კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აჩუქა სიცოცხლე ბერიამ ჟუკოვს #15

სტალინის სიცოცხლეში ლავრენტი ბერია არაოფიციალურად „მეორე კაცად“ მიიჩნეოდა. თუმცა, ომის დამთავრების შემდეგ, მისი გავლენა იმდენად გაიზარდა, ლამის სტალინსაც გაუტოლდა. ისტორიკოსი სერგეი რიბკინი წერს: „ორმოციანი წლების მიწურულს მარშალ ბერიას გავლენა არა მარტო საბჭოეთში, არამედ მსოფლიოშიც ძალიან გაიზარდა. შიდა პოლიტიკურ კულუარებში კი ჩურჩულებდნენ, რომ სტალინის ერთადერთი მემკვიდრე სწორედ ლავრენტი ბერია იყო. მართლაც ბერიამ, ამ ჭკვიანმა, ეშმაკმა და საოცარი ენერგიის ადამიანმა, ორმოციანი წლების მიწურულს ყველგან გაიდგა ფესვები და ეს „ყველგან“ მთელ მსოფლიოს ნიშნავდა...
ბერიამ შექმნა ისეთი დატოტვილი, მაღალ დონეზე ორგანიზებული და ერთგული სადაზვერვო-დამსჯელი ჩეკისტური აპარატი, რომელიც მანამდე ისტორიას არ ახსოვდა. ლავრენტი ბერია „პირველი ხელიდან“ იღებდა უაღრესად საიდუმლო, უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ, სამხედრო და სამეცნიერო ინფორმაციას. მათი ანალიზი და მიმართულების მიცემა კი სულაც არ იყო რთული მისთვის. ამ ცოდნას ის თავისი გავლენის გასაზრდელად იყენებდა. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ბერია გრანდიოზული საიდუმლო პროექტების კურატორი გახლდათ. მის ხელში მოიყარა თავი საბჭოეთის უზარმაზარმა სამხედრო-სამრეწველო და ფინანსურმა პოტენციალმა, რაც მარშალ ბერიას საყოველთაო გავლენას კიდევ უფრო მეტად აძლიერებდა. ბერიას გაძლიერების პარალელურად, მრავლდებოდნენ ბერიას მტრებიც პოლიტბიუროში. მათ ეშინოდათ ყოვლისშემძლე მარშლის და იყო შეთქმულების მცდელობებიც. ერთ-ერთი ასეთი ინტრიგა ჯერ კიდევ 1947 წელს ჩახლართა მარშალმა ჟუკოვმა, მაგრამ ბერიას „ყოვლისმხედველ თვალს“ ეს არ გამოჰპარვია. ჟუკოვის მცდელობა ჩაფლავდა და ეს არ იყო გასაკვირი. მაგრამ, ნიშანდობლივია ის, რომ ბერიამ სახელოვანი მარშალი დაინდო და თავადვე ჩაფარცხა ეს ისტორია. უშიშროების გენერალი ანტონ მატვეენკო წერდა: „მარშალი ჟუკოვი, უპირველესად, ბერიას გონიერებამ გადაარჩინა. ლავრენტი ბერიას, მართალია ყველა მტკიცებულება ჰქონდა საიმისოდ, რომ სახელოვანი „გამარჯვებული მარშალი“ ჟუკოვი დიდი ხნით ციხეში მაინც გამოემწყვდია, მაგრამ ასეთი რამ არ გააკეთა. მთელი ჩახლართული ჟუკოვისეული ინტრიგა კი ის იყო, რომ ლავრენტი ბერიას ფიზიკურ ლიკვიდაციას აპირებდა, თანაც სისხლის სამართლის დამნაშავეთა ხელით. როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, სტალინმა ჟუკოვი მალევე მოაშორა კრემლს, რადგან მისი პოპულარობის ზრდა მთელ მსოფლიოში, უაღრესად აღიზიანებდა საბჭოთა ბელადს და ის ოდესის სამხედრო ოლქის მეთაურად დანიშნა. გაბრაზებული ჟუკოვისთვის ეს თანამდებობა იგივე იყო, მარშლობა რომ ჩამოერთმიათ და მხოლოდ კაპიტნის ჩინი დაეტოვებინა. ჟუკოვმა „ამ საქმეში“ ბერიას კვალი დაინახა, რაც მტკნარი სიცრუე იყო, სტალინმა ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. ამიტომ, ჟუკოვმა ბერიას მიმართ ბოღმა ჩაიდო მის საწინააღმდეგოდ და უხეში და უკიდურესი მეთოდების გამოყენებას შეეცადა. ფაქტობრივად, უარაფროდ, არმიის გარეშე დარჩენილმა ჟუკოვმა, ოდესასა და ოდესის ოლქში, მისთვის ჩვეული სისასტიკით, წესრიგის დამყარება დაიწყო. მომრავლებული კრიმინალური ბანდების ფიზიკურ განადგურებას მიჰყო ხელი. სწორედ ამ პროცესში გაუჩნდა იდეა, რომ ბერია კრიმინალების მეშვეობით მოეკლა. საქმეს  თავისი მარჯვენა ხელის, გენერალ-ლეიტენანტ კომაროვის დახმარებით შეუდგა. კომაროვის დამსჯელმა რაზმმა ბანდიტ აუგუსტ ვრონცერის დაჯგუფება აიყვანა.  ჟუკოვის დავალებით, კომაროვმა აუგუსტ ვრონცერი „გადაიბირა“ და თავის თანამზრახველებთან ერთად, ბერიას მოკვლა შესთავაზა. სამაგიეროდ კი, თავისუფლებას, ფულსა და უცხოეთში გაყვანას შეჰპირდა. სინამდვილეში, თავდამსხმელები ადგილზევე უნდა გაენადგურებინათ და ამგვარად წაეშალათ კვალი... ეს კომბინაცია საკმაოდ კარგად იყო მოფიქრებული და მიზანსაც მიაღწევდნენ, რომ არა, ერთი წინაღობა. ვრონცერი სინამდვილეში „ენკავედეს“ ფარული თანამშრომელი იყო და კრიმინალურ სამყაროში შეგზავნილი. ამიტომ, კომაროვის წინადადება უმალვე მიუვიდა ბერიას, რომელმაც კონტროპერაცია ჩაუტარა ჟუკოვს. 1947 წლის 21 მაისს, ვრონცერის ხუთკაციანი ტერორისტული ჯგუფი მოსკოვში, მალაია ბრონნაიაზე იყო ჩასაფრებული და ბერიას მანქანას ელოდა, რომელიც კრემლიდან მოდიოდა და მათი აზრით, არ იყო დაჯავშნილი. მოახლოებულ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, მაგრამ მანქანა დაჯავშნილი აღმოჩნდა. ბერიას დაცვამ თავდამსხმელები, გარდა ვრონცერისა, ადგილზევე გაანადგურეს. ვრონცერი კი ლუბიანკაზე წაიყვანეს და პარალელურად, გენერალ-ლეიტენანტი, იური კომაროვიც აიყვანეს ოდესაში. მერე სასწრაფოდ მოსკოვში გადმოაფრინეს. ვრონცერმა და კომაროვმა ჩვენებები მისცეს. „ბანდიტი“ კომაროვზე მიუთითებდა, გენერალი კი პირდაპირ მარშალ ჟუკოვს ადებდა ხელს... დაპატიმრებული ლუბიანკის სარდაფში გამოამწყვდიეს. ბერია კი პირდაპირ ოდესში გადაფრინდა და „ენკავედეს“ სპეცძალების მიერ ალყაშემორტყმულ შენობაში შევიდა, სადაც ჟუკოვი, ფაქტობრივად, დაკავებული იყო...“
ამ მომენტს დაწვრილებით აღწერდა ბერიას  პირადი მცველი ტიტე გაბუნია, რომელიც მოგვიანებით კანადაში გაიქცა. გაბუნია ამტკიცებდა: „ბერია ჩვენი (დაცვის) თანხლებით ეახლა გაფითრებულ ჟუკოვს. წინ დაუდო კომაროვის ჩვენება, რომელიც აგრეთვე, მაგნიტოფირზე იყო ჩაწერილი და იქვე მოასმენინა:
– რას იტყვი, სახელოვანო მარშალო, იქნებ ჩემი შეთითხნილია ეს ყველაფერი?
ჟუკოვი დუმდა. მაშინ ბერიამ დააყოლა:
– ვიცი, რომ შენი ოდესური დაქვეითება ჩემი ნამოქმედარი გგონია, მაგრამ გარწმუნებ ეს ტყუილია. საკმარისია, სტალინს დავუდო ყოველივე და შენგან სველი ადგილიც არ დარჩება, მაგრამ ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი ლაფში ამოისვრება. სიცოცხლეს გაჩუქებ. მაგრამ იცოდე, ჩემთან ვალში ხარ!
ჩვენ წამოვედით და ალყა მოიხსნა...“
გენერალმა კომაროვმა თავი მოიკლა საკუთარ კაბინეტში. ბანდიტი ვრონცერი კი უკვალოდ გაქრა. ჟუკოვი გადარჩა, მაგრამ ბერიას კეთილშობილურ ჟესტს საპირისპიროდ უპასუხა ექვსი წლის შემდეგ.

скачать dle 11.3