კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ განსხვავდება პოლიტიკოსისა და ჩინოვნიკის ქართული სტანდარტი დასავლურისგან და რატომ იხდიან დასავლელი ცნობილები ბოდიშს იმისთვის, რასაც ქართველი ცნობადები უფლებადარღვევად აფასებენ #13

როგორც წესი, საზოგადოების ნაწილის დიდ გულისწყრომას იწვევს, თუკი სამართალდამცველები ყოფილი ან მოქმედი პოლიტიკოსის, ყოფილი ან მოქმედი ჟურნალისტის, ან ნებისმიერი ყოფილისა თუ მოქმედი ცნობადის (და არა - ცნობილის) შვილს ან ოჯახის წევრს დააკავებენ. გულისწყრომის მოტივი ცხადია, რაკი ნორჩი დემოკრატიის ქვეყანა ვართ, ეჭვის საფუძველიც მეტი გვაქვს. თუმცა, მეორე მხრივ, რაკი ისე მოხდა, რომ არც პრეზიდენტის ქალიშვილს, არც პოლიციის აკადემიის ყოფილ შეფსა და განათლების ყოფილ მინისტრს არც კი მოუბოდიშებიათ, რომ მათ ახლობელსა და შვილს ნარკოტიკებთან შეხება ჰქონდათ, იბადება კითხვა: ეს დასავლური სტანდარტია თუ ქართულად გაგებული დემოკრატიის სტანდარტი?! ამ თემას პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან ერთად განვიხილავთ.
– მახსოვს, როდესაც ტონი ბლერი იყო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მისმა არასრულწლოვანმა შვილმა ლუდი დალია და ჩაეძინა პარკში. პოლიციამ ის დააკავა, რადგან კანონით აკრძალული ქმედება ჩაიდინა. პრემიერ-მინისტრმა და მისმა მეუღლემ კი მოუბოდიშეს ბრიტანელებს, რომ მათი  შვილი უღირსად მოიქცა. ჩვენთან, პირიქით, ყველას შვილი მართალია. არადა, სტანდარტი ყალიბდება სწორედ იმ მაგალითით, რომელიც მოვიტანე.       
– რა განსხვავებაა ევროპასა და ჩვენ შორის?! ის, რომ ტრადიცია უცებ, 10-20 წელიწადში არ მოდის. თავის დროზე საფრანგეთის დიდი რევოლუციის გამომწვევი მიზეზი ის იყო, რომ თავისუფლება უნდოდა ხალხს. მაგრამ პირველი, ვინც ეჭვი შეიტანა მაქსიმაში, რომ თავისუფლება იყო მთავარი, მხოლოდ საბაბიაო, იყო ნაპოლეონი. ნაპოლეონს სწამდა, რომ მთავარი თავისუფლება კი არ არის, არამედ –  მთავარია თანასწორობა. ყველა უნდა იყოს თანაბარი კანონის წინაშე. თავისი კონსტიტუცია დააწერინა ოთხ ძალიან ცნობილ კონსტიტუციონალისტს, რომლებსაც მისცა  ისტორიული დავალება: რაც შეიძლება, მოკლედ და გაუგებრად. მაგრამ ის თეზისი, რომ ყველა თანაბარია კანონის წინაშე, საკანონმდებლო დონეზე პირველმა შემოიღო და დაამკვიდრა ნაპოლეონმა. ევროპა კი მოდის ნაპოლეონის დროიდან. თქვენ ტონი ბლერის მაგალითი მოიტანეთ, მე სხვა მაგალითსაც გეტყვით. ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო ფრასნუა მიტერანი და მისი ვაჟი ალექსანდრე შობის შინა დღეს დააპატიმრეს. თუ არ ვცდები, რაღაც ნარკოტიკულ დანაშაულზე და საფრანგეთის სასამართლომ შეუფარდა გირაო. ეს იქ ჩვეულებრივი ამბავია, განგსტერებსაც კი უშვებენ გირაოთი სასამართლომდე.
– ჩვენ ისე ვიყავით მიჩვეულები, რომ გირაოს ნაცვლად, მუდმივად წინასწარი პატიმრობა გამოიყენებოდა, რომ დღესაც კი, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი სასამართლოს მიერ ეჭვმიტანილის გირაოთი გათავისუფლებას, სასჯელისგან გათავისულებად აღიქვამს.
– დიახ, თუმცა გირაო დროებით გათავისუფლებას ნიშნავს. მაგრამ ფული უნდა შეეტანათ. მიტერანს ამდენი ფული არ ჰქონდა, ეტყობა, დიდი თანხა იყო და მისი ცოლი მთელი დღის განმავლობაში დარბოდა ნაცნობებში და ვერ შეაგროვა გირაოს თანხა. ამიტომ შობის ღამე ალექსანდრე მიტერანმა ციხეში გაატარა. აი, ეს არის თანასწორობა. ჩვენთან კი, უბრალოდ ნდობა არ არის სახელმწიფო სტრუქტურებისადმი.
– გასაგებია და ამ უნდობლობას აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. მაგრამ ცოტა უხერხული არ არის, თავი მოგწონდეს, ცნობილი ვინმე ვარო და არ უბოდიშებდე საზოგადოებას ნარკოდამოკიდებული ოჯახის წევრის გამო. ცნობილი თუ ხარ, სამაგალითო არ უნდა იყო? მეშლება რამე?
– ისე ხდება, რომ დიდ ბრიტანეთში დააპატიმრეს ტონი ბლერის შვილი, საფრანგეთში დააპატიმრეს მიტერანის შვილი, მაგრამ ჩვენთან რომელიმე  ხელისუფლების დროს, შევარდნაძე იქნებოდა, სააკაშვილი თუ დღევანდელი, მმართველი პარტიის ან მისი ოჯახის წევრისადმი კრიტიკული ფრაზა გაგიგონიათ?! აი, ესაა პრობლემა, ანუ უთანასწორობა. კანონი ყველასთვის არ არის კანონი და როდესაც თანასწორობის მთავარი პრინციპი ირღვევა, როდესაც ერთისთვის კანონი კანონია და მეორისთვის –  არაფერი, ეს იწვევს უნდობლობას. აშშ-ის სახდეპარატმენტის ძველი განცხადება ვნახე, საქართველოში 350 000 ნარკომანია და ყოველ წელს 2,5 ტონა ჰეროინი საღდებაო. ამდენად, უხერხულად ვიგრძნობდი თავს ხელისუფლების ადგილას, რომ არცერთი გამსაღებელი არ არის დაპატიმრებული. მაგალითად, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამტკიცებს, რომ ბოლო წლებში 9 ტონამდე ნარკოტიკია გასაღებული საქართველოში. გამსაღებლების დაჭერის შესახებ არასდროს რატომ არაფერი გაგვიგია?!
– ჩვენ ისიც არ გაგვიგონია, რამდენი არაცნობადი ადამიანის შვილი დაუჭერიათ ნარკოტიკების გამო. ამას არ აშუქებს, როგორც წესი, არცერთი ტელევიზია, რადგან ისინი, მაგალითად, არ არიან პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორის შვილები.
– სხვათა შორის, იმავე საფრანგეთსა ან ინგლისში ვინმემ რომ თქვას, ნარკოტიკი ჩაუდესო, არავინ დაუჯერებს. ჩვენთან უმრავლესობა იჯერებს. ინგლისში დაგცინებენ, რომ თქვა, ჩამიდესო, მაგრამ ჩვენთან დიდი სიამოვნებით იჯერებს აბსოლუტური უმრავლესობა.
– სხვათა შორის, ერთადერთი ადამიანი იყო მამულიჩა, რომელმაც თქვა, არავის არ ჩაუდვია, ჩემი იყოო.
– დიახ,  ერთადერთი იყო. ყველა დანარჩენი ამბობს, ჩამიდესო. ალბათ, ზოგს ჩაუდეს, ზოგს არ ჩაუდეს. მე არცერთი არ მინახავს, მაგრამ საქმე ის არის, რომ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, როდესაც კახა თარგამაძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, პოლიციელები ჩართულები იყვნენ ნარკოტიკების გასაღებაში. როგორ გახდნენ შევარდნაძის დროს პოლიციის შეფები მილიონერები?! როდესაც სასაცილოდ მცირე ხელფასები ჰქონდათ?! ყველამ იცოდა, რომ შევარდნაძის დროს დიდი ფულის შოვნა შეიძლებოდა იარაღით ვარჭობითა და ნარკოტიკებით. აბა, სად იყო მაშინ ბიზნესი?! შემდეგ იყო სააკაშვილი –  ამერიკელი მწერლის ნოველაც იბეჭდებოდა, როგორ გადიოდა ნარკოტიკები საქართველოს გავლით. როგორც ჩანს,  ამერიკელებმაც იცოდნენ ამის შესახებ. ახლაც არსებობს, როგორც ქალბატონი მოგელაძე იტყოდა, გონივრული ეჭვი, რომ ამ ნარკობარიგებს ვიღაც ძალიან აქტიურად მფარველობს და აქცენტი  გადატანილია მომხმარებლებზე. მაშინ, როდესაც ევროპასა და ამერიკაში აქცენტი გადატანილია ნარკოტიკების შემომტანებზე, გამყიდველებზე, მომხმარებლების შემთხვევაში კი, ძირითადი აქცენტია მკურნალობაზე.
– მომხმარებლის დაჭერა გაუმართლებელი მგონია, თუმცა მე უნდა მკითხონ, მინდა თუ არა, ჩემი ფული მოხმარდეს მათ მკურნალობას.
– ეს არ დაწეროთ, ფაშისტად მოგნათლავენ.
– რატომ ვარ ფაშისტი? თუ უნდა, მოიხმაროს ნარკოტიკი, ოღონდ არა ჩემს ხარჯზე. მე მირჩევნია, ჩემი ფული მოხმარდეს ბავშვებსა და მოხუცებს.
– სწორედ ამ მოტივით არ უნდათ ჰოლანდიის, საფრანგეთის მოქალაქეებს, რომ მათი გადასახადებით დაფინანსდეს ვიღაც ჩამოსული მუსლიმანი. რატომ უნდა ვასწავლო ენა მას, ვინც არასდროს გახდება ევროპელი, რატომ უნდა ვაცხოვრო და ვარჩინოო. ნარკომანი თანამემამულე მაინცაა, იქ კი გადამთიელია. არ იცი, ვინ არის, თავისი კანონებით მოდის, ბინა უნდა მისცე, სამსახური უშოვო, ჯიბის ფულით მოამარაგო. ამიტომ იქაც უკმაყოფილოა ობივატელი. თუმცა სხვა საკითხია, რომ უნდა ჰკითხო, უნდა თუ არა ნარკომანების მკურნალობის დაფინანსება. მაგრამ მე ვლაპარაკობ ყოფით პრობლემებზე. მთელი უბედურება ის არის, რომ არა მხოლოდ ამ სფეროში, ნდობის ფაქტორია კრიტიკულ მდგომარეობაში. ჩვენს მოსახლეობას ნდობა, ასე თუ ისე, რაც მახსოვს, ჰქონდა ცოტა ხანს გამსახურდიას მიმართ, რადგან გამსახურდია თვითონ პატიოსანი კაცი იყო და მექრთამეობა მის ადმინისტრაციაში მასშტაბურად არ ყოფილა. მას შემდეგ ჩინოვნიკებისადმი ნდობა დაიკარგა. ცოტა ხანს, ერთ პერიოდში, მიშას დროს პატრულისადმი იყო ნდობა.
აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ევროპაში პოლიციელებს მოწმეებად არცერთი სასამართლო არ მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ იქ პოლიციელს უფრო მეტი ნდობა აქვს. კომუნისტების დროს მოხდა ასეთი ამბავი: ცნობილი პიროვნების შვილებმა იჩხუბეს, ჩხუბს შეესწრო ცეკას ბიუროს ერთ-ერთი წევრი. ისიც წააქციეს, ტალახში აგორავეს და ამ ტალახიანი ტანსაცმლით პირდაპირ  პატიაშვილთან მივიდა, რომელიც მაშინ ცეკას მდივანი იყო. დაიჭირეს ის ბიჭები. მათ იცავდა შალვა რჩეულიშვილი, ბრწყინვალე ადვოკატი. პოლიციას ჰყავდა ორი ქალი მოწმედ, რომლებიც ხელს ამ ბიჭებს ადებდნენ. მაგრამ შალვამ ამოქექა, რომ ეს ქალები ადრე 5-6-ჯერ იყვნენ პოლიციის მოწმეები. ამ ფაქტის გამო სასამართლომ ვერ დაიჭირა ის ახალგაზრდები და გამოუშვეს, ანუ ასეთი მოწმეები კომუნისტების სასამართლომაც არ მიიღო. მაგრამ, დღეს რომ მოხდეს ასეთი რამ და ცხონებული შალვა გაცოცხლდეს, მიიღებს სასამართლო ადვოკატის ასეთ პროტესტს?!  აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ კომუნისტური სასამართლო უფრო პატიოსანი იყო?!
–  ცხადია, არა.
– მაგრამ ისეთ დეტალებზე, რაც ყვიროდა, თვალს ვერ დახუჭავდნენ და წითელ ხაზებს არ გადაკვეთდნენ. სანამ ეს უნდობლობა არის, ასეთი პრობლემებიც იქნება. ამდენად, ხელისუფლებამ, უპირველესად, უნდა იზრუნოს ამ ნდობის აღდგენაზე. იმავე ტენდენციურად განწყობილების, დემაგოგების, გაუნათლებლების ნდობის აღდგენაზე. რადგან არ არის ნდობა არც პოლიციისადმი, არც სასამართლოსადმი, ეს შემდეგ გადადის ვანდალიზმში, რაც ვნახეთ ბათუმში; გადადის გაუაზრებელ აგრესიაში. ამიტომ მიზეზს უნდა ვებრძოლოთ.
– მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა დაიწყოს? პრეზიდენტის შვილმა, ჟურნალისტმა, მოქმედმა ჩინოვნიკმა, ყოფილმა ჩინოვნიკმა? მაგალითი ვინმემ არ უნდა მისცეს?
– სინგაპურის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი, ლი კუან იუ, რომელიღ 40 წელი მართავდა ქვეყანას, თავის წიგნში წერს, გინდათ, ებრძოლოთ კორუფციას? მაშინ, უპირველესად, დაიჭირეთ თქვენი სამი უახლოესი მეგობარი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან. ამით დაიწყეთ ბრძოლა და არა მოწინააღმდეგეებისგანო. რატომ ხდება, რომ ყველა ნარკომანი ხელისუფლების მოწინააღმდეგეა?! ეს ისეთი კამათია, ყველა მუსლიმანი ხომ არ არის ტერორისტიო…
– მაგრამ ყველა ტერორისტი მუსლიმანიაო…
– დიახ, მეორე მხარე ამბობს, რატომ ხდება, რომ ნებისმიერი ხელისუფლების დროს, მიშა იქნებოდა თუ შევარდნაძე, სწორედ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები არიან ქურდებიც, ყაჩაღებიც და საგზაო მოძრაობის წესებსაც კი ისინი არღვევენ. აი, ეს არის უთანასწორობა! ამას შესანიშნავი პასუხი გასცა თავის დროზე ულვაშამ. როდესაც შესთავაზეს, შენს შვილს გამოვიხსნით ტყვეობიდანო, მართალია, დემაგოგია იყო, მაგრამ სტალინმა უპასუხა, მაშინ რას იტყვიან სხვა მამებიო. ყველას ხომ არ შეუძლია, შესწიროს დივიზია თავისი შვილის დახსნას?! შეიძლება, ეს რომ ჩუმად გაკეთებულიყო, სტალინი დათანხმებულიყო, მაგრამ მაინც გახმაურდებოდა და ამიტომ არ დასთანხმდა.
– თუმცა ისიც ტენდენციაა, რომ დედები აპროტესტებენ, რატომ დაიჭირეს მათი შვილები, რომლებმაც ვანდალიზმი მოაწყვეს ბათუმში. ჩემი შვილი რომ მენახა, ჯვარი გვწერია, თავის ქალაქს რომ წვავდა და ანგრევდა, ხელიდან ვერ გამომართმევდა ვერავინ.
– ნინო, საქართველოში მატეო ფალკონეს ვერ იპოვით.
– წესით, ხევისბერი გოჩა უნდა ვიპოვო და მახსოვს, სამეგრელოში მოხდა ასეთი  შემთხვევა: ახალგარზრდებმა გაძარცვეს მეზობელი და ძარცვისას მოკლეს. ერთ-ერთის დედამ თავი მოიკლა… 
– როგორც წესი, ყველა დედას თავისი შვილი ანგელოზი ჰგონია. მით უმეტეს, როდესაც ხედავს, რომ ზოგიერთი დედების შვილები უარესებს აკეთებენ.
– მაგრამ შენ ხომ ხედავ, შენმა შვილმა რა გააკეთა, რა მნიშვნელობა აქვს, სხვა დედა რას აკეთებს? ასეთი შვილი ხომ შენც წაგიკიდებს ცეცხლს?
– არსად მსოფლიოში არცერთ ხალხს არ აქვს ასეთი გამოთქმა: შემომეხარჯა, შემომაკვდა, შემომეჭამა, შემომეფლანგა. გია ბარამიძემ მიამბო, როდესაც „მოქალაქეთა კავშირში“ იყო –  პარლამენტის წევრი იყო სვანეთიდან, ისიც შევარდნაძის გუნდიდან და უთხრა, ძალიან კარგი ბიჭია ერთი, ორი კაცი შემოაკვდა და ამის გამო ხომ არ დავაჭერინებთ, უნდა დავეხმაროთო. აი, ამას ამძაფრებს ეს არათანაბრობაც. კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი და სულ ერთი მხარე არ უნდა გამოდიოდეს დამნაშავე. მეორე მხრივ, ამერიკაც ვერ ასცდა ასეთ ბრალდებას, რატომ არიან დამნაშავეები სულ ფერადკანიანებიო. იქაც კი, სადაც ათასჯერ მეტი სამართლიანობაა და სადაც აფროამერიკელები, მართლაც, უფრო მეტ დანაშაულს სჩადიან, პოლიციელმა დაასწრო შეიარაღებულ ფერადკანიანს, ესროლა, მოკლა და საპასუხოდ, პროტესტის ნიშნად, ქალაქები გადაწვეს. რადგან აფროამერიკელებს სწამთ, იმიტომ მოკლა პოლიციელმა, რომ ფერადკანიანი იყო. ჩვენთან კი უფრო მეტი საბაბია. მე არ ვიცი, როგორაა რეალურად, მაგრამ ვიცი, რომ ეს რწმენა არის. ამიტომ ამ რწმენას თუ ცრურწმენას, არ აქვს მნიშვნელობა, უნდა ებრძოლოს ხელისუფლება. ინგლისში არცერთ დედას არ მოუვა თავში აზრად, ჩემი შვილი ტყუილად დააკავა პოლიციამო.
– თუმცა ამერიკულ ფილმებში არის ასეთი პასაჟები.
– კონტინენტურ ევროპაში უფრო ხდება მსგავსი რამეები. ამიტომ ეტალონად უნდა ავიღოთ ინგლისი, სადაც ისეთი ნდობაა, რომ პოლიციელი ქალაქში უიარაღოდ დადის.

скачать dle 11.3