კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (57)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

ვის შეუძლია, გახდეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის #13

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა თემა, თუ როგორ ხდება საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. როგორც ცნობილია, 1977 წლის 9 ნოემბერს, დილის 9 საათზე, გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი დავით მეხუთე (დევდარიანი). იმავე საღამოს 19 საათზე შედგა წმიდა სინოდის სხდომა, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი).
არსებობს საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომელიც მიღებულია საქართველოს მართლმადიდებელი  ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ 1995 წლის 18-19 სექტემბერს. ამ დებულების თანახმად, არსებობს სხვადასხვა  მოთხოვნა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. ესენია: ეროვნებით უნდა იყოს ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათისა, უნდა იყოს ბერი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს საქართველოს  ეკლესიის გაფართოებული კრება.
ვის შეუძლია გახდეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისთვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე. იმ შემთხვევაში, როცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დადგენილი არ არის, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი,  წმიდა სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა. საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმიდა სინოდს. საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად წმიდა სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ  3 კანდიდატს. წმიდა სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება, წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის, თავისი თავიც. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრიან გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები. გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას აზრი კანდიდატთა შესახებ. კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, პირველ კენჭისყრაში რომ მიიღებს ხმათა უმრავლესობას.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფლება-მოვალეობები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იწვევს და თავმჯდომარეობს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს და გაფართოებულ კრებას. კრებათა შორის პერიოდში საქართველოს ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავის მოღვაწეობას ახორციელებს შემდეგ საფუძვლებზე: წმიდა წერილი და საღმრთო გადმოცემა; წმიდათა მოციქულთა, წმიდათა მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა და წმიდა მამათა კანონები და წესდებები; საქართველოს ეკლესიის ადგილობრივ კრებათა დადგენილებები; საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, საქართველოს კონსტიტუცია და შესაბამისი კანონები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: ზრუნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო დადგენილებების განხორციელებისთვის. ზრუნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიის ერთიანობაზე. ხელს აწერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებებსა და სხვა საერთო-საეკლესიო დოკუმენტებს. ურთიერთობას ამყარებს სხვა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელებთან, აგრეთვე, სხვა აღმსარებლობის ხელმძღვანელებთან, როგორც საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის სახელით, ასევე თავისი პირადი სახელითაც. არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სახელმწიფოს ხელისუფლების წინაშე. ახორციელებს უმაღლეს ზედამხედველობასა და კონტროლს ყველა საეკლესიო საქმეზე... გარდა ამისა, ის: აძლევს მღვდელმთავრებს ძმურ რჩევებსა და მწყემსმთავრულ შენიშვნებს, როგორც მათი პირადი ცხოვრების, ასევე სამღვდელმთავრო მოვალეობის შესრულების შესახებ. მათი მხრიდან უყურადღებობის შემთხვევაში, მიმართავს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს. იღებს განსახილველად საქმეებს მღვდელმთავრებს შორის წარმოშობილი გაუგებრობების შესახებ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილება ორივე მხარისათვის სავალდებულოა. იღებს საჩივრებს მღვდელმთავრებზე, აძლევს მათ კანონიერ მსვლელობას და ასე შემდეგ.
 საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის თავმჯდომარეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მის მიერ დანიშნული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების თანახმად, ის საეკლესიო კრება, რომელიც არ არის მოწვეული კათოლიკოს-პატრიარქის ან მოსაყდრის მიერ, უკანონოა. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი პირველი და უკანასკნელი ინსტანციაა საქართველოს ეკლესიაში, რომელიც უფლებამოსილია, გაასამართლოს მღვდელმთავარი, განიხილოს მისი მოღვაწეობის დოგმატური და კანონიკური ცდომილება. საქართველოს ეკლესიის საეკლესიო კრება პირველი და უკანასკნელი ინსტანციაა საქართველოს ეკლესიაში, რომელიც სასამართლო წესით განიხილავს კონფლიქტებს მღვდელმთავრებს შორის. ყოველგვარი საჩივრის გარეშე საქართველოს ეკლესიის საეკლესიო კრება უფლებამოსილია, პასუხი აგებინოს იმ მღვდელმთავარს, რომელიც ცხადად არღვევს საეკლესიო კანონებსა და წესდებებს. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი უკანასკნელი ინსტანციაა იმ სასულიერო და საერო პირებისთვის, რომლებსაც ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა მიუსაჯა მღვდელმსახურების აკრძალვა, სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, სიკვდილამდე უზიარებლობა ან ეკლესიიდან განკვეთა (ანათემა); აგრეთვე იმ სასულიერო და საერო პირებისათვის, რომლებსაც აქვთ საკმარისი საფუძველი თავიანთი ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის განაჩენის გასაჩივრებისთვის. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მიღებული იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც ემხრობა კრების თავმჯდომარე – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ან მოსაყდრე). საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი ამტკიცებს თავისი სხდომების ჩატარების დღის წესრიგს, პროგრამასა და რეგლამენტს. თუ მღვდელმთავარი არასაპატიო მიზეზის გამო არ გამოცხადდება წმიდა სინოდზე, მაშინ ის ექვემდებარება მთელი კრებისაგან ძმურ შეგონებას ან მღვდელმოქმედებისგან დროებით განყენებას... საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებები სავალდებულოა საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრისთვის.

скачать dle 11.3