კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყო გიორგი მარშანია ტრანსგენდერების შეკრებაზე ცოტა დაძაბული და როგორ გახდა ის მათი მესაიდუმლე #16

მიუხედავად იმისა, რომ, როცა ტრანსგენდერის როლი პირველად მოირგო, სინამდვილეში ასეთს არავის იცნობდა, ძალიან მალე მათ პრობლემებში კარგად გაერკვა: ტრანსგენდერების შეკრებაზეც იყო, მათი ცხოვრებისეული სირთულეებიც პირადად მათგან მოისმინა და ზოგიერთის მესაიდუმლეც გახდა. მსახიობ გიორგი მარშანიას მაყურებელი აქამდე იუმორისტული შოუებიდან იცნობდა, დღეს კი ტრანსგენდერი ნინოს როლს ასრულებს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში”. ნინოს მსგავსად გემრიელი კერძების კეთება უკვე მასაც კარგად გამოსდის და საყიდლებზე სიარულისას გოგოს ტანსაცმლისკენაც გაურბის თვალი.
გიორგი მარშანია: პირადად მე, ტრანსგენდერების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არ მაქვს. ვცდილობ, არავის პირად ცხოვრებაში არ ჩავერიო. ჩემი პერსონაჟი – ნინო ტრაგიკული ადამიანია. ისიც უშვებს შეცდომებს, როგორც ყველა. მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, ბევრი პრობლემა აქვს, რა მხრივაც ძალიან საინტერესო გმირია.
– მსახიობები ხშირად აღნიშნავენ, რომ საკუთარი გმირები უყვარდებათ. შენ თუ შეგიყვარდა ტრანსგენდერი ნინო?
 – შეყვარებით არ ვიცი, მაგრამ ჩემს პერსონაჟს ვგულშემატკივრობ. ვცდილობ, მის გამართლებას და ვიცავ იმიტომ, რომ ეს ჩემი შემოქმედების ნაწილია.
– როცა რამე თემაზე მუშაობ, შენთან თავს იყრის ამ თემის გარშემო არსებული პრობლემები. ტრანსგენდერების წინაშე არსებული კონკრეტული სირთულეების შესახებ თუ მოგდის ინფორმაციები ამ როლის შემდეგ?
– თავიდან, როლზე მუშაობა რომ დავიწყე, ტრანსგენდერებთან არანაირი კონტაქტი არ მქონდა. არცერთ მათგანს არ ვიცნობდი და შესაბამისად, არც მათი ისტორიები ვიცოდი. მერე, რამდენიმე ტრანსგენდერმა მომწერა, მიამბეს როგორ ცხოვრობენ, რა პრობლემის წინაშე არიან და რაღაცეები ემთხვევა ნინოს ცხოვრებას. ბევრმა გამიმხილა საკუთარი საიდუმლო. მითხრეს, რომ სერიალში ნინოს გამოჩენის შემდეგ, მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა და ხალხი ნაკლებ აგრესას ავლენს. ეს ძალიან გამიხარდა.
– მოკლედ, შენი მადლიერები არიან.
– მადლიერები ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ამ პერსონაჟმა, ალბათ, ბევრ ადამიანს შეუმცირა ტრანსგენდერებისადმი აგრესია. სხვათა შორის, ტრანსგენდერების ერთ-ერთ შეკრებაზე ვიყავი. ისინი ხშირად ხვდებიან ერთმანეთს და მათ წინაშე არსებულ პრობლემებს განიხილავენ. ერთ-ერთ შეკრებაზე მეც დამპატიჟეს და წავედი. დავინახე, რომ ამ ადამიანებს არ უნდათ დამალვა, პირიქით, ცდილობენ, საზოგადოებაში ინტეგრირდნენ. მე სტუმრის სტატუსი მქონდა და ისინი მეკითხებიდნენ, რას ვითვალისწინებთ სერიალის გადაღებისას და ასე შემდეგ. ცოტა დაძაბული ვიყავი, რადგან, როცა ადამიანებს ასეთი ცხოვრება აქვთ, ძალიან ფაქიზად უნდა მიუდგე. ვცდილობდი, არ გამომეყენებინა ისეთი ტერმინი, რაც შეიძლებოდა, არასწორად გაეგოთ და ჩემი აზრი ნათლად მიმეწოდებინა.
– როლიდან გამომდინარე, რაღაც თვისებები ჩვევაში არ გადაგივიდა?
– (იცინის) არა, თუმცა ბევრი მეუბნება, რაღაც მანერები შეგეცვალა, ქალს დაემსგავსე და როლში არ ჩარჩეო. სინამდვილეში, ასე არ ხდება. არცერთი მსახიობი არ ჩარჩენილა როლში. თან, მე კი არ შემეცვალა მანერები, უბრალოდ, როცა ეს ადამიანები ეკრანზე ჩემს პერსონაჟს უყურებენ და მერე მე მხედავენ, ბუნებრივად უჩნდებათ ასოციაცია. გასაკვირი არაფერია, ნინო რომ ჩემს სხეულს იყენებს. ზუსტად ამიტომაც, ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას ყურადღებას ვაქცევ. ბოლოს ისე მოხდა, რომ წონა ვერ გავაკონტროლე და ნინოც გასუქდა, რაც ძალიან არ მომეწონა. საქმე ისაა, რომ სიგარეტს და ვარჯიშს ერთდროულად დავანებე თავი. კვების რეჟიმიც ამერია, რაც უცებ აისახა კილოგრამებზე. სხვათა შორის, ადრე ვიღაცა გოგომ დაწერა ნინოზე, რა მახინჯიაო და ბიჭმა უპასუხა: რას ერჩი, ჩვენ უბნელ გოგოებს, ყველას სჯობსო (იცინის). ბოლო სერიებში ბიჭის ტანსაცმლით რომ გამოჩნდა, წერდნენ: ამასობაში დაკაცდა ეს მამაძაღლიო. სხვათა შორის, მე რომ ვჩნდებოდი, ჩემი მშობლები რატომღაც გოგოს ელოდნენ. სახელიც მოფიქრებული ჰქონდათ – სოფო უნდა დაერქმიათ (იცინის). ბებიაქალი რომ გამოსულა და უთქვამს: მარშანია, ბიჭიაო, მამაჩემს უთქვამს: არა, მე გოგოს ველოდებიო. ახლა ჩემი მშობლების მეგობრები იხსენებენ ხოლმე ამ ისტორიას და ამბობენ: აი, რომ ელოდებოდით, ნახეთ, რა მშვენიერი იქნებოდა, გოგოდ რომ დაბადებულიყოო (იცინის).
– როგორც ვიცი, მცენარეების მოყვარული ხარ და პირადადაც უვლი. გითქვამს: მეგობრებს არ ვეუბნები ამის შესახებ, ისედაც სულ ხუმრობენ ჩემს როლზე და რომ გაიგონ ყვავილებსაც ვუვლი, მერე რას იზამენო.
– ეს, ალბათ, ვიხუმრე. რატომღაც ყვავილების მოვლა ქალთან ასოცირდება და ვიღაცამ შეიძლება, გაიხუმროს: თან, კაბა გაცვია და თან ყვავილებს უვლიო. მე არ ვფიქრობ ასე  – მიწათმოქმედებაა ესეც და თუ მაინცდამაინც გენდერულად უნდა დავყოთ, კაცის საქმე უფროა. მართლა მიყვარს ყვავილები. რადგან კაცი ვარ, მარტო რკინაბეტონთან უნდა მქონდეს შეხება?!
– გენდერი ახსენე. თანასწორობასა და ოჯახში ქალსა და კაცს შორის როლების გადანაწილებაზე რას ფიქრობ?
– მე რომ ცოლი მეყოლება, როგორმე შევთანხმდებით, ვინ რა გააკეთოს. ცოლქმრობა ნიშნავს, რომ ორი ადამიანი ყველაფერში უნდა მიეხმაროს ერთმანეთს, რაშიც კი შეუძლიათ – სახლის დალაგება იქნება ეს, ფინანსური თანადგომა, გამხნევება თუ ტანსაცმლის არჩევა. მეც, რისი საშუალებაც მექნება, იმით დავეხმარები ჩემს ცოლს. გაინტერესებს, ვიცი თუ არა ჭურჭლის რეცხვა? – ვიცი, იმიტომ რომ, ახლა სახლში მარტო ვცხოვრობ. მშობლები სოფელში გადაცხოვრდნენ და მეურნეობას უვლიან. ამიტომ, სახლში საჭმელსაც ვაკეთებ, ჭურჭელსაც ვრეცხავ და სარეცხსაც ვფენ.
– ნინოს მსგავსად, გემრიელი კერძები გამოგდის?
– მარტო რომ ვარ, მართლა სულ ვაკეთებ რაღაცას. ბოლოს ქათმის სალათა გავაკეთე და სხვათა შორის, ძალიან გემრიელი იყო. ინტერნეტში ვნახულობ რეცეპტებს. დაახლოებით ვხვდები, როგორ უნდა გავაკეთო და მერე უკვე იმპროვიზაციას მივმართავ. მეუბნებიან, კარგი გამოგდისო და მეც ძალიან მომწონს.
– დალაგებაც გამოგდის?
– კი, დალაგებითაც ვალაგებ და ზუსტად გუშინ მქონდა „უბორკა.” გითხარი, რომ ჭურჭელსაც ვრეცხავ, მაგრამ საიდან გროვდება ამდენი გასარეცხი ჭურჭელი, ვერ ვხვდები. ორნი ვცხოვრობთ – მე და ჩემი ძმა. ნახევარზე მეტჯერ სახლში არ ვარ და მაინც იმდენია დასარეცხი... (იცინის). ღვინოსაც ვწურავ და სხვათა შორის, ძალიან კარგსაც. რამდენიმე სახეობის ახლაც მაქვს სახლში.
– ნინოს ჩაცმის ამბებს როგორ აგვარებთ?
– ჩემი ფეხის ზომიდან გამომდინარე, ქუსლიანი ფეხსაცმელი პრობლემაა, მაგრამ ბოლოს სახლიდან წავიღე რამდენიმე წყვილი. დედაჩემმა მომიტანა და კაცმა არ იცის, სად იშოვა (იცინის). რაც შეეხება ნინოს სამოსს, ხანდახან ერთად ვარჩევთ მე და მხატვარი.
– არ მითხრა, მაღაზიებში უკვე გოგოების ტანსაცმლისკენ გამირბის თვალიო.
– საერთოდ, ხშირად მერევა ერთმანეთში გოგოს და ბიჭის ტანსაცმელი (იცინის). თუ ავიღე და ჩავიცვი, მერე ვხვდები.
ერთხელ მეგობართან ერთად ვიყავი საყიდლებზე და რამდენიმე მაღაზიაში შევედი. ყველგან შემეშალა, ძმაკაცი დამდევდა და მანიშნებდა, „გირლზ”, „გირლზ” (იცინის). კი, უკვე გოგოების ტანსაცმლისკენაც გამირბის თვალი. ვფიქრობ, ეს ნინოსთვის კარგი იქნება-მეთქი და ფოტოს ვუღებ. მერე მხატვარს ვუგზავნი. მხატვართან ერთად შოპინგზე სიარული სხვათა შორის, ძალიან კომფორტულია. მინდა, გოგოების გასახდელში შევალ, მინდა – ბიჭების.
– ბოლოს, ერთ-ერთ აქტუალურ საკითხზე, თამბაქოზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე მაინტერესებს შენი აზრი.
– ვეთანხმები თამბაქოს აკრძალვას, უფრო სწორად, ძალიან მკაცრ შეზღუდვებს. ადამიანი რომ შენი ბოლით არ უნდა შეაწუხო, ეს ცალსახაა. თუ ის ამის შესახებ მწეველს მიუთითებს, ეს მისი უფლების შელახვა ნამდვილად არაა.  თავს იმის უფლებას არ მივცემ, ვიღაცას მივუთითო არ მოწიოს, მაგრამ ვიცი, ეს რამდენად საზიანოა ჩემთვის. ამიტომ, მწეველმა ჩემი უფლებებიც უნდა გაითვალისწინოს და სახეში არ უნდა მაბოლოს.

скачать dle 11.3