კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სახის გასაუბრება გაიარა გიორგი მეგრელმა, რომ „გუგლის“ თანამშრომელი გამხდარიყო და როგორია მისი სამუშაო გარემო „გუგლის“ ლონდონის ოფისში #13

24 წლის  გიორგი მეგრელი ქართველი პროგრამისტია, რომელმაც ბევრი რომ ოცნებობს,  ის სურვილი აისრულა და კომპანია „გუგლის“ რეკრუტერთან, რვა 45-წუთიანი გასაუბრების, ტექნიკური კითხვებისა და პროგრამული კოდების წერის შემდეგ, „გუგლის“ ლონდონის ოფისში დასაქმდა. იქ მოხვედრამდე კი მან დიდი და რთული გზა გაიარა
გიორგი მეგრელი:  თავიდან რომ დავიწყო  ყველაფრის მოყოლა, პირველი, რასაც გავიხსენებ, ალბათ, სკოლა და მზიურია. პირველი კლასიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით, ვსწავლობდი 51-ე საჯარო სკოლაში და ყოველთვის ტექნიკური საგნებით  ვიყავი დაინტერესებული. ძალიან მიყვარდა მათემატიკა და ფიზიკა. სხვა საგნებიც მიყვარდა, მაგრამ განსაკუთრებულად ეს – ორი. შემდეგ მოვხვდი „აიტი ცენტრ მზიურში“, სადაც სკოლის ასაკის მოსწავლეებს იღებდნენ ტესტირების შედეგად და ალგორითმებს (არა მარტო) ასწავლიდნენ. როცა „მზიურში“ მოვხდი, თუ სწორად მახსოვს, მეხუთე კლასში ვიყავი. ამ ასაკიდან უკვე, ნელ-ნელა ვეუფლებოდი კომპიუტერულ მეცნიერებას. „მზიურის” სახელით გამოვდიოდი ინფორმატიკის ოლიმპიადებშიც, რომელიც იმ დროისთვის ჩემი ასაკის ბავშვისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევა იყო. შემდეგ გადავედი „ვეკუაში“, სადაც მათემატიკისა და ფიზიკის ინტენსიური სწავლებაა. შეიძლება ითქვას, ძალიან გამიმართლა, რომ ბავშვობაში ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდნენ. სკოლა და „მზიური” ერთდროულად დავამთავრე და ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, მუშაობა ერთ-ერთ აიტი კომპანიაში დავიწყე  ჩემს მეგობრებთან ერთად. ძირითადად, ვაკეთებდით საქართველოს რუკას, თუმცა რამდენიმე სხვა საინტერესო პროექტიც გვქონდა. ბაკალავრიც და მაგისტრატურაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავამთავრე. ჩემი ლექტორების წყალობით, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. უნივერსიტეტის პერიოდშიც სულ ვმუშაობდი სხვადასხვა ქართულ კომპანიაში. ყველაზე დიდი პერიოდი გავატარე „თეგეტა მოტორსში“, სადაც, ჯამში, 4 წელი ვიმუშავე, ასევე „ჯორჯიან ქარდში“, სადაც დაახლოებით 9 თვე გავჩერდი. იმაშიც ძალიან გამიმართლა, რომ ყველგან, სადაც ვმუშაობდი, კარგი გუნდი შემხვდა და ჩემი ყოფილი თანამშრომლები ახლა ჩემი მეგობრები არიან.
– როგორ დაიწყო ყველაფერი, რთული გზა გაიარე „გუგლში“ მოსახვედრად?
– „გუგლში“ მუშაობამდე დიდი და რთული გზა გავიარე. 2016 წლის იანვარში ესტონეთში გადავედი სამუშაოდ და საცხოვრებლადაც, ერთ-ერთ საკმაოდ წარმატებულ კომპანიაში. პარალელურად, თსუ-ის სამაგისტრო ნაშრომზე ვმუშაობდი და ძალიან დაკავებული ვიყავი. სწორედ ამ დროს დავიწყე გასაუბრების პროცესი ჩემს ამჟამინდელ დამსაქმებელთან.  ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემმა მეგობარმა გიორგი ფეიქრიშვილმა, რომელიც ჩემთან ერთად გადიოდა გასაუბრებას, რეკომენდაცია გამიწია. შემდეგ დამიკავშირდა რეკრუტერი და დაიწყო გასაუბრების პროცესი, რომელიც საკმაოდ სტრესული იყო. ვცდილობდი, დღეში 2-3 საათი მემეცადინა გასაუბრებისთვის. გასაუბრებისთვის მზადების პროცესი ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა – ბევრს ვმეცადინეობდი და ვიხსენებდი იმ ყველაფერს, რაც თავის დროზე მქონდა ნასწავლი. ტექნიკური გასაუბრების ზოგად პროცესზე ძალიან ბევრი რამ წერია ინტერნეტში. მეც ამ მასალებს ვკითხულობდი და ვემზადებოდი. გვერდით მედგა ჩემი მეგობარი ნიკოლოზ გაბისონია, რომელიც „გუგლში“ მუშაობდა და უკვე ჰქონდა გავლილი ეს პროცესი. გასაუბრების პროცესი იმდენად რთული არ იყო, რამდენადაც – სტრესული. ასეთ დიდ კომპანიასთან პირველად მქონდა შეხება და არ ვიყავი გამოცდილი. მქონდა 8 ტექნიკური გასაუბრება, თითო დაახლოებით 45-წუთიანი. მოიცავდა ტექნიკურ კითხვებს და დაფაზე, ან „გუგლ დოკში“ პროგრამული კოდის წერას. ბოლო გასაუბრების შემდეგ, დაახლოებით, 10 დღეში, უკვე გავიგე, რომ ამიყვანეს.  მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან გამიხარდა, რადგან ჩემთვის „გუგლში“ მუშაობა ყოველთვის კარიერული ოცნება იყო. თან, ძალიან ბევრი წარმატებული მეგობარი მყავს, რომლებთანაც ყოველთვის კარგ მაგალითს ვიღებდი. თავდაჯერებულობა მომემატა და მაშინ გავაანალიზე, რომ მწარე სწავლის ძირი, ჩემს შემთხვევაში, მართლა გატკბილდა კენწეროში.
– რამდენი ხანია, რაც ლონდონში ცხოვრობ და მუშაობ?
– ნოემბერში ჩემს მეუღლესთან ერთად გადმოვედი საცხოვრებლად ლონდონში. ჩემი მეუღლეც დასაქმებულია ერთ-ერთ კომპანიაში ადმინისტრატორად და შეეგუა აქაურ ცხოვრებას. ლონდონი მისთვის ყოველთის საოცნებო ქალაქი იყო და ბედნიერად გრძნობს თავს. პროფესიით იურისტია თსუ-ის კურსდამთავრებული და ლონდონში აპირებს მაგისტრატურის გავლას. ერთმანეთს დიდი ხანია, ვიცნობთ, ერთად საცხოვრებლად კი 2016 წლის ზაფხულში გადავედით – ჩემთან ჩამოვიდა ესტონეთში. ეს ქალაქი ძალიან განსხვებულია ყველაფრისგან, რაც აქამდე მინახავს. საუცხოო არქიტექტურა, კულტურა, ძალიან ბევრი საინტერესო მუზეუმი და ცხოვრების მაღალი ტემპია. ძალიან ცოცხალი ქალაქია და თავიდან, ტალინის (ტალინი ძალიან მშვიდი, მყუდრო ქალაქია) ფონზე, ცოტა გამიჭირდა ადაპტაცია. ამას ემატებოდა ისიც, რომ ესტონეთში საკმაოდ დიდი ქართული დიასპორა იყო და მათთან ძალიან ახლოს ვიყავი. ბევრი მეგობარი დავტოვე იქ. საღამოობით ჩემთან, სახლში ვიკრიბებოდით და სამაგიდო თამაშებს ვთამაშობდით. გარეთ გავდიოდით და დროს ერთად ვატარებდით. ძალიან მენატრებოდნენ ჩემი მეგობრები საქართველოში, ოჯახი. ისინი დიდი ხანი არ მენახა და პირველ დღეებში, სანამ მუშაობას დავიწყებდი, ცოტა ნოსტალგია შემომაწვა.
– როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილებები, „გუგლის“ ოფისში რომ მიხვედი სამუშაოდ?
– როცა ოფისში მივედი, მაშინ გავაანალიზე, რომ ზუსტად ისეთია, რასაც მასზე წერენ და კიდევ უკეთესი. ძალიან კარგი სამუშაო გარემოა, პირდაპირ ჩემზე მორგებული. საოცარი კულტურა და რაც მთავარია, იმის განცდა, რომ რაღაც ისეთის ნაწილი ხარ, ძალიან ბევრ ადამიანზე რომ აქვს გავლენა.
– იფიქრებდი, რომ აქ მოგიწევდა მუშაობა?
– რამდენიმე წლის წინ რომ გეკითხათ, ალბათ, ამ პოზიციაზე, მხოლოდ ოცნებას თუ გავბედავდი. მაგრამ, ვიცოდი, რომ ყველაფერი მიღწევადია. უბრალოდ, მთავარია, მონდომება. თავს ყოველთვის ძალას ვატანდი, რომ ჩემი განვითარებისთვის საჭირო დრო დამეთმო. მაგრამ, ვცდილობდი,  ეს ისე გამეკეთებინა, ცხოვრების ბალანსი არ დამერღვია. ჩემი აზრით, ადამიანისთვის ორივე აუცილებელია – ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე და ჯანსაღი დასვენება, რომ არ გადაიღალო. დროის სწორად გადანაწილება, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა.
– ძალიან დატვირთული ხარ? სამსახურის გარდა, სხვა რაღაცეებისთვისაც თუ გრჩება დრო?
– დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ გატაცებებისთვისაც მრჩება დრო. ჩემი ყველაზე დიდი ჰობი თუ ინტერესი, ალბათ, სამაგიდო თამაშები და ლაშქრობებია. პირველად სალაშქროდ ჩემს „მზიურელ“ მეგობრებთან და მასწავლებლთან ერთად ვიყავი. მას მერე მაქსიმალურად ვცდილობ, წელიწადში ერთხელ მაინც გავიდეთ სადმე, ველურ ბუნებაში. ახლო მეგობრებთან ერთად ცხელ ზაფხულში ტყეში ბოდიალს არაფერი არ შეედრება. ძალიან ბევრი კურიოზი გადამხდენია თავს ამ დროს. ერთხელ ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა საკმარისზე გაცილებით ცოტა პური იყიდა, იმიტომ რომ, დიეტაზე იყო. დანარჩენი პურის ბიუჯეტით კი იყიდა ნაჯახი, შეშის დასაჩეხად გამოგვადგებაო. ნაჯახი პირველივე დღეს, მეორე თუ მესამე მოქნევაზე გაფუჭდა, პურის მარაგი კი გათვლილზე 2 დღით ადრე გამოილია, საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რომ ბოლო 2 დღეში გვქონდა ნული რაოდენობის პური და ერთი უფუნქციოდ დარჩენილი ნაჯახი, რომელსაც ყოველი წყაროს გავლის შემდეგ, წყალში ვდებდით, იქნებ გაკეთდესო. რაც შეეხება სამაგიდო თამაშებს, საკმაოდ დიდი კოლექცია მაქვს და თავისუფალ დროს ძალიან ხშირად ვთამაშობ მეგობრებთან ერთად. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჰობია. ამით დავინტერესდი მაშინ, როცა დაახლოებით, 4 წლის წინ, ჩემმა მეგობარმა დაბადების დღეზე პირველად მაჩუქა თამაში „შვიდი საოცრება“. ის ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ჟანრში. ამის შემდეგ, ნელ-ნელა დავიწყე შეგროვება.
– საქართველოში დაბრუნებას აპირებ?
– საქართველო და ის საზოგადოება, რომელშიც ვტრიალებდი ძალიან მენატრება, მაგრამ ამ ეტაპზე, საქართველოში დაბრუნებას არ ვფიქრობ. თუმცა, საბოლოოდ, საქართველოში ვაპირებ დავფუნძდე და ის ცოდნა, რასაც კარიერის განმავლობაში დავაგროვებ, ახალგაზრდებს გავუზიარო. მგონია, რომ ეს იქნება ჩემი ყველაზე სწორი ნაბიჯი საერო საქმეში. მოკლედ, მამაჩნია, რომ ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა მასწავლებლებში, კარიერაში, მეგობრებში, ოჯახში და მინდა, ყველას, ვინც დამეხმარა, გავმხდარიყავი ის, ვინც ვარ, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

скачать dle 11.3