კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იყო დიმა ობოლაძისთვის მთავარი დარტყმა და როგორ მიიღეს მან და ბუკა ობოლაძემ ნიკა გვარამიას განცხადება #13

ცოტა ხნის წინ დიმა ობოლაძის „რუსთავი 2-იდან“ „იმედზე“ გადასვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი ამ ამბავს ჩვეულებრივ შეხვდა, ნაწილისთვის კი, ჟურნალისტის ეს ნაბიჯი „რუსთავი 2-ის“ ღალატი აღმოჩნდა, რასაც მისი მისამართით ბევრი უარყოფითი შეფასება მოჰყვა. დიმა ობოლაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და მთელ ამ პროცესებზე მისი შვილი, ბუკა ობოლაძე გვესაუბრა.
ბუკა ობოლაძე: როგორც ყველაფერს, მამაჩემის მიერ „იმედზე“ გადასვლასაც, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ხალხის მხრიდან. პირადად მისთვის და რა თქმა უნდა, ჩემთვისაც, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის ამ არხზე საკუთარ საქმეს – სპორტს უბრუნდება. თავისთავად გულდასაწყვეტია, 21 წლის შემდეგ „რუსთავი 2-ის“ დატოვება და ეს არ იყო მარტივი გადასაწყვეტი არც მამაჩემისთვის, არც ჩემთვის და ოჯახის არცერთი წევრისთვის. მაგრამ, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, მაინც გადაწყდა, რომ უნდა წამოსულიყო და მისულიყო იქ, სადაც უკეთესი პირობები, კონკრეტულად კი, სპორტი იყო. რაც შეეხება ხალხის რეაქციას, უმეტესობამ პოზიტიურად შეხედა ამ ყველაფერს. მაგრამ, იყო უარყოფითი და შეურაცხმყოფელი კომენტარებიც, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ. მათი ავტორები, უბრალოდ, არაკომპეტენტურები არიან ამ საკითხში. არც მამაჩემს იცნობენ და არც ამ საქმის შიდა სამზარეულო იციან. ყველამ კარგად ვიცით, რაც არის მათი მიზანი.
– უარყოფითმა შეფასებებმა, ალბათ, მაინც გამოიწვია წყენა.
– შემზადებულები ვიყავით, ვიცოდით, რომ ასე მოხდებოდა. ქართველი საზოგადოების ნაწილს ახასიათებს ემოციურობა და ამიტომ, დიდად არ გამკვირვებია. რამდენიმე კომენტარზე გული მწყდება, იყო შეურაცხმყოფელი მომენტებიც. წერენ: „ამდენი წელი ვუყურებდი დიმა ობოლაძეს „რუსთავი 2-ზე“ და ძალიან დამწყდა გული, რომ „იმედზე“ გადავიდა ეს მოღალატე“. არხის შეცვლა მოღალატეობას არ ნიშნავს. არსად არ ასწავლიან ჟურნალისტს, რომ სულ ერთ გუნდში უნდა იყოს. მთავარია, შენი პრინციპების ერთგული დარჩე. ასეთ კომენტარებზე ცოტა გული დამწყდა, მაგრამ უმეტესობაზე გულიანად ვიცინე. წერდნენ, შანტაჟის მსხვერპლი გახდა, ივანიშვილის მონა არისო. ანუ, სამუშაო ადგილის შეცვლა, ივანიშვილის მონობას ნიშნავს. მაშინ, როცა სინამდვილეში, ეს არჩევანი იმისთვის გააკეთა, რომ თავისი საქმის კეთების საშუალება ჰქონოდა.
– გულისხმობ, „რუსთავი 2-ზე“ დახურულ სპორტულ გადაცემებს?
– მთავარი დარტყმა იყო „ჩემპიონთა ლიგის“ დახურვა, რომელსაც თვრამეტწლიანი ისტორია ჰქონდა. საქართველოში „ჩემპიონთა ლიგის“ სახე დიმა ობოლაძეა. ბოლო პერიოდში ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ „რუსთავი 2-ზე“ გადიოდა „გააცინე და მოიგე“ და კომედიზე – „ჩემპიონთა ლიგა“. აქედან დაიწყო და ბოლოს საერთოდ, აღარ გაახანგრძლივა კონტრაქტი „რუსთავი 2-მა“. ეს იყო პირველი, უმძიმესი დარტყმა, რომელიც ძალიან განიცადა თვითონ და მასთან ერთად, მეც. ისევე, როგორც მთელმა საქართველომ, მათ, ვინც ფეხბურთს გულშემატკივრობს. დღემდე ითხოვენ დიმა ობოლაძესთან ერთად „ჩემპიონთა ლიგის“ დაბრუნებას. რაც შეეხება „სპორტ თაიმს“, და „საფეხბურთო ღამეს“, ეს გადაცემები ძალიან გვიან, ღამის ეთერში გადიოდა და მაღალი რეიტინგი არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, ჩემი გადასაწყვეტი არაა, რა დროს გავა გადაცემა ეთერში, მაგრამ ჩემს აზრს ვიტყვი. ეს გადაცემა ისეთ დროს გადიოდა ეთერში, რომ რთული წარმოსადგენია, მას ბევრი მაყურებელი ჰყოლოდა. მოკლედ, ასე, ნელ-ნელა დაუხურეს სპორტული გადაცემები და „შუადღეში“ დასვეს. კომენტარებში ვკითხულობდი, ამდენი ხანია, შუადღეში ზის და სპორტული გადაცემები დახურულია, მაშინ აქამდე რატომ არ წავიდაო. აქამდე „სპორტ თაიმი” ჰქონდა, ანუ რაღაც მაინც ჰქონდა სპორტული. მაგრამ, საბოლოოდ, ესეც დაიხურა. დარჩა მხოლოდ „შუადღე“ და „კურიერი“, რაც საკმარისი არაა და ამიტომაც გადაწყვიტა წამოსვლა. „იმედიდან“ შემოთავაზება თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ მიიღო. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრს ფიქრობდა. გული „რუსთავი 2-ში“ რჩებოდა, რადგან ეს ტელევიზია, ფაქტობრივად, ოჯახი იყო მისთვის და ასე იქნება ბოლომდე, იქაური ჟურნალისტებიანად. რამდენჯერმე მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ მერე ისევ გადაიფიქრა. საკმაოდ გაიწელა ეს პროცესი, მაგრამ საბოლოოდ, ვფიქრობ, ძალიან სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
– ბევრმა თანამშრომელმა ჩვეულებრივად მიულოცა შენაძენი „იმედს“, თუმცა უარყოფითი კომენტარების საბაბი გახდა ნიკა გვარამიას განცხადება.
– მამაჩემმაც და მეც, ნიკა გვარამიას ეს პოსტი ხუმრობად მივიღეთ. მან „იმედი“ კრისტალ პოლასს, მამაჩემი კი ძალიან კარგ ფეხბურთელს „ლომბარდოს“ შეადარა, რომელსაც ყველაფერი მოგებული აქვს.
– ხელფასთან დაკავშირებითაც დაწერა სტატუსი: ობოლაძე ყველა სეზონზე ხელფასის გაზრდით გვევაჭრებოდაო.
– ეს არ წამიკითხავს, ამიტომ არ იქნება სწორი, რომ ვუპასუხო.
– საზოგადოების ნაწილი ბრალს სდებდა: რატომ წავიდა, რატომ უღალატა არხს ახლა, როცა „რუსთავი 2-ს“ ასე უჭირსო.
– „რუსთავი 2-ში“ არსებული სიტუაცია, უბრალოდ, დაემთხვა ამ შემოთავაზებას. მეტი არაფერი. მამაჩემი ამაზე უფრო რთულ სიტუაციებში აღმოჩენილა „რუსთავი 2-ში“, მაგრამ იქაურობა ამდენი წლის განმავლობაში არ დაუტოვებია.
– „იმედზე“ რას უნდა ველოდეთ?
– „იმედზე“ მას სპორტული მიმართულება ჩაბარდა და მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება. იქ თავისი გუნდის ორ წევრთან ერთად გადავიდა და პირველი სიუჟეტი უკვე მოამზადებინა. ასე რომ, თავის კვალი უკვე დაატყო ამ არხს.
– მინდა, თქვენს მამაშვილობაზეც გვიამბო. როგორი მამაა დიმა ობოლაძე?
– მამაჩემი ჩემი პირველი ძმაკაცია. არანაირი საიდუმლო არ მაქვს მასთან. რა პრობლემაც არ უნდა მქონდეს, მამაჩემთან ყოველთვის მიმესვლება. ყველაზე მაგარი მომენტი იყო, როცა პირველად დავლიეთ ერთად – მომესწრო ბიჭიო (იცინის). მაგარი მამაშვილობა გვაქვს.
– ერთად სხდებით ფეხბურთის საყურებლად?
– კი, თუ თვითონ არ ზის რეპორტაჟზე. სამწუხაროდ, კარგ თამაშებს ერთად ევრ ვუყურებდით. „ჩემპიონთა ლიგის“ პერიოდში სულ მინდოდა, მამასთან ერთად მეყურებინა თამაშებისთვის – მეც „მანჩესტერის“ ფანი ვარ. მაგრამ, როცა „რუსთავი 2-ზე“ „ჩემპიონთა ლიგა” გაუქმდა, მაშინ „მანჩესტერიც“ აღარ იღებდა მასში მონაწილეობას და მოკლედ, ვერ ავისრულე ეს ოცნება ჯერჯერობით.
– სპორტის რომელიმე სახეობით ხარ დაკავებული?
– დედაჩემს უნდოდა, ბალეტზე შევეყვანე, რადგან ძალიან მოსწონდა. მამაჩემმა, როგორც კი ეს გაიგო, მაშინვე დამავლო ხელი და მეორე დღესვე ფეხბურთზე წამიყვანა (იცინის). 5-6 წელი ვიარე, პარალელურად, დავდიოდი ცურვაზეც, წყალბურთზეც, ცოტა ხანი – კალათბურთზეც. სამი წელი ვიარე ჩოგბურთზე, მაგრამ მერე თავი დავანებე. ახლა მე და მამა ვთამაშობთ ხოლმე. პროფესიონალურ დონეზე არცერთს არ გავყოლილვარ. ახლა „კავკასიის უნივერსიტეტში“ ვსწავლობ მედიასკოლაში, აუდიოვიზუალური ხელოვნების ფაკულტეტზე. ბევრი რამ ისწავლება ამ ფაკულტეტზე, მაგრამ ჯერ კარგად ვერ ჩამოვყალიბდი, რომელი მიმართულებით წავალ, ალბათ, უფრო ხელოვნებისკენ. სხვათა შორის, გვიფიქრია სპორტულ კომენტატორობაზეც და სურვილი მაქვს, სამომავლოდ, ვცადო. ვნახოთ, თუ გამოვიდა, საინტერესო პრეცედენტი იქნება. როცა იგებენ, რომ დიმას შვილი ვარ, მეუბნებიან: აუ, ბილეთი დამაწერინე რა (იცინის). სინამდვილეში, მამაჩემი არ თამაშობს, მხოლოდ სამჯერ დადო საქართველოს თამაშზე და სამივეჯერ მოიგო (იცინის).
– მკაცრია?
– როცა საჭიროა – კი, მაგალითად, როცა საქმე სწავლას ეხება. თუ უნივერსიტეტში არ ვიარე ან ვიზარმაცე, მაშინ მეჩხუბება. მეც ყოველთვის ვითვალისწინებ მის ნათქვამს და რჩევა თუ მჭირდება, უპირველესად, მასთან მივდივარ. სკოლაში სიცელქით გამოვირჩეოდი და რამდენჯერმე მამაჩემიც დაიბარა დამრიგებელმა. ერთხელ, შატალოზე წავედით, ბევრი გაცდენა მქონდა და ამის შესახებაც რომ გაეგოთ მშობლებს, შარში აღმოვჩნდებოდი. მოკლედ კარგი საბაბი ვიპოვე – ჩემს ორ ძმაკაცს ხელი გადავხვიე და ჩამოვეკიდე. დამრიგებელს ვეუბნები, ქუჩაში მანქანამ გადამიარა ფეხებზე-მეთქი. მიყურებს დამრიგებელი და ფეხსაცმელი პრიალებს, დილით ბებიაჩემმა მაგრად გაწმინდა (იცინის). ექიმთანაც შემიყვანეს, მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხ, ძალიან მტკივა-მეთქი და ხელის შეხებაზე ვყვირი. დაურეკეს მამაჩემს. თურმე, ამ დროს ის ჩოგბურთს თამაშობდა და ზარის ხმა არ ესმოდა. ტელეფონი რომ უნახავს და ჩემი დამრიგებლის 30 ზარი დახვედრია, გული გასკდომია. მაშინვე დამრიგებელს დაურეკა და ეს ეუბნება: თქვენი შვილი ავარიაში მოყვა და თქვენი აქ ყოფნაა საჭიროაო. გაგიჟდა კაცი, გულის შეკუმშვა დაემართა და ეგრევე, გამოიქცა. მაშინვე საპირფარეშოში გავედი, ცუდად ვარ, ვერ ვძლებ-მეთქი. იქედან დავურეკე, დავამშვიდე – არ ინერვიულო, მამა, ვიტყუები-მეთქი. იმან იქიდან ძალიან გემრიელად მომიკითხა (იცინის). ბოლოს იძულებული გავხდი, სიმართლე მეღიარებინა, რადგან სამართალდამცველების ჩართვას აპირებდნენ (იცინის). მამაჩემს მერე კი დასჩემდა გულის ტკივილები, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

скачать dle 11.3