წლის ვაჟა  მ-ძის გვამი  სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. ცხედარს ორი ჭრილობა  ჰქონდა მიყენებული.  სიცოცხლესთან შეუთავსებელი ერთი შემავალი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა, მეორე კი,  როგორც სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა,  ყელის არეში, უკვე სიკვდილის შემდეგ იყო მიყენებული. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. შემთხვევის ადგილზევე იყო დატოვებული დანაშაულის იარაღი, მოზრდილი დანა, რომელიც მკვლელს იქვე დაეგდო. თუმცა, დანაშაულის იარაღი ისე  გაეწმინდა, რომ ქიმიური ანალიზის შემდეგ, მასზე მხოლოდ  გარდაცვლილის სისხლის ლაქებს  მიაგნეს – თითის ანაბეჭდების კვალი გამქრალიყო.
 მკვლელობის  მთავარ  ვერსიად ყაჩაღობა გამოიკვეთა. ამას ადასტურებდა ის სურათი, რაც სამართალდამცველებს გარდაცვლილის ბინაში   დახვდათ – სახლში ყველაფერი თავდაყირა იდგა. მსხვერპლი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ,  სახლში მარტო ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა ჩანთაში ჩაწყობილი, წასაღებად გამზადებული  რამდენიმე    ძვირფასი ნივთიც.  მისი ბინიდან გატანა მკვლელს, რატომღაც  ვერ მოესწრო. როგორც გამოძიებით გახდა ცნობილი, ბინიდან გატაცებული იყო ვაჟა მ-ძის კუთვნილი საგვარეულო რელიკვია.   გარდაცვლილი მამაკაცი  ბინაში მარტო ცხოვრობდა.  მას მეზობლები პატივს სცემდნენ და აფასებდნენ.  ვაჟა მ-ძეს ჰყავდა ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, რომელიც ქმარ-შვილთან ერთად, იტალიაში ცხოვრობდა.  ბოლო წლებში უმუშევრად დარჩენილ მამას, რომელიც ადრე ექიმი იყო,  ის აფინანსებდა.  ვაჟა მ-ძეს აგრეთვე ჰყავდა  გერი – 45 წლის კახა  დ-ია,  რომელიც მასთან არ ცხოვრობდა. ამონაწერი  გარდაცვლილის, ვაჟა მ-ძის  დის, დონარა მ-ძის  ჩვენებიდან: „ჩემმა ძმამ კახას დედა მას შემდეგ შეირთო ცოლად, რაც მეუღლე გარდაეცვალა. კახა პატარა იყო, ჩემმა ძმამ გაზარდა,  როგორც საკუთარ შვილს ზედ  გადაჰყვა.   უმაღლესშიც  მოაწყო,  სამსახურიც უშოვა და როცა კახა  დაქორწინდა, ისეთი მზრუნველობა   გაუწია მის ცოლს, თითქოს საკუთარი შვილი იყო.  ხუთი წლის წინ კახამ მამინაცვალთან   ცხოვრება აღარ ისურვა და საცხოვრებლად ცოლის ბინაში გადავიდა. თუმცა, ვაჟასთან  ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. როცა ცოლთან წაიჩხუბებდა ხოლმე, ჩემს ძმასთან  მოდიოდა და ზოგჯერ რამდენიმე დღეც რჩებოდა მასთან. მკვლელობის დღეს კახა  სტუმრად იყო მამიდასთან, რომელიც ზუგდიდში   ცხოვრობს. ჩვენ შევატყობინეთ მკვლელობის შესახებ და მაშინვე ჩამოვიდა. ძალიან განიცადა  ვაჟას  სიკვდილი”.
სამართალდამცველებმა კახა დ-იაც  დაკითხეს. მან მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. განაცხადა, რომ მამინაცვალთან  კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ბოლოს, მკვლელობამდე რამდენიმე  დღით ადრე ნახა – „თვითონ დამირეკა,  მომენატრეო. ერთი საათი დავრჩი მასთან, ჩემი და ხათუნას ამბები გამომკითხა, ხომ არ ჩხუბობთო. დამშვიდობებისას 100 ლარი მაჩუქა, რამე იყიდე შენთვისო. თან, ვუთხარი,  ზუგდიდში მივდივარ მამიდასთან-მეთქი. მოკითხვებიც დამაბარა და ასე დავშორდით ერთმანეთს.” კახა დ-იას  ნაამბობი ეჭვს არ იწვევდა, უფრო მეტიც, გარდა იმისა, რომ არ ჰქონდა საბაბი, მამინაცვალი  მოეკლა, მას ძალიან მყარი ალიბი ჰქონდა – ბილეთი, რომლითაც ის ზუგდიდში გაემგზავრა და მამიდა, რომელმაც მას უმასპინძლა. ერთადერთი ეჭვი, რომელიც მაშინ გამოძიებას გაუჩნდა ის იყო, თუ რატომ წავიდა კახა მამიდასთან მატარებლით და არა საკუთარი ავტომანქანით. კახამ თავად განმარტა: ძველი მანქანა მყავს,  შორ გზაზე წასვლა არ მიღირდა –  ხან სად ფუჭდება და ხან სად. ღამის მატარებელი უფრო მოსახერხებელი იყოო, თუმცა, რატომ აღმოაჩნდა თბილისში დაბრუნებულს   ორი დღის მერე  ქურთუკში მატარებლის ბილეთი,  ეს ის შეკითხვა გახლდათ, რომელსაც პასუხი  სამი წლის შემდეგ გაეცა.
როგორ გახსნა მკვლელობა ანონიმმა ინფორმატორმა
მკვლელობიდან სამი წლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ანონიმური ინფორმაცია მიიღეს, რომლის მიხედვითაც, ვაჟა მ-ძის  მკვლელობა კახა დ-იას  მიერ იყო ჩადენილი.  ანონიმი ინფორმატორი ახალგაზრდა ქალბატონი უნდა ყოფილიყო, რომელმაც სამართალდამცველები სწორ კვალზე დააყენა. მათ ჯერ ანონიმი ქალბატონი გამოააშკარავეს – ის კახა დ-იას  ყოფილი მეუღლე  აღმოჩნდა. მან დაკითხვისას განაცხადა, რომ მკვლელობიდან  რამდენიმე თვის შემდეგ, ნასვამმა ქმარმა  მასთან მამინაცვლის  მკვლელობა აღიარა. „ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მან ამის შესახებ მიამბო. ძალიან მთვრალი იყო და ბევრი იტირა. ეს არ უნდა გამეკეთებინა,  ძალიან ვდარდობო. მეორე დღეს უკვე გამოფხიზლებულს ამ თემაზე რომ გავესაუბრე, სასტიკად უარყო. ტყუილად გითხარი, გამოგცადე და ამაზე საუბარი აღარ მინდაო, მითხრა.  როგორც გაირკვა, მას ძალიან უნდოდა იმ ბინის დასაკუთრება, რომელიც მამინაცვლის იტალიაში მცხოვრები შვილის საკუთრება იყო. გადამოწმდა ვერსია, რომ ყოფილი მეუღლის მიერ მამაკაცის მკვლელობაში დადანაშაულება, შესაძლოა შურისძიებით ყოფილიყო ჩადენილი. სწორედ მაშინ იქნა მიკვლეული ყველაზე მთავარი მტკიცებულება – მკვლელის საბედისწერო შეცდომა, რომელიც მან მამინაცვლის კარგად დადგმული და ინსცენირებული მკვლელობის დროს დაუშვა. ეს იყო ბინიდან წაღებული საგვარეულო ძვირფასი რელიკვია, რომელიც გარდაცვლილის  დამ ამოიცნო.
სამართალდამცველებმა  კახა დ-ია  დააკავეს. თავიდან ის ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებდა და თავის   დასაცავად  ყველა იმ სამხილს იყენებდა, რაც მკვლელობის დროს შეიქმნა. თუმცა, მოგვიანებით, ის იძულებული გახდა, ჩადენილი დანაშაული ეღიარებინა. ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ვაჟა ბინის გადაფორმებას თავის ქალიშვილზე აპირებდა, არადა, დედაჩემის და მისი შეთანხმების მიხედვით, ეს ბინა მე უნდა დამრჩენოდა. მას შემდეგ, რაც ცოლს დავშორდი, საკუთარი საცხოვრებელი აღარ მქონდა.  მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, ვაჟასთან მივედი და ვთხოვე: ეს სახლი გავყიდოთ, შენ სახლს დაგიგირავებ და რაც ფული დარჩება, მომეცი,  ჩემთვის პატარა ბინას ვიყიდი-მეთქი. არაო, – მითხრა, ეს ბინა ჩემს ქალიშვილზე მაქვს გადაფორმებულიო. ვიცოდი, რომ მატყუებდა.  გამოუვალ სიტუაციაში ვიყავი – როგორმე ბინა ხელში უნდა ჩამეგდო. ვიცოდი, რომ მას პირველი ანდერძი ჩემზე ჰქონდა დაწერილი,  უნდა  მომესწრო, სანამ მისი ქალიშვილი  იტალიიდან ჩამოვიდოდა და ვაჟა ბინას თავიდან გადააფორმებდა მასზე.   ყველაფერი გავთვალე. ალიბი, რომ მქონოდა ღამით მატარებლით გავემგზავრე, თუმცა როგორც კი მატარებელი ქალაქიდან გავიდა, პირველივე სადგურზე ჩამოვედი. ტაქსით პირდაპირ ვაჟასთან  მივედი, მკვლელობის მერე კი, ზუგდიდში  ჩემი მანქანით ჩავედი. ალიბი მამიდასთანაც ხომ უნდა მქონოდა. თითქოს ყველაფერი დეტალებში მქონდა გათვლილი.  ის სამკაულებიც, რაც ჩემი მამინაცვლის  სახლიდან წამოვიღე, მტკვარში გადავყარე. დავიტოვე საგვარეულო  რელიკვია, რომელიც ვიცოდი, რომ ძვირად ღირებული იყო და მოგვიანებით, ისეთ ადამიანს მივყიდე, ვისაც ამ საქმეს ვერასდროს დაუკავშირებდნენ, როგორც ჩანს, ეს იყო ჩემი შეცდომა.” კახა დ-იამ ისიც აღიარა, როგორ მოკლა გამზრდელი მამინაცვალი – როგორ ჩაარტყა დანა უკვე გარდაცვლის ყელში, იმის გამო, რომ მის სიკვდილში დარწმუნებულიყო. შემდეგ მკვლელობის იარაღი გაწმინდა და მოსაპარად გამზადებული ნივთები განზრახ დატოვა შემთხვევის ადგილზე, რომ სასწრაფოდ გაქცეული ყაჩაღის იმიტაცია შეექმნა. მოკლედ, მისი ჩვენება განზრახ მკვლელობის  ზუსტად გაწერილი გეგმა იყო. სასამართლომ არ გაიზიარა ახალგაზრდა კაცის სინანული ჩადენილი დანაშაულის გამო და მას  14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3