კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უკავშირდება თუ არა ივანე მაჩაბლის გაქრობა მის პირად უთანხმოებას აკაკი წერეთელთან და ილია ჭავჭავაძესთან #14

…ეს გაუჩინარება თავზარდამცემი აღმოჩნდა იმდროინდელი ქართველი საზოგადოებისთვის…1898 წლის 26 ივნისს, გამთენიისას შინიდან გავიდა და უგზოუკვლოდ  გაუჩინარდა. საუკუნეზე მეტი დრო გავიდა და კითხვაზე: „სად გაქრა ივანე მაჩაბელი?“ – პასუხი გაუცემელია (კ. ზვერელი). იმთავითვე  ყველა  ვერსია დააკავშირეს მხოლოდ  პირად მოტივებთან:  1. თვითმკვლელობისა – ამას ხსნიდნენ ვანო მაჩაბლის მაშინდელი რთული პერიოდით, (ილია ჭავჭავაძესთან დაპირისპირება ბანკისა და „დროების“ გამო, ავადმყოფობა, ვალები). 2. მკვლელობაში აკაკი წერეთლის დადანაშაულება (ანასტასია ბაგრატიონ-მაჩაბლის სიყვარულის გამო.) 3. ვანოს გაუჩინარებიდან, რამდენიმე დღეში, სამი გემით ბათუმიდან გავიდნენ „დუხაბორები,” რომელთაც მფარველობდა სერგეი ტოლსტოი (ლევ ტოლსტოის უფროსი შვილი). სავარაუდოდ, ღამის 4 საათზე მან წაიყვანა ის, როგორც თარჯიმანი (ერთი გემი ჩაიძირა). 4.  ვანო მაჩაბელი შეიწირა მაკო საფაროვას სიყვარულმა, რომელსაც აგრეთვე ეტრფოდა ილია ზურაბიშვილი. (მაკო ახლოს ცხოვრობდა მაჩაბლებთან). არის ვერსია, რომელზეც, არასდროს უსაუბრიათ და თითქოს, განგებ არიდებდნენ თავს. ამიტომ, სხვა გავრცელებული ვერსიების მთავარ წყაროდ, თავად, დამნაშავე გვევლინება. ცხადია დამნაშავემ იმდენად ორგანიზებულად იმუშავა, რომ „ის“ ჩამონათვალშიც არ მოიხსენიება. ყველაფერი ასე დაიწყო: საღამოს, მეუღლესთან, ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილთან  და აკაკი წერეთელთან ერთად ივახშმა (აკაკი ხშირად სტუმრობდა მეგობარ ოჯახს) მამაკაცებმა ნარდიც ითამაშეს. განწყობა მხიარული იყო. 10 საათისთვის დასაძინებლად დაიშალნენ (ჩვენებაში კი, მოსამსახურე თავყრილობის დაშლის დროდ - 12 საათს უთითებს). დილით ანასტასიას საწოლ ოთახში ვანო აღარ დახვდა (ხელუხლებელი იყო ნივთები: საათი, ძეწკვი, პერანგის ოქროს ღილები და ფული), საწოლი კი – აშლილი. ჩვენებების მიხედვით, ვანო ღამის 4 საათზე ვიღაცას ესაუბრა აივნიდან. „გოროდოვოიმ“ აღნიშნა, რომ თავადმა ჩქარი ნაბიჯით ჩაიარა 4 საათზე. უსიტყვოდ, მხოლოდ ქუდი მოიხადა და გოლოვინსკის პროსპექტისკენ გაუყვაო. გაქრა... ეძებდნენ მტკვარში, ტყეში, მდინარის პირას. ამაოდ. დანაშაულის დროც,  აკაკის მორიგი სტუმრობაც, ისე მოხერხებულადაა შერჩეული, რომ კვალი ძალიან ადვილად არეოდა სიმართლის დამდგენ მხარეს. ასეც მოხდა. ამით, პოეტს  ეჭვმიტანილის როლი ერგო, თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში. აკაკი  ტასოს სიყვარულს გულში ფარულად ატარებდა, რაც დასტურდება „სიკვდილის წინ აღსარებაში“. აქედანავე ვიგებთ, რომ მგოსნის გრძნობა ტასოსთვის გვიან გახდა ცნობილი, რის გამოც ქალმა მასთან მეგობრობაზეც კი აიღო ხელი. ის, უერთგულესი და შეყვარებული მეუღლე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ელოდა ქმარს. მარჯორი უორდტროპის არქივში ნაპოვნია ანასტასია მაჩაბლის წერილი, სადაც ვანოს დაკარგვის ამბავს წერს და დახმარებას სთხოვს. ასი  წლის შემდეგ, აკაკი წერეთლის არქივის გახსნამ, საბოლოოდ გაამართლა ის ამ ცილისწამებისგან. მაგრამ, მაშინ, ეტყობა, უკვე  მოქმედებდა, ლოზუნგი: „დააბრალე, თავიც რომ გაიმართლოს, ნახევრად მაინც დამნაშავე იქნება.„ თვითმკვლელობა ილიასთან ცუდ ურთიერთობას დაუკავშირეს უხილავმა ენებმა.  ვანო მაჩაბლის უძლიერესი ხასიათიდან, ბრძოლისუნარიანობიდან და  რელიგიურობიდან  გამომდინარე, ვფიქრობ, გამოირიცხება. ილია ჭავჭავაძესთან, უკვე ხშირად მიდიოდა და ისიც  დახმარების ხელს უწვდიდა.  გარდა ამისა, ჯანმრთელობაც და საქმიანობაც, უკეთ ჰქონდა. ბავშვები სოფლად გააგზავნა, ორ დღეში ტასოსთან ერთად აბასთუმანში წასვლას ეპირებოდა. ივანე  მაჩაბელი  წარმატებულად წამოწყებულ სოფლის სინდიკატის საქმესთან დაკავშირებით, აკაკის თქმით, იმ საღამოს, ცალკე ოთახში  შეხვდა  მოსულ სტუმრებს. მათ მეორე დღეს შეხვედრაც დაუნიშნა. ამდენად, თვითმკვლელობაც არ უნდა იყოს მართებული ვერსია. „დუხაბორების“ საკითხიც ისეთივე დაუდასტურებელი დარჩა, როგორც ის რომ, თითქოს, ვანო მაჩაბელი რუსეთის რომელიღაც ეკლესიაში ნახეს მოგვიანებით. ასე „ნახეს“ გოლოვინის პროსპექტზე, ასე „ნახეს“ მცხეთაში, ასევე გემზე ასვლის წინ და ასე შემდეგ. მოკლედ ჭორი ეფექტურად მუშაობდა. დააბნია საზოგადოება. ამის წყარო კი, უხილავი ძალა იყო. ბუნებრივია, დამნაშავეს  ეყოლებოდა თანამზრახველები, მოსამსახურისა და „გოროდოვოის“ სახით. საეჭვოდ არ ემთხვევა ერთის მხრივ, ტასოს, აკაკის და მეორეს მხრივ, მოსამსახურის ჩვენება ზოგიერთ საკითხში (მაგალითად, თავყრილობის დაშლის დრო. მიზანი მოსამსახურისა, ალბათ, ტასოსა და აკაკისადმი ეჭვის გაჩენაა კვალის არევის მიზნით). შეუსაბამობაა გოროდოვოის მონათხრობსა  (თითქოსდა, ვანოს თანმხლების გარეშე ჩაევლოს ქუჩაზე) და სერგეი ტოლსტოის გვერდით ყოფნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ვერსიას, რომ ვანო მაჩაბელი ილია  ზურაბიშვილმა მოკლა და შეეწირა მაკო საფაროვა-აბაშიძის სიყვარულს, აბსურდია.
ამის დასაბუთება არ იყო ძნელი, რადგან დრამის მონაწილენი დიდხანს ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ შემდგომში. თან, ასეთი აღსასრულის (დისკრედიტაციის) დამტკიცება, ხელს აძლევდა მტერს, რომელიც აქტიურად მუშაობდა ილიას, აკაკის, მაჩაბლის, ეროვნულ მოღვაწეთა სახელის გატეხაზე…
ვანო მაჩაბელმა (საქართველოს სინამდვილეში ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა, მსგავსი დონის მოღვაწე არა მარტო  საქართველოს, მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებსაც თითზე ჩამოსათვლელი ჰყავთ) განათლება მიიღო ჯერ პეტერბურგში, შემდეგ გერმანიასა და საფრანგეთში. ბრწყინვალედ ფლობდა უცხო ენებს, შეისწავლა  ბიოლოგია, მათემატიკა, ეკონომიკა, ფინანსები, სოფლის მეურნეობა, მევენახეობა, იურისპრუდენცია. ყველგან გადანაწილდა, ილიას გვერდით იდგა: ეროვნულ-განმათავისუფლებელ იდეასთან, 1888 წელს მისი რედაქტორობით გამოიცა „ვეფხისტყაოსანი“. დიდი დახმარება გაუწია პოემის ილუსტრატორს, უნგრელ მხატვარს მიხაი ზიჩის, აგრეთვე მარჯორი უორდროპსა და პოემის სხვა უცხოელ მთარგმნელებს. დაწერა ლიბრეტო ოპერა „ვეფხისტყაოსნისთვის“. 1879 წლიდან ჯერ იყო „ივერიის“ თანამშრომელი, შემდეგ – რედაქტორი. რედაქტორობდა გაზეთ „დროებას“. მნიშვნელოვანია მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობა, რითაც გაამდიდრა ქართული თეატრის რეპერტუარი. თარგმნა მოლიერის „ეჭვით ავადმყოფი“. გადმოაკეთა პიესები: „ადვოკატი მელაძე“, „ორ ცეცხლ შუა“ და სხვა. შექსპირის ტრაგედიების ბრწყინვალე თარგმანებმა დროს გაუსწრო და დღემდე, ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ქართულ სცენაზე. ის, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, იდგა  რედაქციის, თეატრის, ბანკის, თარგმანებისა და ნებისმიერი  დიდი საქმის წამოწყების სათავეებთან. ასეთი სიდიდის მოღვაწენი კი ყოველთვის ხელს უშლიან მავანთ... სხვათა შორის, როცა „ბანკის განხეთქილების“ დროს, ძალიან დაიძაბა ურთიერთობა ილია ჭავჭავაძესა და ვანო მაჩაბელს შორის, რომელიც ილიას მემკვიდრედ მოიაზრებოდა, ირგვლივ მყოფნი, მორიგების ნაცვალად, კიდევ უფრო აძლიერებდნენ დაპირისპირებას ორ დიდ მოღვაწეს შორის. 
„ახალ მოძრაობას ძველი კერპების მსხვრევის გარეშე დამკვიდრება არ უწერია. პირდაპირი მსხვრევა გამოიწვევდა საზოგადოების პროტესტს, ამიტომ საჭირო იყო, ჯერ მათი გასვრა, ავტორიტეტის შელახვა,“ – წერს ელისაბედ ზარდიაშვილი, რომელმაც თავისი გამოკვლევით, პირდაპირ მიანიშნა იმ ტრაგედიის მიზეზზე. ასეთ ზუსტ ანალიზს სწორი კვალისაკენ მივყავართ. ზოგიერთ მოღვაწეს კი, ფიზიკურად ანადგურებდნენ. ამ შემთვევაში კი, „დაინტერესებულმა“ მხარემ, ერთდროულად ორი კურდღელი მოკლა, ერთი ფიზიკურად გაანადგურა, სხვებს კი სახელი შეუბღალა და ეჭვმიტანილად გამოაცხადა საზოგადოების თვალში. ამრიგად, ივანე მაჩაბლის გაქრობის კვალი უდავოდ მიდის იმ ძალებისკენ, ვინც საქართველოს მოუკლა დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე და ბევრი მამულიშვილი. ხოლო, „ჩახმახს ვინ გამოჰკრა თითი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს„.
***
...დავით ფაღავა იხსენებს იმ დღეს, როცა აკაკიმ ვანოს გაუჩინარების ამბავი შეიტყო. აღელვებულ აკაკის მისთვის ვანოს მოსაძებნად ფაეტონის დაჭერა უთხოვია. დავით ფაღავაც მასთან ერთად წასულა. ისინი დაქროდნენ თბილისის ქუჩებში და აკაკი ხმამაღლა ყვიროდა ვანოს სახელს. აკაკის უცებ, მოპირდაპირედ მოძრავ ფაეტონში ვიღაც შეუნიშნავს. აი, მაჩაბელიო, წამოუყვირია, – დაეწიე იმ ეტლსო! მისდიეს კიდეც, მაგრამ საით წავიდა, ვერ იპოვეს. ბოლოს უთქვამს,  ალბათ, ვანო არ იყოო (თ. ყურაშვილი – მწერალი) სხვა, აკაკის სასარგებლოდ მიცემული ჩვენებების მიუხედავად, ჭორი აკაკის მიერ ვანოს სიკვდილში მონაწილეობის შესახებ, მაინც გავრცელდა. ტასო მაჩაბელი წერდა:  „მრავალი მეგობარი მყავდა მამაკაცთა შორის, მაგრამ მათზე არაფერი თქმულა, აკაკისთან დაკავშირებით კი ჭორები გავრცელდა იმის გამო, რომ ფიქრობდნენ, მას ქალთან წმინდა, ღრმა ურთიერთობა არ შეეძლო.“ „ტაშტი გატყდა, ხმა გავარდა,“ – მე ამას ვერაფერს ვუშველიდი და იმის გამო, თუ რას ამბობდნენ თავადები – პეტრე და ივანე ან კნეინები – ბარბარე და სოფიო, მე ურთიერთობას ვერ გავწყვეტდი ისეთ დიდებულ ადამიანთან, როგორიც აკაკი იყო. ის ჩემს უფერულ ცხოვრებას აზრით ავსებდა“. ბოროტი ენები იმასაც ამბობდნენ, ვანოს უკვალოდ გაქრობის შემდეგ, აკაკი და ტასო მარტო სახლში კი არა, სასტუმროშიც ხვდებოდნენ ერთმანეთსო. აკაკი წერეთლის მტკიცებით კი, ვანო მაჩაბლის ტრაგიკული აღსასრულის მიზეზი არა პირადი, არამედ საზოგადო ცხოვრება იყო. ტასოსადმი მიწერილ წერილში აკაკი ამბობს: „ვის უნახავს საზოგადო მოღვაწე ცხოვრებით დამტკბარი. ვანოს დაღუპვა საზოგადოებრივ ასპარეზზე მისდამი გამოჩენილმა მტრობამ გამოიწვია.  თუ ვინმე მართლა ადამიანია, შენზე ცუდს ვინ იფიქრებს, შენი ნამდვილი დანიშნულებაა, შვილებს მიხედო, ვანოს ხსოვნა შეინახო და ისე მიეგებო მომავალს, თავი უნდა დაანებო „წუწუნ-ისტერიკებსა.“
 ივანე მაჩაბელს მართლაც კრიზისული პერიოდი ჰქონდა, მან საბანკო საკითხებთან დაკავშირებული დავა ილია ჭავჭავაძესთან წააგო. უსამსახუროდ დარჩენილს ჯანმრთელობაც გაუუარესდა, ტუბერკულოზით დაავადდა…  ივანე მაჩაბლის გაქრობის ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად ესეც განიხილებოდა. ბოროტი ენები იმასაც ამბობდნენ, გვამი აკაკიმ და ტასომ სარდაფში დამარხესო. ასე იყო თუ ისე, სამხილების არარსებობის გამო, აკაკი წერეთელი ეჭვმიტანილთა სიიდან ამოიღეს. ამ ტრაგიკული შემთხვევიდან 6 წლის გასვლის შემდეგ, აკაკიმ დაწერა ლექსი „ტასო მაჩაბლისას“, რომლითაც 64 წლის პოეტმა 35 წლის ტასოს დაუფარავად, საჯაროდ აუხსნა სიყვარული:
„მთელი ჩემი სიცოცხლე ტანჯვაა და ვაება. ამირანის ჯაჭვებით დაბმული უკვდავება! ბედმა დამწვა, დამდაგა, გადამასხა მდუღარე, მაგრამ გავუძლებ ტანჯვას, შენ თუ მისხივცისკარე“. როგორც გამოირკვა, ტასომ არ „ისხივცისკარა“ მოხუცი მგოსანი და ბოლომდე ქმრის ერთგულ ქვრივად დარჩა. ყოველ შემთხვევაში, სხვა რამ ოფიციალური დოკუმენტებით არ დასტურდება. არსებობს მხოლოდ წერილები.
აი, ერთ-ერთი მათგანი… „მე შენ მიყვარდი არაამქვეყნიური მიმდევრობით. გეტრფოდი სრულის ჩემის არსებით. შენ იყავ ჩემი ზეჩამგონებელი, ჩემი აღმგზნებელი პოეზიასა და სიცოცხლეში. უშენოდ ქვეყანა ვეღარ წარმომედგინა. დიდხანს ვიმარხავდი საიდუმლოდ, როგორც წმინდა ლოცვას იმ გრძნობას ჩემს გულში, მაგრამ არა რაი არს საიდუმლო, რომელი არა გაცხადდესო… ბევრი უსამართლობა გამოვცადე თვით შენ მახლობელთაგანაც კი. მაგრამ, ავიტანე, რადგანაც ერთი შენი თანაგრძნობითი შემოხედვა, მეგობრული ღიმილი და ტკბილი სიტყვა მკურნავდა. მაგრამ ეს სოფელი განა დიდხანს ვისმე გაახარებს?..”
„…ეს წერილიც ჩემი სულისა და ხორცის გაყრაა და ამიტომ მეც გამითვალისწინდა, რასაც დღემდი ვერა ვბედავდი. თურმე ჩემის არამკითხე მისწრაფებით სასაცილო ვყოფილვარ და თანაგრძნობის ნაცვლად, გულგრილობა გამომიწვევია თქვენის მხრით. მაპატიეთ, ნათქვამია, ვისაც ბევრად უყვარს, ბევრიც ეპატიებაო. მაპატიეთ, დღეიდან მკვდარს და თვით მკვდრადაც მიგულეთ, რომ ჩემმა სახსენებელმაც კი ჩრდილი არ მიაყენოს თქვენს ნათელმოსილ ნეტარებას. მშვიდობით სამუდამოდ“. ამ წერილის დაწერიდან ერთი წლის შემდეგ აკაკი წერეთელი გარდაიცვალა. ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა ტასო მაჩაბელი.

скачать dle 11.3