კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სირთულეების გადატანა მოუწია მარიამ რომელაშვილს და როგორ გრძნობდა ის თავს ღალატის შემდეგ #13

მარიამ რომელაშვილი გარკვეული პაუზის შემდეგ მუსიკალურ კარიერას დაუბრუნდა. მან ცოტა ხნის წინ ახალი სიმღერა ჩაწერა და უკვე მეორე სიმღერის ჩასაწერად ემზადება. მარიამი სწავლასთან ერთად პატარა, 4 წლის ანდრიასაც ზრდის.
მარიამ რომელაშვილი: რადგან ბოლომდე სწავლაში ვიყავი ჩაფლული, ამიტომ ერთგვარი პაუზა მქონდა აღებული. წელს ვამთავრებ უნივერსიტეტს და ვცდილობ, კარიერის მხრივ გადავდგა ნაბიჯები. ახლახან დუეტი ჩავწერე ბექა წულაიასთან და პარალელურად, დავიწყე სოლო სიმღერაზე მუშაობა. ძალიან საინტერესო სიმღერაა და აუცილებლად უნდა გადავიღო კლიპი.
– გყავს პატარა შვილი, რომელსაც ზრდი.
– ძალიან ბევრი სირთულის გამოვლა მომიწია. თავიდან, არც მეგონა, თუ ასეთი რთული იყო დედობა. ღამისთევების გარდა, კიდევ ბევრ რამეზე გიწევს ფიქრი. დროის გადანაწილებასაც იწყებ. თუ მანამდე მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდი, ახლა ცდილობ, ბევრი დრო მას დაუთმო. ბაღის მერე ძიძასთან არის, მაგრამ მაინც ვცდილობ, ძირითადი დრო მასთან ერთად გავატარო. თან, ისეთი ბავშვია, გაგიგებს.
– რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, როდესაც მარტო დარჩით შენ და შენი შვილი?
– მარტოხელა დედის სტატუსი რომ გაქვს, ეს ცოტა მერთულებოდა. მაგრამ, ჩემ გვერდით იყვნენ მეგობრები, ოჯახის წევრები, დედ-მამა. ყველა იღებდა მონაწილეობას. თუმცა, დედა და მამა უცხოეთში იყვნენ და სანამ ისინი ჩამოვიდოდნენ, მე და ბებო ვიყავით. მანამდე თუ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომელ კონცერტზე უნდა წავსულიყავი და რა ჩამეცვა, ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი: როგორ გავზარდო ბავშვი. ეს იყო დიდი სირთულე, მაგრამ დედის ინსტინქტი რომ გერთვება, მაშინ ყველაფერი ადვილია.
– გაქვს ბავშვის მამასთან ურთიერთობა?
– ადრე უფრო მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, არ იყო პრობლემა, რომ ბავშვი ენახა. ახლა ანდრიასთან ხშირად არ მოდის და არც მე მინდა ეს. ადამიანი ვერ ხვდება თავის პასუხისმგებლობას, ვერ აანალიზებს, რომ შვილი ჰყავს – ამიტომაც დავიხიე უკან. არ არის საჭირო თბილი და მეგობრული დამოკიდებულება. აღარ მინდა, ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ. ისეთი რომ იყოს, ვინც ბოლომდე ზრუნავს საკუთარ შვილზე, მაშინ არ შევუშლიდი ხელს. რომ ვხედავ, არ არის კარგი მამა, მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, ამიტომაც შევქმენი ჩვენ შორის ბარიერები და უკან დავიხიე. სხვათა შორის, არც გაუპროტესტებია, იმდენადაა თავის ცხოვრებაში ჩაფლული. თავისი სამყარო აქვს და  ეს არც აინტერესებს. სატელეფონო ზარით შემოიფარგლება: „მარიამ, ანდრია როგორ არის“? „კარგად, დამშვიდდი” და სულ ეს არის.
– მატერიალურად არ გეხმარებათ?
– გაჩენიდან დღემდე ანდრიას მატერიალურად უზრუნველყოფენ ჩემი მშობლები. ბავშვს სიგიჟემდე უყვარს მამა. დიდ სითბოს გამოხატავს მის მიმართ. ბოლო დროს ბევრჯერ იკითხა – სად არის, რატომ არ მოდისო. რამდენჯერმე მოვიტყუე: სამსახურშია, არ სცალია-მეთქი. მერე, რომ აღარ და აღარ მოვიდა, გაცივდასავით ურთიერთობა. ბოლო რამდენიმე თვეა, ბავშვს არც უკითხავს.
–  ბავშვი შენს გვარზეა.
– ჩემი მშობიარობის მომენტში გიორგი სამშობიაროში იყო, მაგრამ ანკეტის შევსებისას იქ არ აღმოჩნდა. რომ მკითხეს: მე რომელაშვილი ჩავწერე. მერე მითხრეს, წავიდეთ იუსტიციის სახლში, შევცვალოთო, მაგრამ იმდენჯერ გადავწიე, რომ დარჩა ასე. არ ვიცი, გული მიგრძნობდა თუ რა იყო... მაგრამ მირჩევნია, რომ ჩემი შვილი რომელაშვილია.
– მეუღლესთან დაშორების შემდეგ აღარ გიფიქრია ოჯახის შექმნაზე, არავინ შეგყვარებია?
– 3 წელია, რაც მე და გიორგი ერთმანეთს დავშორდით. არც მიფიქრია ვინმესთან ფლირტი ან რაიმე ურთიერთობა მქონოდა. ვისგანაც კი გამოხმაურება იყო, იგნორით ვამთავრებდი ყველაფერს. წელს გამოჩნდა ადამიანი, რომლის მიმართ დიდი ნდობით ვარ გამსჭვალული. საქართველოში არ ცხოვრობს, მაგრამ ქართველია. რესტორანში გავიცანი ახალ წელს. მოსწონს, რასაც ვაკეთებ და მიწყობს ხელს. რაღაც ნაბიჯები სწორედ მისი დიდი ჩიჩინის შემდეგ გადავდგი: გააკეთე, გააკეთე, როდემდე უნდა იჯდე სახლშიო. ყველანაირად შენ გვერდით ვიქნები, ოღონდ რაღაც ნაბიჯები გადადგიო.
–  რა ეტაპზე ხართ?
– ჩემი მხრიდან ჯერჯერობით მხოლოდ მოწონებას ვარქმევ ამ ყველაფერს, რადგან სიფრთხილეს ვიჩენ.
– რა არის შენთვის ურთიერთობაში მთავარი, რას გაითვალისწინებ?
– ორი ადამიანის ურთიერთობაში ინიციატორი მამაკაცი უნდა იყოს, პირველი ნაბიჯები მან უნდა გადადგას. უნდა დაგანახვოს, რეალურად როგორი ამინდია. ნდობის მომენტი უნდა გაგიჩინოს. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, ეს ის არის, ვისაც უნდა ვენდო. ქარიზმატული პიროვნებაა და ზოგადად, არ მჩვევია ახალგაცნობილებს დავუჯდე და დეტალებში მოვუყვე რაღაცეები. მასთან ჩვეულებრივ ვზივარ და ვუყვები ყველაფერს: იქ ვიყავი, ახლა ეს გავაკეთე. თან, იმდენად პოზიტიურია, სულ რომ ცუდ ხასიათზე იყო, ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნება გამოგიკეთოს. ჯერ მომწონს, ვენდობი და მის გვერდით კარგად ვგრძნობ თავს.
– რას ფიქრობ გენდერულ თანასწორობაზე?
– გენდერული თანასწორობა უნდა არსებობდეს. არ არის აუცილებელი, რასაც კაცი იტყვის, იმაზე ქალმა უხმოდ დაუქნიოს თავი. გენდერული თანასწორობა ზოგს არასწორად ესმის: უნდათ, ქალს მიანიჭონ უფრო მეტი უფლებები, ვიდრე კაცს. ურთიერთობაში მთავარი აზრთა თანაფარდობაა, ურთიერთგაგება.
– ზოგიერთი ქალი ამბობს, რომ ურჩევნია, სახლში, ფეხი ფეხზე გადადებული იჯდეს და ქმარმა უზრუნველყოს.
– შეიძლება, ადამიანი, რომელიც გვერდში გყავს, არ აქვს მნიშვნელობა, ის ქმარია თუ ბოიფრენდი, ფინანსურად ბოლომდე იყოს გამართული, მყარად იდგეს ფეხზე. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ჩამოეკიდო. შენც უნდა გააკეთო რაღაც. შენც უნდა გქონდეს შენი შემოსავალი, არ ელოდო, როდის მოგცემს ფულს ფეხსაცმლის საყიდლად – ეს ცოტა მეგოიმება. მერე წამოყვედრების ალბათობაც დიდია. ისე უნდა იცხოვრო ადამიანთან, რომ წამოსაძახებელი არაფერი ჰქონდეს.
– როგორ უყურებ ღალატის თემას?
– განსაკუთრებით მეშლება ნერვები, როცა ჯვარდაწერილ წყვილში ხდება ღალატი. ღვთის წინაშე რომ დებ ფიცს, ერთად ბოლომდე კარგად და წესიერად ვიქნებითო, მერე ღალატი მამაკაცის ან ქალის მხრიდან დიდ ცოდვად და უმსგავსობად მიმაჩნია. თუმცა, არაჯვარდაწერილთა ღალატიც არ არის მისაღები. კაცს ერთხელ თუ აპატიებ ღალატს, იტყვის: გამივიდაო და მეორედაც, მესამედაც გიღალატებს. ამიტომ, ჯობია, თავის გზაზე გაუშვა.
– რა აზრის ხარ ერთჯერად ურთიერთობაზე?
– ერთჯერადი ურთიერთობა კიდევ შეიძლება დაუშვა, ოღონდ შენ საერთოდ თუ არ გაიგებ. რაც მე დამემართა, ეს კატასტროფა იყო. ყველამ იცოდა ჩემ გარდა და თან, სტაბილური ურთიერთობა ჰქონდათ. ასეთ დროს ჯობია, იცოდე სიმართლე. მაგრამ, ერთი ღამის ურთიერთობა, თუ მეგობრებთან ერთად არის, რაღაც ეტაპზე უხერხულია, რომ თქვას. უბრალოდ, მეუღლეს არ უნდა გააგებინო. სახლში მიუსვლელობა, გაქრობა – უკვე არ ეპატიება. თან, დიდი ხანი რომ გრძელდება და შენ არაფერი იცი, ეს კიდევ უფრო დიდი სიმწარეა. ეჭვიც არ გამჩენია, რომ მღალატობდა, რადგან კარგი მსახიობია გიორგი. იმ მომენტში ყველაზე დამცირებულად გრძნობ თავს. რაც კი დედამიწაზე ქალია, მათ შორის ყველაზე მდაბლად გრძნობ თავს, ნულს ქვევით. საკუთარი „მე” ძირს ეცემა – დეპრესია, საშინელებები იწყება. ასეთ დროს მეგობრების, ოჯახის თანადგომა მნიშვნელოვანია. თან, როგორც კი გავიგე, ვინ იყო, მაშინვე დავეკონტაქტე, ჩემი მეგობარი აღმოჩნდა. ადამიანურად ამიხსნა: მიყვარსო. კარგი, შენი იყოს-მეთქი. ნაძალადევ, შეკოწიწებულ ურთიერთობას, ჯობია, საერთოდ არ იყოს. სამი წელი გავიდა მას შემდეგ და დღემდე არ ვნანობ, რომ ბოლო წერტილი დავუსვი ამ ურთიერთობას.

скачать dle 11.3