კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აღარ მოუნდებათ ადამიანებს ეკლესიაში მისვლა და რატომ უნდა ითხოვოს მორწმუნემ ღმერთისგან სირთულეები #17

როდესაც მარხვა მთავრდება, ადამიანების დიდი ნაწილი გარკვეული დროის განმავლობაში, ერთი თვე, 6 თვე, ზოგჯერ მთელი წელიც კი, არ მიდის ეკლესიაში და არ ახსენდება მოძღვარი, სულიერი და-ძმა. რა არის ამის მიზეზი და როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა უფლის ნება – ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – ფაქტია: დადგება დრო‚ როცა ხორციელი შვება იქნება და ადამიანებს აღარ მოუნდებათ ეკლესიაში მოსვლა, არ დასჭირდებათ ღმერთი, მანამდე, სანამ არ ჩავარდებიან ცუდ მდგომარეობაში. ყველას ვურჩევ‚ არ მიატოვონ ეკლესია, სამწყსო, მოძღვარი, რადგან ეს ყველაფერი თქვენ გჭირდებათ და არა უფალს. ეკლესიის ზარიც ჩვენს მოსახმობად რეკავს, რომ მიხვიდე ეკლესიაში, ილოცო. ზარი‚ უპირველეს ყოვლისა‚ ირეკება მაშინ, როცა ფსალმუნები იწყება, მერე წირვის წინ და შემდეგში კი მაშინ, როცა მსხვერპლი შეიწირება, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით სულიწმიდა გარდამოვა და პური გადაიქცევა უფლის ხორცად, ხოლო ღვინო – სისხლად. ძალიან მნიშვნელოვანია ზარის დარეკვა, მაგრამ‚ უპირველეს ყოვლისა‚ შენს  გულში, შენს სულში უნდა დაირეკოს ზარი და მიხვდე‚ რატომ ირეკება ის. როცა საკუთარ თავს სარკეში აკვირდებით, ლამაზ სამოსს იცვამთ, მოწესრიგებულები მოდიხართ ეკლესიაში‚ რა თქმა უნდა‚ ეს მნიშვნელოვანია. ადამიანი ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს. მაგრამ‚ როცა წახვედი ეკლესიიდან, მოისმინე სახარება, დაესწარი მწუხრს, მაშინ ძილის წინ იფიქრე იმაზე‚ თუ რა ხდება ქვეყანაზე, ოჯახში, სამეგობროში, საკუთარ გულში, სულში.
– როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა სულიერად აზროვნება, სულიერი განსჯა საკუთარი თავის, ქმედებების?
– როცა ადამიანის განსწავლა მოხდება მარადიული ცოდნით, რომელიც მუდმივია და ზექვეყნიური, ის ნაკლებად იქნება საკუთარ გონებას მინდობილი და ნაკლებად სცოდავს. მაგრამ როცა ადამიანი თავისი გონებით სცოდავს, არასწორი აზროვნებით აშავებს, მერე გვიან ახსენდება, რომ საჭირო იყო გონების გადამოწმება ჭეშმარიტ სწავლებაში. ამიტომ, სანამ დავიწყებთ ლოცვას, ადამიანთან დიალოგს, სასურველია, გავაანალიზოთ – მე რომ ამ სიტყვას ვიტყვი, ის როგორ გაიგებს, მიიღებს თუ არა ამას. დიდი ფიქრი და განსჯაა საჭირო, როცა სხვას ვესაუბრებით,  მეგობარი იქნება ის, დედა, შვილი თუ უცხო პიროვნება. ყოველთვის კარგად დაფიქრება გვჭირდება – რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ. ამიტომაც, ადამიანმა საკუთარი აზრები სულიერ განსჯაში უნდა მოაქციოს და არა ხორციელში – მე რა გამიხარდება, მე რა მესიამოვნება. სულიერი განსჯა კი ის არის, როგორ მოექცე სხვას კარგად, როგორ ასიამოვნო და შენი საუბარი შენც და მასაც თუ მოგიტანთ სიკეთეს. თუ ადამიანს ბრძენი გული აქვს, ესე იგი, ის განწმენდილია და ასეთ გულს გონება ეკითხება. ხანდახან გულს ერთი სურს, გონებას – მეორე, საკურთხეველი უფლისა კი ადამიანის გონება კი არ არის, არამედ გული. თუ ჩვენ გულში შემოვუშვებთ ქრისტეს, ჩვენი გული განიწმიდება ყოველგვარი მზაკვრობისგან, ცოდვისგან. შემდგომში კი ჩვენი გონება დაეკითხება გულს და ორივე იაზროვნებს სულიერებით, თავმდაბლობით, სიყვარულით და ამდენი ბოროტება აღარ იქნება ქვეყნიერებაზე. ყოველ წამს ყოველი მეორე ადამიანი განკითხვაშია და, შენ რომ განგიკითხონ, ხომ არ გაგიხარდება? თუ არ გაგიხარდება, მაშინ შენც ნუ განიკითხავ სხვას და თუ ამაზე დაიწყებ ფიქრს, ესე იგი, უკვე იწყებ სულიერ განსჯას და სხვას აღარ ატკენ გულს, არც საკუთარ თავს დაიზიანებ და არც სხვას ავნებ.
– ხშირად გვინდა, უფლის ნება ვიცოდეთ, თუმცა ამ დროს საკუთარი, ჩამოყალიბებული ნება გაგვაჩნია, რაც უფლის ნების დანახვაში გვიშლის ხელს.
– ჯერ უნდა დავანგრიოთ საკუთარი აზროვნება, ადამიანური ნება, რაც სხვა არაფერია, თუ არა ეგოიზმი – „მე რა მესიამოვნება“. თუ გვინდა, სულიერი განსჯა იყოს ღვთაებრივი, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა არის უფლის ნება, რა ესიამოვნება უფალს, რით ვასიამოვნო უფალს, მოყვასს და თუ დამრჩება დრო, რომ ვასიამოვნო საკუთარ თავს. როცა ახლობელი გარდაგეცვლება ან გაიგებ, რომ მძიმე სნეულება შეგეყარა, მაშინ უნდა მოიკრიბო გონება, მიაკითხო ეკლესიას, წაიკითხო სახარება, წმიდა მამების სწავლება, რადგან ასეთ დროს ადამიანი ყველაზე კარგი პაციენტია ეშმაკისა. ადამიანიც მიდის ეშმაკთან და იღებს ცრუ ნუგეშს, ცრუ დარიგებას, დროებით თავისუფლდება ყველაფარისგან და მერე უარეს მდგომარეობაში ვარდება. სიმშვიდით არის საჭირო ყველაფრის გაანალიზება, სულიერი განსჯა, თორემ, ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დადგება.
– რა უნდა ითხოვოს ადამიანმა, რომ მისი მომავალი უკეთესი გახდეს?
– ყველა ადამიანი არის დაცემული, სუსტი, მერყევი არსება, ამიტომ ყველა უნდა ითხოვდეს ძალას. წმიდა მამა ასეთ სიტყვებს ამბობს: მე ვითხოვე ძალა და მან სირთულეები მომცა‚ რათა ძლიერი გავხდე. უნდა ითხოვოთ სირთულეები, ოღონდ ისეთი, რის გადატანაც შეგიძლიათ. ითხოვე სიბრძნე, რაც აკლია ყველა მდგომარეობაში მყოფ ადამიანს. დღეს ძალიან ძნელია ბრძენი ადამიანის პოვნა, რადგან ყველა საკუთარი თავით ბრძენობს – არა ბიბლიით, წიგნებით, საკუთარი გონების იმედი აქვთ და გვარიგებენ ჭკუას. სიბრძნე არის ღვთაებრივი, ღმერთისგან უნდა ვითხოვოთ და არა ადამიანებისგან. წმიდა მამა ამბობს: ვითხოვე სიბრძნე, მან კი პრობლემები მომცა, რომ მომეგვარებინა ისინი. ანუ‚ ღმერთი ჯერ გიგზავნის პრობლემებს და შემდეგ გეხმარება მათ მოგვარებაში. გინდა სიმდიდრე? – სთხოვე უფალს, მოგცეს ძალა, შემწეობა, რომ იმუშაო, იშრომო და შრომით მოიპოვო ლუკმა შენი – იმდენი სიმდიდრე მომცეს, რომ ამპარტავნებაში არ ჩავვარდე და ყველაფერი იყოს კარგად. მე ვითხოვე სიყვარული, მან კი ადამიანები მომცა, რომლებსაც დავეხმარები პრობლემების მოგვარებაში. თუ გინდა, სიყვარული გქონდეს, ირგვლივ მიიხედ-მოიხედე, დაინახავ ბევრ გაჭირვებულს და დაეხმარე მათ. მთავარია‚ ის ადამიანები შეიყვარო, ვისაც უფალი გიგზავნის, ვისაც არ უყვარხარ, ვინც გწყევლის და მათთან ერთად გაიზრდები სიყვარულში. მე ვითხოვე სიკეთე და მან შესაძლებლობა მომცა‚ მეკეთებინა სიკეთე. გინდა სიკეთე? ღმერთი მოგცემს საშუალებას, რომ ეს აკეთო. ბოლოს: ჩვენ ვითხოვთ იმას‚ რაც გვინდა, მაგრამ ვიღებთ იმას, რაც გვჭირდება. ყველა, ვინც მიაშურებს ეკლესიას, უნდა დაფიქრდეს, საკუთარი გადაწყვეტილებით მივიდა ეკლესიაში თუ ფეხის ხმას აჰყვა; მართლა დარწმუნებულია ღმერთის არსებობაში თუ, უბრალოდ, აინტერესებს, რა ხდება ეკლესიაში; ან, როდესაც მივიდა ეკლესიაში, თავი თვისი უარყო თუ ისევ იმ ადამიანად დარჩა, ვინც მანამდე იყო და მხოლოდ გარეგნულად ისწავლა ეკლესიური ტერმინები, ქმედებები, ხატის ამბორი, სანთლის დანთება, ზიარება. ადამიანი, შეიძლება, წლების განმავლობაში დადიოდეს ეკლესიაში, მაგრამ, ბევრ რამეში ვერ ერკვეოდეს, არ იცოდეს და მისი შინაგანი მდგომარეობა შორს იყოს ჭეშმარიტებისგან. დღეს ძალიან ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი თავს იმით იწონებს, რომ ყოველ შაბათ-კვირას დადის ეკლესიაში, ამბობს აღსარებას, ეზიარება, ქველმოქმედებას ეწევა. რატომ ჰგონიათ მათ,  რომ ეს ყველაფერი აცხონებთ და უკეთესები არიან სხვებზე?! ჩვენ ძალიან მოკრძალებულად, მოწიწებით უნდა მივუდგეთ ეკლესიურ ცხოვრებას. ეკლესიური ცხოვრება სულაც არ ნიშნავს ეკლესიაში სიარულს. ეკლესიური ცხოვრება ნიშნავს უფლის ნებით, მითითებით, უფლის მცნებებით ცხოვრებას.

скачать dle 11.3