კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო დალეწეს და ურტყეს კონდახი „ქერჩის“ მსახიობს, ლევან ჩხეიძეს და რატომ გადაწყვიტა მან მონასტერში წასვლა #15

ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონდა, ერთი პერიოდი მეხანძრეობაზეც ოცნებობდა, საბოლოოდ, წარმატებული ფეხბურთელი გახდა. მას კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ფეხბურთისთვის თავის დანებება მოუწია. შემდეგ იყო რთული პერიოდი, დეპრესია... მაგრამ მოულოდნელად, ლევან ჩხეიძის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და ახლა ის თავის მეორე, საყვარელ საქმეს აკეთებს – მსახიობია, სხვადასხვა პოპულარულ სერიალში, ფილმებში თამაშობს, რეკლამებში იღებენ.
ლევან ჩხეიძე: ბავშვობიდან მიყვარდა ბურთი და კარგადაც გამომდიოდა თამაში. რომ მაქებდნენ: კარგად თამაშობ, მაგარი ბიჭი ხარო – ამან უფრო მეტი სტიმული მომცა. 11 წლის ასაკში ვახტანგ კოპალეიშვილთან შემიყვანეს ფეხბურთზე. მან გამზარდა და მასთან გადავდგი ფეხბურთში პირველი ნაბიჯები. მინდა აღვნიშნო, რომ დეიდაჩემი სულ მედგა გვერდში. ძალიან უნდოდა, რომ ფეხბურთი მეთამაშა. რა თქმა უნდა, ოჯახსაც, მაგრამ დეიდა განსაკუთრებულად მედგა გვერდში. 9-10 წელი ვთამაშობდი და ერთი დღე არ გამიცდენია. დილით რომ ვიღვიძებდი, მიხაროდა ფეხბურთზე წასვლა. სხვადასხვა ასაკობრივ ლიგაში ვთამაშობდი, იყო ტურნირები, მედლები, გამარჯვებები, შეკრებები. ერთი პერიოდი გუნდის კაპიტანიც ვიყავი. „ჟილკიანი” ვიყავი ძალიან. ახლაც ასეთი ვარ. რქებით ვაწვები: უნდა გავაკეთო ის, რაც მინდა. შეიძლება, დროში გაიწელოს, მაგრამ ბოლოს მაინც გამოვა, არასდროს ვნებდები.
– რატომ დაანებე ფეხბურთის თამაშს თავი?
– ვერც მე და ვერავინ იფიქრებდა, რომ მე ფეხბურთს თავს დავანებებდი. შეყვარებულიც კი არ მყოლია, რადგან ვარჯიშის გარდა, ვერაფერს ვუთმობდი დროს. ამის იქით არაფერი იყო – არც პირადი ცხოვრება. სამწუხაროდ, ოჯახის გამო მომიწია ფეხბურთისთვის თავის დანებება. შეიძლება, რაღაც ძალიან გინდა, მაგრამ არის მომენტი, როცა ოჯახის გამო, ვალდებული ხარ, ეს ნაბიჯი გადადგა. ის, რაც გიყვარს, გვერდით გადადო, რადგან კაცი ხარ და ვალდებულებები გაქვს. მე არ ვიყავი ისეთი ოჯახიდან, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის მიმეხედა. ოჯახს სჭირდებოდა ფინანსური დახმარება და მე უნდა დავდგომოდი გვერდში. ეს იყო ურთულესი გადაწყვეტილება, ძალიან გამიჭირდა. ის, რაც ჩემთვის ყველაფერი იყო, გვერდით გადავდე, უფრო სწორად, უარი ვთქვი მასზე. დავიწყე დისტრიბუტორად მუშაობა ერთ-ერთ კომპანიაში. მთავარი დისტრიბუტორი ვიყავი და სხვათა შორის, ახალ პროფესიას კარგად ავუღე ალღო. თუმცა, მქონდა სერიოზული დეპრესია.
– რამ გამოგიყვანა დეპრესიიდან?
– დეპრესია მანამდე გაგრძელდა, სანამ კინო შემოვიდოდა ჩემს ცხოვრებაში. სხვათა შორის, მას შემდეგ ფეხბურთს საერთოდ აღარ ვუყურებ, რადგან მეც მინდა, რომ სტადიონზე ვიყო და ვთამაშობდე. საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები, მაგრამ ამოვიღე ჩემი ცხოვრებიდან. გრინჩს რომ არ უყვარდა შობა და მოიპარა, აი, ასეთი გრინჩი ვარ – საკუთარ თავს მოვპარე ფეხბურთი, აღარ არსებობს ეს სპორტი ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ჩაკეტილი ვიყავი საკუთარ თავში და გადავწყვიტე, მონასტერში წავსულიყავი. ღმერთის მწამს, თუმცა ხშირად ვერ დავდივარ ეკლესიაში. შინაგანი ბრძოლები მაქვს.
– რატომ გადაწყვიტე მონასტერში წასვლა?
– მეგობართან ერთად წავედი და იმდენად მესიამოვნა იქ ყოფნა, ისე დავმშვიდდი, რომ წამოსვლა აღარ მინდოდა. თბილისში დაბრუნებულს აქაური ხმაური ძალიან მაღიზიანებდა. მონასტერმა მომცა სტიმული, ახალი ცხოვრება დამეწყო, ახალი ფურცელი გადამეშალა და ახალი მომენტები შემექმნა ცხოვრებაში. მონასტრიდან აბსოლუტურად სხვა ლევან ჩხეიძე დაბრუნდა: სულიერად დამშვიდებული, მშვიდი, წყნარი. არადა, ძალიან ემოციური ვარ. მონასტერში ყოფნაც არ გამჭირვებია, იმდენად მწყუროდა სიმშვიდე, მარტოობა. ბევრს ვფიქრობდი, მამაოს ვეხმარებოდი, ვალაგებდით, ვასუფთავებდით. მძიმე მარხვა იყო და თავიდან ბოლომდე დავიცავი. ძალიან მიშველა, დამამშვიდა. ახლაც მაქვს ხოლმე ბრძოლები: ეკლესიამდე ვერ მივდივარ, მაგრამ, თუ შევალ, მერე გამოსვლა მიჭირს. ახლა რომ კიდევ წავიდე მონასტერში, შეიძლება, დიდხანს აღარ ჩამოვიდე.
– დარჩენაზე გიფიქრია?
– დარჩენაზე არ მიფიქრია, უბრალოდ, იქ ყოფნა იმდენად მსიამოვნებდა, დიდხანს დავრჩებოდი. მონასტრიდან დაბრუნებულმა სხვანაირმა ლევანმა გადაწყვიტა, სხვა ცხოვრება დაეწყო. იმ დროს ტელესერიალი „ტიფლისი“ გადიოდა, სადაც ჩემი მეგობარი თამაშობდა. მას ვთხოვდი: ქასთინგამდე მაინც მიმიყვანე-მეთქი, რადგან მსახიობობა ჩემი მეორე ოცნება იყო. მოკლედ, მივედი ქასთინგზე. სურათები გადამიღეს, გამესაუბრნენ და წამოვედი. დამირეკეს მეორე დღეს: ლევან, გამარჯობა „ტიფლისში“ თუ გნებავთ მონაწილეობის მიღებაო. ჟანდარმის როლი იყო, მასობრივი სცენა. რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი. ერთდღიანი გადაღება გვქონდა ბეთანიაში. პატიმრები გარბოდნენ და ჩვენ, ჟანდარმებს, უნდა ჩაგვეხოცა. პირველ დღეს ისე დამლეწეს, კონდახს რომ გირტყამენ თავში. ვიღაც იფიქრებდა, ამას კინო აღარ ენდომებაო. მაგრამ, ისე მომეწონა კამერებთან მუშაობა, დალეწვაც ავიტანე. თან, იმდენი დუბლი გადავიღეთ, მეორე დღეს კოპები მქონდა თავზე. შინაგანი პროტესტი გამიჩნდა: ამით არ გავჩერდები, სულ წინ და წინ-მეთქი. ჰონორარის ასაღებად რომ მივედი „ჯიდიესში“, თამუნა მორჩილაძემ, ლევან დაბრუნდაშვილის „ქერჩში დაკარგული გმირების“ ქასთინგ-მენეჯერმა, შემამჩნია. შემომთავაზა: არ გინდა „ქერჩში“ მიიღო მონაწილეობაო. როგორ არ მინდა-მეთქი და მოკლედ, უჯარმაში წავედით მასობრივი სცენის გადასღებად. ლევანმა ჩემ გარდა, ყველა დააყენა გადასაღებად. მე დავრჩი და ვფიქრობ: არ მოვეწონე – წავიდეს სახლში, კარგად იყოს... ისე დავიგრუზე: დეპრესია დამემართა – შავი ღრუბელი რომ დაგადგება თავზე. ლამის ვიტირე. ამ დროს მეუბნება: შენ რჩები როლზე, გერმანელი გენერლის ასისტენტი იქნებიო. მოკლედ, ერთი დღის ნაცვლად, ერთი თვე დავრჩი. თან, გერმანელები ჩახოცეს და მხოლოდ მე და გენერალი გავიქეცით, გადავედით ფინალურ სცენაში. თვეები მომიწია გადაღებებში მონაწილეობა. ფაშისტის როლი ვითამაშე, ცუდი ტიპის. ძალიან გავითავისე, შევედი როლში. თან, მე მიყვარს უარყოფითი, ცუდი ტიპების როლები. უჯარმის მერე გომბორში გადავედით გადაღებაზე. ისეთი ყინვა იყო, ცეცხლიც არ გვათბობდა. სადაც არ უნდა გადამიღონ, რა პროექტშიც,  „ქერჩი“ ყოველთვის დამამახსოვრდება და ჩემთვის ყველაზე მაგარი პროექტი იქნება.
– მოიწამლე მსახიობობით?
– თავიდან ბოლომდე მოვიწამლე. თუმცა, რომ მირეკავენ და მსახიობად მთვლიან, ცოტა უხერხულობის გრძნობა მაქვს, არ მაქვს თეატრალური დამთავრებული. ამიტომ მინდა, ამ კუთხით განათლება მივიღო. ნიუ-იორკის ფილმაკადემიაში მინდა, გავიარო კურსები და ჩემი გვარი ვასახელო. რაც შეეხება ფილმებს, ვითამაშე დინო გეთიაშვილის ფილმში, რომელიც უნიჭიერესი რეჟისორია – კინოთი სუნთქავს. მისი აღმოჩენა ვარ, უბრალოდ, ჯერ „ქერჩი“ გამოვიდა, თორემ მან აღმომაჩინა: შენია კინო, ძალიან კარგი ტიპაჟი ხარო. დინოს ფილმში „პირველი დღე განთიადის გარეშე“ ვითამაშე ერთ-ერთი მთავარი როლი – „ბომჟის” როლი:  ასე ვთქვათ,  ღია ცისიქვეშ ვბომჟაობდი. მასთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. ასევე არის რეკლამები, სხვადასხვა შემოთავაზება. „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ ვიყავი ეპიზოდურ როლში მამულიჩასთან და ლელა წურწუმიასთან ერთად, როგორც წარმატებული ადამიანი. ეს რეალობაშიც ამიხდა. გამოვედი ლიკა ყაზბეგის პროექტში „წარმატებული ადამიანი პოდიუმზე“. ახლა ველოდები ორი ფილმის გადაღებას: ერთი საქართველოშია, ერთი – საქართველოს გარეთ.
– პირადში რა ხდება?
– ლევან ჩხეიძის გული თავისუფალია. ჩემთვის სიყვარული ყველაფერია. არ შემიძლია, გოგოს ვუთხრა: მიყვარხარ, იმ მიზნით, რომ „დავითრიო“. შეიძლება, ბაბნიკი ვჩანვარ, რადგან ბევრ გოგონასთან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ არ ვარ ასეთი. ქალს არასდროს მოვატყუებ. თუ გამოჩნდება გოგონა, რომელიც თავს შემაყვარებს, დიდი სიამოვნებით მივიღებ.
– როგორი გოგონები მოგწონს?
– შავგვრემანი გოგონები მომწონს, შავტუხები. სულ უნდა მეფეროს, ყურადღების ცენტრში უნდა ვიყო, მაქოს. მეც ძალიან ყურადღებიანი ვარ და რასაც გავცემ, ანალოგიურს მოვითხოვ. არასდროს გავეკიდები ქალს უკან. თუ პასუხს ვერ მივიღებ, სულ რომ ვგიჟდებოდე, თავს დავანებებ: ნახვამდის და გავუშვებ. თუმცა, „ლომის“ სუსტი წერტილი სიყვარულია. თუ უყვარს, ესე იგი, მთელი არსებით უყვარს. თუ ღირს, რომ გავეკიდო, გავეკიდები, ალბათ.

скачать dle 11.3