კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყვნენ თამარ ივერის თაყვანისმცემლები შიშისგან დაზაფრულები და როდის ჰქონდა მომღერალს უძილო ღამეები #12

ამბობენ, კარიერაში აქტიურად ჩართულ ქალებს პირად ცხოვრებაში არ უმართლებთ და ამ მხრივ, ხელმოცარულნი არიანო. მაგრამ, სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს ცნობილი ქართველი სოპრანო და მსოფლიო დონის მომღერალი, თამარ ივერი. მან დიდი ხანია, საკუთარ რჩეულ, რაულ ცხადაძეზე იქორწინა და მასთან ერთად ტყუპებსაც ზრდის. თამარი მსოფლიოს წამყვანი თეატრების სცენებზე გამოდის, რაშიც ნიჭი და ამასთანავე, მეუღლისა და დედამთილის ხელშეწყობა ეხმარება. რა სირთულეების გადალახვა უწევთ წარმატებულ, ძლიერ ქალებს პირადი ცხოვრების მოწყობისთვის და რა განაპირობებს თამარ ივერის ძალას სცენაზე, ინტერვიუდან შეიტყობთ.
თამარ ივერი: ბევრს რომ ჰგონია, ბილეთს აიღებს, თვითმფრინავში ჩაჯდება და უკვე წარმატება გარანტირებული აქვს, ძალიან ცდება. წლები დამჭირდა, საქართველოს საზღვრებს გარეთ წარმატებული კარიერისთვის. მიუხედავად იმისა, რომ, როცა ევროპაში ჩამოვედი, ორ კონკურსში ვიყავი გამარჯვებული – მოცარტის საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი ავიღე, საერთაშორისო კონკურსზე ,,ვერდის ხმები” გავიმარჯვე, გრაცის ოპერამ შემომთავაზა ოთხწლიანი კონტრაქტი – მაინც არ იყო მარტივი თავის დამკვიდრება. გამოვდივარ მსოფლიო საოპერო თეატრების სცენებზე და ესენია: ბერლინის ოპერა, ვენის „შტაატსოპერა“, ინგლისის „ქოვენთ გარდენი“.
– ახლახან ისრაელში, თელავივის ოპერის სცენაზე თქვენი პრემიერა შედგა, რაც ჩვეული წარმატებით დასრულდა.
– თელავივის ოპერის სცენაზე,  გუნოს „ფაუსტში“ ჩემი მარგარიტას პრემიერა შედგა. ეს იყო ჩემი დებიუტი თელავივის ოპერაში. შესანიშნავი დასი იყო – სამხატვრო ხელმძღვანელ დანიელ ორენის ორკესტრი, დან ეტინგერის დირიჟორობით. ისრაელში საქართველოს საელჩოს მრჩეველი, ქალბატონი მანანა დუმბაძე და ცნობილი ქართველი-ებრაელი მომღერალი, მორის ჯანაშვილი დამესწრნენ. მორისმა საკუთარ, ქართულ რესტორანში დაგვპატიჟა და სასიამოვნო დღის ბოლო, ასევე სასიამოვნოდ დავასრულეთ.
– თქვენი სახელის ირგვლივ არაერთი ჭორი გავრცელდა გასულ წლებში. ერთ-ერთ თქვენს ინტერვიუში აღნიშნეთ: ერთი პერიოდი, ჩემი ცხოვრება პრობლემებით იყო სავსე. სცენაზე ვიდექი, მაგრამ ყელში ბურთი მეჩხირებოდა სიმღერისას და არ მემღერებოდაო. ბოლომდე გაიარა ამ რთულმა ეტაპმა და ვინ გადაგატანინათ ხმაურიანი დღეები?
– 2013-2014 წლებში ჩემ წინააღმდეგ ძალიან ცუდი პიარკამპანია აგორდა. ეს იყო ჩემთვის მტკივნეული პერიოდი ცხოვრებაში, როცა მიგონებდნენ ბინძურ ჭორებს. მოინდომეს ჩემი სახელის შებღალვა. რაღაც პერიოდი, შეიძლება ითქვას, ლუციფერმა იზეიმა, მაგრამ, საბოლოოდ, სიმართლემ გაიმარჯვა. ვინც 15-20 წელი სცენაზე დგას და მისგან კარგი მეტი ახსოვთ საოპერო სამყაროში, ასეთი ფეხის დადების მომენტები, ვერ წააქცევს. თუმცა, მე მივუტევებ მათ შეცდომებს. იმ პერიოდში სცენაზე გასვლისას  ვფიქრობდი, ხალხი ჩემში ლამაზ ხმას და პერსონას კი არ ხედავს, არამედ იმ ბინძური კამპანიის წარმომადგენელს, რაც მომიგონეს-მეთქი. მეუღლემ, ოჯახმა და იმ პერიოდში შეძენილმა შვილებმა გამაძლებინეს. ოპერის ხალხის გამოწვდილმა ხელმა გადამატანინა ყველაფერი, რადგან მათ ჩემი პროფესიონალიზმი ახსოვდათ. ბევრი ჭორი გამიგია ჩემ შესახებ, მაგრამ ერთი უცნაური იყო. კონკურსებზე  გავიმარჯვე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დამაფინანსა, რომ ბათუმის ოპერის სახელი გამეტანა ევროპაში. დაიწერა სტატიები, თამარ ივერი ქორწინდება ამ ადამიანზე და ერთმანეთი უყვართო. ეს იყო ყველაზე აბსურდული და უაზრო ჭორი ჩემს ცხოვრებაში.
– თქვენი მეუღლე როგორ რეაგირებს ამ ყველაფერზე, ალბათ, რთულია, როცა ცნობილი ცოლი გყავს...
– ჩვენ ბოლომდე გვერდით ვუდგავართ ერთმანეთს. 30 წელს ისე გადავცდი, ოჯახი არ შემიქმნია. ბოლოს შემხვდა ადამიანი, რომელმაც გამიგო. ყველა თაყვანისმცემელი თავიდანვე ჭვრეტდა იმ სირთულეებს, რასაც ჩემთან ურთიერთობა მოიტანდა  და დაზაფრულები იყვნენ. შემდეგ შევხვდი მას, ვინც ძალიან ერთგული და გულწრფელი აღმოჩნდა. რამდენიმე წელი მეგობრები ვიყავით. მივხვდით, რომ ერთმანეთთან ყოფნა გვეადვილობოდა და შემდეგ ოჯახიც შევქმენით. ეს იყო ჩემი გვიანი გადაწყვეტილება, მაგრამ უკვე შვიდი წელია, ერთად ვართ. რთულია, ცნობილი ცოლი რომ გყავს, მაგრამ, როცა მეგობრობა და სიყვარულია, ადვილად გადალახავ ყველაფერს.
– როგორ ახერხებთ კარიერისა და პირადის ასე წარმატებით შენარჩუნებას?
– ბოლომდე ვერ ვახერხებ კარგ ცოლობას და დედობას. ძალიან რთულია, იპოვო ისეთი მეორე ნახევარი, ვინც ამას გაგიგებს. ქალი ერთდროულად უნდა იყოს შვილების აღმზრდელი, დიასახლისი, კარგი ცოლი, კარგი დედა და ეს ყველაფერი რთულია, როცა ასევე ეჭიდები კარგ მომღერლობას. ვაღიარებ, რომ სანიმუშო დედა და მეუღლე არ ვარ. როცა ერთი-ორი თვე წასვლა მიწევს, ბავშვებს დედამთილთან ვტოვებ და ეს ძალიან დიდი დანაკლისია ჩემთვისაც და ქმრისთვისაც. ჩემი პროფესიის გამო, ფაქტობრივად, მათ უწევთ, რაღაცნაირად, დაქსაქსული ცხოვრება.
– ოპერის მომღერლისთვის შვილების გაჩენა ბევრ რისკთანაა დაკავშირებული. ამბობენ, მშობიარობის შემდეგ შეიძლება, ქალს ხმა შეეცვალოსო და ასე შემდეგ. თქვენ ტყუპები გყავთ, როგორ მოახერხეთ ჩვეულ ფორმაში სცენაზე დაბრუნება?
– მეუღლე დამეხმარა ძალიან. ორწლიანი პაუზა მქონდა. ჩემს ცხოვრებაში ბავშვები რომ გაჩნდნენ, სიმღერა აღარ მახსოვდა. შეჩერებული მქონდა კარიერა და მათზე ვზრუნავდი. უძილო ღამეები ძალიან რთულია მომღერლისთვის. ჩავთვალე, რომ იმ პერიოდში ჩემი სიმღერა არ შეიძლებოდა.
– შვილებს უგო-ავთანდილი და ნინო-ლიზა დაარქვით, საიდან გაჩნდა მათი სახელების ამგვარი იდეა?
– ავთანდილი მამაჩემის სახელია, უგო დაამატა მეუღლემ, რადგან მის უახლოეს იტალიელ მეგობარს ჰქვია. რაც შეეხება გოგოს, ლიზის ვარქმევდი და იმის გამო, რომ „ნინოობის“ დღესასწაულზე დაიბადნენ, მითხრეს, წმიდა ნინო იცავს შენს შვილებს და აუცილებლად მისი სახელი უნდა დაარქვაო. რადგან საქართველოში ნინო ხშირი სახელია გადავწყვიტე, ნინა-ლიზა დამერქმია მისთვის.
– ალბათ, თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ბევრი ისეთი ფაქტი იცით, რაც გასაიდუმლოებული იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის კედლებს მიღმა...
– ვიდრე ახალი ხელმძღვანელი მოვიდოდა, თეატრში სპექტაკლები, პრაქტიკულად, არ ტარდებოდა, დასი დაუსაქმებელი იყო. რაღაც დარბაზების კერძო გაქირავებით და ერთჯერადი კონცერტებით ცდილობდა, თეატრის მაშინდელი ხელმძღვანელი თანხების მოზიდვას და მხოლოდ საკუთარი თავის დირიჟორად რეალიზებას უწყობდა ხელს. ბუნებრივია, ეს არც დასს გაზრდიდა და ვერც თეატრს მოუტანდა წარმატებას. ოპერის ხელმძღვანელობა ურთულესი საქმეა. ის თავის დროზე ისეთ რთულ პერიოდში გადაიბარა ბატონმა დავით კინწურაშვილმა, როცა თვით პროფესიონალებსაც გაუჭირდებოდათ მისი მართვა. პრობლემებმაც მალე იჩინა თავი. პერსონალურად მომღერლებს მისი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. უბრალოდ, ის არ იყო ამ თანამდებობისთვის მოწოდებული. ჩვენთვის კი ოპერის ბედი და მომავალი მუდამ ძვირფასია. პირადად მე, მამა ოპერის სოლისტი მყავდა და 4 წლიდან ოპერის თეატრში გავიზარდე და მისი მომავალი ყოველთვის მეფიქრება.

скачать dle 11.3