კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა „მომპარავი“ გოგო ექსტრემალი ბაიკერი და რატომ აქვს თბილისის ქუჩებს მისი „ტყავი“ გადაკრული #14

იშვიათად მინახავს ქალი, რომელიც ხშირად მიდის რისკზე და პროფესიად ისეთ სფეროს ირჩევს, სადაც მამაკაცებსაც უჭირთ საკუთარი ძალის დემონსტრირება. 47 წლის ნანა მამუკაშვილი ამ მხრივ გამორჩეულია – პროფესიით იურისტი, რისკიანი ბაიკერი და იმავდროულად, სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლია.
ნანა მამუკაშვილი: მამაც და დედაც ბაიკერები იყვნენ. ახლა, ეს ჩვეულებრივი მომენტია, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს, ქალი ბაიკზე, უცხო ხილი გახლდათ. დედა საქართველოში პირველი ბაიკერი ქალი იყო. სხვათა შორის, ბაბუასაც ძალიან ყვარებია მოტოციკლი და მამა ყვებოდა, ხშირად ვპარავდიო. 10 წლის ვიყავი, მამას რომ მოვპარე სამთვლიანი მოტოციკლი, ჩემი პატარა ძმა მოვისვი, ჩუმად გამოვაგორე, ხმა რომ არ ჰქონოდა და თავდაღმართში დავეშვი. რომ დამექოქა, ხმას გაიგონებდნენ, ამიტომ, ჯერ დავაგორე და ვიფიქრე, მერე დავქოქავ-მეთქი. მოკლედ, დამიგორდა და ამოვყირავდით. მახსოვს, ჩემს ძმას ვეხვეწებოდი, არ იტირო, ხმა არ გაიგონ, თორემ გაგვიბრაზდებიან-მეთქი (იცინის). ვხუმრობ ხოლმე, ალბათ, ბავშვობაში, „მომპარავი“ გოგო რომ არ ვყოფილიყავი, დღეს კარგი მძღოლი ვერ დავდგებოდი-მეთქი. არასდროს მქონია შიში, ტკივილი ვერ შემაშინებს. მიყვარს, როცა ერთ თვალზე ვდგები და ისე მივქრივარ. მიყურებენ ავტომობილიდან მამაკაცი მძღოლები და გაოცებას ვერ მალავენ. 9 წლის ვიყავი, პირველად რომ დავჯექი ბაიკზე და დღემდე მის გარეშე, ვერც კი წარმომიდგენია ცხოვრება.  ბევრჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში, საავარიო სიტუაციაშიც მოვხვდი, მაგრამ გადავრჩი. ამას იღბალსა და მფარველ ანგელოზს ვუმადლი. ისეთი გამოუვალი მდგომარეობიდან გამოვმძვრალვარ, თავადაც გამკვირვებია. მიყვარს სისწრაფე. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოვდიოდი. მოძრაობა თავისუფალი იყო და სისწრაფე ავკრიფე. უცბად, მანქანამ ჩემს ზოლში დაიწყო გადმოსვლა, მარჯვნიდან მეორე მანქანა მისწრებდა. ვერ გავასწრებდი, დამუხრუჭება გვიანი იყო, დავაწვინე ბაიკი და ასე, დაწოლილმა ვიარე რამდენიმე წამს. შემდეგ გავასწორე და გავჩერდი. ჩაფხუტი რომ ავწიე, სულმთლად სველი ვიყავი. ვერც კი წარმოიდგენთ იმ მამაკაცების რეაქციას, როცა ჩაფხუტს ვიხსნი და მაკიაჟიან ქალს მხედავენ. ყბაჩამოვარდნილი მიყურებენ (იცინის). იღბლიან ბაიკერად მიმაჩნია თავი, რადგან არასდროს არაფერი მომიტეხია. თუმცა, ბევრჯერ ამიგლეჯია კანი დაწოლილ მდგომარეობაში სწრაფად მოძრაობისას. ვხუმრობ ხოლმე, რაც მე თბილისის ქუჩებს საკუთარი ტყავი გადავაკარი, ასფალტი აღარ დასჭირდება-მეთქი (იცინის). ფეიქრების ქუჩაზე ლუქი იყო ახდილი, ნაწვიმარზე, შორიდან ვერ დავინახე.  გადახტომა ვცადე. საკმაოდ მაღლა ავიწიე ჰაერში, ვერ გავთვალე და პირდაპირ ახდილ ლუქში ჩავვარდი. საკმაოდ სერიოზული ტრავმა მივიღეთ მეც და ჩემმა ბაიკმაც, დასახმარებლად რომ მოვიდნენ და ჩაფხუტი მომხსნეს, პირველი ის ვიკითხე, ბაიკი ძალიან დაიმტვრა-მეთქი. 27 წლის შვილი  მყავს და დამიჯერებთ, ტელეფონში ჩემი ბაიკის უფრო მეტი ფოტო მაქვს, ვიდრე შვილის (იცინის).
– პროფესიით იურისტი ხართ, თუმცა დღეს, სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლად მუშაობთ. თუ გიმუშავიათ თქვენი პროფესიით და რის გამო გადაწყვიტეთ, წლების წინ მძღოლობა?
– ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. წლების წინ გამომძიებლად ვმუშაობდი. ეს ის პერიოდი იყო, როცა ყველას უჭირდა. არ რიგდებოდა ხელფასი და გიწევდა კაპიკებზე მუშაობა. მოსამართლის გამოცდებიც ჩავაბარე, მაგრამ უცხოეთში მომიწია წასვლა და ცხრა წლის შემდეგ რომ დავბრუნდი, ჩემი ცოდნის დონე უკვე ნული იყო. ვეღარ გავაგრძელე მუშაობა. არანაირი საქმე  არ მეთაკილება. თუ გინდა წარმატებული იყო, რა მნიშვნელობა აქვს სფეროს? მე, დამლაგებელიც წარმატებული ვიქნებოდი. მოკლედ, უცხოეთიდან დაბრუნებული, ვფიქრობდი, ისეთი სამსახური მეშოვნა, ჩემს ხასიათთანაც ახლოს ყოფილიყო და საკუთარი ძალების დემონსტრირებაც მომეხდინა. ამიტომ, მივედი იმ დასკვნამდე, მემუშავა  იქ, სადაც ქალს ჯერ არ უმუშავია. ეს აღმოჩნდა სასწრაფოს მანქანის საჭე. მივადექი, სასწრაფო დახმარების ცენტრს ჩემი ბაიკით და უფროსს, ჩაფხუტით ხელში, ტყავებსა და ხელთათმანებში, შავებში გამოწყობილმა ვუთხარი: თქვენთან მინდა მუშაობის დაწყება-მეთქი, მითხრა, სამედიცინო საფეხურები გავლილი თუ გაქვთო. იფიქრა, ექიმიაო. რომ ვუთხარი, მძღოლად მინდა მუშაობა-მეთქი, ახლაც მახსოვს მისი გაფართოებული თვალები. თუ ყველა საფეხურს გაივლით და ყველა გამოცდას ჩააბარებთ, რაც სჭირდება სასწრაფოს მანქანის მძღოლს, არ ვიქნებით  წინააღმდეგი. მაგრამ თქვენ იქნებით პირველი ქალი საქართველოში ამ პოზიციაზეო. მოკლედ, გავიარე ყველა გამოცდა და დავიწყე მუშაობა. როცა ბაიკით დავდიოდი თბილისის ქუჩებში, თავი ჰოლივუდის წითელ ხალიჩაზე მეგონა, ისეთ ყურადღებას ვიქცევდი, მაგრამ სასწრაფოს მანქანის მძღოლობამ „გადაუჯოკრა“. ბავშვიდან დაწყებული, ხანშიშესულებით დამთავრებული, საჭესთან რომ მხედავენ, გაოცებულები რჩებიან. ხელით მაჩვენებენ, მაგარი ხარო. მეუბნებიან, ასეთი პატარა, ამხელა მანქანის საჭესთან როგორ ზიხარო (იცინის).  სხვათა შორის, მიყვარს, როცა ბაიკზე გაპრანჭული ვზივარ. ის თვითონ ითხოვს ამას. ისე სექსუალურად ზიხარ, მოდუნების, გასუქების საშულებას  არ გაძლევს. ამიტომ, ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო.
– სასწრაფოს მანქანის მძღოლობა საკმაოდ დიდი პასუხიმგებლობაა, რადგან, სამედიცინო პერსონალთან ერთად, პაციენტის სიცოცხლე, გარკვეულწილად, შენს ხელშიცაა. ამაზე რას მეტყვით?
– ერთხელ, გამოძახებაზე დაგვხვდა ბავშვი ცრუკრუპით. ამ დროს წამებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. რასაკვირველია, ავარიასა და უბედურ შემთხვევაზე  არ ვფიქრობდი, მხოლოდ იმაზე ვიყავი ორიენტირებული, ბავშვს ეცოცხლა. გავრისკე და სწრაფად ვიარე, სამი წუთიც რომ დამეგვიანა, ბავშვი დაიღუპებოდა. ამიტომ, ამ დროს დედობრივი ინსტინქტი ირთვება და იმაზე ფიქრისთვის არ მცალია, რომ ავარია მომივა. ისეთი ვარ, საკუთარი თავისაც კი მეშინია, რადგან შესაძლოა, პაციენტის გადასარჩენად რისკზე წავიდე და ექიმებიც გავწირო. მაგრამ, იღბალი მწყალობს, ხშირად მიწევს რისკზე წასვლა და მიმართლებს. მთელი ცხოვრება მძღოლად მუშაობას არ ვაპირებ, მაგრამ ყოველთვის ვიამაყებ, რომ პირველი ქართველი ქალი ვიყავი, რომელიც სასწრაფოს მანქანის საჭესთან იჯდა.
– თქვენი მეუღლე როგორ ეგუება ასეთ რისკიან ცოლს?
– ჩემი გათხოვებაც ექსტრემალურად მოხდა. 17 წლის მომიტაცეს და დღეს არაჩვეულებრივი ქმარი მყავს. ასე რომ, პირადულშიც მიმართლებს. როცა ბაიკზე ან სამსახურის მანქანაზე ვზივარ, სულ ნერვიულობს, მაგრამ ჩემით ამაყობს. სხვათა შორის, მიყვარს ცხენით ჯირითიც. არჩევნების დროს მანქანით, უცხოელ დამკვირვებლებთან ერთად, რამდენჯერმე სოფელში მომიწია ჩასვლა. საჭესთან ვიჯექი მაღალ ქუსლებზე, აკადემიურად – პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი. გავიხედე, ჩემს გვერდით ულამაზესმა ცხენმა ჩაიქროლა, რომელსაც უნაგირი არ ედგა. დავეწიე და მასზე მჯდომ ბიჭს ვკითხე, მანქანის მართვა თუ იცი-მეთქი, – კიო. მოდი, საჭეები გავცვალოთ-მეთქი. მანქანაში მჯდომებმა იფიქრეს, ხუმრობსო. მოკლედ, გავაჩერე მანქანა და მოვახტი ამ ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ცხენს. თურმე, ეს ცხენი ყოფილა ხულოს ჯირითში გამარჯვებული, პატრონსაც რომ უჭირს მისი მართვა, ისეთი. მოკლედ, ვერ დავიმორჩილე, მარბენინა და ბოლოს თავის სახლში მიმიყვანა. ატყდა მეზობლების კივილ-წივილი. არიქა, ნანული, გამოიხედე, 30 წლის დაბერებული შვილი რომ გიზის სახლში და ვერ მოიფიქრა ცოლის მოყვანა, აგერ ცხენმა მოუყვანა გამოპრანჭული გოგოო (იცინის). სხვათა შორის, იმ უცხოელმა დამკვირვებლებმა ფოტოები გადამიღეს ცხენზე ამხედრებულს და სოციალურ ქსელში დადეს. დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უცხოეთში, ამ ფოტოებით გავხდი პოპულარული.

скачать dle 11.3