კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყირამალა საყვარლები #13

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

 გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-12(847) 

ისტორია მეათე
წარსულის აჩრდილი,
ანუ რა უნდათ ქმრებს
(მოქმედი პირები: ეკა და
მისი მეგობარი ნიკუშა)
– ეკა, ზურა არ ვარ… და ისე, ვინ არის ზურა?! –  ენა ამოიდგა ჩრდილმა.
ხმა მეცნო, მაგრამ მაინც ვერ დავიჯერე, სანამ არ დავრწმუნდი, რომ ჩემ წინ სიბნელიდან ამოსვეტილი ერთი ჩემი ძველი მეგობარი იდგა.
– ნიკუშ, აქ რამ მოგიყვანა, შე მადლიანო?!
– შენთან ვიყავი, არავინ დამხვდა სახლში და ვიფიქრე, სადარბაზოსთან დაველოდები-მეთქი.
– და სად არის თაიგული, ორკესტრი და რატომ არ მესმის „ტუში“?! არა, ის ჯობია – „თავო ჩემო, ბედი არ გიწერია“! და ასეთი ძველმოდური რატომ ხარ? მობილური ტელეფონი რომ გამოიგონა კაცობრიობამ, ეგ ფაქტი შენთვის უცნობია?! გულით საყვარლებს აღარ ელიან სადარბაზოსთან რაინდები და…
– ისევ ბევრს ლაპარაკობ?
– აბა, მე რა გამომცვლიდა?! პირიქით, უფრო დავიხვეწე, ლექსიკური მარაგიც გავიმდიდრე და გამოცდილებაც გავიმრავლე. ახლა, ფაქტობრივად, უძლეველობის ბოლო სტადიას გავდივარ ენით შერკინებაში.
– გეტყობა. თუმცა სულ გეტყობოდა.
– ხომ მშვიდობაა?! მხოლოდ ჩემს სანახავად შენ აქ არ მოხვიდოდი და მით უმეტეს, არც დაეყუდებოდი. შემოდი…
– კი, მშვიდობასავითაა. მარტო ცხოვრობ?
– ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა შენი სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი პრობლემის გადაჭრისთვის?!
– არა, მართა დეიდას ნახვა გამიხარდებოდა.
– მართა დეიდა რომ სახლში არ იყო და ვერ გაგახარებდა თავისი გამობრწყინებით, ამას, წესით, კი უნდა მიმხვდარიყავი, იმ მარტივი მიზეზით, რომ კარი არავინ გაგიღო.
– აუტანელი ხარ.
– რაც ვარ, ეგ ვარ. თან, მე არ მომიწვევიხარ შენ. ასე რომ, უნდა ამიტანო, როგორიც ვარ. საჭმელი არ მაქვს, ამიტომ ვერაფერს შემოგთავაზებ. მაგრამ კარგ ჩაის დაგალევინებ, სამაგიეროდ.
– ჰო, ჩაის დავლევ.
სამზარეულოში გავედი. ნიკუშას ბავშვობიდან ვიცნობდი, ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო. ოღონდ იყო. წლები თავისას შვრება: ადამიანები იცვლებიან და თუმცა მას ჩემი ხუთი თითივით ვიცნობდი, მისი მესმოდა, უკვე აღარ მაინტერესებდა. პრინციპში, ეს მარტო ნიკუშასთან არ მემართებოდა.
– ესეც, ჩაი. აბა, გისმენ, რა გჭირს?
– შენი რჩევა მჭირდება.
– უფასოდ, კაცო?!
– ნაცნობობის ხათრით, ცოტა დამიკელი და დამაცადე.
– ოკ. ოღონდ პროცენტებს დავარიცხავ… ჰე, მიდი, ამოღერღე. გისმენ.
– მოკლედ, მაგარ შარში ვარ.
– ქალი შეგიყვარდა, ესე იგი, ნამეტნავად!
– ნუ, მთლად ნამეტნავადაც არა, მაგრამ იმ ქალს შევუყვარდი ნამეტნავად.
– და უნდა, რომ ოჯახი მიატოვო და ის მოიყვანო ცოლად, ხომ გამოვიცანი?! ნუ –  გენიოსი ვარ, ფაქტობრივად.
– არა, მასე პირდაპირაც არ ამბობს, მაგრამ…
– შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და კი უნდა ახერხებდე ამგვარი პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტას.
– არ მინდა, ვაწყენინო, მაგრამ არც მაგის ცოლად მოყვანა მინდა.
– მესმის, ცოლი გყავს და მეორე ცოლს რა თავში იხლი?! სექსი კიდევ ისედაც გაქვთ, ხომ?! თან, ეგზოტიკაა: იმასთან მიდიხარ, მერე ამასთან ბრუნდები სახლში, ხარ ერთ ამბავში. მთელი თავგადასავალია. რაღა შენ და რაღა ტარიელი, ვეფხის ტყავკაბა გაკლია და დახოცილი ლომები.
– ძალიან ამარტივებ.
– მე არ ვამარტივებ. მე სიმართლეს ვამბობ. თუ ცოლი გინდა, საყვარლები არ გეყოლებოდა, თუ არ გინდა, გაეყრებოდი და მარტო ყოფნას არჩევდი. ის ქალი რომ გიყვარდეს, მასთან წახვიდოდი. თუ ყველაფერი ერთად გინდა, მაშინ ცოტა უნდა გაწვალდე კიდეც, გენაცვალე, აბა, როგორ?!
– შენ რომ გგონია, ასე იოლიც არ არის. ჩემი ოჯახი ჩემი ოჯახია. ყოველთვის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ვერ წარმომიდგენია, ოჯახი მივატოვო. ის კიდევ ჩემი თავისუფლების სივრცეა.
– ჰო, სადაც პასუხისმგებლობა არ გაქვს და მხოლოდ შენს სიამოვნებაზე ფიქრობ. მესმის.
–  მაგრამ იმასაც ხომ სიამოვნებს?! ხომ არ ვაძალებ რამეს?!
– არა, რა თქმა უნდა. იმედი მაქვს, ხელები არ გადაგიგრიხავს და ორმხრივი ნება-სურვილით აღსრულდა ყოველივე.
–  არც დავპირებივარ რამეს. არც მომიტყუებია.
– მოიცა, გეშინია, არ ჩაგიშვას ცოლთან?
– არ ვიცი. მაგაზე არ მიფიქრია. მაგრამ ეგ არ მგონია.
– აბა, მაშინ დაანებე თავი და ახალი რომანი გააჩაღე. რა გიშლის ხელს? მერე კიდევ ახალი, იმასაც რომ ცოლობა მოუნდება და ასე დაუსრულებლად, სანამ რამის თავი გექნება. რა პრობლემაა?!
– შენი ლოგიკით, ყველაფერი იოლია. ასე როგორ ახერხებ ცხოვრებას?
– აა, შენ გგონია, რომ შენ ახერხებ, ხომ?! მე ვიცი დაზუსტებით, რომ მარტო ვარ. შენ გგონია, რომ მარტო არ ხარ და ჩემზე მარტო ხარ სინამდვილეში, მუდმივ ტყუილში ცხოვრობ. ამას ატყუებ, იმასაც ატყუებ, იმასაც იყენებ, ამასაც იყენებ. მერე აქ ჩამომიჯექი და მიამბობ ტრაგიკულ ისტორიას, თუ რა უბედური ხარ. კარგი, რა. მეც მეგონა, რა, რომ პრობლემა გქონდა. გაარკვიე, რომელი ქალი გიღირს და იმასთან წადი ან დარჩი. ან დატოვე ყველაფერი ისე, როგორც არის. იქნებ მომავალ ცხოვრებაში გაგიმართლოს და შეხვდე შენს დულსინეას.
– შენ ისევ ტარიელს ელოდები?
– არა, უკვე დე გრეის. კაი გამახსენე, შენი რჩევა მჭირდება ახლა. ჩემს ერთ ნაცნობს ქმარი ღალატობს და ვიღაცამ დაურეკა, ასეა და ისეო. აბა, მითხარი, როგორ მოიქცეს ქალი, რომ ქმრის საყვარელს დაახვევინოს და ქმარი დატოვოს?
– მარტივად: თუ აქამდე არ წასულა, ესე იგი, ცოლმა არ უნდა მისცეს საბაბი, რომ ქმარს სულ დანაშაულის შეგრძნება ჰქონდეს. ეშინოდეს, ცოლმა თავს რამე არ აუტეხოს და ასე. ისედაც იცი ეს შენ.
– და ასეთი ქალები გიყვართ, თავმოყვარეობის ნასახი რომ არ აქვთ და მარტო სიბრალულის გამო დარჩებით მასთან?
–  თავმოყვარეობა რა შუაშია?! რა თავმოყვარეობა უნდა ჰქონდეს ქალს თავის ქმართან?! ქალია „ბეტეერი” ხომ არა?!
– მოკლედ, სანამ სულ გამარეკინებ და მეტყვი, ცოლს იმაში დასარწმუნებლად ღალატობ, რომ მასზე კარგი არავინაა, მოვამრგვალოთ ეს შენი აღსარება… წადი, გვიანია უკვე და საქმეები მაქვს.
– ეკა, კარზე ზარია. ასე გვიან ელოდები ვინმეს?
– ხომ არ გეშინია, ვინმემ მაუზერის ტყვია არ დაგაჭედოს შუბლში, აქ რას აკეთებო? დაიმშვიდე გული –  კარადაში დაგმალავ და თუ ამანაც არ გაჭრა, ჯანდაბას ჩემი თავი, გადაგეფარები. აბა, იმ ორ ქალს ხომ არ დავაობლებ და დავტოვებ შენნაირი ნანინანატრი რაინდის გარეშე?!

ისტორია მეთერთმეტე
ქალი „თამარისი“ და
„სალომეას“ გასაჭირი
(მოქმედი პირები: ეკას
მეგობარი ნიკას ცოლი)
ვიცი, რომ ერთადერთი ქალი როდი ვარ ამ ქალაქში, ვინც ქმარი საყვარლის მესიჯებითა და სხვა თანმხლები სიხარულებით ამხილა. ისიც ვიცი, რომ ცოლების უმრავლესობა ასეთ ყოფას ეგუება და ვითომც არაფერი –  საჯარო სივრცეში კვლავ კეკლუცობს ოჯახური იდილიით. ვიცი, მაგრამ არაფერი გამომდის! იმ დღიდან, რაც ნიკას ტელეფონში ჩვენმა ქალიშვილმა სხვისი მესიჯები ამოყარა (ნეტავ, როგორ დავრთე ნება?! მერჩივნა, არაფერი მცოდნოდა და არც არასდროს გამეგო!) ჩემი ოჯახის სანაქებო იდილიაც ჩამოიშალა.
დიახ, იდილია, რადგან, სამეგობრო-სანათესაოსთვის დღიდან შეუღლებისა, თითით საჩვენებელი და შესაშური ურთიერთობა გვქონდა. სკოლის ბანკეტიდან გავიპარეთ. სკოლის პერიოდი ერთ მერხთან გავატარეთ და ეზოშიც სულ ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით. უბანში ჯერ დაგვცინოდნენ, მერე მუშტების ქნევის დროც დადგა –  ნიკამ ყველას აუკრძალა ჩემთან მოახლოება. და ბოლოს, მხოლოდ დროის ამბავი გახდა - როდის დავქორწინდებოდით.
ამიტომ ბანკეტიდან რომ პირდაპირ სანკტ-პეტერბურგში ამოვყავით თავი, არც არავის უდარდია ზედმეტად. გზაში ფულიც დაგვაწიეს და ეგ იყო. როცა ჩამოვედით, ქორწილი არც გადაგვიხდია, რა აზრი ჰქონდა?! არც მე და არც ნიკას არ გვიყვარს ეს უაზრო ქართული პომპეზური სუფრები და სადღეგრძელოები. სამაგიეროდ, სახლი, რომელიც მამაჩემმა გვაჩუქა, სიხარულით მივიღეთ და დაიწყო ყოველდღიურობა. არაფერი ისეთი, რაც სხვასთან და სხვაგან არ მომხდარა. გარდა იმისა, რომ ერთმანეთის გარეშე ერთი ღამეც არ გაგვიტარებია და თუ ნიკას აგვიანდებოდა, თვალს ვერა ძალა მომახუჭინებდა. გვერდიგვერდ და ხელიხელგადახვეულებს გვეძინა წლები.
არადა გამოცდილი ხალხი ამტკიცებს, რომ სულ რამდენიმე თვის შემდეგ ზურგშექცევით სძინავს წყვილსო. ჩვენ კი...
მაგრამ არ ყოფილა არც ეს საკმარისი. ამდენი წელი გავატარეთ ასე ჩახვეულ-ჩაწნულებმა, ჭირსა და ლხინში ერთად. ხან ისე იყო და ხანაც –  ასე. ბოლოს, ნიკამ სერიოზული ბიზნესი ააწყო. გაფართოვდა. ფილიალებიც გახსნა ბათუმსა და ქუთაისში. ჰოდა, უწევდა სიარული. დაიწყო ღამეების სახლის გარეთ გათენება. გამიჭირდა, მაგრამ გვიანობამდე ტელეფონით ვსაუბრობდით და ისე ვიძინებდი.
ახლა კი... ახლა ვიცი, რომ მაშინაც, როცა ტელეფონზე მაძინებდა და მეფერებოდა - ჩემი კუდრაჭა გოგო, ისევ ისე მინდიხარ, როგორც მეათეკლასელსო, თურმე, პარალელურად იმას, თამარას, ემესიჯებოდა.
თამარა ვინ არის?! ვინ არის და ჯანდაბა! მისი ბიზნესპარტნიორია. ერთ-ერთი ფილიალის ხელმძღვანელი და შეთავსებით, საყვარელი.
როცა პირველად წავიკითხე თამარას მიწერილი მესიჯები, მეგონა, ცა ჩამობნელდა და გულზე გავარვარებული ორლესური დამატაკეს. რომ არა შვილი, ისიც გაფითრებული და აცრემლებული, გიჟივით ვიყმუვლებდი. მსგავსი სიმწარე არავის გენახოთ. ან თუ იცით, გესმით ჩემიც.
ნიკაც არ ჩავარდა უკეთეს დღეში. როცა ფაქტის წინაშე დავაყენე, გაშრა და მიწისფერი დაედო. მერე მუხლებში ჩამივარდა –  მაპატიეო. შენ და მხოლოდ შენ მიყვარხარ. ამ ქალთან სექსი მაქვს და ისიც მომბეზრდაო. მაგრამ თავს არ მანებებს და შენ უნდა გადაარჩინო ჩვენი ოჯახიც და სიყვარულიცო.
სახლიდან გავაგდე, სულ ფანჯრიდან გადავყარე მისი პერანგები და კოსტიუმები. ზედ დავაყოლე მისი ნაჩუქარი ნივთები და კარგი სიცილიურის მსგავსი სეირიც ვაყურებინე პირდაღებულ სამეზობლოს.
 მაგრამ... მაგრამ, როცა ორი კვირის განმავლობაში გაუთავებლად მირეკავდა და მწერდა, მეპატიებინა, მარწმუნებდა, რომ აღარასდროს განმეორდებოდა ეს სისულელე და მეც მივხვდი, რომ სახლში ადგილს ვეღარ ვპოულობდი. არც საჭმელი და არც გათენება მინდებოდა –  ნიკას შევურიგდი.
დავიწყეთ ხელახლა თანაცხოვრება. ვცდილობდი, გამეხსენებინა მხოლოდ ლამაზი დღეები და ჩვენი სიყვარულის ამბები. ნიკაც ცდილობდა. საღამოობით ყვავილებით ბრუნდებოდა სახლში. თვალებში შემომციცინებდა, ყველა სურვილს მისრულებდა. მაგრამ გულს ვერაფერი მოვუხერხე. სულ ეჭვი და ტკივილი დამყვება თან. ახლაც. და, ალბათ, სამუდამოდ.  ამ განცდამ პიკს მიაღწია! მეტის ატანა და მოთმენა აღარ გამომდის. რაღაც უნდა შევცვალო ჩვენს ცხოვრებაში.
 მაგრამ ჯერ ეკა უნდა ვინახულო. ნიკას ერთადერთი ნორმალური საახლობლო ეგ არის. დაველაპარაკები. მოვუყვები ყველაფერს. მარტო მე სიტუაციას ვერ გავუმკლავდები. დიდი ხანი გავიდა, რაც არ მინახავს, მაგრამ ვიცი, გულიანი გოგოა და დამაკვალიანებს...

სამნი ერთ ლოგინში
(მოქმედი პირები: ეკა
და ნიკას ცოლი სალომე)
კარი ისე გავაღე, რომ არც გამიხედავს, ვინ იყო (ვერ მოვიშორე ეს უაზრო ჩვევა) და ხელში შემრჩა სალომე, ნიკუშას მეორე ნახევარი. ცოტა არ იყოს დავიბენი.
– ასე ცალ-ცალკე რატომ მოხვედით თუ შეთქმულებას მიწყობთ ცოლ-ქმარი? –  სალომეს ოთახში შევუძეხი, თუმცა ნიკუშას გაოცებული სახე რომ დავინახე, მივხვდი, მანაც არაფერი იცოდა. მაგრამ მისი გამომეტყველება მხოლოდ მე ამოვიცანი და იმასაც მივხვდი, რომ დიდ შარში გავები, რადგან რთული ამოსაცნობი არ ყოფილა სალომეს სტუმრობის მიზეზი, ამიტომ არც ერთს არ ვაცალე ხმის ამოღება და დავჭექე.
– მამაკაცები გვტოვებენ ქალებს. წადი, ნიკუშ, გაისეირნე და დაგირეკავთ, როგორც კი ქალბატონი სალომე გათავისუფლდება, –  ნიკა მოულოდნელობისგან დაიბნა (ასე ემართებოდა ბავშვობიდან, მეც დრო ვიხელთე და ჩემთვის, თავისი გაბრაზებით ან რამე სხვა რეაქციით, გეგმების ჩაშლის საშუალება მოვუსპე), ამიტომ მექანიკურად დამემორჩილა.
– მე წავალ, სალო და გამოგივლი, როცა მეტყვი.
– იცი, კარი სადაცაა, გაიკეტე, გენაცვალე… –  მივაძახე ნიკას.
– ეკა, რისთვის იყო მოსული ეგ ჩემი ქმარი, გული რომ გადაეშალა შენთვის?
– ცნობისთვის: სანამ შენი ქმარი გახდებოდა, მანამდეც ვიცნობდი. ასე რომ, მოვა, როცა უნდა, ისევე, როგორც შენ. არაფერიც უთქვამს, მე რა მესაქმება თქვენს ოჯახურ ამბებში? და რა უნდა ეთქვა? რამე ხდება?
– კარგი, ეგრე იყოს, რომ არ უთქვამს, მაშინ მე გეტყვი. შენი რჩევა მჭირდება.
– მე რომელი მრჩეველი მნახე?! რამე რომ ვიცოდე, საკუთარ თავს ვურჩევდი. ნუ მაცინებ!
–   შენ არ გინდა და არ გაქვს, რაც არ გინდა. ვატყობ, რომ… რას ვატყობ, ზუსტად ვიცი, რომ ვიღაცასაა გადაკიდებული...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3