კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (57)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

რატომ დაარბევინა შამილმა ჭავჭავაძეების ოჯახი #13

ძველად პოლიტიკოსები მიზნის მისაღწევად ცდილობდნენ, თავისი წარმოშობა დაეკავშირებინათ ლეგენდარულ პიროვნებებთან, გმირებთან, სახელგანთქმულ  დინასტიებთან და ასე შემდეგ. ასეთი მაგალითები ბევრია.
მეცხრამეტე საუკუნეში, შამილის წინამძღოლობით, ჩრდილოეთ კავკასია გააფთრებით იბრძოდა რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ. შამილი დაბადებულა 1797 წელს დაღესტანში, ავარეთში, დაბა გიმრში. ბავშვობიდან კარგი განათლება მიიღო. იყო ძალიან ძლიერი, მამაცი, შესანიშნავი მეომარი, კარგი ორგანიზატორი და სარდალი.
1832 წელს, რუსეთის იმპერიის გენერლის, ალექსი ველიამინოვის ნაწილებმა, გიმრთან ახლოს, კოშკში, ალყაში მოაქციეს შამილი და მისი მასწავლებელი და მეგობარი, კავკასიის პირველი იმამი – ყაზი-მუჰამადი. ველიამინოვების ოჯახი ჩვენთვისაც კარგადაა ნაცნობი. ალექსი ველიამინოვის უფროსი ძმა, ივანე ველიამინოვი ცნობილია, როგორც თავისუფლებისმოყვარე ქართველების მტერი. ალექსი ველიამინოვის ჯარისკაცებმა მოკლეს ყაზი-მუჰამადი. შამილმა მოახერხა ალყიდან გამოსვლა, თუმცა მძიმედ დაიჭრა. მეორე იმამი გახდა ჰამზათ-ბეგი, რომელიც მოკლეს შეთქმულებმა, ავარიის ნუცალების განადგურების გამო. შამილი გახდა მესამე იმამი და მეთაურობდა საღვთო ომს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ.
ყირიმის ომის დროს ოსმალეთის სულთანმა, აბდულმეჯიდ პირველმა, შესთავაზა შამილს შეეტია ტფილისისათვის. შამილმა დაიწყო კიდეც კამპანია, თუმცა წარუმატებლად. 1854 წლის 4 ივლისს, შამილის ჯარის ნაწილები, მისი ვაჟის, ყაზი-მუჰამადის მეთაურობით შეიჭრნენ კახეთში, წინანდალში და მოიტაცეს რუსეთის არმიის ოფიცრის, დავით ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძის ცოლი და შვილები, ოჯახის სტუმრებთან და მსახურებთან ერთად. ამ დროს დაიღუპა დავით ჭავჭავაძის ჩვილი ასული. ქართულმა მილიციამ და რუსულმა ნაწილებმა დიდი ზარალი მიაყენეს ჩრდილოკავკასიელებს, რომლებიც ნადავლით უკან ბრუნდებოდნენ, მაგრამ ტყვეების ნაწილი ვერ გამოიხსნეს. ცოტა ხანში ოსმალეთის სულთანმა აბდულმეჯიდმა  ფაშას წოდება მიანიჭა ყაზი-მუჰამადს, გაუგზავნა მწვანე დროშა და ალმასებით გაწყობილი ორდენი. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, დავით ჭავჭავაძის ოჯახი და ნათესავები გაცვალეს შამილის შვილზე, ჯამალ ედ-დინზე, რომელიც თავის დროზე შამილმა მძევლად მისცა რუსებს, როცა ალყაში იყო. იმ დროისთვის ჯამალ ედ-დინი უკვე რუსულ არმიაში მსახურობდა პორუჩიკად და ქრისტიანობის მიღებას აპირებდა.
ქართველები ყოველთვის გადამწყვეტი ძალა იყვნენ კავკასიაში. ვის მხარესაც გამოვიდოდნენ ქართველები, კავკასიაც მას დარჩებოდა. ეს კარგად იცოდა შამილმაც. არის ვარაუდი, რომ შამილიც ავრცელებდა ლეგენდას თავისი სამეფო წარმომავლობის შესახებ. ისტორიკოს ლოვარდ ტუხაშვილს აქვს ძალიან საინტერესო ლეგენდა მოთხრობილი, რომელიც ბავშვობაში  მას და მის  ამხანაგებს უამბო ვინმე „ლეკმა მუჰამედამ“, საქართველოში სამუშაოდ ჩამოსულმა ხელოსანმა, სპილენძის მკალავმა, როდესაც სკოლის მოსწავლეები მიმოიხილავდნენ 1854 წელს შამილის მიერ წინანდლის აწიოკების ამბავს:
- „ეჰ ბავშვებო, - თქვა მუჰამედამ, - ეგ ყველაფერი სხვანაირად იყო. შამილმა იმიტომ კი არ ააწიოკა დავით ჭავჭავაძის ოჯახი, რომ რუსი მეფისთვის ტყვეები თავისი ვაჟიშვილის ჯამალ ედ-დინის გამოხსნისთვის შეეთავაზებინა, არც იმისთვის, რომ ფული მიეღო, არამედ თავისი მამის ანდერძი შეასრულა“.
ყველანი გაოცებული მივაჩერდით ლეკ მუჰამედას: საოცარი კაცი იყო მკალავი - დიდრონი ცისფერი თვალები ჰქონდა, სუფთად გაპარსული სახე და თავი, გრძელი ულვაშები. ყოველთვის დიდი ბოხოხი ეხურა, მშვენივრად გამოყვანილი ტყავის ქურთუკი ეცვა. ეს ქურთუკი არაფრით ტოლს არ დაუდებდა შემდეგში, ჩვენში მოდაში შემოსულ კანადურ „დუბლიონკებს“. ფართო ღიმილი ჰქონდა, კეთილი სახე. ჩამოჯდა ლეკი მუჰამედა და მოგვითხრო ზღაპრული ამბავი დიდი „მთის არწივის,“ შამილის შესახებ. აი, ეს ლეგენდაც:
„შამილი დაღესტანში არ დაბადებულა. დღეს ამბობენ გიმრში დაიბადაო, ხუნძახის მიუვალ აულში, მაგრამ ეს გამოგონილია და სიმართლეს არ შეეფერება. შამილი დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორის შვილიშვილია, მეფე ერეკლეს რაინდი ვაჟის, ისკანდერის (ალექსანდრე ბატონიშვილი) და ირანის შაჰის საყვარელი თავრიზელი ხანის ასულის ძე. ისკანდერი ჭეშმარიტი ქართველი იყო და ძალზე არ უყვარდა ურუსები. ეუბნებოდა მამას - დაგღუპავენ ურუსები, ჯერ შენ ჩაგყლაპავენ, მერე კი კავკასიასაც მიაყოლებენო. არ უჯერებდა მამა. ჯადოთი ჰყავდა შეკრული ურუსების მიერ მოსყიდულ ერთ თავადს - გარსევან ჭავჭავაძეს, წინანდლის მეპატრონეს. თავადი გარსევანი ურუსების დედოფლის ეკატერინეს  (იმპერატრიცა ეკატერინე მეორე) სანდო კაცი იყო. პირობა ჰქონდათ დადებული ეკატერინეს და გარსევანს საქართველოს დაპყრობისა. გარსევანს რუს დედოფალთან ქართველი რაინდები ჩაჰყავდა საავხორცოდ. ეკატერინე გარსევანს ოქროთი უტენიდა პირს. გარსევანი მეფე ერეკლეს ტყუილებით ავსებდა, ჰოდა დაღუპეს გათახსირებულმა რუსმა დედოფალმა და ქართველმა თავადმა საქართველო. ამხელდა ისკანდერი გარსევანს. გარსევანმა ისკანდერს მკვლელები მიუსია. დაიგირავა ისკანდერმა მცველები, თავის ქართველებს აღარ ენდობოდა. ხუთი ჯიგიტი დაღესტანში შეარჩია, აქედან ყველაზე მამაცი გიმრელი მურადი იყო. მერე კრწანისში დამარცხდა მოხუცი ერეკლე ურუსებისა და სომხების ღალატით. გადაიცვა უბრალოდ ისკანდერმა, გიმრელი მურადი იახლა და აღა-მაჰმად-ხანთან ჩავიდა.
„რას აწიოკებ საქართველოს“, - უთხრა ისკანდერმა ირანის შაჰს, - „გურჯისტანი სუსტდება, ურუსები კი ძლიერდებიან.“
„დაბერებულა მამაშენი, ისკანდერ“, - უთხრა აღა-მაჰმად-ხანმა, - „დაბერებულა და ჭკუა გამოსცლია, რას ენდობა მაგ ურუსებს, ეგენი ისევე დაეხმარებიან გურჯისტანს, როგორც შენი პაპის პაპას, თეიმურაზ ხანს დაეხმარნენ“.
უწყალობა ისკანდერს აღა-მაჰმად-ხანმა გურჯისტანის მეფობა, ცოლად თავისი ნათესავი, თავრიზის ხანის ასული მისცა. აი, მასთან შეეძინა ისკანდერს შვილი, რომელსაც დიდი პაპის პაპის - თეიმურაზის სახელი უწოდეს. მერე მოკლა ერთ-ერთმა ქართველმა აღა-მაჰმად-ხანი, აიშალა ირანი. ისკანდერი გურჯისტანში დაბრუნდა. თავისი ცოლი და შვილი თავრიზში დატოვა, მცველად გიმრელი მურადი მიუჩინა. მეფე ერეკლეც გარდაიცვალა. ახალმა მეფემ, გიორგიმ (გიორგი მეთორმეტე, ალექსანდრეს უფროსი ძმა) ძლიერ შეიძულა ისკანდერი. მეფე გიორგისაც ისევ გარსევან თავადმა აუბა თვალები. ეკატერინეც მალე მოკვდა, მისი შვილიც. მეფე გიორგიც გარდაიცვალა. გარსევან თავადმა სურვილი შეისრულა და დაღუპა სამშობლო. ისკანდერმა მახვილი აიღო და ებრძოდა ურუსებს. მისი თხოვნით თავრიზიდან გიმრელმა მურადმა ისკანდერის ცოლ-შვილი დაღესტანში წაიყვანა. იქ სახელი შეიცვალეს მურადმაც, ისკანდერის ცოლმაც. პატარა თეიმურაზს შამილი უწოდეს და სწავლულ ხალხს ჩააბარეს გასაზრდელად. ცოტა ხნის მერე ურუსებთან დამარცხებული ისკანდერი დაღესტანში ჩავიდა. დიდხანს იცხოვრა თავის ცოლ-შვილში, მიხვდა მაჰმადის რჯულში რომაა ჭეშმარიტება და შამილს ,,ყურანის“ შესწავლა უბრძანა. წავიდა ისკანდერი კვლავ ირანში, დიდხანს ებრძოდა ურუსებს. ორი რამ დაუბარა ანდერძად შამილს ისკანდერმა: კავკასიიდან ურუსთა განდევნა და თავად გარსევანის ჯილაგის ამოწყვეტა. აი, რატომ დაარტყა შამილმა წინანდალს“. - დაასრულა მკალავმა ლეკმა მუჰამედამ თხრობა“.
როგორც ჩანს, ასეთი ლეგენდა იყო გავრცელებული დაღესტანში. არსებობს სხვა ლეგენდებიც, მასზე სხვა დროს ვილაპარაკებთ. შესაძლოა, შამილი მართლაც ავრცელებდა ლეგენდას, თითქოს ბაგრატიონი ყოფილიყო. იცოდა, ქართველები დიდ პატივს სცემდნენ თავის მეფეთა საგვარეულოს, მოწადინებული იყვნენ გადაეგდოთ რუსთა ბატონობა და აღედგინათ ბაგრატიონთა სამეფო ტახტი. მაგრამ, ქართველები გამწარებულები იყვნენ ლეკებზე, ჩრდილოეთ კავკასიელებზე მთლიანად, რადგან ისინი დიდ ზიანს აყენებდნენ საქართველოს. ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ, რუსეთის იმპერიის მეშვეობით ლეკთა თარეშის პრობლემა აღმოეფხვრათ და შურიც ეძიათ.
რუსეთმაც ისარგებლა ამით და დაიპყრო მთელი კავკასია.

скачать dle 11.3